თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დიდი უიმედობის, იმედგაცრუებისა და დაბროლებებთან პირისპირ დადგომის უნარს კარგავს. ასეთ დროს, ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომლითაც არ ვამაყობთ. ხშირად ამას იმით ვამართლებთ, რომ გვიჭირს, „ცხოვრებამ ასე მოიტანა“ და ასე შემდეგ. რაღაც ეტაპზე, ადამიანებს შორის იმხელა უფსკული ჩნდება, რომ რთულია ამოიცნო, ვინ არის მართალი. ნუთუ სამყაროში ყველაფერი ცუდად და კარგად იყოფა?
გვანცა სუთიძის სტუდენტური ფილმი, „მკვლელობა“ (2007) სწორედ ამ ზემოთ ხსენებულ ადამიანურ მომენტს ეხება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა გადავაწყდებით. მოქმედება იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ბიჭი ძარცვის მიზნით შეიჭრება ბინაში. მან არ იცის, რომ სახლში დიასახლისიც არის და ბანაობს. ერთი შეხედვით, როცა მაყურებელი ხედავს მძარცველს, მისდამი ემპათიის გრძნობით ნამდვილად არ განიმსჭვალება. შემდეგ სცენაში კი ჩანს, როგორი გამხეცებული მიაწყდება იგი ხილს და შეჭამს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, როგორ შეიძლება ერთმა მარტივმა, პატარა სცენამ პერსონაჟზე აზრის შეცვლა თუ არა, უფრო ჩაღრმავებით დაფიქრება მოგვანდომოს. იღვიძებს ემპათიის გრძნობა, რომელიც აღარც გვახსოვდა, რომ გვქონდა. აქვეა პარალელური მონტაჟის მეტად ბანალური, თუმცა დასამახსოვრებელი სცენაც, როცა ძარცვის მომენტში დიასახლისი საწოლში წვება.
ფილმის ქრონომეტრაჟი 15 წუთია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლამის მთელი ფილმი მუსიკის ფონზე მიდის. ყურისთვის და თვალისთვის ერთდროულად არც ისე სასიამოვნოა, როცა მუსიკა გაუჩერებლად უკრავს და მეტი დიალოგის ჩამატებას შეიძლება უკეთესიც კი გაეხადა თხრობა. ასევე აქ არის არა მარტო უცხოური, არამედ ქართული მუსიკაც, რომლის კონტექსტიც არც თუ ისე მისაღები და გასაგებია.
თავიდანვე მოსალოდნელი ხდება, რომ ქალი და ჯონი (სახელი, რომელსაც იმ წამს მოიგონებს ქურდი) მალევე გადაეყრებიან ერთმანეთს. მათი შეხვედრისას აშკარაა, რომ ბიჭი ბევრად უფრო ნერვიულობს და გვაფიქრებინებს, რომ ეს მისი პირველი ძარცვაა. ავტორი მეტად დამახასიათებელ პერსონაჟებს გვთავაზობს, რომელთა დიალოგიც რეალური, თუმცა მოსალოდნელია. ფაქტია, რომ ქურდს არ უნდა ქალს აგრძნობინოს შიში, უმტკიცებს, რომ „ქალებთან საქმე არ აქვს“, რომ მას დაახრჩობს და ასე შემდეგ. მას ერთდროულად ეშინია და ერიდება. ამ დროს კი დიასახლისის პერსონაჟი, რომლის ჩაცმულობაც, თმის სტილიც, ქცევაც და ფრაზებიც მეტად თვალშისაცემი და დასამახსოვრებელია, სრულიად სხვა ხერხს მიმართავს ქურდთან გასამკლავებლად. ტყუილი, რომ კაცს ის სამუშაოდ აიყვანს თავლაში და მძარცველის გახარებული, ბავშვური რეაქცია უფრო მეტად გვიჩენს მაყურებელს მისდამი სევდიან განწყობას. ეს ტყუილი გადამწყვეტი აღმოჩნდება და ფილმის მსვლელობას სრულიად შეატრიალებს. ძალაუფლება ქალის ხელში გადადის.
საინტერესო ნაბიჯი იყო რეჟისორისაგან ფილმში იმ მომენტის წარმოდგენა, რომელიც რეალურად პერსონაჟის გონებაში ხდებოდა. თან ეს ორჯერ მოხდა და ორივე შემთხვევა, შეიძლება ითქვას, დავიჯერეთ. არ ვიცით, რომელი გადაწყვეტილება იყო უმჯობესი არცერთ შემთხვევაში, თუმცა ფილმი ამაზე ფიქრისთვის გვაძლევს დროსა და საშუალებას.
ახალი პერსონაჟების შემოყვანა, კერძოდ, ქალისა და მამაკაცისა, რომლებიც არაუმეტეს წუთნახევარი ჩანან, საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო. ხშირად მოკლემეტრაჟიან ფილმებში ასეთი ცოტა დროით პერსონაჟის შემოყვანა არ ამართლებს ხოლმე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნათელია, რომ სიუჟეტის განვითარებისთვის საჭიროც კი იყო. ერთი მხრივ, ქალის მატერიალური მდგომარეობის უკეთ გამოსახატავად (იმდენად მდიდარია, რომ მსახურები ჰყავს), მეორე მხრივ კი ფინალისთვის.
დასასრული, რომელიც მოიცავს პოლიციის სირენების ხმასა და ქურდის გამეხებულ რეაქციას, მეტად იუმორისტული და მოსალოდნელი გამოვიდა. ერთი შეხედვით, ჭკუაში მოტყუებისა და ქალის მიერ საკუთარი სილამაზით კაცის მონუსხვის ტაქტიკის აშკარა მაგალითი იყო, რომელიც სიმარტივესა და ბანალურ დიალოგებზე დამყარდა. აზრი, რომელიც მაყურებლისათვის იყო მომართული, სავსე ინტერპრეტაციის საშუალებითა და დადებითი გრძნობით, არც ისე ჩახლართული გამოდგა.
სათაურს რომ დავუბრუნდეთ, ისმის კითხვა – რატომ მკვლელობა? ერთადერთი მკვლელობის სცენა, რომელიც ფილმშია, ჯონის გონებაში ხდება. ეს, გარკვეულწილად, ხრიკი იყო. მაყურებელი მოელის ისეთ რამეს, რაც რეალურად არ ხდება და ბოლო წუთამდე რჩება ეკრანთან, დასასრულის მოლოდინში.
ფილმის დრამატურგია კარგადაა აგებული. იმ ქრონომეტრაჟში, რომელიც იყო სიუჟეტისათვის გათვლილი, საკმარისი აღმოჩნდა იმ პრობლემაზე სასაუბროდ, რაც წინაა წამოწეული, თუმცა რამდენად საკმარისი იყო იმისთვის, რაც ზურგს უკან დარჩა იგულისხმება მძარცველის მიერ ნახსენები სახლის უფროსი, ანუ ქალის ქმარი. ქურდი ამბობს: „მე შენი მოხუცი ქმრის გასაძარცვად მოვედი“. ეს გვიჩენს ლოგიკურ კითხვას, იცნობდა თუ არა მძარცველი ზემოთ ნახსენებ კაცს. ასევე ინტერესი გვიჩნდება, თუ რამ მოიყვანა ქურდი აქამდე. ფაქტია, რომ მეტად მერყევი ადამიანია და მისი გადაბირება, სიტყვიერად შეჩერება, მანიპულირება მეტად ადვილია. იგი დიასახლისს „ქალაქელ გოგოს“ უწოდებს და ეს მიანიშნებს, რომ ჯონი პროვინციელია. ეს და სხვა დეტალები ამ პერსონაჟზე მეტად ლოგიკურ, თუმცა უპასუხო კითხვებს ბადებს, პასუხის გამცემი კი არავინაა.
ფილმს, ალბათ, უკეთესს გახდიდა მსახიობების თამაში რომ პროფესიონალურ დონეზე ან თუნდაც მასთან მიახლოებული მაინც ყოფილიყო, თუმცა მათ ეტყობოდათ აშკარა ხელოვნურობა. რეალურად, ეს არის საკმაოდ პრიმიტიული დიალოგებით აღსავსე ფილმი, რომლის მთავარი სათქმელიც აქტუალურიცაა და ბანალურიც. ამის მიუხედავად, თემა, რომელზეც რეჟისორი ფილმით გვესაუბრება, საკმაოდ გარკვევით ჩაჯდა იმ ჩარჩოში, რომელსაც მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი ჰქვია.
ანა მარია დარდაგანი