დიდი ამბიციები, მასშტაბური პროექტები, სოფლის მოსახლეობა, მთავრობის არასწორი ნაბიჯები და დაუსრულებელი მოლოდინი. ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, „გვირაბი“ (2019) არის ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის.
„გვირაბი“ ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დაუსრულებელ ციკლს ასახავს. მთავრობისა და „საქართველოს რკინიგზის“ ეს მასშტაბური და პომპეზური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დღის წესრიგს ცვლის, დროთა განმავლობაში კი უმოქმედობისგან დეკონსტრუქციულ სიტუაციაში ვარდება.
კინოკამერა რკინიგზის პროექტის დაანონსებისთანავე ჩაირთო და ექვსი წელი აღარ გამორთულა, რისი დამსახურებითაც ვხედავთ მოსახლეობის დამოკიდებულების ცვალებადობას, მთავრობის უშედეგო მცდელობებს, ნელ-ნელა აფეთქებულ მთებს, გაჩეხილ ტყეებს, განადგურებულ რელიეფსა და კონტროლიდან გამოსულ მშენებლობას.
ერთი შეხედვით გვესმის და სრული სიცხადით აღვიქვამთ, რაოდენ საჭიროა „აბრეშუმის გზის“ პროექტი საქართველოსთვის, მითუმეტეს, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის ამგვარ პროექტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ შედეგამდე საჭიროა ყველა დეტალის ცხადად აღქმა, გაცნობიერება. მოლითის რკინიგზის სადგურის მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წვალების გარდაუვალობას გვიქადის.
სოციალურად მძიმე მდგომარეობას თან ერთვის პროექტის განხორციელების მოლოდინი მოსახლეობაში, მოლოდინი იმის, რომ მათ სახლ-კართან, შესაძლოა, მალე ჩქაროსნულმა მატარებლებმა იქროლონ, მოლოდინი მოვლენისა, რომელიც მათგან დამოუკიდებლად გადაწყდა, დაიგეგმა და ხორციელდება.
რკინიგზის მშენებლობა ფაზლის ერთი ნაწილია. ფილმის მსვლელობისას აქცენტი ადამიანებზე გადადის, მათ ყოველდღიურობაზე, გაურკვევლობაზე, ბრაზზე. მთავრობა მოდის და ამბობს: „აქ უნდა გავიყვანოთ რკინიგზა“ და წერტილი. ეს „გასაჩივრებას არ ექმედებარება“. გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლე იძულებული ხდება, მიიღოს მოცემულობა, რადგან არ გააჩნია წინააღმდეგობის არანაირი ბერკეტი და რესურსები.
იკრიბებიან სოფლის მოსახლეები, უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც გაჯერებულია სიტყვებით: „ალბათ“, „ასე გავიგე“, „მგონი“, „არ ვიცი ზუსტად“, „შეიძლება“ და, ნელ-ნელა, გაჭირვებული ხალხის პრობლემების „განხილვა“ სრული უტოპიის სახეს იძენს.
რეჟისორების დამალული, დახვეწილი ცინიკური გადაძახილები ფილმს უფრო ტრაგიკულს ხდის. კინოსურათის დაწყებისას ვხედავთ კადრებს, როგორ საზეიმოდ დააანონსა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა „აბრეშუმის გზის“ პროექტი, თავისი მცხუნვარე მზით, აფრიალებული ალმებით, ფოტოგრაფებით, ტელევიზიებით, წითელ ბალიშზე მოთავსებული ოქროს მაკრატლითა და გულმხურვალე „სფიჩით“. დრო გადის, პროექტი იმდენ ხანს ჭიანურდება, რომ ქვეყნის მაღალჩინოსანი იცვლება და უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ვისმენთ, იგივე შინაარსით, სიხარულით, აფრიალებული ალმებითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით. წლები გადის, ხარაგაულში კი მოცემულობა იგივეა, ერთ მაღალჩინოსანს მეორე ცვლის და ფილმის ფინალიდან ან უფინალობიდან მეტად სავარაუდოა, რომ მეორესაც შეცვლის მესამე, მესამეს მეოთხე და ა.შ.
ხარაგაულის პატარა სოფელი ნელ-ნელა ჩინელი მუშებით ივსება. ისინი ადგილობრივთა ჰარმონიას არღვევენ, უჩვეულო მდგომარეობას ქმნიან და კიდევ უფრო ამძლავრებენ გაურკვევლობის ნისლს მათ გარშემო. პრობლემას ჩინელ მუშებსა და ქართველებს შორის ენის ბარიერი წარმოადგენს. მათ ჩვენი არ ესმით, ჩვენ – მათი და ასე გაუგებრად ვაშენებთ „ბაბილონის გოდოლს“.
ჩინელი მუშები გვიხსნიან, ქართველები ვერ იგებენ, რაც აჩენს დაძაბულობას და ინფორმაციის გაცვლა ვერ ხერხდება. ამის მთავარ მიზეზს კი მთავრობა წარმოადგენს. ნათლად ჩანს, რომ ორივე მხარე მთავრობის მარწუხებშია მოქცეული და გაურკვევლობისაკენ მიექანება. ინფორმაციის გაცვლის პრობლემა არა მარტო ერთმანეთთან, არამედ მთავრობასთანაც იჩენს თავს. ხალხსა და მთავრობას შორის თითქმის არ დგება დიალოგი. მოსახლეობას ვერ გაუგია, რას უქადის მომავალი, რომლის ბუნდოვანება და გაუგებრობა მათ არასწორ ნაბიჯებსა და ქმედებებს არ გამოუწვევიათ.
ტექნოლოგიური პროგრესი, ცივილიზაცია, მსოფლიოსთან აქტიურ კავშირში ყოფნა აუცილებელია და ამ მოცემულობას თანამედროვე ადამიანი ვერსად გაექცევა. გვირაბები, ჰესები, წყალსაცავები ადამიანის კომფორტისთვის აუცილებელია, მაგრამ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბუნებაში ასეთმა უხეშმა ჩარევებმა?
გლობალური პრობლემები, რომელთა წინაშეც სამყარო დგას, საშიშად გამოიყურება. როგორ იცვლება ლანდშაფტი, რელიეფი, კლიმატი. შესაძლოა, მიზანი ამართლებდეს საშუალებას და ბუნების მასობრივი განადგურება რაღაც მხრივ აიხსნას შედეგით. შედეგით, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ ჩანს. იგი მიუღწეველია. შესაბამისად, ამ ქმედებას გამართლება არ აქვს.
საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს „გრანდიოზული“ პროექტი მხოლოდ იდეაში დარჩა „გრანდიოზული“ და რეალობაში განხორციელება არ უწერია. ირკვევა, რომ გეოლოგიური კვლევები სრულფასოვნად არ ჩატარებულა და რომ სადგური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა. გაურკვევლობაში დაწყებული პროექტი, გაურკვევლობითვე გრძელდება და მისი ბოლოც გაურკვეველია.
ექვსწლიანი გადაღებების შემდეგ ფილმი სრულდება, მაგრამ არ სრულდება ისტორია. წერტილი არაფერს ესმება, რადგან მეტი დრო კიდევ მეტ კითხვას ბადებს, კიდევ უფრო ცოტა პასუხებითა და უფრო ბევრი გაბრაზებული ადამიანით. რეჟისორების გადაწყვეტილება, რომ ფილმი დაესრულებინათ, ამბის მსვლელობის მიუხედავად, სწორი გადაწყვეტილებაა.
ამ კონკრეტულ ამბავს არაერთი მხარე და „სიმართლე აქვს“ – ქართველების, მთავრობის, მომუშავე პერსონალისა და ა.შ. რეჟისორები 90 წუთის განმავლობაში ჯიუტად მარტო ქართველების პოზიციას ასახავენ. მათი სუბიექტური დამოკიდებულება გასაგებია, რადგან ავტორები თავად არიან და მოცემულობას ამ კუთხით აღიქვამენ. რეჟისორი ნიშნავს ავტორს და ავტორს, როგორც სურს, რისიც სწამს და რაც უნდა, რომ ჩვენც ვირწმუნოთ, იმას და ისე გვიჩვენებს.
„გვირაბს“ ნაკლებად შეგვიძლია ვუწოდოთ მხოლოდ დოკუმენტური კინოსურათი. აქ მხატვრული სტილი ერწყმის დოკუმენტურს და, რეალური ამბის თხრობის პარალელურად, მხატვრული კინოს პასაჟებსაც ვაწყდებით. სწორედ ამიტომ ვიზუალური გადახვევები ფილმის მთლიან ქარგას არ არღვევს.
ამგვარი ფილმების არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც დოკუმენტური კინოს განვითარებისთვის, ასევე მწარე რეალობის კიდევ სრულად აღქმისათვის. ექვსწლიანი გადაღების პროცესი მთავრდება იგივე მოცემულობით, როგორითაც დაიწყო – „გოდოს მოლოდინში“ მყოფი ხარაგაულის რაიონი. ქმედითი ფილმი უმოქმედო მშენებლობაზე, სწორი რაკურსებით გადმოცემული არასწორი ქმედებები, აღსავსე მწარე რეალობით, ნამდვილი ადამიანების თავგადასავლებით, მცდარი სამშენებლო გადაწყვეტილებებითა და ისედაც უძრავად მყოფი რეგიონების კიდევ უფრო გაჩერებით.
ევა გვრიტიშვილი