ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია თაობების მიერ გამოცდილ-გადამოწმებული მზა სქემებით ცხოვრობს, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ ასაკში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რა გაინტერესებდეს, რისკენ ისწრაფვოდე და რა მოვალეობები გეკისროს. განსაკუთრებით დაუნდობელი ეს დაუწერელი სქემა-კანონები არის ქალების მიმართ, რომელთა ცხოვრების გზა მკაცრად განისაზღვრება ასაკით. თითქმის ყველა, 30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ ნელ-ნელა ვარდება ამ ჩვეული სქემიდან, ვეღარ ამართლებს ახლობლების იმედებს და საზოგადოების ერთგვარი მეორეხარიხოვანი, „ჩამოწერილი“ წევრი ხდება.
ყველაფერი კითხვებითა და დარიგებებით იწყება: „აღარ თხოვდები? რას უყურებ?“, „კარგი ახლა, დახუჭე რამეზე თვალი და გადადგი ნაბიჯი, კარგი ქმარი არ არსებობს“, „დრო გარბის, ბავშვი ხომ უნდა გააჩინო?“, „იჩქარე, თორემ მერე გვიან იქნება“. ყოველივე ეს ოდნავ მოჭუტული მზერით, ძირითადად, ყალბი თანაგრძნობითა და კეთილი სურვილებით გამოითქმის და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალს საკუთარი არასრულფასოვნება და შეუმდგარობა აგრძნობინონ. კითხვების უმეტესობას სვამენ ისევ ქალები, რომლებიც, შესაძლოა, თავად წარუმატებელ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, სიცრუესა და ძალადობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც უპირატესად გრძნობდნენ თავს, რადგან სქემიდან არ ამოვარდნილან.
განსაკუთრებით მკაცრად ეს სქემა-კანონები ქართულ პერიფერიაში მოქმედებს, ისეთში, როგორშიც თამთა მელაშვილის რომანისა და ელენე ნავერიანის ფილმის, „შაშვი შაშვი მაყვალის“ (2023) მთავარი გმირი, ეთერო ცხოვრობს.
ერთი შეხედვით, ეთერო ტიპური ქართველი შინაბერაა. 48 წელი გაუთხოვარი ქალის ცხოვრებაში ის ასაკია, როდესაც გარშემომყოფებმა და, რაც მთავარია, თავად მან უკვე დიდი ხანია ჩაიქნიეს ხელი. ეთეროს სხვებთან შედარებით კიდევ გაუმართლა, რადგან საკუთარი მაღაზია აქვს, სადაც იაფიან პარფიუმერიასა და სარეცხ საშუალებებს ყიდის, რაც სიბერეში უზრუნველი ცხოვრების გარანტად ესახება. მან მოთოკა სურვილები და მისწრაფებები და საკუთარი ცხოვრება საზოგადოებისთვის მისაღებ ზომა-ყალიბს მოარგო. ერთადერთი სიამოვნება, რის უფლებასაც ეთერო საკუთარ თავს აძლევს, თვეში ერთხელ, ახალი საქონლის წამოსაღებად თერჯოლაში ჩასვლისას, შევიდეს კაფეში, შეუკვეთოს რძიანი ყავა, ნამცხვარი „ნაპოლეონი“ და იმ ჯადოსნური მომენტით დატკბეს, როდესაც მისი დრო მხოლოდ მას ეკუთვნის და საერთოდ აღარ ადარდებს, თუ რას იტყვის ამგვარ „თავხედობაზე“ ნანო, ქეთო თუ რომელიმე სხვა მეზობელი.
მისწრაფებებისაგან დაცლილ სინამდვილეში და მარტოხელა ღამეებში ეთეროს იმაზე ფიქრი აძლებინებს, რომ სიბერეში მაინც, უკვე ფინანსურად უზრუნველყოფილი, შეძლებს იცხოვროს ისე, როგორც თავად უნდა. ვიდრე ერთ დღეს მდინარესთან მაყვლის შესაგროვებლად წასული სასწაულებრივად არ გადაურჩება სიკვდილს. სწორედ ეს აღმოჩნდება ის გადამწყვეტი მომენტი ეთეროს გამოზომილ ცხოვრებაში, რომელიც მას საკუთარი თავისთვისაც კი მოულოდნელ ნაბიჯებს გადაადგმევინებს.
ეკრანიზაცია ზოგადად რთული საქმეა, განსაკუთრებით ისეთი რომანის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა და რომლის გამოსვლასაც საკმაო ხმაური მოყვა გაბედული ლექსიკისა და გარკვეული ტაბუების დარღვევის გამო.
თამთა მელაშვილის რომანი მთლიანად მთავარი გმირის შინაგან მონოლოგს წარმოადგენს, სწორედ ეთეროს ფიქრებითა და შეფასებებით აღვიქვამთ მის ცხოვრებას, სოფელს, მეზობლებსა თუ მოულოდნელ სიყვარულს. ფილმის რეჟისორის, ელენე ნავერიანის წინაშე არც ისე მარტივი ამოცანა იდგა – ეთეროს ფიქრებისა თუ მოგონებების ვიზულიზაცია, რაც, პირველ რიგში, მთავარი როლის შემსრულებლის, ეკა ჩავლეიშვილის თამაშმა გახადა შესაძლებელი.
თითქმის მთელი რომანის მანძილზე მკითხველს ჩაესმის ეთეროს შიშები – ვინმემ არ გაიგოს მისი ნამდვილი აზრები და შეგრძნებები, არ შეამჩნიონ, რომ ჩვეულებრივზე მეტად იზრუნა საკუთარ გარეგნობაზე, არ დაინახონ საყვარელთან შესახვედრად მიმავალი და არ შენიშნონ მისი სახის გამომეტყველება, როდესაც სასურველ მამაკაცთან სიახლოვის წუთებს იხსენებს. ეკა ჩავლეიშვილი დამაჯერებლად ახერხებს ეთეროს ამ მუდმივი დაძაბულობისა და ჩვევაში გადასული შიშნარევი თვითკონტროლის გადმოცემას. მისი კინოგმირი სულ მოღუშულია, თითქოს მუდმივად გრძნობს ზურგს უკან ვიღაცის მზერას, შეშინებული იხედება აქეთ-იქეთ, თოკავს ემოციებს და საკუთარი სახის ნაკვთებს სიხარულის გამოხატვის უფლებას არ აძლევს.
ფილმში ეთეროს ფიქრებისა და მამოტივირებელი მომენტების კიდევ რამდენიმე საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტაა. მაყვლის კრეფის ავბედითი ეპიზოდის შემდეგ, სახლში მიმავალი, მუხლებგადაღვლეპილი ქალი თავის წარმოსახვაში ხედავს, თუ რა მოხდებოდა, როდესაც მდინარე მის გვამს გამორიყავდა, რას იტყოდნენ მისი სოფლელები მასსა და მის ცხოვრებაზე. სწორედ ეს სიკვდილის შიში აგრძნობინებს, რომ აქამდე არც უცხოვრია და უკვე საკუთარ ბედთან შეგუებულ ქალს მაღაზიის დისტრიბუტორის მკლავებში აღმოაჩენს. ეთეროს შიშების ვიზუალური ტრანსფორმაციაა ქალის სიზმრებში გარდაცვილი ძმისა თუ მამის მოსვლა, რომელთა პორტრეტების კედლიდან ჩამოხსნა ვერაფრით გაუბედავს, რადგან მის სივრცეში მიცვალებულის ხსოვნის პატივისცემა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრების გაგრძელება.
ელენე ნავერიანის ფილმი საკმაოდ შეულამაზებლად წარმოაჩენს ქართული პროვინციის ყოფას – სიღარიბე, ერთფეროვნება, სიცარიელე და ამ სიცარიელის შესავსები სმა, ჩხუბი და ერთმანეთის ცხოვრების განხილვა.
მეზობლებს არ ავიწყდებათ, ყოველ ჯერზე შეახსენონ ეთეროს მისი ასაკი, წონა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა და ამით საკუთარ თვალში თავისსავე შეუმდგარი ცხოვრება გაამართლონ. მერე რა, რომ ქმარი ღალატობს და მთელ დღეებს სოფლის კაცებთან ერთად უსაქმურობასა და ლოთობაში ატარებს; მერე რა, რომ ყველა ახალგაზრდა, თავისუფალი ქალისა შურს, შურს კი არა, იგი სძულს კიდეც; მერე რა, რომ ვაჟი ისეთი გაზულუქებული ჰყავს, რომ დამოუკიდებლად წინდების ამოცმაც არ შეუძლია. სამაგიეროდ, მან, როგორც ქალმა, საზოგადოების თვალში საკუთარი მისია შეასრულა და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ აღარც ახსოვს ან შესაძლოა არც არასდროს დაფიქრებულა, რა სურდა თავად.
მაგრამ კიდევ უფრო სევდიანად წარმოდგება თანამედროვე ქართული სოფლის ყოფა და ამ ყოფაში ქალის როლი თამთა მელაშვილის რომანში. ეთერო თავის მტკივნეულ მოგონებებში ხშირად უბრუნდება საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს: მარტოობაში, უდედოდ და უსიყვარულოდ გაზრდას, ურთიერთობებს მამასა თუ ძმასთან და მათზე ზრუნვის ნაადრევად დაკისრებულ მოვალეობებს, რომლებმაც ჯერ ბავშვობა, მერე კი, პრაქტიკულად, საკუთარი ცხოვრება წაართვეს. ეთეროს ფიქრები და მოგონებები მის გარშემო მცხოვრებ ქალებსაც ეხება, მათ ტკივილებს, ჩაკლულ ქალურობასა და ბედთან შეგუებას. ყოველივე ეს, გარკვეულწილად, დააკლდა ფილმს. რა თქმა უნდა, ძნელია ლიტერატურული ტექსტის მთლიანად გადმოტანა ეკრანზე, მაგრამ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი აქცენტების მონიშვნა, უფრო სრულყოფილად გადმოცემდა თანამედროვე საქართველოს პატარა სოფლებსა თუ ქალაქებში მცხოვრები ქალების ბედ-იღბლის უკუღმართობას. ეთეროს პერსონაჟის მიღმა უამრავი ქალის თავგადასავალი და ხმა გაჟღერდებოდა – პატარა ასაკში ძალით გათხოვილების, უსიყვარულოდ მცხოვრებების, საკუთარ ოცნებებზე ხელჩაქნეულებისა. ამის გაკეთება, თუნდაც, ეთეროს მეზობელი ქალების საუბრებში იყო შესაძლებელი, სადაც თითქოს არის რაღაც მინიშნებები, მაგრამ ეს ცალკეული ფრაზები მაინც ვერ ქმნის სრულ სურათს, ვერ გამოხატავს პრობლემის სიღრმესა და მრავალფეროვნებას.
კიდევ ერთი ტაბუირებული თემა, რომელსაც თამთა მელაშვილის რომანი და ელენე ნავერიანის ფილმი ეხება, ქალური სექსუალობაა. ქართულ საზოგადოებაში მიღებული იმავე სქემა-კანონების მიხედვით, ქალი ხომ მხოლოდ ნებას რთავს მამაკაცს, თავად კი არ შეიძლება რაიმე იგრძნოს ან უნდოდეს, მითუმეტეს, რაღა სურვილები უნდა აწუხებდეს 48 წლის შინაბერას, რომელსაც თავადაც არ ახსოვს საკუთარი ქალურობა, გარშემომყოფები კი გამუდმებით ახსენებენ მოახლოებული კლიმაქსის შესახებ.
ელენე ნავერიანის ფილმი ქართული კინოსთვის საკმაოდ გაბედული სცენებით გამოირჩევა, რისი ტრადიციაც ჩვენს ეროვნულ კინოს ნამდვილად არ გააჩნია. ეს არ არის მგრძნობელობით გაჯერებული, შესაბამისი განათებითა და მუსიკით გადაღებული ესთეტიკური ეპიზოდები, იდეალურ ფიზიკურ ფორმაში მყოფი პარტნიორების მონაწილეობით. ეს საკმაოდ ნატურალისტური კადრებია, რაც მსახიობებისგან დიდ გაბედულებას და პროფესიონალიზმს მოითხოვდა, რომ ყოველივე, უბრალოდ, უხამსობად არ ქცეულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი როლების შემსრულებელმა მსახიობებმა ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას.
ბოლო წლების ქართულ კინოში ქალური პრობლემატიკა საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი. ხშირად, სწორედ ქალი რეჟისორები იღებენ ფილმებს ქალებზე და, განსაკუთრებით, იმ თაობის წარმომდგენლებზე, რომლებისთვისაც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სქემები ცხოვრების განუყოფელ და ბუნებრივ ნაწილად იყო ქცეული. მაგრამ თანამედროვე ქართულ კინოში სწორედ ასეთი, მუდმივად საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მცხოვრები ქალები უჯანყდებიან საკუთარ თავს და ბედს, ცდილობენ, გათავისუფლდნენ თავსმოხვეული მოვალეობებისაგან და თვალი გაუსწორონ საკუთარ სურვილებს.
ელენე ნავერიანის ფილმის გმირიც უამრავი მსგავსი ეთეროს ერთგვარ განზოგადოებულ სახეს წარმოადგენს, ყველა იმ ქართველი ქალის სახეს, რომელმაც ვერასდროს გაბედა ეცხოვრა და უამრავი დრო გააცდინა თავსმოხვეული ყალიბებისთვის თავის მორგებაში. თამთა მელაშვილის და, მასთან ერთად, ელენე ნავერიანის ეთერო მაინც განსაკუთრებულია – ავტორები მას გამარჯვების შანსს აძლევენ. ფილმის ბოლოს ერთგვარი სასწაული ხდება – სიკვდილის შიში, რომელიც თითქმის მთელი ფილმის მანძილზე თან სდევდა მთავარ გმირს და მოქმედებისკენ უბიძგებდა, საბოლოო ჯამში, სიცოცხლისა და იმედის გამარჯვებად იქცევა.
თამთა თურმანიძე