სადაც სიყვარულია, იქ შესაძლებლობები მეტია

ინგლისელი კინოდოკუმენტალისტი, პოლ როთა აღნიშნავდა, რომ დოკუმენტური ფილმი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ასახავდეს დღევანდელ პრობლემებსა და რეალობასო. გიორგი მრევლიშვილის კინოსურათი, „თორმეტი გაკვეთილი“ (2019) ამის შესანიშნავი მაგალითია. იგი მოგვითხრობს ერთ სოფელში მცხოვრებ ბაბუაზე, ვალერიან კოტრიკაძეზე, რომელიც ცდილობს, აუტისტური სპექტრის შვილიშვილს – ვაკოს გზა გაუკაფოს, გამოუმუშავოს პიროვნული უნარ-ჩვევები, და გადაალახვინოს სირთულეები, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს ინტეგრაცია საზოგადოებაში.

მრავალი მხატვრული ფილმი შექმნილა ამ თემაზე, მაგრამ როდესაც კინოდოკუმენტალისტიკას ირჩევ ასეთი მტკივნეული საკითხის განსახილველად, რეჟისორის უმთავრესი ამოცანაა, მთავარი სათქმელი ისე მიაწოდოსმაყურებელს, რომ არც დაუძლეველ პრობლემად წარმოსახოს ეს საკითხი, რომელიც ისედაც ტვირთად აწევს ოჯახის წევრებს, ახლობლებს და არც არარეალური ილუზიებით შენიღბოს.

აღნიშნული ფილმი ბაბუისა და შვილიშვილის თბილსა და მზრუნველ ურთიერთობაზე გვიყვება, სადაც „როლები“ შეცვლილია, სადაც ცხოვრების „კანონები“ ირღვევა, სადაც ასაკი არაფერს არ ნიშნავს და არც ის, თუ რომელია უფროსი და რომელია უმცროსი. აქ მთავარია თანადგომა იმის მიმართ, ვისაც ეს უპირობოდ სჭირდება. მზრუნველობის წესები და კანონები არ არსებობს. ხან ასაკში შესულ ბაბუას უვლის შვილიშვილი და ხანაც ბაბუა პატრონობს შვილიშვილს. აქ არც ანგარებას აქვს ადგილი და არც მხოლოდ მოვალეობის გრძნობას, აქ მხოლოდ ერთი რამ არის – სიყვარული. ბაბუა მთელ ენერგიასა და ძალისხმევას შვილიშვილზე ხარჯავს, ეს კი მას უფრო მეტ ძალას, მხნეობასა და შეუპოვრობას მატებს იმ იმედით, რომ ერთ დღესაც, როცა ის ამქვეყნად აღარ იქნება, ვაკო მიხედავს ეზოს, სახლს და ექნება პროფესია, რითაც შეძლებს დამოუკიდებლად არსებობას.

რეჟისორი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში აღნიშნავდა, რომ მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტურ ფილმში იყო პერსონაჟი. ასევე ის საუბრობდა იმ ნდობაზე, რომელიც მყარდება მასა და მის პერსონაჟებს შორის. მან ბაბუისა და შვილიშვილის ნდობა მოიპოვა. ბაბუის ლაღი და თავისუფალი საუბარი, ქმედებები, ჟესტები და მიმიკები ბუნებრივად ერწყმის კინოკამერის ოსტატურად ჰარმონიულ მოძრაობას. მაყურებელსა და ეკრანს შორის თანდათან ირღვევა ბარიერი და მათთან ერთად გადიხარ იმ ნაბიჯებს სოფლის შარაგზაზე, სახლიდან სკოლაში, ცდილობ, ვაკოს ქვეცნობიერად დაეხმარო იმ პასუხების გაცემაში, რომელსაც მისთვის გონებრივი განვითარების სავარჯიშოდ და მეხსიერების გასაუმჯობესებლად იყენებენ, მასთან ერთად გიხარია დაბრკოლებების გადალახვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფილმის უხილავი გმირი ხდები.

პირველივე კადრებიდან ისმის საინფორმაციო გამოშვების ხმა, რომელიც აზიური მწერების შემოსევას და მათთან უშედეგო ბრძოლას გვამცნობს, რის გამოც ადგილობრივები მოსავლის გარეშე შეიძლება დარჩნენ. ფილმში იკვეთება ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის თემაც. მავნე მწერების შემოსევამ, როგორც სხვა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, შეიძლება სოფლის მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვოს.

სოფლის მოსახლეობის მსგავსად, ბაბუაცა და ვაკოც განიცდიან სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღებას. ფილმში მოცემული ეს ყველა ამბავი რეჟისორმა 12 გაკვეთილად დაჰყო. თითოეულ მათგანში ეტაპობრივად იკვეთება ბაბუის მხრიდან ვაკოს დასახმარებლად წინ გადადგული ნაბიჯი. ყოველ „გაკვეთილში“ მთავარი პერსონაჟი ისევ ბაბუაა, რომლის გარშემოც ახალი საკითხი იჩენს თავს. მიუხედავად ამისა, იმედი ყოველთვის არის და ბაბუის ძლიერი მუხტის წყალობით ყველა პრობლემა გადაულახავ ბარიერად არ გვესახება. მისი საქციელი, მართლაც, გმირობის ტოლფასია, მისი სიმტკიცე, თავგანწირვა და შეუპოვრობა ვლინდება არა მხოლოდ ვაკოს მიმართ, არამედ სხვების მიმართაც. ვალერიან კოტრიკაძემ, ამ სტადიამდე რომ მისულიყო, მრავალი დაბრკოლება გადალახა. პირველ რიგში, როგორც თავად აღნიშნავს, პირველი წინაღობა, რომლის გადალახვაც გაუჭირდა, იყო შეგუება იმ აზრთან, რომ შვილიშვილი აუტისტია და სასოწარკვეთილებას მიეცა, რამაც ლამის სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მაგრამ მოულოდნელად გონება გაუნათდა, სულიერად დაცემულმა ძალა მოიკრიბა და საკუთარ თავში მიძინებული ისეთი თვისებები გააღვივა, როცა ცხოვრება აზრს იძენს, რისთვისაც ღირს ბრძოლა.

ფილმში ხაზგასმით ჩანს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღება აუტისტური სპექტრის მქონე პირების მიმართ რეგიონებში მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აუტიზმის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა შედარებით აქტიურად, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებს. მისი გაფართოება სხვაგან მეტი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას მოითხოვს. ბაბუაც იძულებულია, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, სოფელში კარდაკარ დადის ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელთა და ბავშვთა კავშირთან“ ერთად და ცდილობს, დაეხმაროს მათი ოჯახის წევრებს, წამოჭრას საკითხი მის რეგიონში ამგავრი პირებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის თაობაზე. მისთვის ისეთივე ახლობელი და მტკივნეულია სხვისი პრობლემები, როგორც თავისი.

ვაკოსთვის ბაბუამისი არის მოძღვარიც, მასწავლებელიც, მეგობარიც და ფსიქიატრიც. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო სკოლაში დადის, იგი უფრო მეტ ცოდნას სახლიდან იძენს. სოფლის ბათქაშჩამონგრეული სკოლის, კლასში მდგომი წიგნების ცარიელი კარადისა და პიანინოზე ეულად წამოჭიმული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის ჯგუფური ფოტოს გარდა, მას იქ მასწავლებლის მზრუნველი დამოკიდებულება ხვდება, რომელიც ცდილობს, სოფლის სკოლის პირქუში გარემო ცოდნის ლამპრით გაანათოს.

ახლო ხედების ხშირი გამოყენებით რეჟისორს სურს მაყურებელი თანამონაწილე გახადოს იმ ემოციებისა, რასაც ბაბუა და შვილიშვილი განიცდიან. უახლოესი ხედით ნაჩვენები ვაკოს თვალის გუგაზე არეკლილი ბაბუის გამოსახულება მათი მყარი და ნდობით აღსავსე ურთიერთობის სიმბოლოდ აღიქმება. ვაკოსა და ბაბუის სულიერი სიახლოვე იმდენად ფაქიზია, როგორც ფიზიკური შეხება, როცა ვაკო ბაბუას ხელით ეხება, მუდმივად ეძებს მის ნაჯაფ თითებს, რათა მოეჭიდოს, მოესიყვარულოს. ის ხომ მისთვის ყველაზე დიდი საყრდენი ძალაა, სითბოა, სიყვარულია, იმედია. ბაბუაც იმასვე გრძნობს მის მიმართ – იმედსა და სითბოს, სწორედ ამიტომაც წარმოთქვამს ამ სიტყვებს: „ჩვენ ორი ადამიანი წარმოვადგენთ ერთს“. ვაკოსა და მისი ბაბუის ახლო ხედების ხშირი მონაცვლეობა, სუბიექტურისა და ობიექტური კამერის სწრაფი დინამიკა გახედებს გმირების შინაგან განცდებში, რაც გახსენებს იმას, რომ შენც ერთ-ერთი იმ საზოგადოების წევრი ხარ, რომელიც მოვალეა გაიზიაროს ასეთი ოჯახების ბედი და თანაუგრძნოს მათ.

მუსიკას განსაკუთებული დატვირთვა აქვს ამ ფილმში და ექსპრესიულობას მატებს ისეთ ეპიზოდებს, სადაც კამერის დინამიკურ მოძრაობასთან, გამოსახულებების ცვალებადობის სიჩქარესთან და ახლო ხედების მონაცვლეობასთან ერთად ჰარმონიულ სრულყოფას ქმნის.  სუბიექტური კამერით გადაღებული ვაკოს რბოლა ველოსიპედით, როდესაც ის სიჩქარეს უმატებს და სწრაფი ტემპით წინ მიიწევს გაბედულად, საკმაოდ შთამბეჭდავ და იმედისმომცემ ეპიზოდად აღიქმება. კამერა სწრაფად იცვლის ორიენტაციას სუბიექტურიდან ობიექტურზე და კადრში იმავე სწრაფი რიტმით ჩნდება გზა და, ბოლოს, ცაზე ლაღად მონავარდე ჩიტები, რაც მეტაფორულად ვაკოს შინაგან სილაღესთან და სირთულეების დაძლევასთან ასოცირდება. მთავარი პრობლემების ამსახველ ეპიზოდებს ლამაზი პასტორალური კადრები ენაცვლება. ოპერატორული ნამუშევარი არის უნაკლო. ამ ფუნქციასაც თავად რეჟისორი ითავსებს.

სიუჟეტში ეტაპობრივად ვხედავთ, თუ რა შედეგებს აღწევს ბაბუა შვილიშვილთან ერთად ყოველი ახალი ამოცანის დაძლევის შემდეგ, რაც იმედისმომცემია ყველასათვის. პერსონაჟი, რომელიც კომპიუტერის ევოლუციის შესახებ საუბრობს, პარალელს ავლებს წინა საუკუნის პროცესორსა და ახალი თანამედროვე პროცესორის აშკარა გაბარიტების სხვაობაზე. ამ პროგრესზე საუბარი შეიძლება მედიცინის წინსვლის იმედადაც აღვიქვათ. ყველაფერი ვითარდება, წინ მიიწევს და ამის მოსმენისას იმედი გესახება, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, ისეთი წამალი გამოიგონონ, რომელიც ვაკოსათვის და სხვა უამრავი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის პანაცეა აღმოჩნდეს.

ფილმის მაღალმხატვრული ღირებულების მიუხედავად, პერიოდულად კადრში ჩნდება პერსონაჟი მანქანის ხელოსნის სახით. მისი პათეტიკური, ზედმეტად ხელოვნური ინტონაცია, ჟესტიკულაცია, მიმიკები არღვევს დოკუმენტური კინოსათვის დამახასიათებელ ბუნებრიობას და სიყალბის განცდას ბადებს. ასევე სრულიად არაფრის მთქმელია ხელოსნის გადაჭარბებული ლაპარაკიც. ამაღელვებელია და ყოვლად უსარგებლო მავნე მწერებისაგან განადგურებული თხილის ხეების ჭრა, რომელსაც ფონად გასდევს მელანქოლიური მუსიკა. მტკივნეულია ის, თუ როგორ ეცემა ძირს გამხმარი უზარმაზარი ტოტები და ერთი ხელის მოსმით როგორ ნადგურდება სათუთად მოყვანილი ხეები, რაშიც დიდი შრომაა ჩადებული.

ადრე თუ გვიან რაღაც მთავრდება, მერე ისევ იწყება. იბადება და კვდება. მერე ისევ ახლის იმედი იბადება და ასე დაუსრულებლივ წვალებაში, იმედში, გამართლებაში, იმედგაცრუებაში და კვლავ ისევ მომავლისკენ პოზიტიურ ხედვაში გრძელდება ცხოვრება. მთავარია, გქონდეს მონდომება და არასოდეს დანებდე.

ბაბუა ემშვიდობება ძველ მანქანას, რომელთან ერთადაც მრავალი კეთილი მისიით დატვირთული „მოგზაურობა“ განახორციელა და ჯართში აბარებს. სამაგიეროდ, ყიდულობს ახალს, რომელიც უფრო ენერგიულად მოემსახურება კიდევ მეტი კეთილშობილური საქმეების განხორციელებაში. მრავალი სირთულე დაძლეულია. ბაბუის მხარდაჭერითა და რწმენით ვაკოს გაკვეთილები წინ მიიწევს, რასაც მათ მიერ ერთად შესრულებული სიმღერა იმედიანად აგვირგვინებს. ვალერიან კოტრიკაძე მზად არის აუსრულოს ვაკოს დანაპირები და ცურვა ასწავლოს. ვაკოს კამერაზე აბამს თოკს, რასაც თავადაც მიიბამს და ასე შედიან ორივენი უკიდეგანო ზღვაში.

ვერტიგოს ეფექტის შენელებული მოძრაობით კამერა შორდება ზღვას. ზღვის არეალი ფართოვდება და ბაბუა და შვილიშვილი ამ უზარმაზარ სივრცეში როგორც წერტილი, ისე მოსჩანან. ზღვის ცვალებადი ხასიათის მიუხედავად, ისინი მაინც შეუპოვრად მიიწევენ წინ, დასახული მიზნისაკენ.

ქეთევან ღონღაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *