1990-იანი წლების ტკივილები დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება საქართველოს ისტორიაში, როდესაც თბილისში ფრონტი გაიხსნა და თანამოქალაქეებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს. ეს იყო, როგორც მაშინ იტყოდნენ, „ძმათამკვლელი ომი“. ამ პერიოდში მოხდა მთელი ერთი მთლიანი თაობის ფორმირება, რომლისთვისაც ქუჩა და მისი „აკადემია“ უფრო ფასობდა, ვიდრე კანონი ან მორალი. იყო სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის მომკითხავი მტერიც არსებობდა და მოყვარეც. ამასთან დაკავშირებით ქართველმა ფილოსოფოსმა, მერაბ მამარდაშვილმა თქვა: ამ ომის ფასი უზარმაზარია და ამ ფაზას ვერ გადავიტანთო. და მართლაც, იმ დანაკარგების ანაზღაურებას დიდი დრო და რესურსი დასჭირდა.
ქართულმა კინომ საკმარისზე მეტად ახსნა ამ პერიოდის თბილისის ამბები, თუმცა, რატომღაც, კიდევ ამოუწურავი გახდა ეს თემა კინორეჟისორებისთვის. ზუსტად ასეთი თემატიკისა და შეცვლილი რაკურსის მქონე ფილმი, „ცუდი ხალხი“ (2018) გადაიღო გიორგი თავართქილაძემ.
სიუჟეტი ერთ-ერთი რაზმისა და მისი მეთაურის, გიას შესახებ მოგვითხრობს. მას წამალი სჭირდება სიცხიანი შვილისთვის და ამისათვის ერთ-ერთ საავადმყოფოს მიაშურებს, სადაც თანაკლასელს ნახავს, რომელიც მოწინააღმდეგეთა ბანაკშია. სხვა არაფრის თქმა არ შეიძლება ფილმის შინაარსზე, რადგანაც შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ეს მორიგი კინოსურათია ამ თემატიკასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ ფილმში არის შტრიხები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მკაფიოდ გადმოსცემენ რეჟისორის სათქმელს.
გიას პერსონაჟში, რომელიც თბილისელი მებრძოლია, გამოხატულია იმ საზოგადოების სახე-ხატება, რომელიც გრძნობდა, რომ რაღაც უნდა ექნა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თუმცა კონკრეტულად რა, ამის პასუხი არ ჰქონდა. ამიტომაც გახდა მებრძოლი, საქმითა და მკვლელობით ნაშენები ქვეყანა უფრო ძლიერი ეგონა, ამიტომაც დასდევდა თავისნაირებს.
მისი უფროსი, ოთარი, რომელიც უცნაური გასროლის შემდეგ გვეცნობა, ფრიად ნდობით არის აღჭურვილი მთავარი პერსონაჟის მიმართ, ამიტომაც დაავალებს მას, „მოაგვაროს“ ძველი საქმე. ოთარის პერსონაჟს ქართველი კინორეჟისორი, დიტო ცინცაძე განასახიერებს. ესაა ადამიანი რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ისაუბრა ამ ყოველივეზე თავისი ადრეული ფილმით, „ზღვარზე“ (1993). აქვე ჩნდება მწერალი და კინორეჟისორი, ბესო სოლომონაშვილი, რომელიც ოთარს ეხმარება სტრატეგიის შემუშავებაში. ამ ხატოვანი დასით რეჟისორმა კარგად დაანახა სახე თაობისა, სისხლს მოწყურებული ადამიანებისა, რომ ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ეს ორი კინორეჟისორია.
სამსახიობო დასი ფილმის მთავარი ღერძია. მთავარ გმირს ვახო ჩაჩანიძე გამორჩეულად კარგად თამაშობს. მისი პერსონაჟი დუალისტური, ერთდროულად, სასტიკი და კაცთმოყვარე, განსაკუთრებული დამაჯერებლობითაა ნაჩვენები. ჩაჩანიძის თამაში იწვევს ემპათიას და ინტერესს, რაც ფილმის ზოგად ნაკლოვანებებს ნაწილობრივ აბალანსებს. ასევე აღსანიშნავია, ჯანო იზორიას როლი, რომელიც, მცირე დროის მიუხედავად, შთამბეჭდავია. მსახიობების პროფესიონალიზმი ფილმს ძლიერ საფუძველს უქმნის, მაგრამ სუსტი სცენარი მათ შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებს, რადგანაც თემა გადაღეჭილი და ამოწურულია იმ კონტექსტში, რასაც რეჟისორი უჩვენებს მაყურებელს.
უდავოა, რომ გიორგი თავართქილაძის ხედვა კინემატოგრაფიულად გემოვნებიანი და დახვეწილია. მინიმალისტური კადრები და ავთენტური გარემო თბილისის იმდროინდელ ატმოსფეროს კარგად გადმოსცემს, თუმცა ეს ტექნიკური დახვეწილობა ხშირად ემოციური ღირებულების ხარჯზე მოდის. რეჟისორის ხელწერა თითქოს ზედმეტად ფოკუსირებულია ვიზუალურ ეფექტზე, ვიდრე პერსონაჟების ემოციური სიღრმეების ჩვენებაზე. შედეგად მაყურებელმა შეიძლება იგრძნოს, რომ ფილმი ნაკლებად არის პირადული და უფრო კონსტრუქციულია, ამიტომაც ჩნდება შეგრძნება, რომ ფილმი არა ამბის მოსაყოლადაა შექმნილი, არამედ მისი ავტორის უნარ-ჩვევების გამოსავლენად.
რეჟისორი ცდილობს, ფილმში ასახოს ომის ფსიქოლოგიური და მორალური შედეგები, თუმცა სიუჟეტს აკლია დეტალები და პერსონაჟების განვითარების მყარად ჩამოყალიბებული ხაზები, რაც მას ზოგჯერ ზედაპირულად და ნაჩქარევად წარმოაჩენს. გიას შინაგანი ბრძოლები არ არის ბოლომდე დამუშავებული და მაყურებელისთვის შეიძლება რთულიც იყოს მისი მოტივაციების ბოლომდე გააზრება. შესაძლოა, მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ცოტათი რთულია ამ ყოველივეს გადმოცემა, მაგრამ რეჟისორისაგან მეტი ჩაღრმავება და სიუჟეტისადმი უფრო ინტენსიური დამოკიდებულება უკეთესი იქნებოდა. დიტო ცინცაძის „ზღვარზე“ ამ მხრივ აშკარად უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია, იმისდა მიუხედავად, რომ ფილმი ზუსტად იმ პერიოდშია გადაღებული და შედარებით რთულად აღსაქმელი და გასააზრებელი ყოფილიყო რეჟისორისთვის აწმყო გარემოს გადმოცემა.
სუსტი მხარეებისა გამო, კინოსურათი, გარკვეულწილად, მაინც ვერ ამბობს მნიშვნელოვან სათქმელს. მისი თემატიკა, მართალია, აშუქებს ომის უარყოფით ზემოქმედებას ადამიანებზე და სვამს კითხვებს მორალურ კომპრომისებზე, თუმცა ფილმს აკლია ორიგინალურობა და ისეთი პერსპექტივა, რომელიც მაყურებელს დიდხანს დაამახსოვრდებოდა. მისი ძლიერი მხარეები არის მსახიობების თამაში და ვიზუალური ხარისხი, მაგრამ რეჟისორის ემოციური კავშირის ნაკლებობა ფილმს უტოვებს უხილავი სიცარიელის განცდას. ამის ნათელი მაგალითია, ფილმის ღია ფინალი, რომელიც აჩვენებს იმ გაუსაძლისი ძმათა ომის სისასტიკეს, თუმცა რეჟისორი თითქოს არიდებს თავს ზედმეტ კომენტარს და დასკვნის სახით თავის დამოკიდებულებას ამ თემასთან.
„ცუდი ხალხი“ ცდილობს, იყოს ძლიერი და დრამატული ნამუშევარი, მაგრამ მისი რეჟისორული ხედვის არასაკმარისი სიღრმისა და ემოციური კავშირის უქონლობის გამო, სუსტდება ფილმის ხარისხი. იგი ვერ აღწევს იმ სიმაღლეებს, რასაც მისი თემატიკა მოითხოვს. რასაკვირველია, როგორც ისტორიის ეპიზოდი, ის საინტერესოა, მაგრამ მასში იმ პერიოდის ადამიანის სულიერი სამყაროსა და მისი ემოციების დანახვა რთული ხდება. ესაა ფილმი, რომლის ნახვაც ღირს იმ პერიოდის საქართველოს ისტორიის კონტექსტის შესასწავლად და აღსაქმელად, თუმცა, სამწუხაროდ, არ ტოვებს ისეთი ემოციას, რომელიც მაყურებელში დიდხანს დარჩება.
სამოქალაქო ომის თემატიკაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მაშინ, როცა ყოველივე მოხდა ათწლეულების უკან, რთული და, ერთგვარად, საპასუხისმგებლოა. ამას სჭირდება იმ ეპოქის ისტორიული თუ სოციალური კონტექსტების შესწავლა და კვლევა, რაც „ცუდ ხალხში“ არ ჩანს. ამ თემაზე შექმნილ კინოსურათებში არა მხოლოდ წარსულის ასახვა უნდა იყოს დემონსტრირებული, არამედ მუდმივი შეხსენება იმისა, რომ შიდა კოფნლიქტებს დიდი ზიანი მოაქვს ქვეყნის მომავალი თაობისთვის.
საბა მახარაშვილი