თუ გადავხედავთ ქართულ კინოს (და არა მხოლოდ), ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ მაყურებელი გაერთოს, დაისვენოს იმ მოკლე პერიოდში, რაც ეკრანს შესცქერის და აღარ იფიქროს რეალობაზე, მაგრამ კინო, ხომ არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლენლო საშუალებაცაა. ხელოვნების არცერთ სხვა დარგს არ აქვს ისეთი ძლიერი გავლენა ახალგაზრდობის მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაში, როგორც კინოს. მას, როგორც ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებრივ ხელოვნებას, აქვს ადამიანებზე ოდეოლოგიური და ესთეტიკური ზეგავლენის ძლიერი ძალა. ამ ძალის წარმატებით გამოყენებაა საჭირო. განსაკუთრებით იმ სივრცეში, სადაც ბავშვები დიდი დოზით იზრდებიან ინტერნეტით. სწორედ ამიტომაც ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო გიორგი კიკალიშვილის მხატვრულ-ანიმაციური ფილმის, „სად იწყება სიკეთე“ (2017) შექმნა. ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ სანდრო პაპამ (ზურაბ ყიფშიძე), სოფლის უხუცესმა საკუთარ თავზე აიღო ახალი თაობის აღზრდა და განათლება. წმინდა ნიკოლოზზე ამბების მოყოლით, ის ბავშვებს ესაუბრება: სიკეთეზე, რწმენასა და სასწაულებზე.
ეს არის პირველი მხატვრულ-ანიმაციური ფილმი წმინდა ნიკოლოზზე. ამიტომაც უკვე იკავებს საპატიო ადგილს. ერთი მხრივ, ზღაპრულია (წმინდა ნიკოლოზის მოღვაწეობა მოთხრობილა ანიმაციით), მეორე მხრივ, რეალური, რომელიც ყველა თაობას აძლევს ნახვის შანსს. წმინდა ნიკოლოზის სასწაულები მოყოლილია იმისათვის, რათა ყურადღება გამახვილდეს იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რაც საჭიროა დიდსულოვანი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. იგი იძლევა ფაქტობრივ ცოდნას: ბუხართან ჩამოკიდებულ წინდებში საჩუქრების დატოვების ტრადიციაზე, წმინდა ნიკოლოზი რომ მოიხსენიება, როგორც სანტა კლაუსი, რამდენმა არამც თუ ბავშვმა, ზრდასრულმა კი არ იცის, რომ ჩიჩილაკს ბასილის წვერებს ეძახიან, სად გაკეთდა პირველი ჩიჩილაკი და ა.შ.
აღასანიშნავია, რომ ეს არის პირველი ნამუშევარი, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საგალობლები აფორმებს მუსიკალურად, რომელიც იპყრობს ცნობიერებას და სამუდამოდ ტოვებს კვალს მეხსიერებაში. მაღალი ხარისხის და გააზრებული ფილმების ყურება ბავშვს ეხმარება არა მხოლოდ ჰორიზონტისა და შემოქმედებითი უნარების გაფართოებაში, არამედ პიროვნულად ჩამოყალიბებაშიც. ნათელი და სწორი გზავნილის წყალობით, კინო შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი ყველაზე რთული თემების გასავრცელებლად. „სად იწყება სიკეთის“ მსგავსი ნამუშევრები ეხმარება ახალ თაობას გაუმკლავდნენ კითხვებს, რომლებზეც საჭიროა ზუსტი და ნამდვილი პასუხები.
ეს არის ფილმი, რომლის ყურებაც ნაჩქარევად არ შეიძლება, ის მოითხოვს მშვიდ ატმოსფეროს, რათა შეაღწიოთ ზღაპრულ სამყაროში. იგი ერთნაირი წარმატებით საინტერესო შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის მაყურებლისათვის. ღრმა, და ამავდროულად, მარტივი საუბრებით შთააგონებს მაყურებელს ცხოვრებისა და საკუთარი თავის აღქმისაკენ.
სულ რაღაც ნახევარ საათში გულწრფელობითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი, ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელო ნამუშევრად მოგეჩვენოთ, მაგრამ საკმარისია მხოლოდ ერთი წამით გააღოთ გული, შეუშვათ სიკეთე და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. გარემო ჯადოსნურად გადაიქცევა.
თავად ფილმის სახელი „სად იწყება სიკეთე“ უკვე მიანიშნებს მის უჩვეულობაზე, თუმცა თუ ლოგიკურად მიყვებით სიუჟეტის ხაზს, იპოვით კითხვაზე პასუხს, სიკეთე იწყება კეთილი გულიდან და იარაღი, რითაც სიკეთეს ახდენენ, სიკეთით სავსე გულია. მართლაც პატარ-პატარა კეთილი ქმედებებით შესაძლებელია უზარმაზარი ჯადოსნური სამყაროს შექმნა, სადაც ყველა თავისთვის დახატავს მის ერთადერთ ბედნიერ ამბავს.
ყველაზე დიდი ძალა სიკეთეს აქვს. სწორედ ის გვშველის სასოწარკვეთილებისა და რთული ფიქრების მომენტში. სიკეთეს შეუძლია გაანათოს ბნელი გზა, რომელსაც ერთხელ მაინც ყველა გადის ცხოვრებაში. თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში იპოვოს ის, რაც აძლევს საშუალებას სჯეროდეს და აკეთოს სასწაულები.
კარგად გაზრებული გრაფიკა, გადაღების კუთხეები, ფერების პალიტრა და ბევრი სხვა პატარა დეტალი სრულყოფილს ქმნის ნამუშევარს. ყოველი ფრაზა გააზრებულია უმცირეს დეტალებამდე, ყოველი წინადადება ატარებს მნიშვნელოვან აზრს.
ფილმის კონცეფცია შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვაგვარად. გარდა სიკეთისა, მასში აშკარა მინიშნებაა ტოლერანტობაზე. აქ არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პერსონაჟები. დღესდღეობით, როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ ჩვეულებრევ სკოლებში, მნიშვნელოვანია მათ თანატოლებში ტოლერანტობის გაზრდა. ამ კინოსურათში მაყურებელი აკვირდება ბავშვებს, რომლებიც, მიუხედავად ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისა, კომფორტულად გრძნობენ თავს თანატოლებთან. მათთვის არ არსებობს მიუღებლობა და განსხვავებულობა სიკეთის დახმარებით. ისინი იზრდებიან სრულფასოვან გარემოში.
ფილმში წარმოდგენილი ზამთრის პეიზაჟი განსაკუთრებით მომხიბვლელია. ის საშუალებას გაძლევთ, გადახვიდეთ სოფელში, წარმოიდგინოთ თავი ბუხრის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებთან, შეიგრძნოთ მათი შინაგანი ენერგია. საინტერესო იმის ყურება, თუ როგორ ეხვევიან გმირები ერთმანეთს, როგორ უცვლიან აზრებს და ერთად მიდიან სულიერ ჰარმონიამდე.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, თოვლში ჩაფლული სოფლის პატარა სახლი, რომლის საკვამუროდან სიკეთე, რწმენა და სასწაულები ამოდის, ხდება საოცნებო ადგილი, სადაც ახალი წლის შეხვედრა არა მხოლოდ პატარებისთვის არის სანატრელი, არამედ დიდებისთვისაც, რადგან სიკეთე ერთნაირად სასურველია ნებისმიერი ასაკისთვის. ამ სახლის არსებობა გვარწმუნებს, რომ სასწაულები ჯერ კიდევ არსებობს.
ფუმფულა თოვლი, წვიმის წვეთები, ეს ყველაფერი თანდათან გძირავს ამ საოცარ სამყაროში. თუ ზრდასრული ხარ, გიჩნდება სურვილი ეს შენი ბავშვობის ამბავი იყოს, თუ ბავშვი ხარ, მაშინ იწყებ სანდრო პაპას მსგავსი ადამიანის მოძებნას შენს ირგვლივ, ვინც მოგიყვება წმინდა ნიკოლოზზე, წმინდა ბასილის წვერებზე, სიკეთესა და სიყვარულზე. რაც უფრო ღრმად ეფლობი ამ თავგადასავალში, მით მეტად გრძნობ, რომ სიკეთეს არ აქვს საზღვარი. ეს არის ყველაზე ღირებული ნიჭი, რაც უფლისგან გეძლევა და უნდა ეცადო, არასოდეს იგრძნო მისი ნაკლებობა.
რა მშვენიერი იქნებოდა, რომ ყველა ბავშვს ჰყოლოდა თავისი სანდრო პაპა, რომელთანაც ყოველ საღამოს მიიჩქარი, ვინც გინერგავს ღმერთის სიყვარულს, გასწავლის, როგორ უნდა იყო კარგი ადამიანი. მაგრამ თუ არ არისშესაძლებელი ახალი თაობა იზრდებოდეს ასეთ გარემოში, ის ხომ მარტივად მოხერხდება, რომ ფილმი ნახოსყველა მოზარდმა.
ბავშვები, რომლებიც ზურაბ ყიფშიძეს ამ ნამუშევრით გაიცნობენ, ეკრანიდან მისი ხმა სამუდამოდ გადავა მათი ცნობიერების სიღრმეში. ის სიკეთის სიმბოლო გახდება და მისი ხმის გაგონებისას ბავშვობა და სასწაულის მოლოდინი გაიღვიძებს.
ფერი და ხმის დიზაინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ნამუშევარში. შიში და იმედგაცრუება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთით შემოდის, მხატვრული ხერხით უფრო ნათლად რომ იყოს წარმოჩენილი, მუქ ტონებშია, ხოლო ეფექტის გასაძლიერებლად დამატებულია ქარის იმიტაცია. სიხარული და ბედნიერება, სიყვარული და იმედი გამოირჩევა არა მხოლოდ პერსონაჟების სულებში, არამედ თავად ფილმშიც. მზის სხივის მუდმივი შესვლა ოთახში და საკვამურიდან სინათლის ამოსვლა ამის ნათელი დადასტურებაა. შესანიშნავია დრონით გადაღებული კადრებიც. სწორედ მან შემატა კინოსურათს ჯადოსნურობა.
ხომ არსებობს ფილმები, რომლებიც მხატვრული ღირებულებით მწვერვალებს არ იპყრობენ. როცა რეჟისურა უკანა რიგში ინაცვლებს, კარგად უნდა იყოს დაწერილი სცენარი, რითაც შესაძლებელია მაყურებლის დაინტერესება. სწორედ ასეთი ფილმია „სად იწყება სიკეთე“. ნიკოლოზ წულუკიძის სცენარმა შეძლო თვალი დაგეხუჭა იმ გარკვეულ ეპიზოდებზე, რომლის გადაღება რეჟისურის მხრივ უკეთესად იყო შესაძლებელი.
მიუხედავად დიდ პატივისცემისა იდეის მიმართ, ტექნიკური მახასიათებლებზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს ის შეცდომები, რომლებიც ადვილი შესამჩნევია. ანიმაციური ნაწილიდან მხატვრულზე გადასვლისას რამდენიმე ადგილას არ არის ლოგიკური ბმა, ისეა, თითქოს ეპიზოდების გადახვევა მოხდაო. ხარისხიც საკმაოდ დაბალი აქვს, არ არის სუფთა გამოსახულებები.
დიდი სიფრთხილეა საჭირო ჟესტური ენის გამოყენებისას. იგი ზუსტად უნდა გადმოიტანო ისე, რომ არ მოხდეს იმ ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფა, ვისთვისაც ეს ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა. მაია გელოვანი (ნინოს პერსონაჟი) სიფრთხილით ეკიდება ამ თემას და არ აკეთებს ზედმეტ მოძრაობას, ამიტომაც მისი შესრულება სრულიად დამაკმაყოფილებელია. იგივე შეიძლება ითქვას როლანდ ოქროპირიძის პერსონაჟზე. იგი კარგად ჩაწვდა გმირის შინაგან მდგომარეობას. პირველად, რაც თვალში გხვდება, არის მისი სიკეთით სავსე, მორიდებული თვალები და შიგადაშიგ გამოუთქმელად სევდიანი გამოხედვა. პატარა მსახიობების თამაშს ეტყობა, რომ თითოეული მათგანი სერიოზულად და პატივისცემით მოეკიდა საქმეს.
როგორი ინტერპრეტაციითაც არ გაშიფრო, რაც არ უნდა ჩათვალო საკვანძო თემად, ეს იქნება: სიკეთე, ტოლერანტობა თუ სიყვარული, მაინც იმ რწმენამდე მიდიხარ, რომლის დახმარებით სიკეთისაც გჯერა და სასწაულისაც. ფილმი არის იმედი იმისა, რომ გავა წლები, პერსონაჟები გაიზრდებიან, მაგრამ სიკეთე და რწმენა სამუდამოდ დარჩება მათთან. ის გულში ყველაზე დიდ ადგილს დაიკავებს და დროსთან ერთად კი არ დაპატარავდება, არამედ გაიზრდება ისე, რომ გადამდები იყოს სხვებისათვისაც, ვისაც სიკეთის ნაკლებობა ემჩნევა.
თეონა ვეკუა