პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც უფრო წინ წამოსწევს საკუთარ „მეს“, გამობურცავს გულ-მკერდს და ისე ივლის, უფრო კარგი გამოჩნდება სხვის თვალში. ადამიანები, ხანდახან, იმდენად სუსტები არიან, რომ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებენ და კარმის დაბრუნების არ ეშინიათ.
იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“ (2021) სწორედ იმ ფრაზას ჰგავს, რომ თუ პიესის პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, ის ბოლოში უთუოდ გაისვრისო. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ვინმე ოთარი, რომელიც ამბის დასრულებამდე აუცილებლად უნდა მოკვდეს.
კინოსურათი იწყება დედა-შვილის ურთიერთობით, რომელიც ჩამოშლილია. მათ, თითქოს, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. ქეთის თავისი ცხოვრება აქვს, შვილს, ნიკას – თავისი. ორივე დამოუკიდებელი პიროვნებაა. ისე ჩანს, თითქოს ისინი დედა-შვილი კი არა, არამედ ერთად შემთხვევით დასახლებული უცნობები არიან. სიუჟეტის ეს ფრაგმენტი რეალობას ზედმეტად აცდენილია. დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ დედა-შვილს ერთმანეთთან მსგავსი ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, ქეთი ნიკასგან ნასესხი ფულით მიდის გასართობად, ხოლო ბიჭი რჩება სახლში, ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს და შემდეგი დღისთვის ამზადებს ტანსაცმელს. ყველაფერი ხდება ისე, თითქოს არა აქ და ახლა, ანუ 21-ე საუკუნეში, არამედ პარალელურ სამყაროში მიმდინარეობდეს. ქეთის ნიკასთან ერთად დროის გატარებას ურჩევნია კლუბში მეგობართან ერთად ბევრი ალკოჰოლი დალიოს. მისთვის სულერთია, რას გრძნობს შვილი. მას არასდროს უკითხავს, როგორი იყო მისი მენტალური მდგომარეობა. ქეთი სიუჟეტის ამ ნაწილში ცუდი დედის საუკეთესო მაგალითია. რეჟისორს თუ უნდოდა, რომ ეჩვენებინა როგორი არ უნდა იყოს დედისა და შვილის ურთიერთობა, ეს კარგად გამოუვიდა.
ფილმის დასაწყისში გაჩნდა შეგრძნება, რომ სიუჟეტი ოჯახური ურთიერთობის ამ ხაზით უნდა განვითარებულიყო და ასე დასრულებულიყო კიდეც. ერთადერთი, რაც მრავალფეროვნების იმედს იძლევა, არის თვითონ სათაური „ოთარის სიკვდილი“. თითქოს მხოლოდ ის არის მაყურებლის „დაჭერის“ ერთადერთი შანსი. სიუჟეტი მარტივად პროგნოზირებადია. კინოსურათის გადასარჩენად რეჟისორს აფეთქება სჭირდებოდა და ბოლოს ეს განახორციელა. ფილმი ორ ნაწილად იყოფა: ქეთისა და ნიკას ოჯახი ოთარის ოჯახს უპირისპირდება. მეორე ნაწილი პირველზე უფრო საინტერესოა.
თავად ფილმი მანქანის დაჯახების მომენტიდან რომ დაწყებულიყო, დიდად მაინც არაფერი დააკლდებოდა. მეორე ნაწილს განვითარება და დეტალები აკლია. არ ჩანს, როდის მოითხოვა ოთარის ოჯახმა თანხა. ეს ნაწილი ამოგლეჯილია ზოგადი სურათიდან. მოქმედება კი პირდაპირ თანხის მოძიების პროცესით ვითარდება. ირონიაა, რომ ოთარი სულ რაღაც ოცდაათი ათასი ლარი ღირს. ეს ეკვივალენტი თამარის კეთილდღეობის პროპორციულია. ქალს ყოველთვის უნდოდა, რომ სოფლიდან ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად, მაგრამ ამისთვის თანხა არ ჰქონდა. მას მობეზრდა სოფლის ტალახის ზელა, სურდა ლამაზ ქუჩებში ესეირნა და როგორც კი სოფლიდან წასვლის შანსი გაუჩნდა, სცადა მისი გამოყენება.
ოთარის გაცოცხლების ეპიზოდი ნანა მჭედლიძის ცნობილი ფილმის, „იმერული ესკიზები“ (1979) ერთ-ერთ პოპულარულ ეპიზოდს ჰგავს. სოსო ბლიაძემ მაყურებელთა ნაწილი ბავშვობაში დააბრუნა და ახალგაზრდობის წლები გაახსენა.
ოთარის ოჯახი მის დასაკრძალავად მზად არის. უკვე ფულიც აქვს, სუფრაც და მუსიკაც შეკვეთილია, თუმცა ერთი პრობლემაა – მიცვალებული არ ჰყავთ. როცა ოთარმა, გამოიღვიძა თამარს თითქოს იმედი გაუცრუვდა და კინაღამ თავისი ხელით მოკლა კაცი. საკითხავია, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს? კომედიაა თუ ტრაგიკომედია? ალბათ, უბრალოდ სასაცილოა.
ერთადერთი რეალური მსხვერპლი არის ნიკა. ის მორალურად მკვდარია. მას ურტყამენ, მაგრამ აღარ სტკივა, ყვირის, მაგრამ არაფერი ისმის, არავინ უსმენს. დედამისი უკვე გაფუჭებული საქმის, მისთვის დამდგარი შედეგის მოგვარებას ცდილობს. მთავარი დამნაშავე სწორედ ისაა. უკეთესი დედა რომ ყოფილიყო, კინოსურათის მეორე ნაწილი აღარ იარსებებდა. ნიკა არ დაჯდებოდა საჭესთან, სახლში ქეთი წაიყვანდა და ასე გადაიქცეოდა სრულმეტრაჟიანი ფილმი მოსაწყენ მოკლემეტრაჟიანად.
შეიძლება ისიც ითქვას, რომ „ოთარის სიკვდილი“ ერთი დიდი მასკარადია. შეუძლებელია ადამიანი რამდენიმე დღე იყოს სიკვდილისებრ ძილში და მერე უცებ გამოიღვიძოს. დაუჯერებელია ის ფაქტიც, რომ პოლიციელი დანაშაულის ადგილზე მივიდეს, ყველაფერს ფოტოები გადაუღოს და თანხის ჩატანას დაელოდოს, გააყალბოს გარდაცვალების ცნობა სხვისი სურვილის საფუძველზე და რეალური მიზეზის მაგივრად გულის შეტევა ჩაწეროს. მითუმეტეს მაშინ, როცა ყველაფერი გაციფრულია. ილუზიაა ის ნაწილიც, სადაც თამარი ვერ ხვდება, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის სოფელი, რომელშიც ცხოვრობს, კიდევ უფრო პატარაა და ცოცხალ ოთარს ვერ დამალავს. ვიღაც აუცილებლად მიუტანს ქეთის ამბავს და პოლიცია მას პასუხს აგებინებს.
ისიც შეიძლება, რომ თვითონ თამარს დაესიზმრა ყველაფერი და ყველა ქმედება, რაც განხორციელდა, მხოლოდ ქალის გონებაში მიმდინარეობდა და მისი ილუზიის ნაწილი იყო. იგი იმდენად გადაეშვა ოცნებებში, რომ ზღვარი რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის დაკარგა, იმდენად უნდოდა ქალაქში გადასვლა საცოხვრებლად, რომ ეს ყველაფერი წარმოიდგინა.
თუკი ყველაფერი რეალობაა, მაშინ საკითხავია, რომელი მხარე უფრო შორსაა ადამიანობისგან, ოთარის ოჯახი თუ ქეთის ოჯახი? ალბათ, უფრო ოთარის. მისმა წევრებმა ცოცხალ ადამიანში ფული გადაახდევინეს ქალს, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს მკვლელის იარლიყისათვის. ოთარი არა ორი ან სამი ათასი, არამედ, ოცდაათი ათასი დააფასეს და ქეთის ერთი დღე მისცეს ფულის შესაგროვებლად. საბოლოოდ, ოთარმა კარგად გამოიძინა, გამთენიისას საკუთარი გასვენების საჭმელიც ჭამა. ახლა შეუძლიათ მისი სიკვდილი მეორედ გაითამაშონ, შემდეგ მესამედ და ოჯახური ბიზნესი წამოიწყონ.
ბარბარე კალაიჯიშვილი