მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს. სწორედ ამიტომაა, რომ შეიძლება რაღაცის შეხებამ ან შეგრძნებამ გაახსენოს ადამიანს ძველი დრო. მნიშვნელოვანია, პიროვნებამ აწმყოში ცხოვრება ისწავლოს. მუდამ წარსულს ჩაბღაუჭებული ადამიანები მწვერვალებს ვერ აღწევენ, ერთი და იმავე ადგილს ტკეპნიან, ვერ ვითარდებიან, ცხოვრებას ვერ აგრძელებენ. მათ არ იციან რა არის ბედნიერება, დგანან და მხოლოდ წარსულში დაშვებულ შეცდომებს განიხილავენ ან ძველი, ტკბილი მოგონებებით საზრდოობენ. ყველაზე ხშირად ისინი ბავშვობაში ბრუნდებიან, იხსენებენ პირველ სიყვარულს და შემდეგ მთელი ცხოვრების გზაზე შემხვედრებს მას ადარებენ, მსგავსებებს სხვაში ეძებენ და იმედი აქვთ, რომ მისნაირს იპოვნიან. ან ყველაფერი პირიქით ხდება – არ აგრძელებენ ისინი ცხოვრებას, არც მისნაირებს ეძებენ, ქმნიან გარსს და ჩერდებიან იმ წერტილში, საიდანაც ყველაფერი დაიწყეს.
ადამიანები ირგებენ სხვადასხვა ნიღაბს, თამაშობენ როლებს და ისე ცხოვრობენ, ცდილობენ სევდიან სახეს მხიარული მოარგონ და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ სხვებსაც დააჯერონ, რომ ბედნიერები არიან. გულს მექანიკურ არსებად გადააქცევენ. სიცარიელე ადამიანების ცხოვრებაში მივიწყებული წარსულისგან ჩნდება, სიტყვა „დავიწყება“ არ არსებობს. მოგონებები არ ავიწყდებათ მათ, ისინი მხოლოდ მივიწყებას მიეცემიან.
თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები“ (2019) ირინა და ნანა ძველ მოგონებებს იხსენებენ. წარსული მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ისინი გაიზარდნენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთმანეთი ვერ დაივიწყეს. დრომ და საზღვრებმა ძველ ემოციებს ვერაფერი დააკლო. საინტერესოა, რა უფრო ენატრებოდათ მათ, ერთმანეთი თუ ბავშვობა? ის, თუ როგორები იყვნენ ადრე და ახლა როგორებად იქცნენ? ორივემ ცხოვრების სხვადასხვა გზა აირჩია. ირინა კრაკოვში წავიდა საცხოვრებლად, შემდეგ ნახევარი ევროპა მოიარა და ისევ საქართველოში დაბრუნდა. ფიზიკის კანონებს თუ დავუჯერებთ, ირინა არსად არ წასულა. შესაძლოა, მან დიდი გზა გაიარა, უამრავი მანძილი აშორებდა ნანას, მაგრამ მისი გადაადგილება ნულის ტოლია. ის მთელი ოცდაათი წელი მაინც ნანას გვერდით იყო და მასთან ერთად ცხოვრობდა, მასთან ერთად განიცადა ყველა ტკივილი თუ სიხარული თან ისე, რომ ეს არც კი იცოდა. მათ არ ილაპარაკეს ერთმანეთის გრძნობებზე და ისე დაშორდნენ. ერთი საქართველოში დარჩა, მეორე პოლონეთში აგრძელებდა ცხოვრებას. სწორედ უთქმელობის გამო უამრავი კითხვა დაუტოვეს ერთმანეთს. გაურკვეველმა მდგომარეობამ არცერთს სიტუაციის დავიწყების საშუალება არ მისცა და არც ცხოვრება გააგრძელებინა. საკითხავია, რომელი უფრო იყო ამ დროის განმავლობაში ბედნიერი? ალბათ, არცერთი. საავადმყოფოში მყოფ ნანას მხოლოდ ირინას სახელი ახსენდებოდა. და რა იყო ეს? სიყვარულის გამოხატულება? მონატრება? არა, მხოლოდ ნოსტალგიები წარსულზე.
თითქოს დრო არც გასულა, არაფერი მომხდარა მათ ცხოვრებაში. ისინი ისევ იქ არიან, იგივე ადგილას, იმავე მაგიდასთან, ერთმანეთის პირისპირ და ბავშვობაზე ლაპარაკობენ. მხოლოდ წლები შეერია ორივეს. მათი თვალები სხვანაირია, აღარ ციმციმებენ, ერთმანეთს თვალებში აღარ უყურებენ. სხდებიან ერთმანეთის პირისპირ და საკუთარ გონებაში იქექებიან.
ნანასა და ირინას ბავშვობა თითქოს დროსა და სივრცეში გაიჭედა. მათ ცხოვრებასთან ერთად რეალობის აღქმაც დაკარგეს. ისე იყო, თითქოს, ორივემ რეალობის სიმულაცია შექმნა და არა საქართველოში ან პოლონეთში, არამედ იქ იცხოვრა. ზოგადადაც ასეა ხოლმე, თანამედროვე სამყაროს ყველა კომპონენტი არა რეალობას, არამედწარმოადგენს რეალობის სიმულაციას, სადაც ის იმდენად ძლიერია, რომ ერთადერთ რეალობად თავად სიმულაციაიქცევა. ფრანგი ფილოსოფოსის, ჟან ბოდრიარის ამ თეორიის მიხედვით, ადვილი მისახვედრია, რომ ყველაფერიისე არ არის, როგორც ჩანს. ადამიანები სამყაროს მხოლოდ იმ ვარიანტს ხედავენ, რომელიც უნდათ, რომ დაინახონ. ისინი საშინლად ეგოისტები არიან. ერთმანეთის ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ ბრუნდებიან, რომ გაიგონ, როგორ არის მეორე უიმისოდ. ირინას არ აინტერესებდა, როგორ იყო ნანა. მას მხოლოდ იმის გაგება უნდოდა, ბედნიერი იყო თუ არა. მათ ერთმანეთს, ნებსით თუ უნებლიე, ცხოვრება დაუნგრიეს. ორივე ომშია საკუთარ თავთან. ბოლომდე არ არიან გარკვეული, ვინ არიან, როგორია მათი ცხოვრება და დაიმსახურეს თუ არა ის, რაც აქვთ. ისინი არ ცხოვრობენ, უბრალოდ ცოცხლობენ და დროც გადის. საინტერესოა, რატომ დატოვა ირინამ ტაქსი გარეთ, რატომ არ გაუშვა და შემდეგ სხვა არ გამოიძახა აეროპორტში წასასვლელად? შესაძლოა, მან გასაქცევი გზა დაიტოვა, შეეშინდა საკუთარი ემოციებისა, ნანასთან საუბრისა და ამ ქმედებით თავის გადასარჩენი კარი დატოვა ღია.
ფილმის დასაწყისი გაუგებარია. კადრები ფოტოებივით გადადის და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ფოტოკოლაჟიდან ამოჭრეს და, უბრალოდ, კინოსურათში ჩააწებეს. გრძელი, სტატიკური კადრები სუნთქვას კრავს. თითქოს ისინი საუკუნე გრძელდება და დასასრული არ აქვს. თხრობა გაწელილია – ამბავი, რომელიც მხოლოდ თხუთმეტ-ოც წუთს მოიცავდა, საათსა და შვიდ წუთამდე გაიწელა. შენელებული კადრების ხარჯზე კინოსურათის ქრონომეტრაჟი გაიზარდა. საწყის ეპიზოდში დაწყებული დიალოგი შეიძლებოდა არასდროს დამთავრებულიყო, რომ არა ნანას შვილის, ირინას, მაღაზიაში წასვლის ინიციატივა. დედა-შვილის საუბრის დროს თითოეული სიტყვა სიყვარულის შესახებ ნანას ისარივით ესობოდა გულში. თითქოს ირინა მასზე ლაპარაკობდა და არა საკუთარ თავზე.
აწმყოსა და წარსულის სწრაფი მონაცველობა შედარებით არეულს და გამოუცდელი მაყურებლისთვის რთულად გასაგებს ხდის ფილმს. სიუჟეტი ზედმეტად მარტივი და თითქოს ბანალურია. ორი ერთმანეთს დიდი ხნით დაშორებული ადამიანი წლების შემდეგ ხვდებიან და წარსულს იხსენებენ. რა არის ამაში ღირებული? ისინი, უბრალოდ, ნანობენ დაშვებულ შეცდომებს და შეხვედრის მომენტშიც ერთმანეთში ეძებენ დამნაშავეს.
ფილმის დასასრული ამოგლეჯილია მთლიანი კონტექსტიდან და ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ის დამოუკიდებელი ფილმის დასაწყისად ან რომელიმე სხვა ნაწილად გადაიღეს. სათაურს თითქმის არანაირი კავშირი არ აქვს ფილმთან, ჩანართები მასზე მხოლოდ დასაწყისის ერთ ფრაზაში და დასასრულს რამდენიმე წამში ჩნდება. სწორედ ამიტომ არის, რომ დანარჩენი ნაწილები ცალკეა. კინოსურათს სათაურად „მოგონებების ზღვაში“ უფრო მოუხდებოდა ან „მანძილი პოლონეთიდან საქართველომდე“.
ბარბარე კალაიჯიშვილი