ნათელი ადამიანები

ტატო კოტეტიშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი, „წმინდა ელექტროენერგია“ (2024), ერთდროულად, მხატვრულია და დოკუმენტურიც, ქმნის ჰიბრიდულ კინოს. ეს არ არის ზედმეტად გაფორმებული, ხელოვნურად დახვეწილი ან სცენარით გადატვირთული ნამუშევარი. პირიქით, რეჟისორი იღებს ძალიან უბრალო და თითქოს ყოველდღიურ ამბავს, ამიტომაც ფილმი საბოლოოდ ბუნებრივი და ადამიანური გამოდის.

იგი იწყება გონგას მამის დაკრძალვის სცენით. კამერა მშვიდად, ზედმეტი დრამატიზმის გარეშე, თვალს ადევნებს ქართულ ტრადიციულ წესჩვეულებებს. აქ ჩანს კოტეტიშვილის მთავარი მიდგომაკინო არ ნიშნავს გადაჭარბებულ ემოციას, მთავარია ადამიანთა ყოველდღიური ყოფა, მოძრაობა და დეტალები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ ვაქცევთ.

ამის შემდეგ მოქმედება ნაგავსაყრელზე გადადის, სადაც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი ვითარდება. ბარტი და გონგა, ორი ბიძაშვილი, ყოველდღიურად აქ ეძებენ ნივთებს, ყიდიან, ყიდულობენ, ცდილობენ თავი გაიტანონ. ბარტი სრულწლოვანი, გამოცდილი და გაბედული ადამიანია, რომელსაც პრობლემები და ვალები აქვს, გონგა კი 16 წლის ბიჭია, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს.

ერთ დღეს ისინი დაჟანგულ ჯვრებს პოულობენ და ეს აღმოჩენა მთელი ფილმის მთავარ ხაზად იქცევა. პირველად ერთ ჯვარს აკეთებენ, ფერად სინათლეს ამატებენ და გონგას მამის საფლავზე მიაქვთ. სწორედ ამ მომენტში შეამჩნევს მათ ვიღაც კაცი და ახალგაზრდებში ინტერესს აჩენს. აქედან იწყება მათიბიზნესი”. ისინი ჯვრებს სინათლეს უმატებენ, რესტავრაციას უკეთებენ და შემდეგ კარდაკარ ყიდიან. ფილმში ეს ფონად იქცევა ქალაქში მოგზაურობის, ადამიანებთან შეხვედრის, პერსონაჟთა ზრდისა და ურთიერთობის გაღრმავების გზად.

ფილმის მეორე ნაწილი განსაკუთრებით ენერგიული ხდება, როცა ბარტი ფულს კაზინოში წააგებს და გონგას დროებით შორდება. აქ კამერა ორ ხაზად იყოფა და ხან ერთ პერსონაჟს, ხან მეორეს მისდევს. ეს მონაკვეთი ცოცხალია, მხიარული და ენერგიით სავსეა. გონგასა და ბარტის ურთიერთობა ფილმის ერთერთი ყველაზე თბილი ხაზია. ბარტი გონგას უფროსი ძმის როლს ასრულებს: ასმევს, ასწავლის, აპურებს, გონგა კი თავისი ახალგაზრდული გულწრფელობით გვერდში უდგას. 

ფილმის კიდევ ერთერთი ყველაზე თბილი და სასიამოვნო ხაზი გონგასა და ბოშა გოგონას მოკლე, ნაზი ურთიერთობაა. ეს ურთიერთობა განსაკუთრებული იმიტომ ხდება, რომ მთლიანად თავისუფალია ზედმეტი თეატრალურობისაგან. ყველაფერი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც შეიძლება მოხდეს რეალურ ცხოვრებაში მოზარდთან, რომელიც პირველად ცდილობს ვინმეს დაინტერესებას, პირველად უწევს საკუთარი მორცხვობის გადალახვა და საკუთარ თავთან ბრძოლა. 

გონგა თავიდანვე ძალიან ბუნებრივად იქცევა გოგონას გვერდით, ჩუმად უყურებს, მერე მზერას მოაშორებს, ცდილობს, რაღაც უთხრას, სწორედ ეს დაბნეულობა და ბავშვური გულწრფელობა ანიჭებს სცენებს ბუნებრიობას. ბუნებრივი მორცხვობა ქმნის სიტუაციებს, რომლებიც, ერთდროულად, მხიარული, უხერხული და ძალიან გულწრფელია.
გონგასთვის ეს არ არის რომანტიკულიისტორია“, ეს არის სხვა ადამიანთან სიახლოვის მცდელობის პირველი გამოცდილება. მართალია, მათი გზები მალევე იყოფა, მაგრამ მანამდე იმდენად ნამდვილია, იმდენად სუფთა, რომ გონგას პერსონაჟს ერთგვარად ზრდის. ის თითქოს ამ ურთიერთობის შემდეგ უფრო თამამი, უფრო ცოცხალი ხდება. ბოშა გოგონა მის ცხოვრებაში ჩნდება როგორც მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სინათლე. ესაა სრულიად უბრალო, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც მოზარდის ზრდის გზაზე ერთ პატარა ნაბიჯად იქცევა.

აქ განსაკუთრებული როლი აქვს იმას, რომ ფილმის თითქმის ყველა ნაწილი დოკუმენტურ სტილშია გაკეთებული: არაპროფესიონალი მსახიობები, რეალური ლოკაციები, ბუნებრივი შუქი, უშუალო დიალოგები და კამერა, რომელიც თითქოს ცხოვრებას პირდაპირ თვალებში უყურებს. 

არაპროფესიონალი მსახიობების არჩევა დიდ რისკთან ასოცირდება, რადგან ხშირად, ასეთ შემთხვევაში, მიღებული დიალოგები მერყევია, მოქმედებები კი მოუხერხებელი, მაგრამწმინდა ელექტროენერგიასრულიად საწინააღმდეგო მაგალითია. აქ თითქოს თვითონ გარემო წარმართავს პერსონაჟთა ქცევას. მსახიობები იმდენად ბუნებრივად მოძრაობენ, საუბრობენ, იცინიან, ხუმრობენ, უხერხულობენ, რომ ზოგიერთ მომენტში ფილმი საერთოდ კარგავს მხატვრულობის შეგრძნებასა და ხდება დოკუმენტური. 

ეს ყველაფერი ქმნის ატმოსფეროს, სადაც ვერ ამჩნევ, სად მთავრდება სცენარი და იწყება რეალური ცხოვრება. ისე გეჩვენება, თითქოს სადღაც, თბილისის გარეუბანში ახლა, ამ წუთას, ჩვენს გვერდით, სწორედ ასეთი ბიჭები დადიან, ძველმანებს აგროვებენ, შემთხვევით ჯვრებს პოულობენ და კარზე დაგიკაკუნებენ, რომ ეს ჯვრები მოგყიდონ.

წმინდა ელექტროენერგიათბილისს წარმოადგენს არა როგორც ჩვეულებრივ დეკორაციას, არა როგორც ქალაქს, სადაც ამბავი მიმდინარეობს, არამედ როგორც ცოცხალ, მრავალფეროვან და ერთად შეკრულ სივრცეს, სადაც მოულოდნელ შეხვედრებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც მთავარ სიუჟეტურ ხაზს.

როდესაც ბარტი და გონგა კარდაკარ დადიან თავიანთი ნეონის ჯვრებით, მაყურებელი თითქოს მათთან ერთად გადაადგილდება თბილისის უბნებში. სწორედ აქ იწყება ქალაქის მრავალფეროვნების მთავარი მხარე, ყოველი ადამიანი, ვისთანაც ისინი აკაკუნებენ, სრულიად განსხვავებულია თავისი ხასიათით, ყოველდღიური ჩვევებით, კითხვებითა და რეაქციებით. 

ერთ კარზე ხვდებათ ქალი, რომელიც ცხოველებზე გიჟდება, ოდნავ ქაოსური, მაგრამ ადამიანური სიყვარულით სავსე. მეორე სახლში მოქეიფეთა ჯგუფი, ხმაურიანი, მოჩხუბარი, მაგრამ გულღია. შემდეგში ელასტიკური მსახიობი, რომელიც თითქოს ცირკის სამყაროდან გადმოსული პერსონაჟია. ამას მოყვება აკვარიუმის მოყვარული ქალბატონი, სრულიად სხვა შეკითხვებითა და ცხოვრების წესით. დასარტყამ ინსტრუმენტებზე შეყვარებული ხანდაზმული მამაკაცი და სათნოებით სავსე ორი ქალბატონი, რომლებიც მიუხედავად მათი ჭარმაგი ასაკისა, არ ნებდებიან და ყოველდღიურ ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებენ.

ეს ქმნის ერთ მნიშვნელოვან განცდას, რომ თბილისში ადამიანების მრავალფეროვნება არა უბრალო შემთხვევითობა, არამედ სიმდიდრეა, რომელსაც ავტორი უდიდესი პატივითა და გულღიაობით უყურებს. თბილისში ყველა თავისებურია, ყველა ოდნავ უცნაური, ყველა განსხვავებული, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებულობებით დგანან ერთმანეთის გვერდით. 

როცა გონგა და ბარტი ამ ადამიანებს ხვდებიან, მათთვის თითოეული შეხვედრა არა მხოლოდ მყიდველგამყიდველის ურთიერთობაა, ეს არის ამ ქალაქის ნაწილის გაცნობა, მისი ფერების, მისი ხასიათების, მისი კონტრასტების გაგება. ამ გზაზე ორივე პერსონაჟი იზრდება.

საქართველოში ცხოვრება, შესაძლოა, რთულია, ქაოტურია, მაგრამ სწორედ ამ მრავალფეროვნებაში, ამ ხმაურიან ქალაქში, ამ დაუფარავ რეალურ ყოფაში იბადება ყველაზე ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა.

კოტეტიშვილის კამერა არასდროს აკრიტიკებს პერსონაჟებს. ის მათ შორიდან აკვირდება მორიდებით. ამ მიდგომით თბილისი ხდება რეალური, სავსე საოცარი ადამიანებით, რომლებსაც შესაძლებელია, შეხვდე ნებისმიერ დროს. კამერა ხშირად უხეშია, არ ცდილობს იდეალური კადრის გადაღებას, კლასიკური კომპოზიციის აგებას, მაგრამ მაინც ლამაზია. მისიარასრულყოფილებაგარდაიქმნება უპირატესობად. მაყურებელი გრძნობს, რომ ეს ცხოვრებაა და არა დადგმული სცენა.

ფილმის მუსიკა ნამდვილ საოცრებას ქმნის. უკვე ის ფაქტი, რომ მუსიკალური მასალა შედგება ექვსი სრულიად განსხვავებული თანამედროვე ნამუშევრისა და რამდენიმე ფოლკლორული ფრაგმენტისგან, მიუთითებს ხმოვან სიღრმეზე. თანამედროვე ელექტრონული მუსიკა ხშირად უსიტყვო ემოციის გადმოცემაამისი ბასები, სწრაფი რიტმები, ფილმს ანიჭებს თანამედროვე ქალაქის ენერგიას. პარალელურად, ფოლკლორული ნიმუშები ქმნის ქართული კულტურის ბუნებრივ კავშირს პერსონაჟებთან.
ახალი და ძველი მუსიკის დიალოგი ფილმის ერთერთ მთავარ თემასაც ავითარებს. საქართველო მრავალფეროვანია. იგი ერთდროულად ინახავს ძველს და ქმნის ახალს.

წმინდა ელექტროენერგიაარა მხოლოდ საინტერესო სოციალური დაკვირვებაა, არამედ ერთერთი ყველაზე გულწრფელი ქართული ფილმია ბოლო წლების განმავლობაში. ტატო კოტეტიშვილის სარეჟისორო, სცენარისტული და ოპერატორული ნამუშევარი იმდენად ორგანულად ეწყობა ერთმანეთს, რომ საბოლოო შედეგი, ჰიბრიდული კინო, ხდება არც სუფთა დოკუმენტური, არც კლასიკური მხატვრული, არამედ რაღაც შუალედური, მაგრამ ძალიან საინტერესო. იგი გვახსენებს, რომ სინათლე აუცილებელია არსებობისათვის, როდესაც ადამიანები ერთად მუშაობენ, ეხმარებიან ერთმანეთს, იცინიან, უყვარდებათ, ტკივათ, სწორედ მათგან იბადებაწმინდა ელექტროენერგია“, რომელიც ქალაქს, ადამიანებს და მაყურებელს ერთ მთლიანობად აქცევს.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *