დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქართულ კინოში გამოიკვეთა სხვადასხვა თემატიკის ფილმები. უმეტესად, მათში იგულისხმება სოციალურ საკითხებს, ისეთები, რაც მასისათვის უფრო ნაცნობი და ჩვეულია. მაგალითად, აფხაზეთის ომის შედეგები საზოგადოებაზე, ქუჩა, ნარკოტიკები, გაჭირვება და ა.შ. მათ შორის არის ციხე ან ციხიდან რეაბილიტირებული ადამიანები. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლებიც“ (2014), მეტწილად, ამ საკითხს ეხება, თუმცა ეს ნამუშევარი გამოირჩევა იმით, რომ ნაცნობ თემას განსხვავებული პერსპექტივით აჩვენებს.
საერთოდ, ფილმები ციხის შესახებ ორიენტირებულია დამნაშავეებზე, მათ საარსებო გარემოზე, საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც ისინი არიან, ან მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შინაგან თავგადასავალზე. თინათინ ყაჯრიშვილმა ორიენტირად ის ადამიანები წარმოაჩინა, რომლებიც პატიმრების უკან დგანან.
„პატარძლების“ მთავარი პერსონაჟი ნუცა (მარი კიტია) ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომელსაც ქმარი ოთხი წელია ციხეში ჰყავს. მას მარტოს უწევს პასუხისმგებლობის აღება ყველასა და ყველაფერზე. რაც მთავარია, იგი ფსიქოლოგიურად უნდა გაუმკლავდეს თითოეულ დაბრკოლებას, რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება.
თავისუფლების აღკვეთა ადამიანისთვის ყველაზე არაბუნებრივი მდგომარეობაა. რასაკვირველია, ოთხ კედელში წლობით გამომწყვდევა პატიმრებისთვის სირთულესა და დისკომფორტს წარმოადგენს, თუმცა მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და უახლოესი ადამიანები არანაკლებ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიან. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ მათ უფრო რთული ცხოვრების გავლა უწევთ, ვიდრე ციხეში მყოფთ.
თინათინ ყაჯრიშვილი ნამდვილად რთულ საქმეს შეეჭიდა, ვინაიდან აღნიშნული მოცემულობა გულისხმობს პერსონაჟების ბუნებრივი და ორგანული ფსიქოტიპების შექმნას, მათში ღრმად ჩაძიებასა და გამოკვლევას, რათა პერსონაჟები ზედაპირული ან სტერეოტიპული არ ყოფილიყვნენ. თემის სიმძიმისა და დელიკატურობიდან გამომდინარე, იმის რისკი დიდი იყო, რომ ფილმი გამაღიზიანებელ პათეტიკას წარმოადგენდა. მითუმეტეს, რომ პერსონაჟთა ემოციებისა და მოქმედებების, ზოგჯერ სიტუაციების სიყალბეც, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება თანამედროვე ქართულ კინოში.
ვინაიდან „პატარძლები“ სოციალური კინოს ნიმუშია, რეჟისორმა ნატურალისტური სტილის გამოყენება არჩია, რაც ასეთი სახის ფილმებისთვის ყველაზე ბუნებრივია. ნატურალიზმი ნაჩვენებია სხვადასხვა ასპექტსა და საშუალებაში. ის შეიმჩნევა როგორც მხატვრულ ნაწილში, ასევე ტექნიკურ მხარეშიც. პირველ რიგში, პერსონაჟებში, რადგან არ ვუყურებთ უზომოდ უდარდელ ადამიანებს განუწყვეტელი ბედნიერებითა და ახდენილი სურვილებით ან რადიკალურ ცხოვრებისეულ სიმძიმეს, გამუდმებით დამარცხებულ პერსონაჟებს, არამედ ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც ვიცნობთ, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს გარშემო ან, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი რომელიმე ჩვენგანსაც შევადაროთ.
ფილმის ყველა პერსონაჟი გარემოს ეხმიანება. როგორი დაცლილი და ცარიელიცაა გარემო, ისევე დაცლილები არიან პერსონაჟები, რაც მათ სულიერ მდგომარეობას უფრო ნათლად ხატავს. ამ ორი მოცემულობის ერთმანეთთან მსგავსი თანხვედრა რეალიზმის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია.
რეჟისორმა მოახერხა, ბოლომდე შეენარჩუნებინა ნატურალიზმი და ამაში მსახიობებმა დიდად შეუწყვეს ხელი. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ფილმში ვერბალურად გადმოცემული პათეტიკა არ გვხვდება და დრამატულობის ძირითადი ნაწილი მოქმედებაში ან მიმიკაში იკითხება. სიახლოვე, რომელიც მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს ფილმში ნაჩვენები ამბების და ადამიანების მიმართ, სწორედ მათი რეალურობიდან გამომდინარეობს. ეს პერსონაჟები რეალურები არიან, რეალური პრობლემებით, განცდებით, ვნებებითა და ცდუნებებით.
ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, ამავდროულად, არის საკითხი, რომელიც ნატურალიზმის შენარჩუნებას ართულებს. ესაა ქორწილი ციხეში. მსგავსი მოვლენა უცხო და არასტანდარტულია, რაც რეალისტური სტილისათვის გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, მაგრამ რეჟისორმა აქაც მოძებნა გამოსავალი. მოხუცი პატარძლის კითხვა – „ქორწილიც აქ იქნება?“ ღიმილის მომგვრელია, ხოლო დანარჩენი პატარძლების რეაქცია კონკრეტულად ამ სცენას დამაჯერებელს ხდის და უშუალოდ ქორწილის ეპიზოდსაც სწორად ხსნის, ვინაიდან არა მხოლოდ მაყურებლისათვის, არამედ ამ მოვლენის მონაწილეებისათვისაც უჩვეულოა ის, რაც ხდება. ამიტომაც ამ ორი მხარის საერთო გაურკვევლობა მაყურებელში ბუნებრივად აღძრავს თანაგრძნობის განცდას.
თინათინ ყაჯრიშვილს ქორწილის სცენა ციხეში რთულ ამოცანად წარმოუდგებოდა. ამასთანავე, მასში არის კომიკური ასპექტიც, რასაც შეიძლებოდა მთელი ეს ნაშენები სტუქტურა ერთიანად ჩამოეშალა. თუმცა სახეზე მივიღეთ შედეგი, რომელიც მაყურებლისთვის ღიმილის მომგვრელიცაა და უხერხულობის განცდის მომტანიც. ამგვარი უჩვეულო სინთეზი კი მხოლოდ უფრო ამდიდრებს ფილმს, არათუ რაიმე წუნს დებს.
„პატარძლების“ პორტრეტები, მათი პიროვნული განსხვავებულობა რამდენიმე ეპიზოდში მკვეთრად გამოიხატა. მათ შორის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ ქალბატონებისა და პატიმრების ხანგრძლივი განშორების შემდეგ პირველი შეხვედრა. ყველა „პატარძალი“ განსხვავებულად ეგებება და ესიყვარულება თავის „ნეფეს“. მათ მოქმედებებში – ზოგის თავშეკავებულობაში, ზოგის მეტ სითამამეში, ახალგაზრდა წყვილის ახალგაზრდულ, ემოციურ შეხვედრასა და მოხუცების დინჯ, ერთგულ დარბაისლურ მოქმედებაში – ნათლად ჩანს თითოეული ქალის ინდივიდუალური პორტრეტი.
მიუხედავად იმისა, რომ „პატარძლების“ ტრაგედია საერთოა, მათ რეაქციები განსხვავებული აქვთ. ამ კინოსურათის ერთ–ერთი საინტერესო ელემენტი სწორედ ესაა – როგორ აღიქვამენ და განიცდიან საერთო ტრაგედიას განსხვავებული ადამიანები, როგორი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს ერთსა და იმავე დარტყმას სხვადასხვა პიროვნებასთან.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფილმის ბოლო ეპიზოდი და მასთან მისასვლელი გზა. 24 საათი ერთ „გალიაში“ ერთად ყოფნა – მოვლენებს გარკვეულ დაძაბულობას მატებს და პერსონაჟების მიმართ ემპათიის განცდას ზრდის. ფილმის ყურების თანმდევია ეჭვი, რომელიც მაყურებელს არ ტოვებს, ეჭვი ნუცას ერთგულებისა. თავად ნუცაც მერყეობს და ბოლომდე არაა გარკვეული საკუთარ სურვილსა და ვალდებულებას შორის, რომელი უნდა აირჩიოს. მასაც არანაკლებ ღრღნის ეს ეჭვი, თუმცა ბოლო სცენა ამ ეჭვისაგან გვათავისუფლებს.
გამომშვიდობების სცენა დრამატულიცაა და მგრძნობიარეც, მაგრამ უკონტროლო ტრაგიზმს ბოლომდე მოკლებულია. ღია ფინალი, ნუცას გაყინული თვალები, ერთი მხრივ, ავისმომასწავლებელ დასასრულს აირეკლავს, მეორე მხრივ, ახლის დასაწყისს გვიჩვენებს. როგორი შეიძლება იყოს ეს დასაწყისი, ვერ გვეცოდინება. რეჟისორმა მხოლოდ ჟანგშეპარული რკინის კარიდან მომზირალი ნუცას გაყინული თვალები დაგვიტოვა.
გვანცა ნოზაძე