ნისლით დაფარული სათქმელი

თინათინ ემირიძის დოკუმენტური ფილმი, „ნისლის ფარდა“ (2019) ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის ამბავს მოგვითხრობს. უფრო სწორად, ეს ფილმი ერთგვარი აღწერა უფროა, ვიდრე თხრობა და, ალბათ, მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ამაშია. სანამ რეჟისორის ჩანაფიქრი მაყურებლამდე მიაღწევს, მან ნისლიანი პეიზაჟები (საკმაოდ დიდ ნაწილს რომ იკავებს), პირველივე წუთიდან პერსონაჟების სიუხვე და მათი შორიდან გაცნობით გამოწვეული დაბნეულობა, სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილება და სხვა მრავალი ფაქტორი უნდა გაიაროს, რის შედეგადაც ეკრანის მეორე მხარეს მყოფებამდე საკმაოდ დანისლული მიდის და არანაირ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. 

პირველ ნაწილში ხულოს დათოვლილ-დანისლული ბუნებისა და მასში მცხოვრები (შეიძლება ითქვას, მისით მცხოვრები) ადამიანების ჩვენებამ საინტერესო ატმოსფერო შექმნა. თითქოს, დასაწყისში მთავარი პერსონაჟი სწორედ ბუნებაა და იმისთვის, რომ ეს მაყურებელმა კარგად აღიქვას, რეჟისორი არა მხოლოდ ლამაზ კადრებს გვიჩვენებს, არამედ ადამიანების უმეტესობას ბუნებასთან აკავშირებს: ზოგი შეშას ჭრის, ზოგი კოცონს ანთებს, რაც მთავარია, თითოეულ კადრში თუ ჩანს ადამიანი, ჩანს ბუნებაც და, ალბათ, ეს თავისთავად ამბობს სათქმელს. ამას ხელს უწყობს რეჟისორის მიერ ფილმისთვის შერჩეული სტილი – მუსიკის ნაკლებობა და ბუნებრივი ხმაურების გამოყენება, რათა მნახველმა უკეთ შეიგრძნოს ბუნება და ის მისთვისაც ისეთივე რეალური იყოს, როგორც ეკრანზე მყოფი ადამიანებისთვის. 

მიუხედავად რამდენიმე ესთეტიკურად მშვენიერი კადრისა, ფილმის ექსპოზიციური ნაწილი ზედმეტად გაწელილია და ბევრ კითხვას აჩენს. სიუჟეტი იმდენად ნელა მიედინება, რომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მაყურებელი ლამაზი, თუმცა, მეტწილად, საშუალო დონის კადრების კოლაჟს უყურებს, რომელიც აღწერს, მაგრამ ამბავს არ ყვება. რაც არ უნდა მშვენიერი იყოს, რთულია, მოკლემეტრაჟიან ფილმში 10 წუთის განმავლობაში უყურო პეიზაჟების ცვალებადობას ისე, რომ არ მოგბეზრდეს. და გარკვეული დროის შემდეგ, როცა ხელი უკვე შენგან დამოუკიდებლად მიიწევს გადახვევის ღილაკისკენ, ხვდები, რომ რეჟისორის მიერ ასე გულდასმით გადმოცემულმა სილამაზემაც კი ფასი დაკარგა, ხოლო როცა თანდათანობით უფასურდება ის, რასაც ფილმის ნახევარი ეყრდნობა, მაშინ რაღა რჩება მისგან ღირებული?

ასე თუ ისე, გასაგებია ჩანაფიქრი: შეიქმნას რეჟისორისათვის სასურველი ატმოსფერო, მაყურებელმა დაინახოს ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება – თუ როგორ შრომობენ ისინი, როგორ პირობებში, როგორი მარტონი არიან (თუმცა ამ კადრებში ნაჩვენები მარტოობა მხოლოდ ფიზიკურია და მისი სულიერ მდგომარეობასთან კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ფილმის სათქმელის ძიების რთულ პროცესში ამოტივტივდა). უკეთესი იქნებოდა, ნაკლები დრო დათმობოდა საერთო ხედებით ბუნებისა და ადამიანების ჩვენებას და, ნაცვლად ამისა, სიუჟეტისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ადამიანი, თუნდაც უსიტყვოდ, უფრო ახლოდან გაგვეცნო, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ ფილმი პირველივე წუთებში დაკარგავს მაყურებლის გარკვეულ ნაწილს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტორის მიერ შერჩეული სტილი საუბარს არ მოიცავს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კინოსურათს მთავარი პერსონაჟი არ ჰყავს, თუმცა რეჟისორს სიუჟეტში შემოჰყავს ადამიანი, რომელიც ერთგვარი ხიდია ფილმის პირველ და მეორე ნაწილებს შორის. ეს პერსონაჟი, თეატრის რეჟისორი, ერთადერთია ფილმში, ვინც კამერას ელაპარაკება. ის მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს – „იცვლება ყველაფერი. სამყაროში ყველაფერი იცვლება. ბუნებაშიც“. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მომენტი ფილმის სტილიდან (არანაირი ლაპარაკი, მხოლოდ დაკვირვება) აშკარა ამოვარდნაა, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, სიტყვები რაღაცაზე უნდა მიანიშნებდნენ მაყურებელს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდა რეჟისორს, უბრალოდ, მოეწონა უფროსი კოლეგის მიერ, სავარაუდოდ, სპონტანურად ნათქვამი სიტყვები და გადაწყვიტა, ფილმში დაეტოვებინა. რეჟისორები, განსაკუთრებით კი კარიერის საწყის ეტაპზე მყოფნი, ხშირად ვერ ელევიან ხოლმე მათთვის ძვირფას კადრებს და, სავარაუდოდ, ესეც ამ შემთხვევათაგან ერთ-ერთია, რაც, შესაძლოა, არც თუ ისე შესამჩნევი ნაკლი ყოფილიყო, რომ არა მომდევნო სცენა.

პირველი და მეორე ნაწილების პირობითად დაყოფა, მიუხედავად მცირე ქრონომეტრაჟისა, ორ ნაწილად შეიძლება: პირველი – ხულოს ბუნება და ადამიანები და მეორე – თეატრი და ადამიანები. ამ ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ფილმის ერთხელ ნახვით. ამის მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ პერსონაჟებს საერთოდ ვერ ვეცნობით, ზოგის დამახსოვრებაც კი ჭირს, ამ ორი თემის გამაერთიანებელი კი სწორედ ეს ადამიანები არიან.

მომდევნო სცენა სწორედაც რომ გარდამავალი მომენტია ფილმის პირველ და მეორე ნაწილებს შორის. თეატრის რეჟისორი ხულოს თეატრში შედის, ცარიელ აუდიტორიაში ჯდება და სცენას ისეთი ნოსტალგიით უცქერს, თითქოს რაღაცას იხსენებს, თითქოს მისი ეს ქმედება წინა სცენაში მის მიერვე წარმოთქმული სიტყვების გამოძახილი უნდა იყოს და მოქმედება ამ მიმართულებით უნდა განავითაროს – ადამიანი და ცვლილებები, თეატრი და ცვლილებები, ხულო და ცვლილებები ან სხვა. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი ხდება, სიუჟეტი ისევ უმიზნოდ მიედინება, რაც კიდევ უფრო უადგილოს ხდის წინა სცენაში სწორედ ცვლილებებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ფრაზას. აშკარაა, რომ ეს კონკრეტული სცენა დადგმულია და ისევ და ისევ მიზნად ისახავს ამ პერსონაჟის ერთგვარ ხიდად გამოყენებას ფილმის ორ პირობით ნაწილს შორის. მიუხედავად მცდელობისა, იმის აღმოჩენა, რომ ფილმის დასაწყისში ნაჩვენები ადამიანები ხულოს თეატრის მსახიობები არიან, ფილმის სათქმელს ვერაფერს მატებს, ამიტომ ხიდიც მხოლოდ პირობითად არის ხიდი და არა შინაარსობრივად, არა ისე, როგორც საჭიროა, რომ იყოს.

როცა მოქმედება ნისლიანი ბუნებიდან თეატრის სივრცეში გადადის, იმედის პატარა ნაპერწკალი ჩნდება, რომ მაყურებელს საშუალება მიეცემა, პერსონაჟები გაიცნოს, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე მათგანი, რათა ისეთ ელემენტარულ კითხვას მაინც გაეცეს პასუხი, როგორიცაა – რაზეა ეს ფილმი? ლოგიკურია, ამდენი პერსონაჟის ზედმიწევნით შესწავლა მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმისთვის კი არა, სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვისაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა გამოსავალი იქვე იყო, თანაც უკვე ნაპოვნი, თეატრის რეჟისორის სახით. ახალგაზრდა რეჟისორს ეს ადამიანი რომ მთავარ პერსონაჟად გამოეყვანა, თხრობა თავისით წარიმართებოდა და, ცუდი თუ კარგი, გაცილებით უფრო შეკრული ამბავი გამოვიდოდა, ბევრად უფრო მკაფიო სათქმელით. 

გასაგებია ისიც, რომ რეჟისორმა გადაღების სტილად დაკვირვების მეთოდი აირჩია, რაც დოკუმენტურ კინოში საკმაოდ გავრცელებულია და, რაც მთავარია, ფილმისთვის შერჩეულ თემას, ანუ თეატრს, ნამდვილად უხდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაფერისად არ არის გამოყენებული. დაკვირვება არ ნიშნავს აღწერას, ამ ფილმში კი ის სწორედ გარემოს (იქნება ეს ბუნება თუ თეატრი) აღწერად არის ქცეული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი ზედაპირულობით მოიცავს თხრობის ელემენტებს. ბოლო წუთების უმეტესობა რეპეტიციის კადრებს ეთმობა, ფილმი კი ხულოს თეატრის მიერ უკრაინის სცენაზე დადგმული სპექტაკლით, მაყურებლის აპლოდისმენტებითა და ისევ და ისევ ხულოს ბუნების რამდენიმეწამიანი კადრით მთავრდება. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – საერთოდ რას ემსახურებოდა ფილმის პირველი ნაწილი ან რატომ არის „ნისლის ფარდა“ მისი სათაური, როცა მისი თეატრთან დაკავშირება ასე ჭირს და იმაზე მეტ ფიქრს მოითხოვს, ვიდრე ფილმი ამის საშუალებას იძლევა? კარგი იქნებოდა, რეჟისორს ბუნების კადრები სრულიად დაეთმო და მთელი ყურადღება თეატრზე გადაეტანა ან თუ მისთვის მეტაფორული მნიშვნელობა ჰქონდა ამ კადრებს, უფრო დაეხვეწა, რათა ფილმის ნახვის შემდეგ ერთადერთი მკაფიო განცდა დაბნეულობა არ ყოფილიყო.

ბევრი რამ უშლის ხელს სათქმელის მაყურებლამდე მიტანას. მეტიც, ბევრი ენერგია მიაქვს სქელი ნისლის მიღმა სათქმელის დანახვას, რაც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია პასუხების ნაკლებობით უმნიშვნელოვანეს კითხვაზე – რატომ?. არადა, კინოში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ თხრობით მედიუმში, უმნიშვნელოვანესია შემოქმედებით ჯგუფს გადაღების დაწყებამდე ჰქონდეს პასუხი ამ ძირეულ კითხვაზე, რომელზეც მთელი დრამატურგია დგას, რომლის გამოც არსებობს კონკრეტული ფილმი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალგაზრდა რეჟისორმა საინტერესო გარემო, თემა და გადაღების მეთოდი შეარჩია, ამიტომ კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ფილმი არსებულ პოტენციალს ვერ იყენებს და შესამჩნევი დრამატურგიული ხარვეზებით სათქმელს თითქმის ბოლომდე კარგავს. 

თამარ ზანდუკელი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *