სახლი, რომელიც „იქ“ ისევ ელოდება

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთერთ ყველაზე გამორჩეულ კურორტს თავისი მრავალფეროვანი უნიკალური სანატორიუმებით და მრავალ დაავადებულ ადამიანებს კურნავდა. აფხაზეთის ომის შემდგომ ამ შენობებმა თავისი პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და ომგამოვლილ, ნატანჯ და სევდით სავსე დევნილთა თავშესაფრად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის პირვანდელ, სამკურნალო ფუნქციას ვეღარ ასრულებდნენ, მათ კედლებში სასიკეთო საქმემ კვლავ დაიდო ბინა. თითქმის 30 წელი ემსახურებოდა უამრავ დევნილს ეს მონუმენტური, უკვე მისტიკად ქცეული შენობები.

რეჟისორ გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, „იქ, სადაც სახლია“ (2024) ორ სევდიან ამბავს ყვება. ერთი ეხება აფხაზეთის ომის შედეგად დევნილების თემას, ხოლო მეორე ასახავს წყალტუბოში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ სანატორიუმებს. ეს ორივე ამბავი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ (სანატორიუმის კედლები ნესტით არის გაჟღენთილი, აქაიქ ჭერიდან წყალი წვეთავს და ზამთრობით კი ამ უზარმაზარი შენობების კედლები, ალბათ, ყინულივით იყინება), მათ მაინც ერთმანეთის თანადგომა და ერთი ტკივილი აერთიანებთ და ამ ერთობით ისინი უკვე წლებია ერთმანეთს ამხნევებენ, იუმორითა და იმედით უყურებენ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი რამ დაკარგეს. 

რეჟისორმა აფხაზეთის მტკივნეულ თემას ორი თაობა დაუკავშირაპირველი, რომელიც ამ ყველაფერს მოესწრო და მეორე, ახალი თაობა, რომელიც ომის შემდგომ დაიბადა. 12 წლის ნიკუშას, რომელსაც ეს ომი პირადად არ შეხებია, აწმყოზე წარსულის ნაშთები აისახა, რადგან ის დაიბადა წყალტუბოში და გაიზარდა იმ სანატორიუმაიასკედლებში, სადაც დიდი ხნის წინ შესახლებული დევნილები ჯერ ისევ იმ მოუშუშებელი იარებით აგრძელებენ ცხოვრებას, იგონებენ თავიანთ კარმიდამოს, ბედნიერ ლაღ წლებს, რომელიც ერთი ხელის მოსმით ომის სასტიკმა ხელმა შემუსრა. ამიტომ ნიკუშაც ამ დიდი ტკივილის ნაწილია, რომელიც ბებიასთან ერთად იზრდება სანატორიუმის ერთ პატარა ოთახში, ხოლო დედა, რომელიც ასე ენატრება, წლებია საზღვარგარეთ მუშაობს. წარსულში დაწყებული ომის შედეგები კვლავ ცხოვრობენ მასთან ერთად. ჯერ კიდევ წლების წინ სახელმწიფოს მიერ დანაპირებ ბინას, რომელსაც მისი ბებია, ხათუნა ელოდებოდა, ახლა ისიც, მასთან ერთად, სულმოუთქმელად ელის. ბებიისაგან განსხვავებით ნიკუშას არასოდეს ჰქონია საკუთარი სახლი, ეზო, ქალაქი, ხე, რომელიც მის ბაღში ნაყოფს ისხამდა და მისით ხარობდა, მაგრამ არასდროს დაავიწყდება ის მიტოვებული, ჩამოატყავებული, ერთ დროს მოვლილმოკაზმული, უზარმაზარი შენობა, სადაც ფეხი აიდგა და გაახსენდება როგორც ტკბილ, ზოგჯერაც სევდიან მოგონებად, რომელსაც მან და მისმა თანატოლებმა სული ჩაჰბერეს, გამოაცოცხლეს და სიკეთის მყუდრო სავანედ აქციეს. 

მიუხედავად იმის, რომ აფხაზეთის ომმა დევნილებზე ცუნამივით გადაიარა და დიდი ტკივილი და დაღი დაასვა მათ ცხოვრებას, ისინი ცდილობენ შვება მომავლის იმედში ნახონ, მათი მომავალი კი ის თაობაა, რომელსაც ზრდიან.

ფილმის მეორე მთავარი გმირია 81 წლის იამზე გიორგაძე, რომელიც ასევე 30 წელია, რაც უპატრონოდ მიტოვებულ სანატორიუმმედეასაფარებს თავს. ისიც, როგორც სხვა დანარჩენი დევნილი იმის მოლოდინშია, თუ როდის მიიღებს სახელმწიფოს დანაპირებ კუთვნილ სახლს. მას ისღა დარჩენია, ითმინოს რაც შეიძლება დიდხანს და სწორედ ეს თმენის გამძლეობა მატებს ძალასა და სიმტკიცეს, რომ მომავალს იმედით შეხედოს. ამ ლოდინსა და ფიქრში ატარებს ის თავის დღეებს, რომლის თვალწინ ხანდახან შურდულივით გაიელვებს ომის ცეცხლისმფრქვეველი ტყვიების კადრები. იამზეს თხრობის პარალელურად, რეჟისორი კადრში აჩვენებს აფხაზეთის ომის ქრონიკების შემზარავ კადრებსთუ როგორი წვალებწვალებით გადმოლახეს დევნილებმა საკენიჭუბერის უღელტეხილი და გზადაგზა როგორ აწყდებოდნენ პერიოდულად მიცვალებულებს. 

იამზე ნოსტალგიური ინტონაციით იხსენებს ასევე ახალგაზრდობას, კოლმეურნეობას, თუ როგორ კრეფდა ჩაის და როგორი ბედნიერი იყო მაშინ. არც არის გასაკვირი, თუკი მას კოლმეურნეობა და საბჭოთა კავშირის გახსენება ბედნიერ ღიმილს მოჰგვრის, რადგან ის მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები იყოჰყავდა საყვარელი მეუღლე, შვილი, რომელიც ომში დაკარგა. ახლა ისღა დარჩენია სანატორიუმის ჩამოტყავებულ კედლებთან ერთად ითმინოს იქამდე, მანამ სანამ მის ცხოვრებაში კვლავ არ გამოანათებს მზე, რომელიც იამზეს გულს იმედითა და სიხარულით გაათბობს. ყველას აქვს თავისი ბედნიერი წარსულის წუთები, რომელიც არასდროს ავიწყდება და თუ ის წუთები და წამები ვინმემ ან რაღაცამ წაგართვა და აღარასდროს დაგიბრუნა, რაღა თქმა უნდა, ცხოვრებას მასზე მონატრების ფიქრში განლევ, მანამდე სანამ მას არ გადაწონის ახალი სიხარული. იამზეს სიხარული იქ არის, იქ, სადაც სახლია და ისსახლი“, ალბათ, სულ მალე ისევიქექნება. 

წყალტუბოს ბალნეოლოგიური სანატორიუმების ძველი, გაძარცვული ლამაზი, სიცოცხლისგან დაცლილი ნეოკლასიკური სტილის არქიტექტურა თბილადყვებათავისი მობინადრეების ამბავს. მათთან ერთად სტკივა, განიცდის და მათით ხარობს. მისი კედლები წარსულისა და აწმყოს მესაიდუმლეა, რომელიც ერთიანად გიპყრობს, გნუსხავს თავისი მონუმენტური სვეტებით, რომაული და ბერძნული კულტურის დეტალებით და ორნამენტებით, კორინთული ორდერებით, რომელსაც ოპერატორი სანატორიუმების არქიტექტურის თითოეულ დეტალს, ლამაზ კარნიზებს მოწიწებით, მისი სიდიადით მონუსხული იღებს. თითქოსდა, კადრს მიღმა იგრძნობა მისი აღტაცება და ასევე გულისწყვეტა იმისა, რომ ასეთი ქმნილებები ასე უდიერად ნადგურდება. 

წყლისგან დაცლილი აუზის ფსკერზე მოზაიკის ფერადი თევზები, წყლის ნაცვლად, მის გარშემო ამოსული მცენარეებისტალღებშიიკარგებიან, ხოლო ლამაზი ორნამენტიანი თაღები კი შარავანდედივით გადაფარებია აქაიქ გაცრეცილ ფერად კედლებს. დროსა და უპატრონობას თავისი დაღი დაუტყვია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის თვალმწარმტაცი სილამაზე შენობების ნაშთებს მაინც ატყვია. ბებერი, აქაიქ ჩამომხმარი პალმის ხეები, მკაცრად მდგარ სვეტებს შორის ამოსული მცენაარები, ჩიტების ჭიკჭიკი და მობინადრეთა ფუსფუსი თუ ანიჭებენ სიცოცხლის ელფერს სანატორიუმის გაპარტახებულ ბაღებს, წვიმისგან და ნესტისგან ჩამოტყავებულ კედლებს. 

რეჟისორმა ეს ორი მტკივნეული თემააფხაზეთიდან დევნილთა ბედიღბალი და ერთ დროს სიცოცხლით სავსე, უნიკალური, ახლა კი მოუვლელი ბალნეოლოგიური სანატორიუმების ბედი, რომლებმაც დევნილების თავშესაფრის ფუნქცია ითავეს, ერთ ფილმში გააერთიანა. რეჟისორი აფხაზეთის ომის და ერთ დროს სიცოცხლით სავსე სანატორიუმის კადრების ჩვენებით აქცენტს აკეთებს ომის სასტიკ შედეგებზე, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე წაართვას ყველაფერს, რაც ერთ დროს დუღდა და სჩქეფდა. ადამიანებმა ერთ დღეში დაკარგეს ყველაფერი, რისთვისაც წლების განმავლობაში უშრომიათ და უწვალიათ.

ძველი დოკუმენტური კადრები გვახსენებს, თუ როგორი თვალმწარტაცი იყო მაშინდელი სანატორიუმის დარბაზები, სადაც სიცოცხლე დუღდა. სცენა, სადაც ოდესღაც კონცერტები იმართებოდა და სამკურნალოდ ჩასულ დამსვენებლებს პოზიტიურ განწყობას უქმნიდა, ახლა ცარიელი დაუხმოა“. სტატიკურ, ფოტოებად გაყინულ კადრებს ენაცვლება გასული საუკუნის დოკუმენტური კადრები. ორმაგი ექსპოზიციით რეჟისორი პარალელს ავლებს ომამდელ და ომის შემდგომ ობლად დარჩენილ შენობებზე, რომლებიც ჯანმრთელობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ახლა კი მათ ობიან, ნესტიან კედლებს ავადმყოფობის, ომისა და შიმშილის ფერი დასდებია. და მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც აგრძელებენ არსებობას და უფრო მეტიც, არსებობას განსხვავებულ ამპლუაში, როგორც გაჭირვებულთა და დევნილთა ნავსაყუდელები. ის კედლები, რომლებშიც წლებია უკვე ცხოვრობენ, ერთმანეთის სიყვარულმა გაათბო და გაალღო, სიყვარულმა, რომელიც ყველანაირ სამკურნალო წყალზე თბილი და კურნებადია.

ფილმში ნაჩვენები ეს ორი თაობაომგამოვლილი ასაკოვნები და მათი მხიარული შთამომავლობა სანატორიუმის ცივ კედლებში განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნიან. პირველნი ტკივილითა და ნაღვლიანი მზერით შეჰყურებენ მომავალს და მელანქოლიურ ტონალობას სძენენ, ხოლო მეორენი, სიცოცხლით სავსე ბავშვები, მომავლის ნაპერწკალს ანთებენ მასში და იმედს არ კარგავენ, რომ ერთ დღესაც, ძალიან მალე, მათაც ექნებათ თავიანთი სახლი. 

როცა ძალიან, ძალიან გულით გინდა რომ მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება. ჰოდა ჩვენი გმირების შემთხვევაშიც ასე ხდება. მათი ოცნებები, ხანგრძლივი თმენის შემდეგ სრულდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ ახალ, მათთვის განკუთვნილ ბინებში ასახლებს. 

ძველს ახალი ცვლის. იწყება სუფთა, ნანატრ გარემონტებულ ბინებში ცხოვრება და კვლავ შეგუება უცხო გარემოსთან. რეჟისორი გულწრფელი გულისტკივილით აერთიანებს წარსულისა და აწმყოს სევდანარევ ამბავს. თითქოს, ერთი შეხედვით 30 წლის ნანატრი სურვილები სრულდება, დევნილებს უკვე საკუთარი ჭერი აქვთ, მაგრამ სევდა მაინც არ ქრება, ის სევდა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ომმგამოვლილი უფროსი თაობის ცნობიერებაში, სიზმრებსა თუ მოგონებებში, ხოლო იქ, სადაც მათი ნამდვილი სახლია, იმას თანამედროვე, მოწესრიგებული სუფთა კედლები ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. 

უამრავი დევნილი დღესაც დიდი თმენით განაგრძობს ლოდინს, თუ როდის დადგება მისი ჯერი, რომ მდუმარე, მკაცრი სანატორიუმის კედლებიდან ახალ საცხოვრებელ ბინაში გადაინაცვლოს, რომელსაც თავისი სახელი დაერქმევა, ხოლო ის შენობებიც თითქოს მათ საპასუხოდ კვერს უკრავენ, თანაუგრძნობენ და პასუხად საკუთარ ოცნებებს უზიარებენ და ფიქრობენ, ნეტავ როდის დამშვენდებიან ისევ მათი კედლები, როდის შეისხამენ ახალ სიცოცხლეს გრანდიოზული კიბის მოჩუქურთმებული მოაჯირები და კვლავაც როდის აჩუხჩუხდებიან უამრავი ხალხის საამებლად მათიგულიდანამოხეთქილითბილი წყლებისშადრევნები.

ქეთევან ღონღაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *