ადამიანები სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ისინი მთელ სიცოცხლეს მეორე ნახევრის ძიებაში ატარებენ – ხან პოულობენ მას, ხან ვერა. როდესაც ურთიერთობა ჩიხში შედის, საკუთარ თავში დამნაშავის ძიების პროცესი იწყება, მაგრამ ურთიერთობის დანგრევაში იშვიათად არის მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე. პრობლემა ისაა, რომ შეცდომები ხშირად არ სწორდება – ისინი მხოლოდ მეორდება, ეს კი ახალ ურთიერთობებზეც აისახება და წრეზე დაუსრულებელი მოძრაობა იწყება. სიყვარული როდის მოდის და რამდენ ხანს რჩება? ეს მარადიული კითხვაა და პასუხის სხვადასხვა ვარიანტი აქვს. ყველაფერი პიროვნების აღქმაზეა დამოკიდებული. ზოგისთვის ეს გრძნობა არ არსებობს, უმეტესობას კი ის ლტოლვასა და შეჩვევაში ერევა.
თანამედროვე ქართული კინოს უმეტესობა ბედნიერებისა და სიყვარულის ძიებას ეხება. რეჟისორები იღებენ ფილმებს სიყვარულზე, ურთიერთობებზე, ტკივილზე, მარტოობაზე. თითქოს არ სჯერათ, რომ ბედნიერება არსებობს. არცერთ ფილმს არ აქვს ბედნიერი დასასრული. იქნებ ეს ყველაფერი იმ რეალობის ბრალია, რომელშიც ვცხოვრობთ. აქედან გამონაკლისი არც ლევან კოღუაშვილის ფილმი, „შემთხვევითი პაემნები“ (2013) არის. მისი პერსონაჟები სიყვარულის ძიებას იწყებენ და ყველაფერს მარტოობითა და გატეხილი გულით ასრულებენ. ამ კინოსურათს კონკრეტული ჟანრი არ აქვს. ის დრამაცაა და კომედიაც. დიალოგებისა და გარკვეული სცენების სისუსტე სევდასა და ღიმილს ერთიანად იწვევს. იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოვლენები სწრაფად ვითარდება და თემებიც ბოლომდე გაშლილი არ არის. ფერადი ფირის მიუხედავად, მას მხოლოდ ერთი ფერი აქვს – ნაცრისფერი. ყველაფერი ამ ფერში აღიქმება – დასაწყისი, ურთიერთობები, ქალაქები, პერსონაჟების ამბები და დასასრულიც კი.
სანდრო 40 წლის მასწავლებელია. ის ცდილობს ხმაურიან ოჯახს თავი დააღწიოს და ვინმესთან ახალი ურთიერთობა დაიწყოს. თავიდან მისთვის სულერთია, ვინ იქნება ეს ქალი. ყველაფერი გამარტივებულია. 21-ე საუკუნეა და ადამიანების სოციალური ქსელით გაცნობა შეიძლება. ივა და სანდრო ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ და გორელ გოგონებს გაიცნობენ. ორიდან მხოლოდ ერთი ქალი ჩამოდის თბილისში – ლალი. ერთი შეხედვით, ის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეულია, მას მძიმე ემოციური ფონი აქვს. თითქმის ყოველ მეათე წუთზე ტირის. მისი ყოფილი ქმარი მოძალადე ალკოჰოლიკია, არ აძლევს ქალს ბედნიერების საშუალებას და მასაც დაუცველობის შეგრძნება ტანჯავს. სანდრო და ლალი სასტუმროში მიდიან – აქ, ალბათ, მაყურებელი სიუჟეტის ლოგიკურ გაგრძელებას ელოდა, როგორც რეალურ ცხოვრებაში არის ხოლმე, მაგრამ სასტუმროს ნომერში საინტერესო არაფერი მოხდება და დაბნეული კაცი ლალის სტადიონზე ქალების ფეხბურთის საყურებლად წაიყვანს, სადაც შეამჩნევს თავისთვის საბედისწერო ქალს, მანანას. იგი ლალის მიკროავტობუსით გორში გააცილებს, პირობას მისცემს, რომ ერთ კვირაში შეხვდება და სახლში ბრუნდება.
სახლში დაბრუნებული და მშობლების კითხვებისგან შეწუხებული კაცი ქობულეთში, ივასთან ერთად, გაქცევას გადაწყვეტს. მერე რა, რომ შუა ნოემბერი და საშინელი ამინდებია. სანდრო ვეღარ სუნთქავს, უნდა ყველაფერს თავი დააღწიოს რამდენიმე დღით და იქ მაინც გაიცნოს ვინმე სხვა, მაგრამ მშობლები არ აძლევენ ამის საშუალებას და ჩააკითხავენ. ცხოვრება ირონიაა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თბილისიდან ქაოსს გამოქცეული კაცი აქაც კი მანანას შეხვდება. აქ უკვე მათი ამბავი იწყება.
არც მანანას ქმარია ანგელოზი. ისიც ტიპური მოძალადეა, რომელიც უკვე მეორედ ზის ციხეში. ლალისგან გასხვავებით, მანანა ვერ ბედავს თენგოს დაშორდეს. თან უნდა სანდრო უყვარდეს და მასთან ერთად იყოს, თან ქმარსაც ვერ შორდება. თენგო ყველას ცხოვრების „შავი ლაქა“ ხდება. ვისთანაც ის გამოჩნდება, ყველას ყოფას ერთ დიდ უბედურებად აქცევს. არც ქმრად ვარგა, არც მამად და არც საყვარლად. დამლაგებელი ნათია მისგან ბავშვს ელოდება და ის აბორტის გაკეთებას აიძულებს. თენგო პატივს არავის არ სცემს, ზურგს უკან ნათიას დეგენერატ ლტოლვილს უძახის. რეჟისორმა სამყაროში არსებული ყველა ცუდი თვისება მოიძია და ერთ პერსონაჟში ჩაწერა.
მთელი ფილმი არის იმის შესახებ, თუ როგორი ცუდები არიან კაცები და როგორ აუბედურებენ ისინი ქალებს. მაგრამ ამასაც კი მეორე მხარე აქვს. არცერთ ქალს ბოლომდე არ ეყო იმის გამბედაობა, რომ კაცს დაპირისპირებოდა. სანდროს დედა სოფლიდან ჩამოსული ქალია, რომელსაც ქმარმა ასწავლა ქცევის წესები. დედას სოფლელი რძალი არაფერში ჭირდება, თითქოს თვითონ ჰოლივუდიდან ჩამოსულიყო. მანანა თვითონვე არ აძლევს თავს საშუალებას, ბედნიერი იყოს და ქმარს არ შორდება. ნათია ხმას ვერ იღებს, როცა იმას ატანენ ცოლად, ვისაგანაც ბავშვს არ ელოდება. მხოლოდ ლალია ცოტათი ნათელი წერტილი მთელ ამ ამბავში, მაგრამ ისიც ბოლომდე ვერა. ალბათ, ამ შემთხვევაში სიყვარული ბრმაც არის და ყრუც.
„გორში გოგონები ფეხბურთს არ თამაშობენ“ – თითქოს ლალის ნათქვამი ეს ფრაზა ისეთი არაფერია, რეალურად კი მინიშნებაა იმისა, რომ ქალები არ არიან ძლიერი ადამიანები რეჟისორისთვის. ერთ პერსონაჟს მაინც რომ დაეღწია თავი საზოგადოების მარწუხებისგან და ბედნიერება ეპოვა, ამ ფრაზას აღარ ექნებოდა აზრი.
სანდროს პერსონაჟი რეალურად სულაც არ არის კარგი ადამიანი. უბრალოდ, ის თენგოს ფონზე ჩანს ანგელოზად. იგი ჯერ სოციალური ქსელით იცნობს ქალს და პირდაპირ სასტუმროში მიჰყავს, მერე დაოჯახებული ქალი უყვარდება, ბოლოს კი სახლში ატანენ ქალს, რომელიც მასთან არაფერ შუაში არ არის. მას არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ ჯერ მშობლებს დაუპირისპირდეს, შემდეგ კი ნათიას ოჯახს. ვერც ლალისთვის მიცემულ პირობაზე ამბობს უარს და პარასკევს, სამსახურის შემდეგ კიდევ ერთხელ ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ პაემანზე წასვლა აღარ უნდოდა. მისი ცხოვრება პარასკევიდან პარასკევამდე რადიკალურად იცვლება.
თუ სანდროს რომანტიკულ ჭრილში განვიხილავთ, ის ჯემალ ქარჩხაძის წიგნის, „ზებულონი” პერსონაჟსაც გაგვახსენებს. ზებულონს თავდავიწყებით შეუყვარდება იესე ერისთავის შვილიშვილი, ობოლი გოგონა, ნესტანი. ის თავის სიყვარულს ვერ დაიცავს. ქალს ქართლის მეფეს, ისკანდერ ხანს მიათხოვებენ და იმ წუთიდანვე უბედურდება ორთავეს ცხოვრება. ნესტანს ყოველთვის ეგონა, რომ ზებულონი მხსნელად გამოჩნდებოდა და მასთან წაიყვანდა, მოლოდინი კი უშედეგო აღმოჩნდა. კაცს არ ეყო გამბედაობა, რომ საყვარელი ქალი ჰყოლოდა გვერდით და ბოლომდე დაეცვა. ისე მოკვდა, ვერ მიხვდა, რომ რეალობა, რომელშიც ცხოვრობდა, მისთვის განკუთვნილი ზღაპარი იყო და როგორც იპოვა სიყვარული, ზუსტად ისე დაკარგა.
როგორც ზებულონმა ვერ შეძლო თავისი სიყვარულის დაცვა, ასევე სანდრომ ვერ გაუძლო მორალურ წინააღმდეგობებს. ორივე შემთხვევაში სიყვარულმა წააგო. ნესტანი და მანანა ორივე ქალია, რომლებიც მოქმედებას ელიან – ერთ შემთხვევაში სასწაულს, მეორეში – უბრალო გადაწყვეტილებას. ორივეს მოლოდინი უშედეგოა. ეს მოლოდინი კი სწორედ ის ეპიტაფიაა, რომელსაც სიყვარული თანამედროვე სივრცეში იღებს: ერთი მხრივ, იდეალიზებული გრძნობაა, მეორე მხრივ კი – უძლური და დაუცველი.
სანდროს სახლში მიჰყავს ნათია, რომელიც ივას მოეწონება და, შეიძლება, ამით ახალი სიყვარულის ამბავიც დაიწყოს. ოღონდ ისე არა, როგორც სანდროს ჰქონდა ჩაფიქრებული. ის მანანასაც შორდება და ისევ მარტო რჩება. იქნებ სწორედ მარტოობისთვის არის დაბადებული? თუ ესეც მორიგი თანამედროვე ქართული ფილმთაგანია, რომელსაც ბედნიერი დასასრული არ ეღირსება. გულისამაჩუყებელი სასიყვარულო რომანის უკან უპრინციპო, სუსტი ადამიანები იმალებიან.
“შემთხვევითი პაემნები” სიყვარულზე დაწერილი წერილივით იწყება, მაგრამ ბოლოს მაინც სიცარიელე რჩება – ვერც ერთი პერსონაჟი ვერ ახერხებს იპოვოს სიმშვიდე, ვერც სხვა ადამიანი და ვერც საკუთარი თავი, მაყურებელი კი ფილმის დასასრულს მარტო რჩება ნაცრისფერ ემოციებთან, იმავე სევდასთან, რომელიც თითოეულ კადრს გასდევს. თანამედროვე სამყაროში სიყვარული ხშირად მხოლოდ ლტოლვაა, მოლოდინია, რომელიც იშვიათად სრულდება. ის სულ უფრო ნაკლებად ჰგავს გრძნობას და უფრო მეტად ხდება დაუსრულებელი ძიება, რომელსაც თითქმის გარდაუვლად მოსდევს მარცხი და იმედგაცრუება. ის იქცევა მიტოვებულ სურვილად, ჩაშლილ დიალოგად, გაწყვეტილ პაემნად. მისი ეპიტაფიაა მოლოდინი, რომელიც არასდროს სრულდება.
მარტოობისა და გაუცხოების განცდა მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟების პრობლემა არ არის, არამედ თანამედროვე საზოგადოების უფრო ფართო ტენდენციაა. ტექნოლოგიების განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა შექმნეს სიახლოვის ილუზია და ადამიანებს შორის ემოციური დისტანცია კიდევ უფრო გაზარდეს.
სანდრო, ივა, ნათია, მანანა, თენგო და ლალი მარტოსული პერსონაჟები არიან. თენგომ არ იცის, სწორად როგორ მოიქცეს. ან იმიტომ არის ცუდი, რომ სხვისთვის იყოს მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. თითქოს არც სიყვარულია პრობლემა და არც ადამიანები – პრობლემა დროა, რომელსაც არ აქვს გრძნობების შენარჩუნების უნარი და სწორედ ამიტომ „შემთხვევითი პაემნები“ ტოვებს განცდას, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია არა სიყვარული, არამედ მისი შეუძლებლობაა.
ბარბარე კალაიჯიშვილი