„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში

წარმოუდგენელია იყო ხელოვანი და არ გაწუხებდეს შენი ქვეყნის, ხალხის ტკივილი, ადამიანის ბედ-იღბალი და ისე ეწეოდე შემოქმედებით საქმიანობას. თუ არ გტკივა და დარდობ, ვერც იფიქრებ და აქედან გამომდინარე, ვერც იაზროვნებ. სწორედ ამიტომ ხან იქმნება ღირებული ხელოვნების ნიმუშები და ხან არა. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმები კი ამ წუხილის ამოთქმაა, როცა გიჭირს მტკივნეულ თემებს შეეხო, მაგრამ სინდისი არ გაძლევს საშუალებას, გვერდი აუარო და ლამაზად შეფუთო. ასეთი ნაღვლიანი და მტკივნეულია ემიგრაციის თემაზე შექმნილი მისი ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021) და ამ ფონზე წამოჭრილი ისეთი ფაქიზი და გულისამაჩუყებელი ურთიერთობების პრობლემები, როგორიც არის მამაშვილობა, ცოლ-ქმრობა, მეგობრობა, სადაც პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება ისტერიულ ხასიათს იძენს და ოფლით ნაშოვნი ფული „ნიავდება“. სამწუხაროდ, არც ისე ბევრი ჰყავს ქართულ თანამედროვე კინოს ისეთი რეჟისორები, რომლებიც ასე გულწრფელად ახდენენ ტრაგიკული თემების რეპრეზენტირებას, როგორსაც ლევან კოღუაშვილი თავის ფილმებში. თუ გინდა ნახო ამერიკა ემიგრანტის თვალით, უნდა ნახო „მეოთხე ბრაიტონი“, სადაც საკუთარი ქვეყნიდან პრობლემებს გაქცეული გმირები, ახალი პრობლემების წინაშე დგებიან. 

რეჟისორმა ეს ფილმი წარადგინა ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც სამი ჯილდო მიიღო – საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო სცენარისათვის. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს. „ხარება და გოგიას“ შემდეგ ეს მისთვის მეორე კინოროლია, სადაც მან თავი განასახიერა ისეთი როგორიც იყო, შეუდრეკელი, ღირსეული და დაუმარცხებელი. ფილმში ასევე ერთ-ერთი ემიგრანტის – სერგოს როლს კახი კავსაძე ასრულებს, რომლისთვისაც ეს როლი ბოლო აღმოჩნდა და ამიტომ ფილმიც მას მიეძღვნა. 

ფილმის მოქმედება ვითარდება საქართველოსა და ამერიკაში, კერძოდ, ბრუკლინის სამხრეთით არსებულ რაიონ ბრაიტონში. ამ რაიონმა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში სახელი გაითქვა. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, უმეტესად, უკრაინიდან და რუსეთიდან ემიგრიგრირებულთა დასახლებამ. არც საქართველო იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოქმედება (როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავდა), დაახლოებით 2005-2006 წლებში მიმდინარეობს და მას მერე წლები გავიდა, საქართველოდან ჩასული ემიგრანტებისთვის არც დღეს არის იოლი მარტივად დაიმკვიდროს თავი უცხო ქვეყანაში, რაც არამხოლოდ ემიგრანტთა გასავლელი რთული გზის, არამედ ზოგჯერ თავად მათი, თავზეხელაღებული ქმედებების შედეგია.

ფილმი იწყება ძალიან საინტერესო ეპიზოდით, სადაც კამერა ახლო ხედებით აფიქსირებს ტოტალიზატორში მყოფ „ლივერპულისა“  და „მანჩესტერის“ თამაშის გულშემატკივართა, ჯიბეგამოფხეკილ, ფულის იოლად შოვნით დაიმედებულ სახეებს. მატჩის მსვლელობისას ხდება მათ შორის უხეში შელაპარაკება, რის შემდგომაც აგრესიული მაყურებლისგან შეწუხებულ ერთ-ერთ გულშემატკივარს ოთახიდან აძევებენ. ამ გაწბილებული პერსონაჟისგან, რომელიც მთავარი გმირის – კახის ძმაა, ვიგებთ, რომ მთელი ფული, რაც კი ცოლმა ბინის სარემონტოდ გამოუგზავნა ამერიკიდან და ასევე ბინაც, მთლიანად ტოტალიზატორში წაუგია. კახი ცდილობს ღამის გასათევი ადგილი მოუნახოს, ხოლო თავად ტოვებს ცოლს, მაკას (ლაურა რეხვიაშვილი) მარტო სახლში და მიემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად გაგზავნილ შვილთან, სოსოსთან, რომელსაც სურს ექიმის პროფესიას დაეუფლოს. სპორტის სასახლესთან მდგარი მზეჭაბუკის ძეგლის საჯდომის ფონზე მდგარი კახის ძმის „აღსარება“ იძლევა იმის საბაბს, რომ ვიფიქროთ, თუ სადამდე მიიყვანა ტოტალიზატორში ზღვარგადასულმა ვიზიტმა.

„ამერიკული ოცნება“, რომლისკენაც სწრაფვა საუკუნეების წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, ჩვენს წინ ერთ ნაცრისფერ, მოღუშულ ბრუკლინის ბრაიტონის კვარტალში იმსხვრება. აღმოჩნდება, რომ ერთ დროს სწავლა მოწყურებული სოსო (გიორგი ტაბიძე), ჩამოფხეკილი, უსახური პანსიონატის მომცრო ოთახში ცხოვრობს და გადამზიდ კომპანიაში მუშაობს. უფრო მეტიც, რაც კი ფული ჰქონდა იმისთვის, რომ თავის არჩეულ პარტნიორთან, ლენასთან (ნადეჟდა მიხალკოვა) ერთად ფიქტიურად დაქორწინებულიყო, კარტში წააგო. კახის რძალი, ნათელა (ცუცა კაპანაძე) კი, რომელიც მოხუც ცოლ-ქმართან მძიმე შრომით წელებზე ფეხს იდგამს, რომ საქართველოში ფული აგზავნოს, უკვე ოთხი წელი ელოდება ტოტალიზატორიდან „კუდამოძუებული“ მისი ქმარი როდის გაარემონტებს სახლს. ყოფილ ოპერის მომღერალ სერგოს, ულუკმაპუროდ დარჩენილს, სამშობლოში აღარ დაედგომებოდა და ისღა დარჩენოდა უცხო ქვეყანაში გადახვეწილს, საერთო საცხოვრების ვიწრო დერეფნებში, გალიაში გამომწყვდეული „ბულბულივით“ ემღერა, ხოლო სარჩო რესტორანში კარისკაცად მუშაობით მოეპოვებინა.

საერთო საცხოვრებლის ვიწრო დერეფნებსა და ასეთივე „მოკუნტულ“ ოთახებში, სადაც კუდის მოქნევაც კი გაგიჭირდება ადამიანს, ოპერატორის (ფედონ პაპამიქაელი) კამერა ოსტატური დინამიკით მოძრაობს და აფიქსირებს იმ კლაუსტროფობიულ გარემოს, სადაც ყველა ამ პერსონაჟს აერთიანებს საერთო გასაჭირი – ეკონომიური გაუმართაობა და დამსხვრეული კოშკები. ასეთივე ვაკუუმს ქმნის მანქანის ეპიზოდი, სადაც ემიგრანტები აიძულებენ „გადამგდებ“ ყაზახს, კუთვნილი გასამრჯელო გადაუხადოს მასთან სასტუმროში, უკვე რამდენიმე თვეს, უხელფასოდ მომუშავე ქართველ ქალებს. ამ ყაზახის ტყუილი დაპირებები, „პატომ და პატომ“-ის ძახილი და დაუსრულებელი კრიზისი იმდენად აუტანელია, რომ ქალები იძულებული არიან, დასახმარებლად ისევ ქართველ ემიგრანტებს მიმართონ. ეს დახურული სივრცე, რომელიც მანქანაშია, მართლაც უჰაერობის შეგრძნებას იწვევს, იმ მეტაფორული უჰაერობის, რომელიც სულს უხუთავს იმ ემიგრანტებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, რომ საკუთარი ქვეყნიდან გაქცეულებმა, „უჟანგბადობით“ მისავათებულებმა, ბრაიტონის სანაპიროდან განომაქროლი ბრიზი გემრიელად ჩაისუნთქონ.

ზოგჯერ გავიწყდება, რომ ფილმის მოქმედება ბრაიტონის რაიონში ვითარდება და გგონია, რომ კახი ისევ თბილისშია და მის გვერდით ის ავლაბრის ბაზარია, სადაც მან ჩამოსვლამდე გლეხისგან, შვილთან ჩამოსატანი სულგუნი შეიძინა. იქაც ჰყიდიან ქუჩაში, რუსი ემიგრანტები ყალბ სუნამოებს, როგორც ჩვენთან ბოშები, და ფულის საშოვნად წასული მამაკაცები კი, იაფფასიან ჩინურ ფეხსაცმელებს ცოლისთვის გამოსაგზავნად არჩევენ, თითქოსდა აქ არ იშოვებოდეს. საითაც არ უნდა გაიხედო იმ კვარტალში, რუსი ემიგრანტები ცალკე ავტონომიას ქმნიან და აზარტული თამაშების ბოსებად გვევლინებიან, რომლებიც ისევ იმ ქურდული მენტალიტეტით საზრდოობენ, რომ „თავანი“ უნდა ჩაბარდეს თუ არადა, „თუ დაიჭირეს, ბასტა!“

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ფილმი „ამერიკული ოცნების“ იმედგაცრუებაა, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან არსებობს დასავლეთის ქვეყნები, სადაც ემიგრანტები, მართლაც ცდილობენ ფეხი მოიკიდონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მარტივი არ არის შორიდან დანახული ემიგრანტის ცხოვრება. ზოგს ბედი უმუხთლებს, ზოგს ნებისყოფა არ ჰყოფნის, მავნე ჩვევები თავის ჩამოშლილ ქვეყანაში დატოვოს და ახალი ცხოვრება ხელახლა დაიწყოს და ზოგჯერ კიდეც მართლაც ვხვდებით, რომ არ არსებობს დედამიწაზე სამოთხე. მაგრამ მეტ-ნაკლებად ყველაფერი მაინც შედარებითია. 

არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ემიგრაციის თემაზე გადაღებული ინგლისელი რეჟისორის, კენ ლოუჩის სოციალური ფილმი, „პური და ვარდები,“ რომლის გმირიც არალეგალურად, მექსიკიდან სამუშაოდ ლოს-ანჯელესში ჩადის და მუშაობას დამლაგებლად იწყებს, რომლის ფონზეც იკვეთება მთავარი საკითხი, სოციალურად დაბალი ფენის, კერძოდ, დამლაგებლების ექსპლუატაცია. მათი ასეთი ყოფა, რა თქმა უნდა, პროტესტს იწვევს და აბსოლუტურ დისონანსში მოდის ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, როგორიც ამერიკაა. სწორედ ასეთივე შეუსაბამობას იწვევს „მეოთხე ბრაიტონის“ ნაცრისფერი მოღუშული სანაპიროს მელანქოლიური ცივი ჰორიზონტი, ბრაიტონის კვარტლის უღიმღამო გარემო, ემიგრანტების გასაცოდავებული ჰაბიტუსი და თავად ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიული, მშვიდობიანი ქვეყნის მიმართ ეროვნული სტერეოტიპული წარმოდგენები. 

ფილმის ვიზუალური, მხატვრული ესთეტიკა არც მაშინ იცვლება, როცა გმირი საქართველოდან ამერიკაში აღმოჩნდება. მისი განმასხვავებელი ნიშანი მხოლოდ და მხოლოდ ის გზატკეცილია, რომელსაც ის ნიუ-იორკში კატაფალკით მგზავრობისას გადის, იმ კატაფალკით, რომელიც ჯერ მისი რძლის აღშფოთებას იწვევს, ქართველ ემიგრანტ მძღოლს რომ საყვედურობს იმის გამო, რომ სტუმარი ამ, მართლაცდა, კახისთვის საბედისწერო მანქანით მოაცილა. ეს მძღოლი, ის მითოსური მენავე ქარონია, რომელსაც მიცვალებულები ნავით ჰადესის სამეფოში გადაჰყავს. სწორედაც, რომ ბრუკლინი კახისთვის საბოლოოდ, მართლაც, ჰადესის სამეფო აღმოჩნდება. ოღონდ კი შვილი დაიხსნას იმ დაკისრებული ვალისგან, იგი მზად არის მასავით ყოფილ მოჭიდავეს, მაფიოზ ამირის (იური ზური), მასზე ბევრად ახალგაზრდას, დაეჭიდოს, წაგების შემთხვევაში კი, თბილისში ბინის გაყიდვით გაისტუმრებს თანხას. 

რაც შეეხება ლევან თედიაშვილის სამსახიობო მონაცემებს, ის ჯერ კიდევ „ხარება და გოგიაში“ გამჟღავნდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგიაში ის აბსოლუტურად განსხვავებულ, ქარიზმატულ, ომახიან პერსონაჟს ასახიერებს, კახის გმირისგან განსხვავებით, ორივე როლის ვირტუოზულობა შეუფასებელია. „მეოთხე ბრაიტონში“ მისი გმირი, ასაკს მიტანებული, გამობრძმედილი, ყოფილი ჩემპიონია, რომელიც სიბერეში ოჯახის, ახლობლების განცდებს გმირულად, ჩუმად გულში ატარებს და მათი სულელური შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. ლევან თედიაშვილის ბუნებრივი, გადაჭარბებული ჟესტებისა და მიმიკების გარეშე თამაში, ნამდვილად იწვევს მაყურებელში იმ ბარიერის რღვევას, რომელიც ზოგჯერ მაყურებელსა და მსახიობს შორის წარმოიქმნება ხოლმე და მთელი არსებით იჭრები მის სამყაროში. 

შვილისადმი მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, ამერიკაში კარტის სათამაშოდ გამოგიშვიო, ისეთი გულისამაჩუყებელი ინტონაციით ჟღერს და არა საყვედურის კილოთი, რომ მამა ბოლომდე, სიყვარულით და არა ვალდებულების გრძნობით, მზად არის შვილის ყოველი მცდარი ნაბიჯი კბილებით დაიცვას, თუნდაც სიკვდილის ფასად დაუჯდეს. თავადაც უკვე ასაკს მიტანებული, რძალს თხოვს, მუშაობა მოხუცებთან დააწყებინოს, რომ იქნებ როგორმე შვილისთვის თანხა შეაგროვოს. შეიძლება არ ითაკილო არანაირი სამუშაო, მაშინაც კი როცა დიდება და სახელი გაქვს უკვე მოხვეჭილი, როცა ცხოვრებამ სხვა გზა არ დაგიტოვა. სათაკილო ნამდვილად არაფერია, მაგრამ არის ისეთი რამ, რაც ადამიანობას, პიროვნულ ღირსებებს ლახავს. ეს არის წმინდა ადამიანური ურთიერთობები, პატივისცემა, ღირსება, რომელიც ყველანაირ ეკონომიურ სირთულეებს უკან სწევს და მის შესანარჩუნებლად ვერანაირი ფინანსური კეთილდღეობა ვერ დაგაბრმავებს. ეს ის საბაბია, რის გამოც კახი მხრებჩამოყრილი ტოვებს პირველივე დღეს მოხუცი ცოლ-ქმრის ბინას.

რეჟისორმა ფილმში თავი მოუყარა სხვადასხვა ეროვნების ხალხს: ქართველს, რუსს, ყაზახს, უზბეკს. ამერიკელი კი თითქმის არსად არ ფიგურირებს თუ არ ჩავთვლით მოსავლელ მოხუც ცოლ-ქმარს. „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა“. ჰოდა, ერთი ჭირ-ვარამით ერთიანდებიან სხვადასხვა ეროვნების ემიგრანტები, რომლებსაც ერთი საზრუნავი და საფიქრალი აქვთ. ამ მხრივ, არც ის მატყუარა ყაზახი აღმოჩნდება გამონაკლისი, რომელსაც თურმე დედა ჰყავს სიმსივნით დაავადებული და ცდილობს, აქ სხვის ხარჯზე ოფლით ნაშოვნი ფულით მას დაეხმაროს, რაც კახისთვის მიტევების საბაბი ხდება. ცოტა არის იყოს ყაზახის უცებ ასეთი მეტამორფოზა, როცა „ტყვეობიდან“ განთავისუფლებული უკან ბრუნდება მათთან და სუფრაზე ერთად დასჭექენ „სულიკოს“, თაღლითის როლს ბევრად სცდება. ეს შეიძლება იმიტომაც, რომ ზოგჯერ წარმოუდგენლად გვეჩვენება პროფესიონალი უსინდისო ასე უცებ, წამებში რომ შარავანდედით შეიმოსოს. 

სუფრასთან მჯდომი, სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ხალხი, რომელთაც ერთი საერთო რამ აერთიანებთ – ემიგრაცია და სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების ბედ-იღბალი, შვებას ცეკვასა და სიმღერაში ჰპოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ცეკვა არ არის, ეს არის როკვა, რომლიდანაც მთელი უარყოფითი ენერგიის, სიმწრის, სულიერი ტკივილის გადმონთხევაა. მსგავსი კათარზისის დატვირთვა აქვს გიორგი ოვაშვილის ფილმის, „გაღმა ნაპირი“ ფინალში თედოს ცეკვის ეპიზოდს და ასევე სცენას ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში, „ელისო“, სადაც ტირილსა და მოთქმა-გოდებას კონტრასტულად ცეკვა-თამაში ენაცვლება. კახის ცხედართან ნამღერი „მრავალჟამიერი“ კი ჭექს, როგორც გამარჯვების ჰიმნი, სიკვდილზე გამარჯვებისა, როცა გმირული სიკვდილი მარადიული ხსოვნის საწინდარია.

ქეთევან ღონღაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *