ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე.
თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს და იქამდე ახრჩობს, სანამ ბოლო ამოსუნთქვას არ ანანებს. ყველაფერს თავისი წესები აქვს. კედლების გარეთ ხანდახან მისი დარღვევა შეიძლება, მათ შიგნით კი, თითოეულ გადაცდომას სავალალო შედეგები მოჰყვება.
უტა ბერიას ფილმი, „უარყოფითი რიცხვები“ (2019) ციხეში არსებულ ცხოვრებას ასახავს და რეალობაზე დაფუძნებულ ამბებს იმეორებს. ის არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიის რთულ ცხოვრებას გადმოსცემს მაყურებელს. ფილმს თითქოს მილოშ ფორმანის კინოსურათის, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) გავლენა აქვს. ციხე ფსიქიატრიულ კლინიკას ჰგავს, მხოლოდ ერთი გამორჩეული განსხვავებით – კლინიკაში წამლებს აძლევენ ადამიანებს, ციხეში კი ცუდ საკვებს. დაჩი თითქოს ბილის პერსონაჟთან ასოცირდება – ორივე სუსტია და ფილმის შუა ნაწილში ორივე კვდება. მათე ბელადის ასოციაციას ტოვებს. მასავით ჩუმია და საუბარი არ უყვარს. და ვინ არის მაშინ მაკმერფი? ალბათ, ნიკა. ვინ იცის.
ფრაზა „ბილი მოკვდა“ ზუსტად ისე ზარივით გაისმა, როგორც ამ ფილმში ამბავი დაჩის თავის ჩამოხრჩობის შესახებ. თითქოს მისმა გარდაცვალებამ გარდამტეხი როლი ითამაშა პატიმრების ცხოვრებაში. შემდეგი დღე სხვანაირად გათენდა და თითქმის ყველამ ინანა თავისი საქციელი. მათ შორის, ნიკამაც. ის მომხდარს საკუთარ თავს აბრალებს. თავისი ძმისათვის რომ არ დაეჯერებინა და სუსტი დაეცვა, აშკარად სხვა შედეგი იქნებოდა.
ციხე ჭაობია და, ალბათ, ამიტომ ჰქვია კინოსურათს „უარყოფითი რიცხვები“. პატიმრები საკუთარ იდენტობას კართან ტოვებენ და იქ შესვლისას უმნიშვნელო არსებებად იქცევიან. თითქოს საზოგადოების ჭუჭყად ითვლებიან, რაგბის მწვრთნელი კი სპორტის დახმარებით ცდილობს ისინი ჭაობიდან ცოტა ხნით მაინც ამოიყვანოს, მაგრამ ჭაობი თითოეული მათგანის უკან დაბრუნებას ცდილობს. გარეთ გასული ბიჭები უკან, ციხეში რამდენჯერმე ბრუნდებიან, მაგრამ ქაოსში სინათლე მკრთალად მაინც ჩანს. პატიმრებს უჩნდებათ მიზანი, მათ თამაში უნდა მოიგონ და შემდეგ გარეთ, გულშემატკივრების დასწრებით ჩაატარონ პირველი მატჩი. ეს მიზანი მათთვის გადარჩენისა და ციხიდან ერთი დღით გასასვლელი ბილეთია.
კინოსურათს თითქოს დასაწყისი მოჭრილი აქვს. არ ჩანს, ვინ რატომ დაიჭირეს. სიუჟეტს შესავალი ნაწილი აკლია და თხრობა პირდაპირ ციხის კადრებიდან იწყება. ეს ყოველივე მაყურებელს ინფორმაციის გარეშე ტოვებს და უკმარისობის განცდას აჩენს. არავინ იცის, ვინ რატომ მოხვდა იქ და ეს თანაგრძნობის განცდას აქრობს. მაყურებელი ვერ ხვდება, ეცოდებოდეს თუ არა პატიმარი.
ნიკა გადარჩენას ცდილობს. ბიჭმა ითმინა, ითმინა და ყელში ამოუვიდა. მას არ უნდა თავისი ძმის მსგავსი ცხოვრება,მაგრამ ძმა ქუჩური ცხოვრებით მოსვენებას არ აძლევს, აიძულებს, ბუნტი დაიწყოს. საინტერესოა, როგორ განვითარდება ნიკას ცხოვრება ციხის შემდეგ და დააღწევს თუ არ თავს ძმის კლანჭებს. ჩნდება კითხვა, ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ქურდულ სამყაროში ერთვება, ისიც სამუდამოდ განწირულია ცუდი ცხოვრებისათვის? ნიკას რატომ არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვროს და ვინმემ, თუნდაც, დილით საუზმე გაუკეთოს ან უყვარდეს? საინტერესოა, სად არის თვითონ და ერთხელ მაინც რატომ არ მივიდა ნიკას სანახავად. ბიჭისათვის დაჩის სიკვდილი ბოლო წვეთია. ეს არის გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში. ბიძგი, რომელიც სჭირდებოდა, მიზეზი, რის გამოც ბუნტი გადაიფიქრა. ყველა ამბობდა ძმის მაგივრად არის ციხეშიო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ციხემ ის ქურდული სამყაროსაგან გადაარჩინა. ბიჭი მიხვდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება. გაიაზრა ის, რომ მისთვის გვიანი არ იყო ნათიას გარდა სხვა ვინმე ყვარებოდა და ბედნიერი ყოფილიყო მასთან ერთად.
ფილმში რამდენიმე საკითხი ერთად წამოიჭრება და თხრობა არც ერთს არ მიყვება ბოლომდე. ის არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური კინოსურათის შთაბეჭდილებას ტოვებს და გაუგებარია, რეჟისორმა რატომ არ გადაიღო ასე რეალობასთან ძალიან მიახლოებული სიუჟეტი დოკუმენტურად.
როდის მთავრდება ოცნება და იწყება რთული გზა, რომელიც გადარჩენამდე ყველა პატიმარმა უნდა გაიაროს? ალბათ, მაშინ, როცა იწყება ბუნტი, მოქმედება, როდესაც არავინ იწყებს იმის გარჩევას, თუ ვინ მოაწყო არეულობა. რატომ დაიწყო ბადრაგმა ბუნტის იმიტაცია? უნდოდა დაწინაურებულიყო და მეთაური თვითონ გამხდარიყო. ამბობენ, ციხე შიგნიდან ტყდებაო და ზუსტად ასე დაემართა ციხის უფროსსაც და ნიკასაც. როცა ბიჭმა კარგი ურთიერთობა დაამყარა პატიმრებთან, გადაწყვიტეს მოეშორებინათ. არავის სჭირდებოდა ციხეში დამთბარი სიტუაცია.
ციხე ვიღაცებისათვის თავშესაფარია, გარეთ არავინ ელოდებათ და ამიტომ ყველა დავალების შესრულება უღირთ.
სიუჟეტს რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავს და რთული მისახვედრია, რა არის რეჟისორის ძირითადი სათქმელი. რა უნდოდა მას რომ ეჩვენებინა? ის, რომ ციხე ცუდია და არასრულწლოვან ვაჟთა კოლონია კიდევ უფრო ცუდი? ეს ყველამ იცის. ის, რომ იქ სუსტები ადრე კვდებიან და თვითმკვლელები სამოთხეში ვერ ხვდებიან? არც ეს არის სიახლე.
ფილმს დასასრული არ აქვს. უკეთესი იქნებოდა მატჩთან ერთად დასრულებულიყო. კადრის გათიშვის შემდეგ, უკმარისობის განცდასთან ერთად, უამრავი კითხვა ჩნდება. მაგალითად, რატომ უნდა დაკარგოს თითქმის ორი საათი ადამიანმა მის ყურებაში? მითუმეტეს, რომ მასში თითქოს ახალი არაფერია. არც ის ჩანს, მიაღწიეს თუ არა მიზანს პატიმრებმა და მოიპოვეს თუ არა ციხიდან გასასვლელი ბილეთი. თუ კინოსურათი ასე უნდა დასრულებულიყო, საერთოდ რა აზრი ჰქონდა დაწყებას? რატომ შეცვალა მწვრთნელმა მათი ცხოვრება, თუ ვერავის ვერ უნდა გაეგო, რა მოხდა რეალურად? იცვლებიან უარყოფითი რიცხვები დადებითისკენ? აქვთ ბიჭებს შანსი უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ და ციხეს სამუდამოდ თავი დააღწიონ? თითქოს ამ პასუხგაუცემელი კითხვების ფონზე კინოსურათს სიცარიელისკენ მიჰყავს მაყურებელი.
ბარბარე კალაიჯიშვილი