პლაცებოს ეფექტი

საზოგადოება რთულად იღებს განსხვავებულ ადამიანებს. ისინი ცდილობენ მათნაირი გაგხადონ და არაფერი გქონდეს გამორჩეული, სიახლეებს არ იღებენ, ისე ეფლობიან დოგმებითა და ბორკილებით სავსე სამყაროში, რომ იხრჩობიან. ერთფეროვნება მარწუხებივით ეკრობათ ყელზე და სუნთქვის საშუალება აღარ აქვთ. თუ შეგამჩნიეს, რომ მათნაირი არ ხარ, გრიყავენ და ქვების სროლასაც არ ერიდებიან. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, სხვა ქვეყნებშიც ასეა. უბრალოდ, რადგან საქმე მშობლიურ ქვეყანას ეხება, რეალობა უფრო მტკივნეულად აღიქმება.

„შენ ჩემზე უფრო ნიჭიერი ხარ, მერაბ. უნდა წახვიდე, აქ მომავალი არ გაქვს, გესმის?“ – გაქცევა ყოველთვის გამოსავალი არ არის. ხანდახან უნდა დარჩე და საკუთარი ადგილისთვის იბრძოლო, მაგრამ დარჩენაც უნდა გიღირდეს რამედ.

ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (2019) ცდილობს ურთიერთობების სირთულეები აღწეროს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს. მოცეკვავეები დაუღალავად შრომობენ ყოველდღე, ბოლომდე აქვთ გააზრებული ცეკვის არსი, მაგრამ მათ ბედს სხვა წყვეტს. ვიღაც, ვინც მხოლოდ თავისი აზრისა და ღირებულებების გამო არჩევს ვინ დატოვოს ანსამბლში და ვინ არა. მათთვის ცეკვა უბრალო მოძრაობა არ არის. ის ადამიანის იმწამიერ მდგომარეობას გამოხატავს. თითოეული მოძრაობა უამრავ ემოციას იტევს. იმისთვის, რომ იცეკვო, არ არის აუცილებელი ცეკვა კარგად იცოდე. ზოგისთვის ის უბრალოდ ერთ-ერთი ანტიდეპრესანტია.

ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, ბიჭი, რომელიც მოცეკვავეების ოჯახში გაიზარდა და ახლა ვალდებულია, თვითონაც იცეკვოს. არავინ უსვამს კითხვას, როგორ არის, როგორი დღე ჰქონდა, ბედნიერია თუ არა. არავინ ინტერესდება, რას გრძნობს. მარტოა და ცდილობს გადარჩეს. მერაბს ყოველდღიური რუტინა ახრჩობს. იღვიძებს, იცვამს, მიდის სარეპეტიციოდ, მუშაობს და შემდეგ დღეს ისევ ასე, ანალოგიურად. მისი ცხოვრება ჩაკეტილ წრეს ჰგავს და აშკარად არ იცის, სად არის გასასვლელი. მისი ძმა ცდილობს, სხვანაირად იცხოვროს. ერთობა მეგობრებთან ერთად, მაგრამ არც ის გრძნობს თავს კარგად. გამოსავალი არსად არ ჩანს. არც ძმები საუბრობენ ერთმანეთთან გრძნობებზე. ისე იქცევიან, თითქოს ერთ სახლში არ ცხოვრობენ. მერაბისთვის ერთადერთი სიახლე ირაკლია. ბიჭი, რომელიც მასზე კარგად ცეკვავს და ანსამბლში მოხვედრის უფრო მეტი შანსიც აქვს. მაგრამ ვინ არის ირაკლი რეალურად? კარგი მანერების მქონე ბიჭი, რომელიც ფილმის დასაწყისში თავისი საყურით ამბოხს ცდილობს, დასასრულს ჩვეულებრივ ბრბოს ემსგავსება და იმ ნაცრისფერი საზოგადოების ნაწილი ხდება, რომელსაც ებრძოდა. როცა მერაბს ეგონა, რომ მარტო აღარ იყო და გვერდით ვიღაც ჰყავდა მოეშვა, მაგრამ ზუსტად მანდ შეცდა. ირაკლის ფსიქიკა სუსტი იყო და დარტყმებს ვერ გაუძლებდა. ის ისევ ხალხს შეერია და ბიჭი მარტო დატოვა. ოღონდ ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაში, უფრო განადგურებული ვიდრე ირაკლის გაცნობამდე იყო. ნეტავ რა მოხდებოდა ირაკლის სარეპეტიციო დარბაზის კარი არასდროს რომ არ შემოეღო და ბათუმში დარჩენილიყო? ალბათ, რამდენჯერ უფიქრია მერაბს ამაზე.

იტალიური ეზოს ჭორიკანა მეზობელი, ავრორა, ფილმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. იგი საზოგადოების იმ ნაწილის სახეა, რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ აქვს და დღეების გაყვანას სხვაზე საუბრით ცდილობს. ავრორა მთელ დღეებს აივანზე ატარებს და ზუსტად იცის, ვინ როდის მოდის სახლში. თვითონ უინტერესო ცხოვრება აქვს. ალბათ, მარტოც ცხოვრობს. ის არავის აინტერესებს, მაგრამ მან ყველას ცხოვრების მცირე დეტალიც კი იცის. ყველა ადამიანს ჰყავს ერთი ასეთი ავრორა სამეზობლოში.

მერაბის მშობლები მისი მომავალი ცხოვრების შესაძლო ანარეკლები არიან. ესაა მინიშნება იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს მოცეკვავეს წლების შემდეგ, მაშინ, როცა ფორმაში აღარ იქნება და კონცერტებზეც არავინ დაუძახებს. მას ბნელი და უშუქო ცხოვრება ელის. მშობლებმა ცეკვას მთელი თავისი ახალგაზრდობა შესწირეს და ბოლოს ერთი ბაზრობაზე მომუშავე გახდა და მეორე უფულოდ დარჩა სახლში.

ბიჭს სხვანაირი ცხოვრება უნდოდა. სახლში, ჩაკეტილ ოთახში ბალეტის ცეკვას ცდილობს და ეს აბედნიერებს. მისი შინაგანი მე ცხოვრების სხვანაირ ვარიანტს ელოდება. საინტერესოა, რა მოხდებოდა საკუთარი თავი ბოლომდე რომ გამოეხატა და გაერისკა? არ შეშინებოდა ხალხის რეაქციისა, ვინ იქნებოდა ან რომელ ეპოქაში იცხოვრებდა? მისი მდგომარეობა ბევრად უფრო საინტერესოა. იმაზე მეტ ფიქრებს იტევს, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ფილმში პიროვნების სიღრმეები დაკარგულია.

რას გრძნობს თითოეული მათგანი, როდის სტკივათ? როდის უხარიათ? არიან იმ რეალობით ბედნიერი, რომელშიც ცხოვრობენ? და თუ არ არიან, რატომ არ ცვლიან მას? ამ კითხვებს მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ – შიში. თავიდან ეს გრძნობა არ ჩანს, იმალება, ეტაპობრივად შემოდის მათ ცნობიერში და მთელ გონებას მოიცავს. კინოსურათში ყველაფერი ზედაპირულად არის წარმოდგენილი და თითოეული პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას რეჟისორი არ გამოხატავს.

მერაბის პიროვნება ნელ-ნელა ნაწილებად იშლება. ყოველ ჯერზე ცდილობს ფეხზე წამოდგომას, მაგრამ მიწაზე ენარცხება. უცებ ყველაფერი ერთიანად დაკარგა. მეგობრები, სამსახური, ირაკლი. სამყარო თავზე ჩამოეშალა და როცა კლდის წვერზე გადასახტომად დადგა, ძმის ჩახუტებამ გადაარჩინა. საჭირო დროს გაჩნდა მის გვერდით ძმა. ის ერთადერთი იყო, ვინც იცავდა. მართალია, მისი არ ესმოდა, მაგრამ მხარში მაინც დაუდგა. ბოლოს, მერაბმა ყველას მაგივრად იცეკვა. მხოლოდ ის არ დგას სარეპეტიციო დარბაზში. მის მოძრაობაში მისი გავლილი ცხოვრება იგრძნობა: ირაკლის პროტესტი, მისი ძმის უხეშობა და ყველაფერი, რაც თავს გარდახდა. ყველა ტკივილი დააგროვა და მას ცეკვის თითოეული მოძრაობა მიუძღვნა. ის აღარ არის ფილმის დასაწყისში გამოჩენილი სუსტი პერსონაჟი. ახლა თვითონ გამოხატავს პროტესტს და ამით ყველას სათქმელს ერთიანად ამბობს.

საინტერესოა, როგორია ლევან აკინისა და მაყურებლის თვალით დანახული მერაბი და ჰგავს თუ არა მათი ხედვა ერთმანეთს? სწორად გაიგო მაყურებელმა რეჟისორის სათქმელი? რა უნდოდა რეჟისორს ეთქვა ამ ფილმით? სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი მას განსხვავებულად აღიქვამს. ზოგი თავის თავს ამოიცნობს პერსონაჟში და ბევრს იტირებს, ზოგსაც შეძულდება და გარიყავს. ნაწილს ნეიტრალური დამოკიდებულება ექნება პერსონაჟების მიმართ. ეს ყველაფერი კი ქვეყნის, ტრადიციების, ცხოვრების წესის და საზოგადოების ბრალია.

ბარბარე კალაიჯიშვილი

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *