1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე.
ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში და ცდილობს, ნებისმიერი მიმართულებით სცადოს საკუთარი ნიჭის დამკვიდრება, თავისთავად, დრამის საფუძველია. ლევანის დედა – ლამარა სვანიძე მეორე, არანაკლებ საინტერესო პერსონაჟია ამ ფილმისა, რომლის თანმიმდევრული ქრონიკაც, ხშირად ყველაზე მძაფრ მხატვრულ სიუჟეტს მოგვაგონებს, რომ არა ფილმის თხრობის ოდნავი სატელევიზიო რეპორტაჟს მიმსგავსებული ესთეტიკა, რაც, ძირითადად, ეპიზოდურად ვლინდება გამძაფრებულ აქცენტებში: ინტერიერების, ყოფითი დეტალების ჩვენებისას ხშირად დავიწყებულ დროში, რომელიც ხანდახან დაუსრულებლად გრძელია იმისათვის, რათა ეს უხერხულობის განცდა დავძლიოთ.
სოციალური პრობლემებისა და არა მხოლოდ სოციალური, არამედ საინტერესო, საკმაოდ დრამატული ბედის მქონე ადამიანების დოკუმენტური ფილმის გმირებად გადაქცევა ყოველთვის შემოქმედებითი პროცესია, თუმცა მაინც, აქაც კი, დიდი სიფრთხილითა და მორიდებით, სხვისი ცხოვრებისადმი პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ბევრად უფრო მეტყველია ხოლმე, ვიდრე თუნდაც ფილმის გმირთა ნებართვით გამოააშკარავებული ყოფის სრულიად უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები. სწორედ ამის გამო ყოფის ქრონიკა, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია სატელევიზიო და დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი რჩეული თხრობის ხერხია, თანმიმდევრული თხრობის რაღაც ეტაპზე მაინც თხოულობს ფრთხილ, ადეკვატურ ფორმებს, სიახლეს, რომელიც ბოლომდე პერსონაჟთა ყოველდღიურობის დეტალიზებაში არ იქნება გამოკვეთილი. შესაძლებელია, ეს მხოლოდ სურვილია, თუმცა ორი მთავარი პერსონაჟის ფრთხილი, სიყვარულით სავსე და არც თუ ყოველთვის უღრუბლო და ეგოიზმს დაშორებული დამოკიდებულება, თავისთავად, მოტივიცაა და დრამაც, ერთდროულად. ლევან სვანიძისა და ლამარა სვანიძის სამყოფელი, ურბანული უხეში დასახლების ტიპური მაგალითია. ერთ ოთახში უწესრიგოდ თუ უმნიშვნელოდ თავმოყრილი სამოსი, ავეჯი და აპარატურა, თავისთვის ,,ცხოვრობს“, ხოლო გმირები თავისთვის დარდობენ, ეჭვიანობენ, უხარიათ და განიცდიან.
საერთოდ, განცდა ამ პერსონაჟთა ყოფის არა ნაწილი, არამედ სიცოცხლის შემადგენელია, რაც გვითრევს და, დროდადრო, გვაშინებს კიდეც. თუმცა ლევანისა და ლამარას ურთიერთობა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ზედმეტ პათოსს, გულუბრყვილო გულის აჩუყების მიზეზი ნამდვილად შეიძლება გახდეს. აქ არავინ ეძებს უსახსრობის მიზეზებს, არავინ სვამს უხერხულ კითხვებს და, ერთი მხრივ, ეს სრულიად გასაგებიცაა, მაგრამ ოდნავ მარტივად ჩანს რეჟისორის დამოკიდებულება ამ პერსონაჟების საკუთარ ,,მესთან“, სადაც ყველაფერი ისედაც ნათელია და სევდით მოცული.
ყველაზე ნაკლებად, ალბათ, ამ ფილმის გმირებს შეჰფერით სიტყვა „თანაგრძნობა“. არ ვიცი, როგორ გრძნობენ სხვები, მაგრამ ამ ადამიანთა ულევ პრობლემებში, მათ დაუსრულებელ განცდებში მაინც არის ის, რასაც მთავარი რამ – ღირსება ეწოდება.
ცოტა არ იყოს, ნაცნობი და ოდნავ ტრივიალურია დროის ქარტეხილებში ჩაკარგული შეუმდგარი მუსიკოსის თემა, რომელიც ოდესღაც, მართლაც, „ანდერგრაუნდისა“ და ახალი დროის თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი პოპულარული პერსონა იყო, ორი ათწლეულის წინ. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ნაცნობი თემის სხვადასხვაგვარად დანახვაა სწორედ ის, რაც ფასეულ მოვლენად აქცევს სახელოვნებო აზრს, პოზიციას. „მკვდარი სულების არდადეგებში“, სამწუხაროდ, განსხვავებული და ახალი სწორედ ისაა, რაც დღემდე მაყურებელში დაუძლეველ სევდასა და განცდას იწვევს: მომავლის შიში. მაგრამ არა მარტოობა. მარტოდმარტო დარჩენილი ლევანი მხოლოდ მაშინ ხდება ტრაგიკული, როდესაც დედა ავად გაუხდება და სერიოზულ საფრთხეს შეიგრძნობს. მანამდე ეს ორი პერსონაჟი, მიუხედავად მუდმივი წუწუნისა და უკმაყოფილებისა, ერთადაა, ერთნაირად წუხს და მუდმივად მიბმული არის ერთმანეთის კარგსა და ავზე. რამდენად გასაგებია თუ გაუგებარია ყოველივე ეს, სხვა საქმეა. არც იმდენად რთულია იმის აღქმა, რომ გადატანილმა ტრაგედიამ (რომელიც, სხვათა შორის, მხოლოდ ორიოდეს ფრაზით თუ გვიხსნის ყველაფერს) ეს ორი ადამიანი განუყრელად დააკავშირა ერთმანეთის ყოფასთან და სიცოცხლესთან.
წყვეტილი ფრაზები, ლევანის გულუბრყვილო იმედები და, ხანდახან, გაუთავებელი ზარები სხვადასხვა ადამიანებთან, ერთსა და იმავე განცდას, რაღაც ეტაპზე, ნაკლებად მძაფრს ხდის. სწორედ ამაში იგულისხმება დოკუმენტურ კინოში სატელევიზიო თემატური რეპორტაჟული გავლენა. დრამატული ფაქტები, მოვლენები ისედაც სახეზეა, მის გამძაფრებას კინოდოკუმენტალისტიკა ყოველთვის იოლად და ორგანულად ვერ აღიქვამს. ასეა ფილმშიც: ლევანის განცდა მდგომარების ხანგრძლივ ფიქსირებას არ საჭიროებს. არც მისი პორტრეტებია ყოველთვის არაერთფეროვანი და არც ლამარას ფიქრიანი განცდები ყოველთვის ახალი. მძიმეა ეს ერთფეროვნება და ხანგრძლივად წარმოჩენილიც, თუმცა, ალბათ, ზოგად განწყობას, სავარაუდოდ, ასეთი შესატყვისებით ქმნიდნენ ფილმის ავტორები.
ლევანი ქუჩაში, ლევანი სტუდიაში, ლევანი სახლში, სადილობისას, ლევანი ფილმის ფინალში, ხანგრძლივ კადრში, სასოწარკვეთილი და ლამარას გამოჯანმრთელების იმედდაკარგული ინტონაციით კადრს გარეთ – ძირითადად, ეს არა რამდენიმე მდგომარეობაა ფილმის გმირისა, არამედ მისი რამდენიმე განცდის რამდენიმე სახეა. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა და ორივე მათგანი რთული საჩვენებელია. ამდენად, ლევანი სტუდიასა და სახლში, ასევე ლევანი, რომელიც დედაზე საუბრობს, ორი სხვადასხვა ადამიანია: იმედიანი და სასოწარკვეთილი, ახალგაზრდა კაცი, რომლიც მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ შეიძლება ვერც მოძებნოს საყრდენი, თუ ლამარა არ იქნება მის ცხოვრებაში. ეს წარმოუდგენელი ინფანტილიზმიც ხომ ასეთი ურთიერთობისა და მიჯაჭვულობის შედეგად დაიბადა ალბათ: ,,მაცალოს რა, ფეხზე დავდგე, ჯგუფი შევქმნა…“… ამბობს იგი ფილმის ფინალში თავისთვის, მწუხარე, სევდიანი ინტონაციით, თითქოს სინდისის ქენჯნით და თან განცდით იმისა, რომ თავად დარჩება მარტო და ,,რა უნდა ქნას“…
ინფანტილიზმი უასაკო მოვლენაა. ის არა მხოლოდ მდგომარეობა, არამედ ცოცხალი მოკარნახეა ჩვენი საქციელებისა, ამიტომაც ლევანი, საკუთარი ინფანტილიზმის ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს, რომ ძალაუნებურად თავი ებრალება და ამ პორტრეტში სწორედ ამ დროს მკვიდრდება სასოწარკვეთილი, შესაძლებელია, ცოტა უგუნური, დიდი ბავშვის ტრაგედია. ის ჩანს, იგრძნობა მოკლე ფრაზაში და ბარბაცით მოსიარულე გამხდარ სხეულში.
„მკვდარი სულების არდადეგები“ – მუსიკალური ბენდის სახელწოდების ეს პერიფრაზი ფილმის სახელწოდებად ახალ და, ამავე დროს, არაკომფორტულ მშფოთვარე ასოციაციებს ქმნის, რაც საინტერესოცაა და ნაკლებად სასიამოვნოც. რაღაც ეტაპზე, ფილმის გმირების ყოფა რთულ, დავიწყების მდინარეს მიეცა, თუმცა არაფერია ამ სევდის მომრევი, სანამ ცხოვრება თავად არ მოახდენს სასწაულს. და მაინც, როგორც არ უნდა წვიმდეს, ლევან სვანიძის მოტეხილი სილუეტი, ადამიანური სასოწარკვეთით სავსე, ინფანტილური ფიგურა, დოკუმენტური კინოს ახალი გმირი უიმედო ვერ იქნება…
ქეთევან ტრაპაიძე