ოაზისი ნაგავსაყრელზე

„რესპუბლიკები იქმნება მოქალაქეთა სათნოებით, საზოგადოებრივი სულითა და გონიერებით“ – ეს სიტყვები ეკუთვნის მე-19 საუკუნის პოლიტიკოსს, ჯოზეფ სთორის, რომელმაც განსაზღვრა მთლიანად რესპუბლიკის იდეა და რომელიც 21-ე საუკუნის ბათუმის ნაგავსაყრელზე შექმნილი კომუნისათვისაც ზედგამოჭრილია.

„რესპუბლიკა“ (2021) ხვიჩა და თინათინ ემირიძეების დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ბათუმის ნაგავსაყრელზე უკანონოდ დასახლებული ადამიანის, დათოს ცხოვრება. იგი ერთადერთი არ არის. მის გარშემო, ფაქტობრივად, ერთი დიდი დასახლება შენდება. მიდის მიწების გადანაწილება, სახლების და ფერმების მშენებლობა. მთავარი პერსონაჟი ამ ყველაფრის ცენტრში დგას, რადგანაც მას სურს აღნოშნული კომუნისაგან შექმნას „რესპუბლიკა“, რომელსაც თავისი ავტონომიური მმართველობა ექნება.

რეჟისორები დათოს პერსონაჟს გამოცდილი ხერხით გადმოსცემენ, რაც მის ტიპაჟს მარტივად აღსაქმელს ხდის. ინდური მუსიკის ხმა ისმის ნახევრად აშენებული სახლიდან, სადაც დათო წელს ზემოთ შიშველი ყოველდღიურ რუტინას მიეცემა. ამით იგი გვეცნობა, როგორც აღმოსავლური ფილოსოფიის მოყვარული, თავისუფალი და ბუნებასთან ინტრეგრირებული ადამიანი. ეს ყველაფერი კი აბსოლუტურად ბუნებრივადაა დაბუდებული ადამიანში, ყოველგვარი წიგნიერებისა და ცოდნის გარეშე.

დათოს ორი შვილი ჰყავს, ბიჭი და გოგო, რომლებიც აკითხავენ მას სახლში. მეტწილად, მათი ვიზიტის მიზეზი ფულია, თანაც სრულიად მცირედი. თუმცა მამას მხოლოდ ეს შეუძლია. ბავშვებთან კომუნიკაციაში იკვეთება მისი აბსოლუტური გახსნილობა და მეგობრული დამოკიდებულება მათდამი. პირველივე სცენებიდან ჩანს ამ პერსონაჟის მიზანდასახულობა, როდესაც თავის ვაჟს უყვება მშენებლობის გეგმებს – სად და რისი აშენება სურს.

სხვა მცხოვრებლები დათოსგან დისტანცირებული არიან, რადგან იგი სხვებისაგან განსხვავებულია. მხოლოდ რამდენიმე მათგანი კონტაქტობს მასთან. ის არ ფიქრობს, უბრალოდ, ამ ადგილას დასახლებაზე, მას მეტად მასშტაბური იდეები აქვს მის მიმართ. დათოს სურს, ეს ნაგავსაყრელი გახდეს ოაზისი, ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერად იცხოვრებენ ერთად, თავიანთ შინაურ ცხოველებთან, მაგრამ იგი ეჯახება რეალურ პრობლემებს, რის გამოც უწევს თავისი ფერადი ოცნებებიდან გამოსვლა და რუხ სამყაროში ბრძოლა.

მისი განსხვავებულობა და ერთგვარი გაუცხოება საზოგადოებასთან ჩანს მაშინ, როცა ქალიშვილს ქალაქში ჩააკითხავს. ოპერატორი საოცრად აფიქსირებს იმ უხერხულობას და შებოჭილობას, რომელიც დათოს აქვს ქალაქში ყოფნისას. თითქოს ის ქალაქური რუტინისგან ამოვარდნილი, განცალკევებული ფიგურაა, რომელიც იმ კონტექსტში ვერანაირად ვერ ჯდება.

დათოს მიზანი მხოლოდ იდეაა და იდეის გარშემო მას რამდენიმე თანამოაზრე ჰყავს შემოკრებილი. ამ მიზნის აღსრულების პატარა ნაპერწკალი ჩანს მაშინ, როცა ფილმის დასასრულს მთავარი პერსონაჟი მოაწყობს წვეულებას. მან შეძლო და მწირი სახსრებით გამართა კარავი, ისეთი, ბავშვები რომ აშენებენ ბალიშებით, შიგნით შემსვლელს, დიდს თუ პატარას რომ ავიწყებს გარე სამყაროს, ზუსტად ისეთი. ფილმის ბოლოს ისევ ნაგავსაყრელზე მორიგ შემგროვებლურ სამუშაო დღეს მოჩანს დათო, რომელსაც საკუთარი თავის, შვილებისა და მეზობლების სჯერა.

ქართულ კინოდოკუმენტალიზმში ბოლო პერიოდში წამოიჭრა საინტერესო თხრობის სტილი. ამბის მოყოლისას რეჟისორი, მოცემულ სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემაზე მოგვითხრობს, ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა მრავალფეროვანი პერსონაჟით, რომელსაც დუალისტური ცხოვრება გააჩნია. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს რატი ონელის „მზის ქალაქი“ (2016). „რესპუბლიკაშიც” და-ძმა ემირიძეებმა დათო აქციეს მაგალითად, რომლის გარშემო სრული სოციალური უსამართლობაა. ის და სხვა ადამიანები, ვინც მის გარშემო იმყოფებიან, არიან დისტოპიურ სამყაროში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ხელისუფლება არ ცნობს. მათ შეძლეს ძალიან მკაფიოდ ეჩვენებინათ ის სამყარო, რომელიც რეალურია. დასავლეთში ასეთ ადამიანებს „მიწისქვეშა ხალხს” ეძახიან, თუმცა საქართველოში ისინი მიწის ზემოთ ცხოვრობენ და მათთან ყოველდღიური შეხება გვაქვს.

აშკარაა, რომ ფუნდამენტური იდეა ფილმში არ ჩანს. ის თითქოს უფრო მეტად რეპორტაჟია ბათუმის ნაგავსაყრელზე დასახლებულ ადამიანზე, რომელიც ცხოვრებას აგრძელებს. ძალიან ბევრი აცდენაა ამ მხრივ. თხრობა არ მიყვება ერთ რაიმე იდეას, რითაც შემდეგ მაყურებელს შეეძლება ამოიკითხოს, თუ რისი თქმა სურდათ რეჟისორებს. ცოტა დამაბნეველია, რომელი თემაა წამოწეული ფილმში, დათო და მისი ცხოვრებისეული პრობლემები, ბათუმის ნაგავსაყრელის პრობლემა, უსახლკარო ადამიანები, ადამიანებს შორის ურთიერთობა თუ სხვა რამ. ეს ყოველივე ძალიან თანაბარი გადანაწილებით არის ფილმში, ამიტომ ფილმს კი აქცევს ერთი იდეური ქოლგის ქვეშ, მაგრამ საყურებლად ზუსტად ეს თანაფარდობა ხდის ამ კინოსურათს, რიგ შემთხვევაში მოსაბეზრებელს. ერთ მომენტში თუ დავინტერესდით დათოს ურთიერთობით შვილებთან, უცაბედად კადრი გადადის ნაგავსაყრელზე და იქ მიმდინარე მშენებლობაზე. თითქოს რეჟისორები გვეუბნებიან, „მოდი, ესეც ვნახოთ, მოდი, აი, ესეც“ და ასე უსასრულოდ ხდება მაყურებლის თავბრუსხვევა.

კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, ფილმი დიდი ვერაფერი სიახლეა. შეიძლება მაყურებელმა, თემის სიმძაფრის გამო, ვერ შეამჩნიოს ის ერთგვარი უარყოფითი მხარეები, რაც ფილმს ნათლად გასდევს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მისი ტემპი. ძალიან ხშირია კინოსურათში სრულიად უსარგებლო კადრები, როგორებიცაა გარემოს პანორამები და ნაგავსაყრელის სრულიად უინტერესო პეიზაჟები. ამ ყველაფერით, ფაქტობრივად, გაწელილია ისედაც 70-წუთიანი ფილმი. ფაქტია, რომ ეს ნამუშევარი ამგვარი ხელოვნური გადიდებით გახდა ძალიან გაწელილი და მდორე. არადა, შესაძლებლობა არსებობდა, რომ მეტი ყურადღება გამახვილებულიყო დათოს გარშემო მყოფი პერსონაჟების გაცნობაზე ან თუნდაც მეტად ყოფილიყო გამოტანილი წინა რიგში მისი ურთიერთობა შვილებთან.

ფილმის ოპერატორი, ნიკ ვოიტი, შეიძლება ითქვას, ძალიან „გაერთო“ მისთვის ეგზოტიკური ადგილის დათვალიერებით, რადგანაც აშკარად ჩანს, რომ ის კინოკამერას მხოლოდ აღსაწერად და დასაფიქსირებლად იყენებს და არა რაიმე სიღრმის ასახვისათვის. ის პირველი პროფესიით ფოტოგრაფია და თამამად ვიტყვი, რომ ამ ფილმში მან ვერ დაძლია ფოტოგრაფიული ხედვა. მისი უმეტესი კადრი გათვლილია ფოტოს პრინციპით მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში, რა დროსაც ის შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს, თუმცა როგორც კი კინოკამერა იწყებს მოძრაობას, იგი პროფესიონალიდან დამწყებ ოპერატორად გარდაიქმნება, ვერ ახერხებს ფილმში პერსონაჟის გახსნას, ვერ ანახებს მაყურებელს მათ შინაგან სამყაროს. ძალიან მალე ტყუვდება მათ მიერ, ეს კი შესამჩნევია გავარჯიშებული თვალისათვის. ოპერატორმა ვერ მოახერხე გამხდარიყო უჩინარი, თითოეულ კადრში ჩანს მისი სიმძიმე იმ გარემოში და როგორი შესამჩნევი იყო ეს გადაღების პროცესში. ამიტომაც მივიღეთ საოცარ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძალიან მცირედით განსხვავდება კარგად გადაღებული სატელევიზიო სიუჟეტისაგან.

ყველაფრის მიუხედავად, ეს კინოსურათი მაინც რჩება იმ ფილმად, რომელიც უნდა ნახოს მაყურებელმა. მასში ჩანს ძალიან განსხვავებული საქართველო, განსხვავებული ადამიანებით. მისი ავტორები ცდილობენ, აჩვენონ არამარტო სოციალური ყოფა თანამედროვე ქართველისა, არამედ ისიც, თუ როგორ შეუძლია სიცოცხლის სიყვარულს აქციოს ადამიანი მეოცნებედ და აკეთებინოს ყველაფერი, რათა სამყარო უკეთესი გახადოს, თუნდაც ეს სამყარო ნაგავსაყრელი იყოს. 


საბა მახარაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *