საქართველოში წლების მანძილზე არსებული შიდა თუ გარე დაპირისპირებები, ომები, კონფლიქტები, პანდემია, სოციალური პრობლემები, მსოფლიოში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების მენტალური აზროვნების, ცხოვრების სტილისა და ფორმის ჩამოყალიბებაზე. ერთ წრეზე სიარულის, სიტუაციიდან გამოუვალობის შეგრძნებამ გამოიწვია თანამედროვე ადამიანის შინაგანი კონსტიტუციის რღვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა აქამდე არსებული მორალური კოდექსების ცვლილება. სამყარო ორიენტირდა „მე-ს“ პირად მოთხოვნილებებზე, ერთგვარად ჩაიკეტა, შეიძლება ითქვას, უფრო აგრესიული გახდა, და, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა საზოგადოებად, სადაც უკვე რთულია მოძებნო
მენტალურად სრულიად ჯანსაღი ადამიანები.
ლევან თუთბერიძის ფილმი, „სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) სწორედ ამ გარემოზე მოგვითხრობს. დარღვეულ, გაუფასურებულ ოჯახურ ინსტიტუციაზე, რომელიც XXI საუკუნის საზოგადოების ერთგვარი მიკრომოდელია, მისი რეალური სახეა: ამორალური, გარყვნილი, ფსიქოპათიური. ფილმის ძირითადი ამბავი სამი ადამიანის (ძველი მეგობრის) ირგვლივ ვითარდება. აქედან პირველი, ოჯახის უფროსი ნიკაა, მეორე – ნიკას ცოლის საყვარელი და მესამე, ნიკას გასაქურდად სამშობლოში დაბრუნებული ზაზა. სიუჟეტი ერთ ტრაგიკულ დღეს ვითარდება, დღეს, როდესაც ყველა კვდება (ზოგი ფიზიკურად, ზოგი – მორალურად).
სიყალბეზე აგებული ურთიერთობების ქვეშ ოჯახის წევრებსა და მათთან დაახლოებულ ადამიანებში იმალებიან მარტოსული, შინაგანად დაცლილი გაუცხოებული ინდივიდები, რომლებიც დინებას მიყვებიან იქამდე, სანამ მათ ცხოვრებაში ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობარი წარსულის აჩრდილივით არ გამოჩნდება. ამ გმირის გამოჩენით, გარკვეულ ეტაპზე, მაყურებელში ჩნდება მოლოდინი, იმედი იმისა, რომ, ბავშვობის მოგონებებთან ერთად, ცოტათი მაინც შეიცვლება მათი ურთიერთდამოკიდებულებები, თუმცა ამაოდ. რეჟისორი სწორედ ამ გმირს აკისრებს მკვლელის ფუნქციას. ფინალურ სცენაში ზაზას მიერ მეგობრის მკვლელობის ფაქტი ისევ თავის კალაპოტში აბრუნებს ორმაგის სტანდარტებით მცხოვრები საზოგადოების რუტინულ ყოფას. რეჟისორი აქ უკვე აღარ გვიტოვებს რაიმეს შეცვლის იმედს. ამ დესტრუქციულ გარემოს გაურბის ნიკას ვაჟიც, რომელიც თითქოს ამ ამბის მიღმაა, სხვა განზომილებაში არსებობს.
ლევან თუთბერიძე სიუჟეტს აგებს შემდეგი პრინციპით: პარალელურად ვითარდება ორი, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი თავგადასავალი, გარკვეულ ეპიზოდებში რომ ერთიანდება, თუმცა მალევე იშლება და უბრუნდება თავის სიუჟეტურ ხაზს. თხრობის აგების ეს პრინციპი ამავე კინორეჟისორმა გამოიყენა თავის წინა ნამუშევარში, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ ფილმში იგი უფრო ორგანულად, დინამიკურად ვითარდება და ლოგიკურად იკვრება ფინალში. აქვე უნდა აღინიშნოს ის მომენტიც, რომ „უშენოდ მგონი მოვკვდების“ საფუძვლად დაედო აკა მორჩილაძის მოთხრობა, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ხოლო ამჯერად იგივე მწერალი გვევლინება სცენარის თანაავტორად. თუ გადავხედავთ ლევან თუთბერიძის შემოქმედებას, აღმოჩნდება, რომ სიუჟეტის სტრუქტურის აგების ეს ფორმა უფრო მეტად დამახასიათებელია აკა მორჩილაძისთვის, ვიდრე ფილმის რეჟისორისათვის.
ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად ვითარდება ნახევრად შეშლილი „სამურაის“ ამბავი (ნიკას საყვარლის ოჯახი), ომგამოვლილი, ტრამვირებული მეომრისა, რომელიც მუდმივ „ჭიდილშია“ საკუთარ წარმოსახვებსა თუ რეალობაში, ჯერ კიდევ შემზარავი შთაბეჭდილებების ქვეშ „სამურაის“ ნიღაბს ამოფარებული, წარმოსახვით მტრებს ებრძვის კეთილშობილი დონ კიხოტივით და აღნიშნულ ომში, საბოლოოდ, მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს კლავს, როგორც ჯარისკაცი ვოიცეკი. ფილმის ფინალურ სცენაში „სამურაი“ მატარებლის გზას მიუყვება, მომავალი ბრძოლის მოლოდინში, დაღლილი ჩამოჯდება სანაგვე ურნასთან და იმეორებს მინიატურული სამურაის ქანდაკების პოზას. თანამედროვე ადამიანისთვის ამ ორი სამურაიდან ერთი ღირებულია თავისი სიძველისა და მატერიალური კეთილდღეობის მოტანის პერსპექტივით, ხოლო მეორე პროფანირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საინტერესოა თხრობის ტემპო-რიტმით, სამსახიობო ანსამბლით, გამომსახველობითი სტრუქტურით, გარკვეულ ეპიზოდებში, მაინც ჩნდება პრობლემის მონახაზის შექმნის ტენდენცია. მაგალითად, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი სიუჟეტში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პერსონაჟის შემოყვანა. ეს თემა მხოლოდ ორიოდე მცირე ეპიზოდით შემოიფარგლება და იმდენად ზედაპირულია, რომ მარტივად გაიაზრება, როგორც საზოგადოების საერთო მორალური დეგრადირების კიდევ ერთი მაჩვენებელი. ასევე ბუნდოვანია ნიკას ცოლის საყვარლის მოტივაცია, შეაჩეროს ზაზა, გადააფიქრებინოს ნიკას სახლის გაქურდვა. ეს მცდელობა მას სიცოცხლის ფასად უჯდება. სწორედ ამ მომენტში ჩნდება შეკითხვა: რამ უბიძგა მას ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ? როდის და რატომ იღვიძებს მასში სინდისის ქენჯნა?
საერთო ჯამში, ამ ფილმში თანამედროვე ყოფასთან მიმართებაში ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტია დასმული, მაგრამ ეს პრობლემები არ არის სიღრმისეულად გააზრებული, მოწოდებული და მაყურებელს არ უტოვებს განზოგადების, ფიქრის შესაძლებლობას.
მაია ლევანიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი