გამოღვიძება

ზამთარი. სეზონი, როცა დრო ჩერდება. ადამიანები თბილ სახლებში იკეტებიან და გარე სამყაროსთან კონტაქტს თითქმის წყვეტენ. ისინი იქამდე არიან მოშორებული ყველაფერს, სანამ მზე ისევ არ მოვა მათ ფანჯრებთან ან მერცხლის ხმას არ გაიგონებენ. ამ პერიოდში დეპრესიის გაჩენის უზარმაზარი შანსია. შენ, როგორც პიროვნება, რჩები მარტო საკუთარ თავთან და უფრო მეტი დრო გაქვს ემოციების გამოსახატად, ცხოვრებაში გასარკვევად. დეპრესია და ეგზისტენციალური კრიზისი მოდის მაშინ, როცა მათთვის ხელსაყრელი პირობები ჩნდება და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანთან.

კინოსურათი „ზამთრის დეპრესია“ (2021, რეჟ. თაზო ნარიმანიძე) სულაც არ ასახავს ზამთარს, როგორც სეზონს. მთავარ გმირს, სანდროს, გრძნობები უქრება ყველას მიმართ. თითქოს მისმა ემოციებმა მიიძინეს და აღარ იცის, რა გააკეთოს. მას აღარც ფსიქოლოგი შველის, არც წიგნის წერის პროცესი. უბრალოდ, თავის „სახლშია“ გამოკეტილი და არავისთან კონტაქტი არ სურს, არც ცოლთან. ერთადერთ გამოსავალს გაქცევასა და გარემოს შეცვლაში ხედავს. ცოლს არც ეუბნება, რომ მასთან ერთად წავიდეს. დგება, ალაგებს ნივთებს და სოფელში მიდის. ცოლი რჩება მარტო თავის პრობლემებთან. სანდროს თვალები სხვანაირია. თითქოს ახლო წარსულში გაჩენილი უფსკრულისკენ იხედება და სევდიანდება. მასთან ბედნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს მისვლას, მაგრამ წინ ყინულებით აშენებული დიდი კედელი ხვდება. მის ემოციებისგან დაცლილ ცხოვრებაში ჩნდება სესილი, ქალი, რომელიც სინათლეს ჰგავს სიბნელეში. აი, ისეთს, შორიდან რომ მოსჩანს და მიწვდომას რომ ცდილობ. თან იცი, შეიძლება დაგწვას, მაგრამ არ ნებდები.

სანდროს სესილი არ უყვარდება. მან ან სიყვარული არ იცის, ან ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ეს გრძნობა სადღაც ღრმად ჩამარხა, მიაძინა და ვეღარ შეძლო გამოღვიძება. არც სესილის უყვარს ბიჭი, ალბათ. ისინი ერთმანეთის თავისებური „კომფორტის ზონა“ ხდებიან და ცდილობენ, ისეთი მშვიდი გარემო შექმნან, სადაც ორივე იგრძნობს, რომ ცოცხალია. ბიჭის ემოციები შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩაქრა. მხოლოდ მისი ბოლო ჩახუტების დროს იგრძნო თავი ადამიანად და მერე იმ მექანიკურ არსებად გადაიქცა, რომელსაც, ალბათ, სექსის გარდა არაფერი სჭირდებოდა ცხოვრებისთვის.

ფილმის უარყოფით მხარედ თავიდან მოძრავი კინოკამერა შეიძლებოდა განხილულიყო. მაგრამ დიდხნიანი დაკვირვების შედეგად სწორედ მოძრავი კამერის გამოა, რომ კინოსურათში მაყურებელი ცხოვრებას იწყებს. ისეა, თითქოს კამერასა და ადამიანს ერთი თვალი აქვთ და ამით რეალობასა და ილუზიური სამყაროს შორის კვალი იშლება. რთულად გასაგებია სათაური „ზამთრის დეპრესია“. თავიდან ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს რეჟისორს სათაურზე ბევრი არც უფიქრია და რაც პირველი გაახსენდა, ის დაარქვა ფილმს, მაგრამ მას დაკვირვებით თუ შეხედავს მაყურებელი, სათაურში დამალულ საიდუმლოს დასასრულისკენ მიხვდება. „ზამთრის დეპრესია“ ესაა ზამთარი, როგორც დროის გაჩერების, რაღაცის სიკვდილის ან გაყინვის პერიოდი. ესაა დრო, როცა ბუნება იძინებს და არაფერი რჩება ბედნიერებისათვის. ცივა და ეს სიცივე, სხეულის გარდა, სულსაც ყინავს. ზამთრის შემდეგ ყოველთვის გაზაფხული მოდის ხოლმე. სესილი, ალბათ, სანდროსთვის გაზაფხულია. მან ხომ იგი ზამთრის ძილიდან გამოაღვიძა და წიგნიც მწერალმა სესილის მიუძღვნა.

კინოსურათის თხრობა თითქოს არეულია, არათანმიმდევრულად მიყვება ამბავს. რთულია მიხვედრა იმისა, რომ ეს რეჟისორის ჩანაფიქრია თუ უბრალოდ სცენარის გაუმართაობის ბრალია. საინტერესოა, ამით რისი თქმა სურდა რეჟისორს? რომელი კითხვა დასვა დასაწყისში და გასცა თუ არა პასუხი მას საბოლოოდ? სად მთავრდება დეპრესია და სად იწყება ბედნიერებისკენ მიმავალი გზა? შესაძლოა იქ, სადაც ადამიანი იწყებს ჯერ საკუთარ თავზე და შემდეგ სხვაზე ფიქრს.

გრძელი უწყვეტი კადრები რეალურ სამყაროსთან გამოთიშვის საშუალებას იძლევა და მარტივია იყო „აქ და ახლა“ მონაკვეთში – იცხოვრო პერსონაჟების ცხოვრებით და მათი ტკივილი გაითავისო. თითქოს მაყურებელი იქაა, იმ კონკრეტულ მომენტში და თუნდაც იპარავს სიმინდს მათთან ერთად ან მდინარეზე ირუჯება. არ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს გარედან უყურებ.

და მაინც, რა არის დეპრესიის საწყისი თაზო ნარიმანიძის ფილმში? შესაძლოა, მარტოობა. თითოეულ პერსონაჟს თავისი წილი მარტოობა აქვს და მხრებით იქამდე დაათრევს, სანამ ამ მდომარეობიდან გამოსასვლელი გზის მოძებნა არ მოუნდება. სანდრო მარტოა იმიტომ, რომ შვილი აღარ ჰყავს, წიგნს ვერ ასრულებს და ფსიქოლოგიც ვერ შველის, არც მეგობრებთან ყოფნას აქვს აზრი და არც ცოლთან ლაპარაკს. ცოლი მარტოა, ვინაიდან არ სცადა პრობლემებზე ელაპარაკა, არ უცდია მიეღო ის ტკივილი, რომელიც ცხოვრებამ მოუტანა, რეალობას თვალს არ უსწორებს, ცდილობს ყველაფერს თავისი გზებით გაექცეს, არ დაელაპარაკოს ქმარს, ადრე წავიდეს სამსახურში და როცა დაბრუნდება, დაიძინოს. მათ შორის გაჩენილი უფსკრული ორივეს ბრალია. ისინი არ სხდებიან და არ ლაპარაკობენ ტკივილებზე, უბრალოდ დგებიან, ალაგებენ ნივთებს და გარბიან. ამ დროს სად არის სიყვარული? ალბათ, აღარსად. ბიჭი ჩაკეტილ წრეზე დადის. ბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო – ცოლთან. არადა, შეეძლო სესილისთან უკეთესი ცხოვრება აეწყო.

როგორც მაყურებელს, ფილმის ბოლომდე მქონდა მოლოდინი, რომ სანდრო რომელიმე ეპიზოდში გაიღვიძებდა და ეს ყველაფერი, რაც სესილისთან გადახდა, სიზმარი აღმოჩნდებოდა. ყველაფერი კარგი ხომ მალე მთავრდება ხოლმე და სწორედ ეს დაემართა ორივეს, მთელი ფილმი კი ერთი ფრაზით შეიძლება შემოიფარგლოს: „ზამთრის დეპრესია“ – გაშიშვლებული მარტოობის კონცეფცია.

ბარბარე კალაიჯიშვილი,

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *