კაცმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა მოასწროს: ჰყავდეს შვილი, დარგოს ხე, ააშენოს სახლი. სანამ კაცი ამას ასწრებს, ქალი რას შვრება?
პიროვნების იდენტობის, დამოუკიდებელი ადამიანის საკითხი ხელოვნებისათვის, ალბათ, მაინც ყველაზე საინტერესო თემას წარმოადგენს, ვინაიდან ის მოიაზრებს ძიების პროცესს, წინააღმდეგობას, დრამატულობას, დაძაბულობას, მოლოდინს და თითქმის ყველაფერს, რაც ასე ძლიერ უყვარს ხელოვნებას.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017) სწორედ პიროვნების საკითხს იკვლევს, ამისთვის კი ცენტრალურ ფიგურად სახავს ქალს. ის ფაქტი, რომ ფილმი რამდენიმე ქვეყნის საერთო პროდუქტია (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი), სასიამოვნოდ აისახა ნამუშევარზე, განსაკუთრებით, ტექნიკურ–გამომსახველობითი კუთხით.
არსებული დაძაბულობა, მთავარი გმირის გარემოცვის აგრესია და სულის შემხუთავი გაკიცხვა, თუ ჭკუის სწავლება, მოქმედების გარდა, იდეალურადაა გადმოცემული ოპერატორულ ნამუშევარში. ტუდორ პანდურუმ მოახერხა ყველანაირი გადატვირთვის გარეშე შეექმნა კლაუსტროფობიული გარემო. ის არაა ერთბაშად თვალში საცემი, მაგრამ შეფარვით ამ მოგუდულობას ძალიან საგრძნობს ხდის. მით უფრო, როცა თავის სახლში გადასული მთავარი გმირის საცხოვრებელი გარემო გათავისუფლებული, უფრო ნათელი და ჟანგბადით სავსეა.
კინოსურათის ცენტრალური ფიგურა თანამედროვე საქართველოში მცხოვრები დაოჯახებული ქალია. მანანა (ია შუღლიაშვილი) ქართული ენის მასწავლებელია და მძიმე შინაგანი კრიზისის დაძლევას ცდილობს. სახეზეა ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეული დიდი ოჯახი – ცოლ–ქმარი, მათი შვილები, სიძე, მანანას მშობლები. ყველანაირი არეულობა და ქაოსი მანანას მხრებზე გადადის. ამას ემატება ოჯახის წევრების დამოკიდებულება და მასაც უჩნდება კითხვა, ამ ყველაფერში სადაა მისი ადგილი.
ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან გაუცხოების საკითხი ყველა თაობის პრობლემას წარმოადგენს. მისი გადალახვა ზოგჯერ არც კი დგება ადამიანების დღის წესრიგში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას და ზიანსაც ერთი ასად ზრდის. მანანას შემთხვევაში, მან გაკვეთილი სხვისგან ისწავლა. საინტერესო პასაჟი სწორედ ისაა, რომ მისი ამ ცხოვრებისეული გაკვეთილის მასწავლებელი მისივე 17 წლის მოსწავლე თათიაა (ლიკა ბაბლუანი).
თათიას ცხოვრებაშიც გაუცხოების პრობლემა დადგა. თუმცა მისი შემთხვევა უფრო კონკრეტულია. ამ ახალგაზრდა გოგონამ გადაწყვიტა, ნაბიჯი დროულად გადაედგა და ნაკლები ტკივილი მიეყენებინა ორივე მხარისთვის. მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება აირჩია. რა თქმა უნდა, მანანას შემთხვევაში დროის ფაქტორი დიდ როლს ასრულებს. რაც უფრო ხანგრძლივია ერთად ყოფნის დრო, განშორება მით უფრო ძნელია, თუმცა იგი გადაწყვეტს, რომ მზადაა ყველა დაბრკოლების გადასალახად, თუ გადადგმული ნაბიჯი სწორ დანიშნულებასთან მიიყვანს.
მანანას გადაწყვეტილება, რასაკვირველია, გარშემომყოფებისთვის მიუღებელი ან გაუგებარია, თუმცა მაყურებლისთვის, ალბათ, ყველაზე გულდასაწყვეტი მისი შვილის გაუგებრობაა დედის საქციელში. დანარჩენი პერსონაჟები მანანას ამ საქციელს ქმრის, სოსოს (მერაბ ნინიძე) მიტოვებად მიიჩნევენ, არადა მან ყველასაგან გაცლა გადაწყვიტა. მათთვის საზღვარს მხოლოდ უკიდურესი შემთხვევები წარმოადგენს. სათითაოდ ყველა პერსონაჟი აღნიშნავს, რომ რადგან სოსო მკვლელი, ლოთი, ნარკომანი ან კრიმინალი არაა, მანანას საქციელს გამართლება და ლოგიკა არ აქვს.
რეჟისორებმა მთავარი გმირის მიმართ არსებული დამოკიდებულება, მისი გრძნობებისა და მარტივი სურვილების უგულებელყოფა მკვეთრად და ბუნებრივად აჩვენეს მანანას დაბადების დღის სცენაში. ამ დღის მიმართ დამოკიდებულება თავიდანვე ნათლად ჩანს. ქმარიც კი ფორმალურად ულოცავს იუბილეს, ხოლო დედა დილიდან ტუქსავს დასვრილი მაცივრის გამო. ეს ამ ხალხისთვის ერთი რიგითი დღეა და არა ოჯახის წევრის დღეობით გამოწვეული დღესასწაული. იუბილარს ერთადერთი სურვილი აქვს – არ აღნიშნონ ეს დღე, თუმცა ამ სურვილს ყურად არავინ იღებს. საკითხს უფრო ამწვავებს ის ეპიზოდი, როცა დაღლილ მანანას სოსო საყვედურობს უპატივცემლობის გამოხატვაში და მისგან 15-წუთიან მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ რას უდრის მანანასთვის ეს 15 წუთი, ამით დაინტერესება არცერთ პერსონაჟში არ ჩანს.
საზოგადოების მხრიდან პირადი ცხოვრების აკრძალვა არანაკლებ თვალსაჩინოდ გამოჩნდა რეზოს (დიმიტრი ორაგველიძე) საქციელში. სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ის მანანას ძმაა და საკუთარი დის პირადი ცხოვრება სანათესაოსათვის განსასჯელ თემად ხელაღებით გააქვს.
სხვა სხვის ომში ბრძენიაო – ამ თეზას მიჰყვებიან პერსონაჟები. შეკრებილ ნათესავებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ უკეთ ესმით და იციან, რა აჯობებს ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალისათვის. ეს ეპიზოდი იმ მხრივაცაა საყურადღებო, რომ ჩანს შვილების თანადგომა დედის მიმართ. შესაძლოა, მანანას მოტივები ბოლომდე არ ესმით, მაგრამ არ მიესალმებიან ფაქტს, რომ მათი დედის გადაწყვეტილებაში ვიღაც უხეშად ერევა. ისინი ცდილობენ, დედის არჩევანი დაიცვან.
თითოეული დრამატურგიული პასაჟი ერთმანეთს ეტაპობრივად უკავშირდება და ამიტომაც სცენარი არაა ზედმეტად ჩახლართული. ყოველი ახალი სცენა, რომელშიც უფრო და უფრო მკაფიოდ ჩანს მანანას წინაშე არსებული პრობლემა, ნაბიჯ–ნაბიჯ ემატება უკვე მოცემულ სცენებს. ყველაფერი ერთდროულად არაა მოწოდებული, რაც გაწონასწორებულსა და ზედმიწევნითს ხდის მოვლენების განვითარებას, დასმულ საკითხს ცალმხრივად არ აჩვენებს და მის კომპლექსურ ხასიათს იკვლევს. ფილმში არის მოცემულობა, რომელიც ნაჩვენებ პრობლემას ყველა ადამიანზე ავრცელებს. ამის მაგალითი მანანას ქმარია.
სოსო არის პერსონაჟი, რომელიც არანაკლებაა მოქცეული იმ მარწუხებში, რომელიდანაც მანანამ თავის დაღწევა მოახერხა. იგიც განიცდის ზეწოლას საზოგადოების აზრისგან. დედა, ლამარა (ბერტა ხაფავა) მუდმივად ერევა ცოლ–ქმრის ამბებში, უწერს კოდექსს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მათი საქციელი ხალხისთვის მისაღები იყოს და ა. შ. ამიტომ სოსოს ყოველი მცდელობა, დააბრუნოს მანანა, მოტივირებულია დანარჩენების მხრიდან დაძალებით.
მთელ ფილმში სოსო ერთადერთია, ვინც მანანასთან ერთად საუბრით ცდილობს მომხდარის ამოხსნას. მართალია, ეს ეტაპობრივად ხდება, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც მანანას გულისყურით უსმენს. იგი გრძნობს, რომ ისევე დაკარგულია, როგორც მანანა იყო – „სადაა ჩემი სახლი?“ –კითხულობს ის. მას დახმარება სჭირდება და სწორედ მანანა აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც ამის გამორკვევაში ეხმარება.
„ვინ ხარ სინამდვილეში?“ – ამ სიტყვებით სრულდება ფილმი და ეს კითხვა მხოლოდ სოსოსთვის არ დასმულა, ამიტომაც ეს ფილმი მხოლოდ ფემინისტურ ჭრილში განსახილველი კინოსურათი არ არის, რადგან პრობლემა, რომელიც მასში საზოგადოების სენადაა წარმოჩენილი, მხოლოდ ქალებს არ სრესს. საზოგადოების მარწუხები ყოველ ადამიანს, განურჩევლად, ერთნაირად ახრჩობს.
ფილმის ტიტრებში გაჟღერებული მანანასა და სოსოს ერთობლივი ნამღერი მოწმობს იმას, რომ სოსოც გათავისუფლების გზაზეა შემდგარი. ამ სიმღერას მანანა მაშინ მღერის, როცა სიმშვიდეს პოულობს. სოსომ მოახერხა, რომ ეს ნამღერი დუეტად გაეხადა, ფილმს კი სურს, რომ დუეტი ქოროდ იქცეს.
გვანცა ნოზაძე






