პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები.
ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმის, „კრედიტის ლიმიტი“ (2014) პერსონაჟი, ნინო ცდილობს ფინანსური პრობლემები სესხის აღებით მოაგვაროს. იღებს ვალს და ამით სხვა კრედიტებს იხდის იქამდე, სანამ ჭაობში არ აღმოჩნდება და მის გარშემო არსებულ სხვა ადამიანებსაც არ გადაიყოლებს. მას პრობლემა საფუძვლიანად გააზრებული არ აქვს და არა მის აღმოფხვრაზე, არამედ მის ცოტა ხნით გაჩერებაზე ფიქრობს. ეს იგივეა, რაც გტკიოდეს ყველაფერი და ექიმთან მისვლის ნაცვლად თვითნებურად სვამდე გამაყუჩებლებს. ქალს ჰგონია, რომ თუ რეალობას უგულვებელყოფს, ის მაშინვე შეიცვლება და ისევ იმ დროში აღმოჩნდება, მამა რომ უგვარებდა ყველა პრობლემას. ფუფუნებაში გაზრდილმა ნასესხები ფულით ტაქსით აქეთ-იქით სიარული ისე დაიწყო, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ეკადრებოდა. ქალაქში, სადაც უამრავი ავტობუსია და მეტროც არსებობს.
ირმა ნინოს საცხობში მუშაობს. ცდილობს ფული შეაგროვოს და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდეს. იქ, სადაც, როგორც ირკვევა, არც თუ კარგი პირობებია. ლეოს ცოლი მუშაობს უცხოეთში, მოხუცს უვლის და ზუსტად იმდენ ფულს აგზავნის, ლეოს მომვლელს რომ ეყოს. ცოტა ირონიული საკითხია. ირმას ემიგრაცია თავის რკინის საწოლზე უკეთეს პირობად ევლინება. მას აქვს მიზანი და ნინოსგან განსხვავებით ამ მიზნის მიღწევისთვის ყველაფერს აკეთებს. ნინოს ოჯახი იმ გუდიაშვილის ნახატს შესჩერებია, შვილმა ჩუმად რომ გაუყიდა და მის მაგივრად მეგობარს ასლი დაახატვინა.
გუდიაშვილის ნახატი სიმბოლოა წარსულის ფუფუნებისა და ილუზიებისა. მისი გაყიდვა და ასლით ჩანაცვლება ნინოს ფინანსური კრიზისის მეტაფორაა. ვალების თემა მთელ ფილმში მონობის მეტაფორად გამოიყენება, რაც ნინოს უძლურებასა და დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
ერთი მხრივ, ფილმის მთავარი პერსონაჟი ქალია, რომლის კისერზეც მთელი ოჯახია ჩამოკიდებული. ის ცდილობს ოჯახს ყველაფერი მისცეს, რაზეც ფიქრობს რომ სჭირდებათ და თან იმიჯიც შეინარჩუნოს საზოგადოებაში. მეორე მხრივ კი იგი დაუფიქრებელი ადამიანია, რომელიც წინ, მომავალში არ იყურება. სხვებისთვის მისნაირი სახლის პატრონს ვალი და ცუდი ცხოვრება როგორ ექნება. ყველა ბრჭყვიალა ქაღალდის ქვეშ კი არ არის ძვირიანი შოკოლადი. ზუსტად ასეთია ნინოს ცხოვრება – ვალებითა და იმედგაცრუებებით სავსე. აბა სად არის ბედნიერება? არსად. მთელი ფილმის განმავლობაში ბედნიერება ან არ არის, ან არ ეძებენ.
ოჯახს ძველი ცხოვრება ენატრება. დრო, როცა ამირანი ცოცხალი იყო და ყველაფერი ვარდისფერი სათვალიდან სამოთხედ ჩანდა. მთავარი პრობლემა არა ვალებში, არამედ აღზრდაშია. შრომას არც ერთი იყო მიჩვეული და არც მეორე. ამირანი საბჭოთა ხელისუფლებას პარავდა, ნინო – ნათესავებს. ქალმა შვილებიც არასწორად გაზარდა. ერთს ტელეფონის გარდა არაფერი ადარდებს, მეორე კი აზარტულად თამაშობს და იმასაც აგებს, რაც არ გააჩნია. როგორც ამბობენ, კვიცი გვარზე ხტისო და ასე დაემართა ბიჭსაც.
ვერაფერმა უშველა ქალს. ვერც მკითხავმა და ვერც მღვდელმა. ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდა გადარჩენილიყო. არ უფიქრია სხვა სამსახური ეპოვა, ვალები აღარ აეღო და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ გვარმა არ გაუშვა.
რაღაცით ის ნანა ექვთიმიშვილის ფილმის, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პერსონაჟს, მანანას ჰგავს. მანანასგან განსხვავებით ნინო სუსტი ქალია. ვერაფერი ღირებული გააკეთა ქვეყანაზე, ვერც ბედნიერება და თავისუფლება იპოვა. მაგრამ მთავარია, ქმარი არ ღალატობს, თუმცა არც გვერდით უდგას. კაცს არავინ და არაფერი ადარდებს. კარგი ოჯახის შვილის მაგივრად, რომელიც ბევრი კაცისგან გამოარჩია, უმაქნისი შერჩა ამ ქალს ხელში. ალბათ, კაცსაც აქვს თავისი პრობლემები, კრიზისი, რომელზეც არავისთან ლაპარაკობს.
მანანა და ნინო თანამედროვე ქართული კინოს ძლიერი ქალი პერსონაჟები არიან, რომელთა ცხოვრება განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული გზებით ასახავს პატრიარქალური გარემოსა და სოციალური სისტემის გავლენას ქალებზე. მანანა ცდილობს, გათავისუფლდეს ოჯახური ჩარჩოებისგან, ხოლო ნინო ფინანსური გადარჩენისთვის იბრძვის და იძულებულია დათმობაზე წავიდეს. ერთი პირადი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, ხოლო მეორე ცდილობს, ეკონომიკურად მყარად იდგეს, ორივე ქალის გზა სავსეა შინაგანი ბრძოლითა და მძიმე გადაწყვეტილებებით. ამ პერსონაჟების შედარება ნათლად წარმოაჩენს, როგორ აისახება ერთი და იმავე საზოგადოებაში მცხოვრები ქალების განსხვავებული არჩევანი: მანანა ტოვებს ოჯახს, ნინო კი ფინანსურ სისტემაში იხლართება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მსხვერპლსა და შინაგან გარდატეხას მოითხოვს. მანანა თავისუფლებას აღწევს, ნინო კი კარგავს მას.
ვალები მონობას ჰგავს. ნინო, ფინანსური სირთულეების გამო, ვალებში ეხვევა და მისი ცხოვრება სულ უფრო მეტად ემსგავსება მონობას. ის კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე, იძულებულია, მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები და მუდმივად გრძნობს ზეწოლას კრედიტორების მხრიდან. გამოსავალი არსად ჩანს და ისიც ეგუება ბედს.
„კრედიტის ლიმიტი“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამედროვე კინოიგავი, რომელიც სოციალური რეალობის ფონზე ადამიანური ღირებულებების მარადიულ დილემებს წარმოაჩენს. უნივერსალური თემები, როგორიცაა სიღარიბე, ვალები და მორალური კომპრომისები, ფილმს ალეგორიულ შინაარსს ანიჭებს და მაყურებელს აფიქრებს თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის ადგილსა და როლზე. ნინოს ბრძოლა ფინანსურ სირთულეებთან სიმბოლურია და ასახავს ადამიანის მუდმივ ძიებას გადარჩენისთვის იმ სისტემაში, რომელიც ხშირად მის წინააღმდეგ მოქმედებს. ფილმის მორალური გზავნილი მაყურებელს უბიძგებს, გადააფასოს მატერიალური და სულიერი ღირებულებები და გააცნობიეროს, რომ ადამიანური ურთიერთობები და ღირსება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური კეთილდღეობა. სიმბოლიზმი, რომელიც ფილმშია გამოყენებული (მაგალითად, ნინოს სახლი ისევე ცარიელდება, როგორც მისი ჯიბე) კიდევ უფრო აძლიერებს სიუჟეტის იგავურ ხასიათს.
საიდან დაიწყო პრობლემები? ქალი დაუფიქრებლად მოიქცა. იმდენივე თანხა ისესხა, რამდენიც ნაკვეთის გაყიდვისას უნდა მიეღო და ქმართან ერთად ეგვიპტეში წავიდა სამოგზაუროდ. მერე ნაკვეთი ვეღარ გაყიდა, ვერც სესხი დააბრუნა. ცოტა გაუტკბა უზრუნველი ცხოვრება და ვალების აღებას მიეჩვია. ბოლოს უფსკრულის კიდემდე მივიდა და გადაიჩეხა კიდეც. თუმცა, ეგოისტურად, სხვებიც თან გადაიყოლა.
მიუხედავად ყველაფრისა, კინოსურათი სუსტი დრამატურგიით გამოირჩევა. სიუჟეტი მრავალჯერ გადაღეჭილი პრობლემის გარდა არაფერზეა. რეჟისორი ცდილობს, ვალების გარდა სხვა საკითხებიც წამოჭრას და ყველაფერი უფრო გლობალური გახადოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს უფრო ჩამონათვალს ჰგავს, რომელიც წიგნის ბოლოში ერთ გვერდზე განთავსებულ შენიშვნების ფორმას ემსგავსება – ტექსტს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არავინ კითხულობს.
ბარბარე კალაიჯიშვილი