მომავალ შეხვედრამდე

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე მცდელობის მერე ყველა ნებდება და მდინარის დინებას მიჰყვება. 

ადამიანები ნებდებიან და განვითარებას წყვეტენ. როგორი რთული საყურებელია დანებებული ადამიანი, რომელსაც ხავსის უკანასკნელი ნაწილიც გამოაცალეს ხელიდან. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგები“ (2020) პერსონაჟი ლევან სვანიძე ცდილობს თავი ისევ დაიმკვიდროს საზოგადოებაში. თავისი ერთადერთი ბასგიტარით იგი ბარიდან და ბარში დადის, უნდა კიდევ ერთხელ დაუკრას და ძველი, მივიწყებული ემოციები გაიხსენოს. მას აგრძნობინებენ, რომ არავის აღარ სჭირდება. მისი ძველი ჯგუფი, „წერილიმის გარეშე აგრძელებს არსებობას. რაღაც ეტაპზე კაცს თავი ეზედმეტება ამ სამყაროში და ერთადერთი, ვინც სიცოცხლეს უნარჩუნებს, დედამისია. 

ალბათ, ყველა ხელოვანი ადამიანი ასე ასრულებს ცხოვრებას. ეს აზრი ფილმის დასრულების შემდეგ გონებაში გაუჩერებლად ტრიალდება. რა მოხდებოდა უზრუნველი ცხოვრება რომ ჰქონოდა ლევანს და დედამისიც გაებედნიერებინა? ვეღარ იქნებოდა მისი მუსიკა მრავალფეროვანი? მუსიკოსისთვის აუცილებელია უჭირდეს, სტკიოდეს და ბედნიერი არ იყოს. არავის უნდა ბედნიერებაზე დაწერილი სიმღერების მოსმენა. ადამიანები სხვისი ტკივილებით იკვებებიან. 

კინოსურათი ცდილობს, საზოგადოებას გაახსენოს, ვინ არის ლევან სვანიძე, ვინ უკრავს იმ მელოდიას, რომელსაც, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ ყველა გაუჩერებლად უსმენს და როგორია ხელოვანი ადამიანის რეალობა. ყველაფერი ასე იკითხებალევანმა დროს ფეხი ვერ აუწყო. არ სთხოვა არც გია თოიძეს დახმარება და საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე თვითონვე მიიყვანა. მისმა სუსტმა ფსიქიკამ პრობლემებს ვეღარ გაუძლო და დალევა დაიწყო. არაყმა კი ყველაფერი გაუნადგურა. ვერ შეძლო ემოციები სხვანაირად გამოეხატა. აღარც დაგეგმილ კონცერტზე მივიდა. თითქოს საკუთარი თავის შერცხვა. აღარ უნდოდა ხალხს ისეთი ენახა, როგორიც გახდა. მის პერსონაჟს გამართლება არ აქვს. შეიძლება, ერთი შეხედვით, ყველაფერი სევდიანია და ფილმის ყოველ წამზე თავისით მოდის ცრემლები, მაგრამ ლევანის პერსონაჟს, ამ შემთხვევაში, მაინც არ აქვს გამართლება. სულ ცოტათი ძლიერი რომ ყოფილიყო და მარტო არ ევლო ბარებში დაკვრის სათხოვნელად, რაღაც მაინც გამოუვიდოდა. იქნებ ეცადა და ჯგუფთან ერთად ყოფილიყო. არც უცდია ნორმალურად თავის მეგობრებთან ლაპარაკი. რთულ გზას მარტივი ამჯობინა და კიდევ ერთხელ იყიდა არაყი. 

90-იანი წლები ყველას ცხოვრებაში რთული იყო. ზოგი ცდილობდა მორგებოდა იმ პერიოდს და გადარჩა. ვინც ვერ მოერგო, ის დრომ გადაყლაპა. ლევანი არც გადარჩა და არც ბოლომდე გაქრა. ბევრი სიტყვაა ფილმის შემდეგ სათქმელი, მაგრამ რთულია ისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთან ერთადაც არ ცხოვრობდი. მისთვის არავის უკითხავს, როგორ იყო. არავის უცდია მისი გადარჩენა. არ ყოფილა ვინმე ისეთი, ვინც ჭიქას გადაუგდებდა და ეტყოდა, რომ გაჩერებულიყო. ვერ გრძნობდა მეგობრების თანადგომას და ეგონა, რომ მთელი რიგი პრობლემების წინაშე მარტო იყო. არც სიყვარული, არც მეგობრები, არც სამსახური და არც ფინანსური კეთილდღეობა. როცა სვამდა, ისევ ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მთვრალ გონებას ამ ყველაფრის გააზრება აღარ შეეძლო. შეიძლება, ის რამდენიმე წუთი მაინც იყო ბედნიერი. 

რატომ არ მივიდა კონცერტზე დასაკრავად? ამ კითხვას ორი სავარაუდო პასუხი აქვს. პირველი ის, რომ შეეშინდა, რამე არ შეშლოდა. დალია და ნაბახუსევზე არ იცოდა, როგორ დაუკრავდა. იმასაც ხვდებოდა, რომ ძველი მელოდიები ისე კარგად აღარ ახსოვდა, როგორც ეგონა და თან ვერ დატოვებდა დედას მარტო, ქალს, რომელიც თითქმის ყოველ სამ წუთში ერთხელ ურეკავდა. მეორე პასუხი კი უფრო რთული და სევდიანიაარ მივიდა იმიტომ, რომ ფიქრობდა, საჭირო აღარ იყო. სხვა დაუკრავდა მის მაგივრად და კონცერტს მაინც არაფერი დააკლდებოდა. ვეღარ იპოვა თავისი ადგილი გიას გვერდით. რთული სათქმელია, რომელია სწორი პასუხი ამ ორიდან. თუმცა ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება.

ფილმმა კიდევ ერთი რეალობა აჩვენა. საქართველოში ნორმალურ სამსახურს ნაცნობობის გარეშე ვერ იპოვი. ვერც დაფინანსებას აიღებ პროექტისთვის, თუ გავლენიანი მეგობარი არ გყავს. როცა პროფესიას ირჩევ, ორი გზა გაქვს: პირველი, აირჩიო რამე ისეთი, რასაც ყველა ირჩევს და გარანტირებული ხელფასი გქონდეს. ბედნიერი არ იყო, არ მოგწონდეს, რასაც აკეთებ და მეორე, იყო ხელოვანი, შეთხზა მუსიკა და დაუკრა, გადაიღო ფილმი ან, თუნდაც, იცეკვო ბალეტი, მაგრამ არ გქონდეს უზრუნველი ცხოვრება. არის საშიშროება იმის, რომ ამ შემთხვევაში თოთხმეტ კვადრატულ მეტრ ბინაში დაასრულო ცხოვრება. 

ქვეყანა არასოდეს არ დამშვიდდება“ – მართალი იყო ლევანი. ფილმის გადაღების შემდეგ 5 წელი გავიდა და ყველაფერი ისევ ისეა ან უფრო უარესად. არსებობს ასეთი გამოთქმა: „მსახიობს უნდა შიოდეს, უნდა სწყუროდესდა აქვე ჩნდება პროტესტის შეგრძნება. რატომ? ბედნიერი მსახიობები კარგად ვერ ითამაშებენ? სცადა ვინმემ მათთვის უზრუნველი ცხოვრების შექმნა და ცუდი სპექტაკლი ან ფილმი მიიღო საპასუხოდ? ეს ფრაზა ისეთი ადამიანების მოგონილია, რომლებსაც ჰგონია, რომ ხელოვანი ადამიანი საჭირო აღარ არის. ლევანს რომ ბევრი ფული ჰქონოდა, ვერ იმღერებდა კარგად თუ ახალ მუსიკას ვერ დაწერდა? რა დააშავა ისეთი, რომ მთელი თავისი ცხოვრება საჭმლის ფულზე ფიქრი უწევდა? რატომ არ არიან იურისტები ღარიბები. და ამ პატარა საქართველოში, ასეთი გაუბედურებული ეკონომიკის ფონზე სხვა პროფესიის წარმომადგენლებზე უფრო ღარიბები ხელოვანები რატომ არიან. 

კინო არ იყიდება“ – ამბობდა ერთი კაცი და ამით ამართლებდა იმას, რომ ფილმის გადაღებისთვის საკმარისი ტექნიკა არ არსებობდა. როგორ გაიყიდება ნახევრად გაუმართავი ტექნიკით გადაღებული ფილმი. ირონიაა, დღეს რომ საქართველოში იარსებო, ან ფული უნდა გქონდეს, ან ვინმეს უნდა იცნობდე ისეთს, რომ მის გამო გცემდნენ პატივს. 

ლევან სვანიძეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. ემიგრაციაში ვერ წავიდოდა, ცოლს ვერ მოიყვანდა, ვერ გადავიდოდა სხვაგან საცხოვრებლად, დედას ვერ დატოვებდა. ქალი ცუდად ხდებოდა მაშინვე, როცა შვილი სახლის კარს გაიხურავდა. რა ექნა მას, როგორ ეცხოვრა ამ პირობებში ნორმალურად. თავიდან ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს დედა მისთვის მძიმე ტვირთი იყო, რომელიც არ აძლევდა თავისუფლების საშუალებას. გარკვეულწილად, ეს ასეც იყო, მაგრამ როცა დედა ცუდად გახდა, ლევანი მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ერთადერთი, ვის გამოც სუნთქავდა, სწორედ ლამარა იყო. 

მის მუსიკას ასე ჰქვია: „მომავალ შეხვედრამდე“. როგორც არსებული ინფორმაციებიდან ირკვევა, ლევანს სურდა ჯგუფიწერილიკიდევ ერთხელ შეეკრიბა და მათთან ერთად დაეკრა. თუმცა არ გამოვიდა. ისმკვდარი სულების არდადეგებისეკრანებზე გამოჩენიდან მალევე გარდაიცვალა. ახლა იქ მაინც იქნება თავისუფალი. 

მიუხედავად უდიდესი პრობლემებისა, ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი მხოლოდ ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური მოგების, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ქმნიდნენ, უკრავდნენ და მღეროდნენ. ოცნებობდნენ, რომ მომავალში ნორმალური პირობები ექნებოდათ. დღესაც ასე გრძელდება. ამ მხრივ 90-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ვინც მოახერხა საქართველოდან წასვლა, საკუთარი თავი სხვაგან განავითარა. ვინც ვერ წავიდა, ლევანის მსგავსად გააგრძელა ცხოვრება. ის გარემოებების მსხვერპლია და არაფერში არ არის დამნაშავე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მეგობრებმაც მიატოვეს. რეალურად, ყველას ბრალია მისი ცხოვრების ასეთი რადიკალური ცვლილება. ნეტავ სიყვარული მაინც ეპოვა. სხვაგან რომ ეცხოვრა, სხვა ქვეყანაში მისი კარიერის მწვერვალზე იქნებოდა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, იგი ცდილობდა ნაბიჯები გადაედგა. აქეთიქით დაჰქონდა დისკები თავისი სიმღერებით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხანდახან, მცდელობების მიუხედავად, ყველაფერი ამაოა ხოლმე. 

მკვდარი სულების არდადეგებმამომავალ თაობას დაუტოვა ამბავი იმის შესახებ თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა მუსიკოსს ბოლო პერიოდში, მაგრამ არაფერია ნათქვამი მის წინა ცხოვრებაზე. პერიოდზე, როცა ის კარიერულად გამართული იყო და კონცერტებს ატარებდა. ეს სევდიანი, დოკუმენტური ფილმი მხოლოდ მისი ცხოვრების ნაწილს ასახავს და ეს არის მთელი ამ კინოსურათის ნაკლიც. ჯგუფიწერილიისევ აგრძელებს არსებობას და იმედია, საზოგადოება კიდევ დიდხანს მოისმენს გია თოიძის ხმას. 

ლევანის ამბავი არ არის გამონაკლისიეს საერთო რეალობაა. თუ არაფერი შეიცვლება, თუ ხელოვანს კვლავაც ენთუზიაზმით მოუწევს გადარჩენა, მაშინ ამ ქვეყანაში არც მუსიკა დარჩება, არც კინო და არც მომავალი.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *