უბედურების მიზეზი – მიზანს აცდენილი ტყვია

ხათუნა ვაშაძის სადებიუტო კინოსურათი, „ტყვია“ (2022) საკმაოდ მრავლისმთქმელი და დასამახსოვრებელია, რომელიც უტოვებს მაყურებელს საფიქრალს. იგი აჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც ერთმა უნებლიე ქმედებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს. როდესაც პიკნიკზე მყოფ პატარა ბიჭს ბრმა ტყვია ხვდება, ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნადგურდება, ოდესღაც იდეალური არსებობა წამებად იქცევა. მამა ცდილობს როგორმე გადარჩინოს ოჯახი, დედა გლოვობს, პოლიცია კი უძლურია, არც ერთი მოწმე, არაფერია ხელჩასაჭიდი და საქმეც რამდენიმე თვეში იხურება. მამას თავად მოუწევს ყველაფრის გარკვევა, საკუთარი შესაძლებლობებითა და სახსრებით.

მსგავს თემატიკაზე ფილმის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მათ წინაშე, ვისთვისაც ეს ტრაგედია რეალურია. მსოფლიოში ათასობით ადამიანია, ვინც გლოვობს შვილის სიკვდილს. ეს ნამუშევარი ცოტათი მაინც ყალბი რომ გამოსულიყო, საჭიროზე ნაკლებად ტრაგიკული, იგი იქნებოდა ასეთი ხალხის დაცინვა. ისინი ხომ უყურებდნენ ფილმს და იფიქრებდნენ, რომ ვიღაცისთვის მათი ტრაგედია ფულის შოვნის მიზეზია.

სიუჟეტი მარტივია, გაურთულებელი, მოულოდნელი შემობრუნებისა და ინტრიგების გარეშე, თუმცა ეს ყველაფერი სრულიად ზედმეტი იქნებოდა ამ ფილმისთვის, რადგან მას აქვს მთავარი გულწრფელობა და ძლიერი დრამატული საფუძველი, რომელიც მაყურებელს აიძულებს, იცხოვროს საათნახევარი გმირებთან ერთად, იგრძნოს მათი ტკივილი. იგი თითქოს რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებულიო, მას ერთი ამოსუნთქვით უყურებ და განიცდი.

ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია – ზოგი სიბერის, ზოგი ავადმყოფობის გამო გარდაიცვლება, ხოლო როცა პატარა ბავშვი კვდება ასე მოულოდნელად, შემთხვევით და აბსურდულად, ეს ძალიან მტკივნეულია. ასეთ დანაკარგთან გამკლავება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დანაშაულზე პასუხი არავის უგია. ტკივილს ტკივილი ემატება. ყველაფერი მელანქოლიით, უიმედობითა და გულგრილობით არის სავსე. ოდესღაც შენელდება კი ტკივილი? არა, არასოდეს.

ორ თვეში ტანჯვისგან დაუძლურებული დედაც ანგელოზ შვილთან გაფრინდა. ამ დროს სრულიად მარტოდ დარჩენილი მამისთვის რთულია ღირსების შენარჩუნება და დამნაშავის ადეკვატურად დასჯა, როცა სუნთქვის ერთადერთი მიზეზი შურისძიებაა.

ამაზრზენმა ტრაგედიამ მთავარ გმირს ფეხქვეშ მიწა წაართვა, ამიტომაც ლოგიკურია მამას სურდეს, შური იძიოს სიკვდილზე მკვლელობით, მაგრამ ვის უადვილებს ეს ცხოვრებას? შურისძიება უფრო ღრმა იარებს ხსნის ადამიანის სულში. ეს არ დააბრუნებს იმას, ვინც დაკარგეთ, პირიქით გაკარგვინებს იმასაც, ვინც შენს ირგვლივაა, შურისძიება გაიძულებს დაემსგავსო დამნაშავეს და ნელ-ნელა გითრევს ჭაობში. ამ ქაოსში სიძლიერეა შეინარჩუნო ღირსება და იაზროვნო ადეკვატურად. ბევრი მაყურებელი ფილმის ნახვის შემდეგ დაუსვამს საკუთარ თავს კითხვას, მე როგორ მოვიქცეოდი? მოვკლავდი? და ყველას განსხვავებული პასუხი ექნება ამაზე, რადგან ვერავინ ჩაწვდება ტკივილს, თუ საყვარელი ადამიანი არ დაუკარგავს.

ფილმის პირველი ნაწილი ტრაგედიამდე მდიდარია ნათელი ფერებით. ძირითადად, გამოყენებულია ვარდისფერი და მწვანე ფერები, უბედურების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა შემოდის წითელი, რაც მაყურებელში იწვევს შფოთვით მოვლენებს, არ გტოვებს განცდა გარდუვლად მოახლოებული ტრაგედიისა. დანარჩენი მთლიანი ფილმი რუხ ფერებშია, გარდა ფინალისა, სადაც ისევ წითელი და მწვანე ფერები ენაცვლებიან ერთმანეთს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ტრაგედიის ეპიზოდი. ნაჩვენებია შედეგი და არა მისი გამომწვევი მიზეზი. ყველაფერი მოულოდნელად ხდება, ყურადღება გამახვილებულია პერსონაჟების სახეებსა და ემოციებზე. დედის (ნინო ლეჟავა) სახე, რომელმაც გააცნობიერა, რომ ახლახან დაკარგა შვილი, სულისშემძვრელია. მისი თამაში მძიმეა საყურებლად, მან ყველა შესაძლო ემოცია გამოამჟღავნა, ოდნავი გადამეტების გარეშე. შეუძლებელია მის ადგილას სხვა მსახიობის წარმოდგენა, თითქოს როლი მისთვის დაიწერაო. მამის (გიორგი მეგრელიშვილი) შემზარავი ხმა ფილმის დასრულების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ჩაგესმის ყურში, ის არის სახე გმირისა, რომლისაც არ გშურს, რომლის მიბაძვაც არ გინდა, მაგრამ გინდა იყო მისი მეგობარი, რათა ანუგეშო და მარტოობისგან გამოდევნო. ერთ კადრში ორივე მსახიობი გვიჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა მათი პერსონაჟები წუთის განმავლობაში.

ზაზა მაღალაშვილის გმირი, დავით ლიქოკელი სრული სიზუსტით გადმოსცემს სინანულს და ფსიქიკურ ტკივილს. მისი პერსონაჟი ხდება ისედაც რთული სიტუაციის ერთგვარი მძევალი. თითქოს, თავად ბედმა გადაწყვიტა სასტიკი ხუმრობით ეთამაშოს მას. ფლეშბეკით ვიგებთ, რომ ბრმა ტყვია მის ცხოვრებაში ბავშობის ასაკში გახდა ცნობილი, როცა მამასთან ერთად სანადიროდ მყოფს შემთხვევით გაუვარდა იარაღი და საკუთარი მამა მოკლა. ეს საკვანძო ეპიზოდია ფილმისთვის. ის ძალიან გულწრფელია. იმდენად, რომ ეჭვი არ გეპარება მისი ქმედების სისწორეში, არ მალავს თავის ტკივილს, დანაკარგს ისე იღებს, როგორც ტვირთს, რომელზე გაბედულად უნდა აგოს პასუხი.

ფილმები იმის შესახებ, რამდენად რთულია საყვარელი ადამიანის დაკარვა, სამართლიანობის აღდგენა და ამის ფონზე ღირსების შენარჩუნება, თუ კარგად არის გადაღებული, ყოველთვის იწვევს ზღვა ემოციას და ტოვებს გარკვეულ კვალს მაყურებელში. „ტყვიას“ აქვს მცდელობა იყოს ასეთი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი. ტრაგედიის ფონზე ნაჩვენებია გაუთავებელი მწუხარება, აუტანელი ტკივილი, ბრაზი, სასოწარკვეთა, ყველაფრის მიმართ ზიზღი, საკუთარი ცხოვრების აზრის დაკარგა და ეს ყველაფერი კი არის გზა თვითგანადგურებისაკენ, სად უნდა იპოვოთ ძალა და აპატიო მათ, ვისი პატიებაც შეუძლებელია. სწორედ ამაზე დაფიქრების საშუალებას გვაძლევს ხათუნა ვაშაძის ფილმი.

უმეტეს მსგავს ნამუშევრებში ცალმხრივად არის მოთხრობილი მსგავსი ამბები, აქ კი მაყურებელი ორივე მხარეს თანაბრად თანაუგრძნობს. არ შეგიძლება დამნაშავე განსაჯო მხოლოდ ემოციების ხელძღვანელობით, რადგან შესაძლებელია ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს. ვინ უნდა დაისაჯოს მიზანს აცდენილი ტყვიისათვის? დავითი, ვისაც იარაღი აჩუქეს თუ თაზო, ვინც იარაღი იყიდა? მათ ხომ საჩუქრის დატესტვისას წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ტყეში ვინმე იმყოფებოდა. მითუმეტეს არ იცოდნენ, რომ მათ უნებლიე ქმედებას პატარა ბავშვის სიკვდილი მოყვებოდა. თუ ორივე? ერთს რომ არ ეყიდა და მეორეს მისი გამოცდის სურვილი არ ჰქონოდა, ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა. რთულია, ამ მძიმე სიტუაციაში სამართლიანობის პოვნა, თუმცა ვიღაცა ხომ უნდა დაისაჯოს წონასწორობის აღსადგენად, იმიტომ, რომ მამის სულმა სიმშვიდე ჰპოვოს. თაზოსა და დავითის გმირებმა რომ არ იცხოვრონ მუდმივ სინდისის ქენჯნაში, საჭიროა ღირსეული საქციელი. ეს ღირსება, საბედნიეროდ, სამივე მათგანს აღმოაჩნდა და ბედს მიანდეს სამართლიანობის აღდგენა.

როცა აცნობიერებ, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს, ამბავი უფრო შემზარავი ხდება. დაუდევარი ქმედებით ყველას შეიძლება უბედურება დაემართოს, უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღი სათამაშო არ არის და პატარა ტყვიას შეუძლია დიდი უბედურება გამოიწვიოს.

კინოსურათი გადაღებულია ყოველგვარი რეჟისურული ხრიკების გარეშე. აქ ვერ ნახავთ განსაცვიფრებელ ვიზუალს, ხმოვან ეფექტებს ან შთამბეჭდავ პეიჟაზებს. არ არის მკვეთრად გამოხატული არც მთავარი და არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ისევე, როგორც არ არის კარგი და ცუდი.

დიალოგები სუსტია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს გამიზნულად გაკეთდა, რათა მაყურებლის ყურადღება კონცენტრირებული ყოფილიყო მხოლოდ ემოციებზე, მაგრამ ამ დეტალმა ნეგატიურად იმოქმედა. აზრიანი დიალოგები მეტად ჰარმონიულს გახდიდა ნამუშევარს.

ფინალურ სცენაში სასიამოვნოა სამივე გმირის სამსახიობო შესაძლებლობების ყურება. პატარა დეტალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, ახლო ხედებმა კი ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინო გახადა. გიორგი მეგრელიშვილის დაღლილი, სველი თვალები, ზაზა მაღალაშვილის დაღლილობისგან შეშუპებული ნაკვთები და გიორგი აზნაურის ნერვიულად აკანკალებული ტუჩები, რომლებზეც საგულდაგულოდ არის ყურადღება გამახვილებული. ამან ფინალური სცენა აქცია დასამახსოვრებელად.

ასეთ დაბალბიუჯეტიან ფილმებში სამსახიობო ოსტატობა მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ამ კინოსურათში მაღალ დონეზე ვერ შევაფასებთ ყველა მსახიობის თამაშს, გამონაკლისის გარდა. ეს როლები, ხშირ შემთხვევაში, ან გადაჭარბებულია ან ბოლომდე არ არის გახსნილი, რაც დამაჯერებლობას აკლებს მათ პერსონაჟებს და, შესაბამისად, მათ მიერ შესრულებულ ეპიზოდებსაც.

ფილმის დასასრული სწორი და დახვეწილია, ემოციურად თავშეკავებული, მაგრამ ამავე დროს, რაც შეიძლება გულწრფელი, თუმცა მისი ინტერპრეტაცია სჯობს მაყურებელს მივანდოთ, რადგან ის ძალიან ბევრ ვარიანტს იძლევა.

„ტყვია“ არ არის სწორზე არ არასწორზე, ყველაფერი შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული. ყველა პერსონაჟი ცეცხლის გავლით გადის ამ ტრაგედიას, რომელიც მათ შინაგანად წვავთ. ეს კარგი სოციალური გზავნილია უნებლიე დანაშაულის შესახებ.

თეონა ვეკუა

 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *