ჩაპლინი ქართულად

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოს შექმნის პროცესში? სცენარი, რეჟისურა, ვიზუალური გადაწყვეტა, მუსიკალური გაფორმება თუ სამსახიობო შესრულება? თითოეულ ამ კომპონენტს საკუთარი მნიშვნელობა და წონა აქვს, მაგრამ მათი სინთეზი, მათი შერწყმა ქმნის ნამუშევარს, რომელსაც კინოხელოვნებას ვუწოდებთ. კინოს სამყაროში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, დაწყებული კადრის კომპოზიციიდან, დამთავრებული პერსონაჟის მიერ სცენაში თვალის ერთი მოძრაობით.

სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ისეთი ფილმების არსებობა, რომლებიც შეგვახსენებენ, რომ ფორმატი, ჟანრი თუ ტექნოლოგია მეორადია მაშინ, როცა ხელოვნებას ქმნის ნამდვილი გრძნობა, ოსტატობა და გულწრფელობა. სწორედ ასეთია ლევან ბირკაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მეწაღე“ (2024), რომელიც თანამედროვე ქართულ კინოში უნიკალური ფენომენია.

ფილმი გადაღებულია შავთეთრ ფორმატში და სრულიად უხმოა, რაც უკვე თავისთავად თამამი და რისკიანი გადაწყვეტილებაა 21-ე საუკუნეში, როდესაც ვიზუალური ეფექტებით გადატვირთული ფერადი ფილმები დომინირებენ ეკრანებზე. მიუხედავად ამისა, ბირკაძემ გვიჩვენა, რომ მუნჯი კინოს ფორმატი არა მხოლოდ სიცოცხლისუნარიანია, არამედ დღესაც აქვს ძალა, მოიცვას მაყურებლის ემოციური სპექტრი. თან კინოს ისტორიაში უკვე არსებობს მიშელ ჰაზანავიჩუსისარტისტი“ (2011), რომელმაც, ხუთოსკართანერთად, დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლის დადებითი შეფასება და მისცა გამბედაობა ახალგაზრდა რეჟისორებს, კვლავ მიბრუნებოდნენ ამ ფორმატს. 

უხმო კინო ერთერთი ყველაზე ავთენტური ფორმაა. ავანგარდისტი რეჟისორი, ლუის ბუნიუელი უხმო კინოს ასე აფასებდაუხმო ფილმები კინოს სუფთა ფორმა იყო. გამოსახულებებს თავად უნდა ელაპარაკათ“. მართალია, მას აკლია ადამიანის ხმა, თუმცა ეს დეფიციტი ანაზღაურდება სხვა საშუალებებით მსახიობის თამაშით, კადრის რიტმით, მუსიკით, პლასტიკით და ვიზუალური მეტაფორებით. „მეწაღესწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთს ამყარებს და ქმნის სრულფასოვან ნამუშევარს უხმო, მაგრამ ძალზე ხმაურიან ამბავს.

რეჟისორმა გაბედულად გადაწყვიტა, რომ ხმა არ იყო საჭირო. ამით ის თითქოს ეხმიანება ჩარლი ჩაპლინის, ბასტერ კიტონისა და მუნჯი კინოს სხვა ლეგენდების მემკვიდრეობას, თუმცა ბირკაძის ფილმი არაა მხოლოდ იმ პერიოდის იმიტაცია, ის არ არის მარტო ნოსტალგიაზე დაფუძნებული, პირიქით, ეს ნამუშევარი თანამედროვე ხედვითაა გამდიდრებული და წარმოადგენს კლასიკისა და თანამედროვეობის სრულყოფილ სინთეზს.

ფილმის სიუჟეტი მარტივია, თუმცა მრავალშრიანი. მეწაღის თავგადასავალი, ერთი შეხედვით, გულუბრყვილოა, მაგრამ ღრმად ადამიანური. მთავარი გმირის ყოველდღიურობა, პატარა ქალაქის გარემო, შემხვედრი პერსონაჟები და მათი ურთიერთობები ქმნის სურათს, რომელიც ყველასთვის ახლობელია. სწორედ ამ უბრალოებაში იმალება ფილმის სიძლიერე. ამბავი ისეა გადმოცემული, რომ მაყურებელს არ სჭირდება ღრმა ფიქრი. ყველაფერი მარტივად აღიქმება და გულით იგრძნობა.

განსაკუთრებული როლი ენიჭება მუსიკალურ გაფორმებას. ფილმში, სადაც არ არის დიალოგები და ხმოვანი ეფექტები, მუსიკა ხდება მთავარი მამოძრავებელი ძალა, ის არის, ერთდროულად, ემოციური მაჩვენებელიც და თხრობის ნაწილიც. მუსიკა აქ არა მხოლოდ ატმოსფეროს ქმნის, არამედ კარნახობს პერსონაჟების გრძნობებს, ურთიერთობებსა და შინაგან ცვლილებებს. ის ორგანულად ერწყმის ვიზუალურ რიგს და ქმნის შთამბეჭდავ მთლიანობას.

ფილმის ძალა მის დეტალებშია. თითოეული კადრი კომპოზიციურად გამართულია. რეჟისორი კარგად ფლობს ვიზუალურ ენას და იცის, როგორ მოყვეს ამბავი კამერის მოძრაობით, კუთხით, მონტაჟით. დეკორაციები, კოსტიუმები და ვიზუალური სტილისტიკა აყალიბებს ეპოქას და იძენს გარკვეულ პოეტურ განზომილებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძველ დროში ვითარდება, ეს გარემო ვერანაირად ვერ გვაშორებს რეალურ განცდებს. პირიქით, უფრო გამოკვეთილად გვაგრძნობინებს მათ.

მეწაღემხიარულიცაა და სევდიანიც. ის არ ცდილობს მაყურებლის გაღიზიანებას, არც შოკის მიღწევას ემსახურება. ფილმი უბრალოდ გვიყვება ამბავს ისე, როგორც უნდა ყვებოდეს ნამდვილი კინო. არაფერია დრამატული, ძალადობრივი ან სენსაციური. ის ვითარდება მშვიდად, წყნარად, გულწრფელად და სწორედ ამაშია მისი ორიგინალურობა.

მნიშვნელოვანია, ავღნიშნოთ მსახიობების თამაში. მუნჯ ფილმში მსახიობის სხეული და სახე მთავარი კომუნიკატორია. აქ ჟესტი და მიმიკა უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები ხმოვან კინოში. ფილმში პერსონაჟები სავსე არიან განცდით, სიღრმითა და სიყვარულით. მათი მოძრაობები ბუნებრივია და ზუსტი, თითქოს პირდაპირ 1930-იანი წლების ეკრანიდან გადმოვიდნენ.

ბირკაძემ არა მხოლოდ რეჟისურა იტვირთა, არამედ სცენარიც თავად დაწერა, მონტაჟის პროცესშიც მონაწილეობდა და მსახიობობაც მოირგო საკუთარ თავზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის ეს პროექტი უბრალოდ პროფესიული ამოცანა არ იყო, ეს იყო პირადი ამბავი, გულით გაკეთებული საქმე და სწორედ ამიტომ ახერხებს ფილმი მაყურებელთან ამ დონის კავშირის დამყარებას, რადგან ის გულწრფელია.

კინო, მიუხედავად განვითარების ტექნოლოგიური ეტაპებისა, კვლავ რჩება ადამიანურ ხელოვნებად, იმ ხელოვნებად, რომელიც ემოციის გამოხატვის უნარზე დგას. ბოლო წლებში ეკრანებზე ბატონობენ ფილმები, რომელთა ღერძი, ხშირ შემთხვევაში, ძალადობა, აგრესია და პესიმიზმია. ასეთ გარემოშიმეწაღენამდვილი საჩუქარია, რომელიც სიკეთეს, სიყვარულსა და ადამიანურობას აქცევს მთავარ ღირებულებად.

ამ ყველაფრის ფონზე უმნიშვნელოდ გამოიყურება ხარვეზები და მასზე წერის სურვილიც არ გიჩნდება. მაგალითად, რამდენიმე ადგილას გაპარული კონდიციონერი, სუბტიტრების უქონლობა. თუნდაც რამდენიმესი, რაც მეტად გაამდიდრებდა ნამუშევარს. 

ფილმის ნახვა შეუძლია როგორც მოზარდს, ისე ასაკოვან მაყურებელს. ის ყველასთვის გასაგები და მისაღებია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეპოქის კინომოყვარული ხარ. ეს ფილმი ყველასთვისაა. მასში არ არის ზედმეტი მოძრაობაც კი, არ არის შაბლონური დრამატურგია, ყველაფერზე დეტალურადაა ნაფიქრი.

მეწაღეარა მხოლოდ ქართულ კინოში გამორჩეული ფენომენია, არამედ მტკიცებულებაა იმისა, რომ კინო, როგორც ხელოვნება, ჯერ არ გამოლეულა და როცა რეჟისორი სიყვარულით ეკიდება მას, შედეგიც ყოველთვის ემოციური, გულწრფელი და ღირებული გამოდის.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *