ყველა ერს აქვს თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც პატარა ასაკიდან უკითხავენ ბავშვებს და ციტატებს ზეპირად სწავლობენ, რაც ამ ხალხის სულს განასახიერებს. ქართველებისთვის ეს არის „ვეფხისტყაოსანი“, პოემა, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ კარგავს პოპულარობას.
ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ატარებს არა მხოლოდ მხატვრულ ღირებულებას, არამედ გააჩნია მკითხველზე ღრმა მორალური და ეთიკური ზემოქმედების ძლიერი ძალა. ის ასევე შესანიშნავი და უნიკალური ლიტერატურული ძეგლია, სიყვარულის, მეგობრობის და ტოლერანტობის ზეიმი.
XXI საუკუნეში მხატვრული ლიტერატურა და ხელოვნება, თავისთავად, აღარ არის კულტურის ფორმირების პარადიგმა, როგორც ადრე იყო, რადგან მათი ფუნქციები გადავიდა სოციალურ ქსელებში, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ჩვენს ცივილიზაციას, ამიტომაც ხელოვნების ნიმუშები, ტექნიკური რეპროდუქციის ეპოქაში, ახალ ფორმებს იძენს, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის.
სოციალურმა ქსელებმა შეძრა მსოფლიო და ხელოვნების ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პირველწყაროს მრავალფეროვნებას, ხოლო მეორე მხრივ, იწვევს მისი ხარისხის დაქვეითებას. მაშინ, როცა „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტაგრამის“ ბუმია, სად არის „ვეფხისტყაოსნის“ ადგილი? როგორ უნდა მივაწოდოთ იგი ახალ თაობას უმტკივნეულოდ ისე, რომ არ დაკარგოს ის მუხტი, რაც მისგან მოდის. საინტერესოა გავიგოთ, თანამედროვეობაში სწორად აღიქმება თუ არა რუსთაველის შემოქმედება და ხომ არ იკარგება მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა?
ერეკლე ინაშვილის ფილმი, „რუსთაველის ქვეყანა“ (2023) წარმოადგენს დოკუმენტური და მხატვრული ფილმის კომბინირებას. ეს ნამუშევარი მცდელობაა იმისა, რომ განიხილოს რუსთაველის შემოქმედების მნიშვნელობა, მისი მემკვიდრეობა და გავლენა თანამედროვე ქართულ კულტურაზე. გერმანელი ლინგვისტი, ემინე შაჰინგოზი მოგზაურობს „რუსთაველის ქვეყანაში“ და ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არის ეს პოემა ასეთი ფასეული ქართველებისთვის და სად იპოვის თავის ახალ იდენტობას ტექნოლოგიურ ეპოქაში?
ფილმის შესავალში ისმის ანრო ცირეკიძის ხმა (ქალბატონი, რომელმაც პოემა იცის ზეპირად). ის კითხულობს „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისს. მაყურებელს საშუალება ეძლევა, უკეთ გაიგოს შოთა რუსთაველის მნიშვნელობა არა მხოლოდ როგორც პოეტისა, არამედ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურისა.
„ვეფხისტყაოსნისადმი“ დამოკიდებულება იკვეთება საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანისაგან აღებული ინტერვიუების ნაწყვეტებში. თითოეული მათგანი ყვება ამბავს თავისი ცხოვრებიდან და მათ დამოკიდებულებას პოემის მიმართ, რაც ერთმანეთში შერეული და მიმოფანტულია ფილმის სხვადასხვა ნაწილში. უამრავი მასალაა მოცემული, მაგრამ ძალიან მოკლედ. პატარა ფრაგმენტები ელვის სიწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. შუაში რიტმი ნელდება, რაც, ცოტა არ იყოს, დამქანცველია. თან კინოსურათის გმირების უმეტესი ლაპარაკი ან საკუთარი გამოცდილების მოყოლა, ან ამ ნაწარმოების მხოლოდ ზოგადი გახსენებაა, რასაც არ მივყავართ ფილმის მთავარი იდეისაკენ. არ არის ნახსენები და შემოთავაზებული გამოსავალი, როგორ უნდა მოხდეს მისი სწავლება და რა გზებია შემუშავებული ან რა არის გასაკეთებელი მის გასათანამედროვებლად.
ზოგიერთ სცენაში რიტმის აჩქარება გაამარტივებდა ფილმის აღქმას. მაგალითად, კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას, საუბარი ყველაფერზეა – გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე, ერთობლივ მუშაობაზე, გაცვლით პროგრამებზე. გაუგებარია ამ სცენის მნიშვნებლობა, მით უფრო მაშინ, როცა „ვეფხისტყაოსანზე“ სულ რამდენიმე სიტყვა ითქვა, რაც იდეის გასავრცობად არასაკმარისია. დოკუმენტური ფილმის ყურებისას არსებობს მოლოდინი, რომ კონკრეტულ თემაზე მიიღებ მრავლისმეტყველ და ღრმა ანალიზს. სამწუხაროდ, ამ ფილმის შემთხვევაში, მთავარი თემის გარდა შემოდის რამდენიმე სხვა თემაც, რაც საკმარისზე მეტადაა გაშლილი ნამუშევარში და იწვევს გაუგებრობას, რატომ იყო საჭირო ამათი გაშუქება კონკრეტულად ამ ფილმში. სანამ ფინალამდე მიხვალ, უკვე გავიწყდება, რა იყო დაკვირვების მთავარი საგანი.
მრავალფეროვანი საქართველოს დამსახურებით გარემო ხშირად იცვლება. ნაჩვენებია თბილისის როგორც ძველი და ახალი უბნები, ასევე ქვეყნის რამდენიმე რეგიონი. მოქმედება პანკისის ხეობიდან, დუისიდან იწყება. სხვადასხვა რეგიონში გადაღება აძლიერებს გზავნილს, რომ საქართველო, მიუხედავად მისი გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნებისა, ერთი ეროვნული იდენტობის მქონეა.
თვალში საცემია ფერების პალიტრა. ავტორი ხშირად იყენებს თბილ ტონებს, რაც ფილმის სულიერებას აძლიერებს, ასახავს როგორც დროის, ისე შოთა რუსთაველის შემოქმედების იდეურ სიმბოლიკას. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებზე, რითაც წინ წამოწეულია „ვეფხისტყაოსნის“ სამყარო, გმირობა, თავისუფლება და თავგანწირული ბრძოლა.
„რუსთაველის ქვეყანაში“ ხშირადაა შორიდან გადაღებული კადრები, რითაც ხაზია გასმული საქართველოს ბუნების სილამაზესა და ისტორიულ მნიშვნელობაზე. ოპერატორი დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, ადამიანთა მოქმედებებსა და ბუნების ელემენტებს. პორტრეტული კადრები, რომლებიც გადაღებულია ბუნებრივ შუქზე, განსაკუთრებული ეფექტების გარეშე ეხმარება მაყურებელს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ვიზუალურადაც, რათა დაინახოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
თანამედროვე და ხალხური მუსიკის სინთეზი ერთ მთლიანობად წარმოაჩენს საქართველოს წარსულსა და აწმყოს. იქიდან გამოდინარე, რომ ბევრია საუბრის გარეშე კადრები, მუსიკა მთავარი ფაქტორია მუხტის შესაქმნელად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რთული გამოდგა ბალანსის დაცვა – ზოგან მელოდია ზედმეტად მძიმეა, რაც უშლის ხელს ეპიზოდების სწორად აღქმას.
როგორც დოკუმენტური ფილმისათვის არის დამახასიათებელი, ინაშვილი ფილმში იყენებს ბუნებრივ ხმებს, რაც იცვლება გარემოდან გამომდინარე. სოფელში მრავლადაა ფოთლების საამური შრიალი, ცხოველებისა და ფრინველების ხმები, ქალაქში ამას ცვლის ჩოჩქოლი და ხმაური. თუმცაა არაა საჭირო ბუნებრიობის გადაჭარბებაც, რაც მოხდა კიდეც ზოგიერთ ეპიზოდში. ლაპარაკისას ხშირად არის უხერხული პაუზები, რაც არამც თუ რეალობას შეგრძნებას აძლიერებს, არამედ დაუჯერებლობის განცდას იწვევს.
სცენები გაჯერებულია სიმბოლიზმითა და ფილოსოფიური მოტივებით. სტრუქტურა შეიძლება გადატვირთული აღმოჩნდეს ინფორმაციულად მათთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი ცოდნა რუსთაველის შემოქმედებაზე.
ფილმში კარგად არის გადმოცემული პოემის სიღრმე და მისი მნიშვნელობა. ვიზუალურ დონეზე კარგი სინთეზია ისტორიულ და მხატვრულ ელემენტებს შორის, მაგრამ რამდენად პასუხობს იგი თავში დასმულ შეკითხვას, სად იპოვის თავის იდენტობას XXI საუკუნეში? როგორი სახით მოვა მკითხველამდე? ამაზე საუბარი 50-ე წუთზე იწყება, როცა მთლიანი ქრონომეტრაჟი სამოცდაათი წუთია, რაც არ არის საკმარისი მთავარი თემის სრულყოფილად გასაშლელად.
შეუძლებელია ერთ საათში სრულად გამოავლინო „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობა. აქ ვერ გაიგებთ რაიმე ახალს პოემის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად, რასაც ნახავთ საინტერესოა, თუმცა ძალიან მწირი.
რუსთაველის შემოქმედება არის ის, რაც გვახსენებს რეალურ ფასეულობებს, რომლებიც არასოდეს დაკარგავენ თავიანთ მნიშვნელობას. „ვეფხისტყაოსანი“ აგრძელებს განსაკუთრებული ადგილის დაკავებას მკითხველთა გულებში. გასაოცარია, რამდენად ძლიერია საუკუნეების წინ დაწერილი სიტყვა და როგორ ეხმარება ის ადამიანებს, გააცნობიერონ თავიანთი ნამდვილი ბუნება, ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხელოვანს თავის შემოქმედებაში სურდეს პატივი მიაგოს ბუმბერაზ პოემას.
დოკუმენტური კინო, მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა რეალური ამბების მოსაყოლად, სხვადასხვა გზით, წარმატებითა თუ წარუმატებლობით. „რუსთაველის ქვეყანა“ არის სულიერებასთან, კულტურასთან და ინტელექტთან შეჯახების მცდელობა, ისეთი, როგორიც არის თავად პოემა.
ეს ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ როგორ ჟანრშიც არ უნდა გააშუქო პოემა, როგორი გათანამედროვებული სახითაც არ უნდა მიიტანო მაყურებლამდე, თავისი საქმის როგორმა პროფესიონალმაც არ უნდა გააკეთოს ეს, მაინც არ იქნება საკმარისი, ბოლომდე ვერ გადმოიტან მის სულისკვეთებას, რადგან „ვეფხისტყაოსანში“ არის რაღაც მაგიური და ამოუხსნელი.
თეონა ვეკუა