დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.
პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს, როგორ იღვიძებს, როგორ ესაუბრება ცოლს, უხსნის თავის პრობლემას და ისმენს მის დამამშვიდებელ ფრაზებს. ამის შემდგომ იგი ხან აბაზანაში შედის და სახეზე წყალს ისხამს, ხან სიგარეტს მოუკიდებს, ხანაც აივანზე გავა და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ის, მისი ყოველი ქმედების საბოლოო შედეგი ერთია – რაღაც სასწაულებრივი ძალით სემი ყოველ ჯერზე საწოლს უბრუნდება და ხელახლა იღვიძებს. ბოლო გაღვიძების შემდგომ იგი პანიკაში ვარდება, მას სერიოზულად იპყრობს შიში იმისა, რომ ამ სიზმრიდან თავს ვერასოდეს დააღწევს და უკონტროლო ხდება.
სამწუხაროდ, რეჟისორი მკაფიოდ ვერ ახერხებს მთავარი სათქმელის გადმოცემას. ის, რომ პერსონაჟი ვერ იღვიძებს, ამაში ახალი და განსაკუთრებული არაფერია. მთავარია აზრი და მიზანი, რის მიწვდენასაც ავტორი მაყურებლამდე ცდილობს (თუმცა ამას მარტივად და გარკვევით ვერ ახერხებს).
სავარაუდოა, რომ მთავარი გმირის სხეული ავად არის, რის გამოც ის პატრონისთვის დაუმორჩილებელი აღმოჩნდება. სემი მას ვეღარ მართავს, თავის ქმედებებზე კონტროლი აქვს დაკარგული. იბადება კითხვა, თუ რატომ და რითია მისი სხეული დაზიანებული? აქ ყურადღებაა გასამახვილებელი იმ მომენტზე, სადაც მისი რეაქციებით შეშინებული მეუღლე ქმარს კითხვას უსვამს, მოიხმარს თუ არა იგი ისევ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მთავარი გმირი ამას ისე დამაჯერებელად უარყოფს, რომ მაყურებელს ეჭვიც აღარ ეპარება მის სიმართლეში და ბოლომდე იჯერებს, რომ სემის თავს რაღაც სხვა, ამოუხსნელი მოვლენა ტრიალებს. თანაც მას სრულიად აქვს დაკარგული სწორი მსჯელობის, სიტუაციის გაანალიზების, რეალობისა და ირეალობის გარჩევის უნარი, მოკლებულია საღ აზროვნებას.
ფილმის სიუჟეტი ნამდვილად დამზაფვრელია. ყველაფერი, თითქოს, ტრიალებს ერთ წრეზე, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ეს ჩაკეტილობა კლაუსტროფობიულ შიშს ბადებს. ყოველივე ამას შეესაბამება ის ესთეტიკაც და გარემოც, რაც ამ ნამუშევარშია გადმოცემული: შავ-თეთრი ფერები, თითქმის ცარიელი ოთახი და მის ცენტრში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი „პერსონაჟი“ – საწოლი. სახლიც ფსიქიატრიულ დაწესებულებას ჰგავს.
ერთ–ერთი საინტერესო გადაწყვეტა ფილმის დასაწყისში ანიმაციის გამოყენებაა. ეს მას მრავალფეროვნებას მატებს. ასეთი ჩართვა რეჟისორის მხრიდან საკმაოდ საინტერესო და მომგებიან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ანიმაციაც შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, თავად ნახატი კი საკმაოდ საშიში და შემაძრწუნებელია და პირველივე წამებიდან ახერხებს მაყურებლისათვის შესაბამისი განწყობის შექმნას.
კინოსურათის ძალიან დიდი ნაკლია ხმა. თითქმის შეუძლებელია გაიგო პერსონაჟების დიალოგი. მათ მიერ ნათქვამი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფრაზა თუ ცალკეული სიტყვა თანმდევ მუსიკასა და „ხმაურებში“ იკარგება, რაც მაყურებლისათვის მის ცქერას და სწორად აღქმას ართულებს. ყოველივე ეს ისე უნდა იყოს ერთმანეთთან შერწყმული, რომ არათუ ხელს უშლიდეს, არამედ ავსებდეს ერთიმეორეს. გმირების საუბარი, თითქოს, ძალიან შორიდან, ექოსავით აღწევს მაყურებლამდე. სავარაუდოდ, ამგვარი პოზიცია რეჟისორის გამიზნული გადაწყვეტილებაა სიუჟეტისათვის მეტი დრამატული ელფერისა და ფსიქოლოგიური დაძაბულობის მისანიჭებლად.
მსახიობების თამაშს დამაჯერებლობა აკლია. არის მომენტები, როდესაც მთავარი გმირი შედარებით უკეთ გამოიყურება, როგორც წესი, მაშინ, როდესაც იგი გრძნობებს სხეულის ენითა და მიმიკებით, სახის ექსპრესიულობით გამოხატავს. მისი გამომეტყველება ბუნებრივია, თუმცა როგორც კი იგი ხმას იღებს, ეს ბუნებრიობაც მაშინვე იკარგება.
კინოკამერა კარგად მუშაობს. ახლო ხედები გარდამტეხ მომენტებზე, ბუნდოვანი, არაფოკუსირებული კადრები, კინოკამერის ნელი, უკუსვლითი მოძრაობა, რომელიც ასახავს სემის დაბნეულ სვლას აივნისაკენ, შთამბეჭდავია. ამით რეჟისორი, ასე თუ ისე, თავს ართმევს მაყურებლის ემოციების მანიპულირებას. სემის საბოლოო გაღვიძების ეპიზოდში, როდესაც ის პანიკაში ვარდება და ყვირის, კინოკამერის მოძრაობაც, პერსონაჟის ემოციების პარალელურად, უფრო ქაოტური ხდება – კადრი ხან გმირების სახეზეა, ხან ფეხებზე, ხან ტრიალებს, ხანაც მინის გავლით გვაყურებინებს პერსონაჟებს, რომლებიც ერთმანეთს სასოწარკვეთით უყვირიან. ბოლო სცენაში გამოყენებულია სიღრმითი მიზანსცენა – წინა რიგში მაყურებელი ხედავს გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს, უკანა ფონზე კი არაფოკუსირებულად ჩანან გმირები, რომლებიც ნელ-ნელა ეფარებიან კედელს და ქრებიან. კადრში ისევ ჩაიდანია, თუმცა მის იქით გაუჩერებლად ისმის პერსონაჟების ხმა, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, დარჩეს მოვლენების ეპიცენტრში და ადევნოს თვალი მის განვითარებას. უეცარი დაბნელებისა და ქალის ყვირილის შემდგომ მოჩანს შეშინებული სემი, რის შემდეგ სიბნელეა, ისმის ჩაიდანის გულისგამაწვრილებელი კივილი და ჩნდება თვალებგახელილი გარდაცვლილი ქალი. ცოლის გვერდით დაწოლილი, თავზარდაცემული სემი, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, რომ ხელახლა გაიღვიძოს, ვეღარ იღვიძებს. თუკი აქამდე ყველაფერი სიზმარი იყო, ეს უკვე რეალობაა, რასაც, ის ვეღარასოდეს შეცვლის.
ფილმის სიუჟეტი ისე სწრაფად და გაუაზრებლად მიმდინარეობს, რომ ამბავი, საბოლოო ჯამში, მაინც ბურუსითაა მოცული. გაუგებარია სემის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლის ეპიზოდი. თითქოს, რეჟისორს იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ფილმი, რაც შეიძლება, ეფექტური გამოსულიყო, რომ ვერ შეძლო არაერთი ცალკეული მნიშვნელოვანი წვრილმანის გათვალისწინება. პერსონაჟის მიერ ჩადენილი მკვლელობა, როგორღაც, ამოვარდნილია კონტექსტიდან. საჭირო იყო უფრო მეტ სიღრმეებში ჩასვლა.
ზოგადად, ადამიანი ხომ მისთვის სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში ან აფექტის მდგომარეობაში ბევრ საშინელებაზეა წამსვლელი. სემი მართლაც დიდ გაურკვევლობაში იმყოფება. ამას გარდა, ცოლი, თავისი სიტყვებით, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს და ისედაც გაღიზიანებული ადამიანი კიდევ უფრო გამოჰყავს მწყობრიდან. მიუხედავად ამისა, მკვლელობა მაინც ნაჩქარევად და აზრს მოკლებულად გამოიყურება. მსგავს ქმედებამდე კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი, რათა მეტად ბუნებრივად და დამაჯერებლად წარმოჩენილიყო ეს სცენა. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ფილმის ქრონომეტრაჟია ძალიან მოკლე, ამ სიჩქარის გამართლება, ალბათ, შესაძლებელია.
სემის მიერ ჩადენილი მკვლელობა არა სიზმარში, არამედ ცხადში მოხდა, ამიტომ შემაძრწუნებელია როგორც თავად პერსონაჟისთვის, ასევე მაყურებლისთვისაც. გამოდის, რომ რეჟისორმა საქმე მაინც შეასრულა და იმ მთელი რიგი გაუგებრობებისა და კითხვების მიუხედავად, რაც ებადება მაყურებელს, ფილმი ემოციურ ეფექტს მაინც ახდენს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ბოლო ეპიზოდი, სადაც ჩანს სემი, რომელიც ვერ ეგუება და იჯერებს იმას, რაც ჩაიდინა. იგი ისევ ვერ ფლობს სხეულს, ისევ დამკვირვებელია და შორიდან ადევნებს თვალს ყველაფერს. მას კიდევ სჯერა, რომ სიზმარშია, იმედს არ კარგავს, რომ ახლა გაეღვიძება და ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდება, თუმცა აღარ ეღვიძება. კადრი ბნელდება და ისევ ჩნდება – არაფერი იცვლება. სემი თვალს ხუჭავს, ახელს, ხუჭავს, ახელს, მაგრამ უშედეგოდ.
ელენე ცაგარეიშვილი,
კინომცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტი