საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა.
არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და ფეხი ფეხზე გადადებული ელოდები, როდის გადმოგიგდებენ მოწყალებას. მევლუდ საბაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „გადახდის ბოლო დღე“ (2024) – პერსონაჟს, დავითს, ეს არ ესმის. ფიქრობს, რომ რადგან მანქანის ხელოსანია, ხელები მაზუთით აქვს დასვრილი, უნდა დაიმალოს და თავისი სამსახურის შესახებ მოიტყუოს. სირცხვილის შეგრძნება, რომელიც მისდაუნებურად გაუჩნდა, მისი ბრალი არ არის – ეს გარემოებებისა და აღზრდის შედეგია. მახინჯი აზროვნება 1990-იანი წლებიდან გამოჰყვა – დროდან, რომელშიც გარკვეული პროფესიები სხვებისათვის სასაცილო იყო და ამ ჩაბეჭდილმა აზრმა კაცს ცხოვრება გაუნადგურა.
და რა არის საბოლოოდ სირცხვილი და როდის აქვთ ეს გრძნობა ადამიანებს? სირცხვილი, როგორც დავითის მაგალითი გვიჩვენებს, ხშირად არ არის მხოლოდ უხერხულობის განცდა. ის შეიძლება იყოს ღრმად ჩაბეჭდილი, დესტრუქციული ძალა, რომელიც ადამიანს რეალობისაგან აშორებს. როცა საზოგადოებრივი ნორმები ან წარსული გამოცდილებები სირცხვილს საკუთარი ღირსების განუყოფელ ნაწილად აქცევს, ინდივიდი, შესაძლოა, გაექცეს საკუთარ თავს, შექმნას ცრუ ილუზიები და ამით კიდევ უფრო გაირთულოს ყოფა. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული საქციელის გამო სინანული, არამედ ღრმა განცდა იმისა, რომ „მე არ ვარ საკმარისი“ ან „მე უღირსი ვარ“, რაც ხელს უშლის პიროვნულ ზრდას, ავთენტურ ურთიერთობებს და ბედნიერებას. დავითის შემთხვევაში, ამ სირცხვილმა გაანადგურა მისი ცხოვრება, რადგან მან ვერ შეძლო არსებულ რეალობასთან შეგუება და, ნაცვლად ამისა, ილუზიებით შექმნილ სამყაროში გაიქცა.
კაცი ხვალინდელი დღით არ ცხოვრობს. ისე იღებს გადაწყვეტილებებს, თითქოს შემდეგი დღე აღარ გათენდება. არ ფიქრობს განვითარებაზე – უბრალოდ ზის და საკუთარი თავის რცხვენია. ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს – ქმედებები მის მაგივრად ლაპარაკობენ. იგი იღებს ბანკიდან სესხს და, იმის მაგივრად, რომ ბინის ქირა გადაიხადოს, ახალ ტელეფონს ყიდულობს. მას უნდა, საზოგადოების ჩარჩოებს მოერგოს, თუმცა ეს ჩარჩოები ამ რეალობაში უკვე აღარ არსებობენ. საზოგადოება განვითარდა და მეტად მიმღებლური გახდა ადამიანების მიმართ. ერთადერთი, ვინც საკუთარი თავი ვერ მიიღო, თვითონ დავითია. ის გარბის რეალობიდან და ქმნის იმ ილუზიას, რომელიც სულ უნდოდა ჰქონოდა. სხვისი ავტომანქანა კლასელების შეკრებაზე მიჰყავს და სხვებსაც ატყუებს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და არავის არაფერი უჭირს, ცდილობს „ვარდისფერი სათვალე“ უნიჭოდ მოირგოს. საინტერესოა, როცა მან ყველაფერი დაკარგა, მაშინ მაინც თუ მიხვდა, როგორ უნდა ეცხოვრა. ან, სიცრუისგან შექმნილი ცხოვრების ფონზე, როგორ აპირებს ქრისტინესთან ურთიერთობას.
სესხისა და ბინის ქირის გადახდის ბოლო დღე ერთი და იგივე რიცხვია – 27. ისიც ზუსტად ამ რიცხვში დაიბადა და თითქოს 27 ბედისწერასავით აქვს აკიდებული. იმდენად უსუსურია, ალბათ, რამდენჯერ უფიქრია, საერთოდ არ დაბადებულიყო. ჩვეულებრივად დაუფიქრებელი ადამიანია, რომელსაც რაღაცის სურვილი აქვს და არ აინტერესებს ამას რის ფასად მიიღებს. ყველაფერს რომ კარგავს, ესეც ამის შედეგია. მისი ყოფა სულაც არ იყო აუტანელი, ეს თვითონ გამოიწვია. რეალობა, რომელიც შექმნა, მხოლოდ დავითის დანაშაულია.
რეჟისორი მაყურებელს ორი სხვადასხვა კაცის ფსიქოტიპს სთავაზობს მაყურებელს და საშუალებას აძლევს, აირჩიოს რომელია თვითონ. კინოსურათი იმ ჭუჭყიან სარკეს ჰგავს, რომელიც გჭირდება, მაგრამ მასში ჩახედვა არ გინდა. ერთ მხარეს დავითია, მან სახლიც დაკარგა, სამსახურიც და იმის გამბედაობაც არ აქვს, თავი მოიკლას. აივნიდან უყურებს ქვაფენილის სიმაღლეს, ვერც ხტება და არც გადარჩენა უნდა. ყველას ვალი აქვს და ახლა უსამსახუროდ დარჩენილი, კაცმა არ იცის, როგორ გადაიხდის. ხელფასს ყოველი თვის ბოლოს იღებს, სხვებსაც სთხოვს ფულს, მაგრამ ბინის ქირა ექვსი თვეა არ გადაუხდია. მეორე მხარეს გიორგია – კაცი, რომელსაც საქმე არ გამოუვიდა, თუმცა არ დანებდა და ფეხზე წამოდგა. არც დაშვებული შეცდომების რცხვენია და არც ხვალინდელი დღის გათენების ეშინია. ქრისტინეც დაკარგა. დავითს ხშირად შურდა მისი და ახლა შანსი გამოუჩნდა მასთან ერთად იყოს.
კინოსურათი „გადახდის ბოლო დღე“, გარკვეულწილად, ნუცა ალექსი–მესხიშვილის ფილმს, „კრედიტის ლიმიტი“ ჰგავს. იქაც დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს პერსონაჟი. ყველას ვალი აქვს და კრედიტს კრედიტზე იმატებს. ისე შედის აზარტში, რომ ბოლოს ერთადერთ ბინას კარგავს და არაფერი რჩება. წინ არცერთი არ იყურება. თითქოს მხოლოდ ერთი დღე ცხოვრობდნენ დედამიწაზე და ყველაფერი ახლა უნდა მოასწრონ.
ფილმი თანამედროვე საზოგადოების ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს, სადაც აისახება მკაცრი, ხშირად შემზღუდავი ნორმები და მოლოდინები. სწორედ ეს ნორმები უგულვებელყოფენ ან ჩაგრავენ „სუსტ“ ადამიანებს. ის აჩვენებს არა მხოლოდ მთავარი პერსონაჟის, დავითის ტრაგედიას, არამედ მის შინაგან გაუცხოებასა და შიშებს – როგორც პიროვნებისა, რომელიც ვერ პოულობს ადგილს გარდამავალ, წინააღმდეგობებით სავსე სოციალურ გარემოში.
რეჟისორის მიერ არჩეული ღია ფინალი მაყურებელს არჩევანის საშუალებას აძლევს – დარჩეს დავითის უიმედო მდგომარეობაში თუ გიორგის მსგავსად წამოდგეს ფეხზე და განაგრძოს ცხოვრება. ფილმი ცხადყოფს სოციალურ ფენებად დაყოფას, მუდმივ ფინანსურ წნეხს, პიროვნულ ამპარტავნებასა და შურისძიების ჩრდილებს – პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
„გადახდის ბოლო დღე“ სვამს კითხვებს თავისუფლებისა და თვითაღიარების შესახებ. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეცდომები და წარუმატებლობები ამ ძალისხმევას აფერხებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ფსიქოლოგიური კრახი, არამედ „ჭუჭყიანი სარკეა“, რომელშიც ჩახედვა რთულია, მაგრამ აუცილებელია პიროვნული განვითარებისთვის. ცხოვრებაში მთავარია არა დაცემა, არამედ წამოდგომის უნარი და საკუთარ თავთან გულწრფელობა, ხოლო ყოფის აუტანელი სიმძიმე ხშირად ადამიანის შინაგან კონფლიქტებსა და არასწორ არჩევანზეა დამოკიდებული.
ბარბარე კალაიჯიშვილი