„კარგი სვანური ისტორია“ – ასე ითარგმნება სვანურიდან ქართულად მარიამ ხაჭვანის 2017 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის სათაური. მაყურებელი ამ კინოსურათს იცნობს სათაურით – „დედე“ (სცენარის ავტორები – მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა). მისი მთავარი გმირი ქალია – დინა (ნათია ვიბლიანი). ფილმის რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აქ თხრობა სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დინას მსგავსი ამბავი, ისევე, როგორც არაერთ სვან ქალს, მის დიდ ბებიასაც გადახდენია თავს, თუმცა ის მხატვრულად არ ასახულა სხვა ხელოვანთა შემოქმედებაში.
როდესაც რეალობის მხატვრულ ასახვაზეა მსჯელობა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების ნებისმიერ დარგში ავტორი მის თანამედროვეობაზე გვესაუბრება, იმას აქცევს მხატვრულ ფორმად, რაც მის გარშემოა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად ნაწარმოების სიუჟეტი რომელი პერიოდის ან ქვეყნის ამბებს ასახავს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ამ სიუჟეტით გადმოცემული თემა თუ პრობლემა მოცემულ მომენტსა და მოცემულ საზოგადოებაში აქტუალურია თუ არა. ეს კარგად ჩანს კინოფილმების მაგალითზე. ზოგჯერ ფილმი თვითონ აქცევს ამა თუ იმ თემას აქტუალურად. ამასთან, ხშირად ვხვდებით კონკრეტული პერიოდისათვის საზოგადოებაში აქტუალური თემების დამუშავებას კინოფილმში. ის ან მთლიანად ფილმს მოიცავს ან შემავალ თემად შედის მასში, ზოგჯერ კი იმდენად თავსმოხვეული და ზედმეტია, რომ გარკვეული ეჭვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რაში დასჭირდათ ავტორებს ამ თემის ფილმში შემოტანა.
დღეს რამდენიმე ასეთი აქტუალური თემა არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ქალთა დისკრიმინაციაა. პრობლემა უძველესია, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამჯერად, აქტუალური. ქართული კინო პირველივე ნაბიჯებიდან ამ თემას უტრიალებს (რაშიც, ქართული ლიტერატურის დამსახურებაცაა). პირველი ქართული მხატვრული ფილმი, „ქრისტინე“, რომელიც ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღეს, ამის დასტურია და შემდგომ პერიოდში გადაღებული მსგავსი მხატვრული ფილმებიც არაერთია.
1930 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა სვანეთში, სოფელ უშგულში გადაიღო დოკუმენტური ფილმი, „ჯიმ შვანთე“. მასში არის აღწერილი ადათი, რომელსაც რომელსაც იმდროინდელ უშგულში იცავდნენ – თუ ქალს მშობიარობა ვინმეს დაკრძალვის დროს დაეწყებოდა, იგი უწმინდურად ითვლებოდა და სოფლიდან ისე აძევებდნენ, რომ არც მისი და არც მისი ნაშიერის ბედი აღარ აინტერესებდათ. წლებია ვეძებ ადამიანს, რომელსაც გაუგია ამ ადათის რეალობის შესახებ, თუმცა ვერ მივაკვლიე. ფილმიდან რჩება შთაბეჭდილება (იმის მიუხედავად, რომ იგი მართლაც გენიალურია), რომ, შესაძლოა, რაღაც ამდაგვარი ტრადიცია არსებობდა, მაგრამ ფილმში მაინც გაზვიადებულია და საბჭოთა ცენზურის თვალის ასახვევადაა შეტანილი, რათა სხვა თემები გადაფაროს და აჩვენოს, რა საშინელ დღეში იყო უშგული საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, როგორი აუცილებელი იყო იქ რომ გაეყვანათ გზა, რომელიც მაშინდელმა მთავრობამ იმისთვის გააკეთა, რათა, მარილთან ერთად (რომელიც ასე საჭირო იყო უშგულისთვის), ცივილიზაცია, ცხოვრების ახალი წესი და ადამიანთა შორის თანასწორობა შეეტანა, რაც ქალთა უფლებების დაცვასაც გულისხმობდა.
ამ ფილმის გამოსვლიდან რვა ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ მარიამ ხაჭვანი უშგულშივე იღებს ჯერ მოკლემეტრაჟიან ფილმს, „დინოლა“, ხოლო შემდეგ სრულმეტრაჟიან ფილმს, „დედე“. „ჯიმ შვანთედან“ „დედემდე“ ბევრი რამ შეიცვალა უშგულის ცხოვრებაში, მაგრამ პარტიარქალურ საზოგადოებაში მაინც მტკივნეულ თემად რჩება ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა.
„დინოლა“ გვიჩვენებს იმ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც დაქვრივებული ახალგაზრდა ქალი ქმრის ოჯახმა პირველივე მთხოვნელს უნდა გაატანოს ცოლად, მაგრამ მისი ბავშვები ოჯახში დაიტოვოს. ამ პრობლემას მარიამ ხაჭვანი გვაყურებინებს იმ ბავშვის თვალით, რომელმაც ჯერ მამა დაკარგა და ახლა დედასაც უნდა დაშორდეს. თავის მხრივ, ქალი, რომელიც უქმროდ დარჩა, იძულებულია, შვილები დატოვოს და ახალი ქმრის ოჯახში გადავიდეს საცხოვრებლად.
„დედე“ სწორედ ქალის თვალით გვიჩვენებს ამ ტრადიციას, მაგრამ ფილმში ეს თემა მეორე ნახევრიდან შემოდის. პირველ ნახევარში ქალის უსიყვარულოდ დანიშვნისა და გათხოვების თემაა დამუშავებული. პირველი თემა მთავარი გმირი ქალის, დინას შეყვარებულზე გათხოვებით სრულდება და მეორე თემა ფილმის მეორე ნახევარში დინას დაქვრივებით იწყება.
ამდენად, სცენარში, ფაქტობრივად, ორი ამბავია, საიდანაც ორი ფილმი გამოვიდოდა: ერთი მოგვიყვებოდა დინას დაქორწინების ამბავს და მეორე – მისი დაქვრივებისა და ხელახლა დაქორწინების ამბავს. უფრო მეტიც, მესამე ფილმისთვისაც არის აქ მასალა: მოტაცების ამბავი დინას მულის, სკოლის მასწავლებლისა, რომელიც ვერ ბრუნდება მამისეულ ოჯახში, რადგანაც ეშინია, რომ არ გახდეს მიზეზი ორი ოჯახის სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებისა და რჩება ქმართან, როგორც მძევალი. თითქოს ავტორებს უნდოდათ, ყველაფერი ჩაედოთ ამ ერთ ფილმში და ამით დრამატურგიული თხრობა გადატვირთეს. არადა, შეიძლებოდა, რომ ფილმის კინემატოგრაფიული თხრობისთვის დაეტოვებინათ მეტი დრო.
ფილმი იწყება და ჩანს, რომ კაცებს თავისი „კაცური“ საქმე გაუკეთებიათ: უომიათ, სანოვაგე უშოვიათ, რთული გზა გადაულახავთ, ცოცხლები გადარჩენილან, ერთმანეთიც გადაურჩენიათ და შინ ბრუნდებიან. ახლა ისღა დარჩა, რომ გახარებულმა და ბედნიერმა ქალებმა მიიღონ და შეიტკბონ ისინი. დაბრუნებულებს შორის არის დავითი, რომელსაც თავისივე კუთხის წარმომადგენელი, ახალი მეგობარი, გეგი ახლავს. გეგიმ სიკვდილს გადაარჩინა დავითი ბრძოლის დროს. დავითს ქალი ჰყავს დანიშნული სოფელში და ქორწილი უნდა გადაიხადოს, გეგის კი გზად ერთი უცნობი ქალი შეხვედრია, რომელიც ერთი ნახვითვე შეყვარებია და იმედი აქვს, რომ კვლავ იპოვის მას. „რომ ვიპოვო და აღარ მოვეწონო, არ ვუყვარდე?“ – ეჭვი ღრღნის გეგის. „მაგას რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ გიყვარს?! ავდგებით და მოვიტაცებთ!“ – ამხნევებს დავითი, გეგის კი არ უნდა, რომ ცოლს არ უყვარდეს. ფილმში კვანძი იქ იკვრება, სადაც მაყურებელი გაარკვევს, რომ მეგობრები ერთსა და იმავე ქალზე, დინაზე, ლაპარაკობენ.
აქ დგებიან არჩევნის წინაშე ფილმის პერსონაჟები. სასწორზე დევს: სიყვარული, მეგობრობა, ღირსება, ტრადიცია, პირადი ბედნიერება… რას მიანიჭებენ უპირატესობას ეს გმირები? ერთი შეხედვით, აღნიშნული საკითხი კაცებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ მთავარი გმირი ქალი არ ნებდება და მოქმედებას იწყებს. მისი შეუპოვრობა ნაყოფს გამოიღებს – ის დარჩება თავის შეყვარებულთან, გეგისთან (გიორგი ბაბლუანი), თუმცა ამას მისი დანიშნულის, დავითის სიცოცხლე შეეწირება (ის თავს მოიკლავს). არათუ სოფელი, არამედ დინას გამზრდელი ბაბუაც არ ურიგდება შვილიშვილის ამ არჩევანს და მოიკვეთს მას.
ფილმის მეორე ნაწილში დავითის ძმა შურს იძიებს და დინას ქმარს, გეგის მოკლავს. ახლა ახალი წინააღმდეგობა გადაეღობება დინას – მან უნდა დატოვოს მცირეწლოვანი ვაჟი და გადავიდეს ოჯახში სხვა კაცთან, გირშელთან, რომელმაც მისი ხელი ითხოვა. ამ პერსონაჟს ფილმის დასაწყისიდანვე ვიცნობთ და ვიგებთ, რომ მას ბავშვობიდანვე ჰყვარებია დინა.
ყველა ტრადიციას თავისი საფუძველი აქვს. ის, პირველ რიგში, იმ საზოგადოების, სოციუმის ინტერესებს ითვალისწინებს და მხოლოდ მერე – თითოეული ინდივიდისა. ასეთ დროს ადათი სასტიკი და დაუნდობელიც კი შეიძლება იყოს ადამიანების მიმართ. სვანეთში, სადაც მკაცრი პირობები იყო, მამაკაცები, ხშირად, ახალგაზრდულ ასაკში იღუპებოდნენ. მათ ახალგაზრდა ქვრივებს კიდევ უნდა გაეჩინათ შვილები და გაემრავლებინათ ერი. გრძნობებისათვის ადგილი და დრო აღარ რჩებოდა, რადგან ეს ქალის მისია, მოვალეობა იყო, ბავშვები კი მათი მამის ოჯახს უნდა დაეტოვებინა გვარის გასაგრძელებლად. ტრადიცია, რომლის გაგებაც, პირობების გათვალისწინებით, რაღაც დონეზე შესაძლებელია, თუმცა მიღება – არა, დროთა განმავლობაში დრომოჭმული გამხდარა, მაგრამ სოფელი ვერ ხედავს, რომ ის სრულიად უსარგებლო, სასტიკი და დამღუპველია ბავშვისათვისაც და ქალისათვისაც. „ყველაფერში ქალები ხართ დამნაშავე“ – ამბობენ კაცები, როცა არ იციან, თავი რითი იმართლონ და კიდევ ამბობენ, რომ „ტრადიციაა ასეთი და ვერ შეცვლი“. ფილმში მოქმედ პერსონაჟად შემოდის მღვდელი, რომელსაც არ მოსწონს ქალის იძულებით გათხოვება და შვილებთან დაშორება და უნდა, რომ ეს ტრადიცია შეიცვალოს, მაგრამ გავლენას ვერ ახდენს ვერავის აზრზე.
ფილმს საოცრად უხდება სვანეთის ულამაზესი პეიზაჟები (ოპერატორი – კონსტანტინე ესაძე). ამ დროს მაყურებელს საშუალება ეძლევა შეისვენოს და დაფიქრდეს, მეტად შეიგრძნოს ემოცია. ფილმს დიდი ღირსება აქვს: ის საოცრად გულწრფელია. იგრძნობა, რომ ყველაფერი, რაზეც იქ საუბრობენ, აწუხებთ და სტკივათ, ავტორებს უნდათ, რომ მოგვიყვნენ, გაგვიზიარონ, რაც ბევრი ოსტატის გაკეთებულ ფილმს აკლია.
ქეთევან პატარაია