მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ ამ მიმართულებით. მსოფლიოში არსებობს არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოც წამოსულა საქართველოში.
გიორგი ქობალიას მოკლემეტრაჟიან ფილმში, „იხვებზე ნადირობა“ (2022), მისი შინაარსის გარდა, მნიშვნელოვანიაყურადღება გამახვილდეს საჭირბოროტო თემაზე, რაც გამოიხატება ენის გაქრობის საშიშროებაში. ამ ნამუშევარში საუბარი მთლიანად მეგრულ ენაზე მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში, როდესაც ენის გადაშენება ასეთი სისწრაფით ხდება.
ნებისმიერ ქვეყანაში, დედამიწის ყველა კუთხეში, სხვადასხვა ხალხს აქვს საკუთარი ენა. ხშირად ენას არ აქვს ეროვნული ან ოფიციალური სტატუსი ან არ ისწავლება. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ენის გაუფასურება, დროთა განმავლობაში კი მისი სრული გაქრობა. მსოფლიოში დაახლოებით 6000 სალაპარაკო ენა არსებობს, რომელთაგან 80% გაქრობის წინაშე დგას. როგორც იუნესკო იუწყება ყოველ 15 დღეში ერთი ენა კვდება, რის საფრთხის წინაშე მეგრული ენა უკვე დგას. ეს ფილმი საკმაოდ კარგი რეკლამა და ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მის შესანარჩუნებლად. ენა არის ყველაზე ძვირფასი საგანძური. ყველა ენას აქვს არსებობის უფლება, რადგან ისარაა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ეს არის ხალხის კულტურის ანარეკლი, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ იგი და განვაგრძოთ მასზე კომუნიკაცია.
ფილმი აღწერს შემთხვევით ჩადენილ დანაშაულსა და გრძნობებს, რაც ეუფლება დამნაშავეებს, და საყვარელი ადამიანის გადარჩენას ნებისმიერ ფასად. მისი მოქმედება უნებლიე მკვლელობისა და შემდგომი შედეგების გარშემო ტრიალებს. ძმები თენგო (ჯანო იზორია) და დათა (ლუკა კანკია) იხვებზე ნადირობენ, რა დროსაც დათა შემთხვევით მოკლავს მეზობელს. სასჯელის შიშით თენგო გადაწყვეტს, გვამი გადამალოს, მოაბას ქვები და ჩაუშვას ტბის ფსკერზე, თუმცა ამ პროცესს მაყურებელი ვერ ხედავს. ამბის თხრობა შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან იწყება. საოცარია, როგორ შეუძლია დანაშაულის გრძნობამ და უბრალო უყურადღებობამ სიტუაცია სრულ არეულობამდე მიიყვანოს. ერთმა ქმედებამ შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაც. უფროსი ძმა მზადაა უმცროსი ძმისათვის გააკეთოს ყველაფერი, მოატყუოს კანონი და მეზობლები, ჩაიდინოს დანაშაული, რათა უზრუნველყოს მისთვის ნორმალური ცხოვრება.
დანაშაულის შემდეგ თენგო იტანჯება, გრძნობს სინანულს ჩადენილის გამო, მაგრამ თავს მუდმივად იმხნევებს და ამბობს, შემთხვევით შეიძლება ყველაფერი მოხდესო. როცა მკვლელობა შემთხვევით ხდება, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერიც არ მომხდარა – ნანადირევი გაასუფთავო, ჭამო, სვა, მოკლულის ოჯახის წევრებს უთანაგრძნო ისე, როგორც ამას ფილმის მთავარი გმირი აკეთებს. მკვლელობასთან ერთად სიტყვა „შემთხვევითის“ გამოყენება, ცოტა არ იყოს, უხერხულობას იწვევს. ძალიან უცნაურად ჟღერს მკვლელის პირიდან ამის მოსმენა. ფილმში მნიშვნელოვანია არა თავად დანაშაული, არამედ შედეგია და განცდები, რომლებიც ეუფლება დამნაშავეებს. თენგო არის ადამიანი, რომელმაც გადააბიჯა საკუთარ თავს, რათა დაიცვას ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ის იტანჯება და ადგილს ვერ პოულობს დასამშვიდებლად, ეს მაინც არ ამართლებს მის საქციელს, რომელიც დანაშაულის დასაფარავადაა მიმართული. ეს მას ახასიათებს მხოლოდ როგორც ძლიერ პიროვნებას, რომელიც მზად არის ძმისთვის გააკეთოს შეუძლებელიც.
დათას სინდისის ქენჯნა არ აძლევს საშუალებას, მშვიდად იძინოს. იგი აფორიაქებულია, ერთი მხრივ, დანაშაულით და მეორე მხრივ, ძმით, რომელიც იძულებული იყო, მის გადასარჩენადად დანაშაულისათვის დანაშაული დაემატებინა. დათა მზად არის მოინანიოს და შვება იგრძნოს.
ფილმის რეჟისორმა ისე რეალისტურად აჩვენა მოვლენები, რომ მაყურებელი იწყებს გმირების თანაგრძნობას და, ამავდროულად, გრძნობ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. რა უნდა ქნა? თქვა სიმართლე თუ ნებისმიერ ფასად დაიცვა საყვარელი ადამიანი? რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მოკლული კი არ გეცოდება, არამედ მკვლელების მხარეს ხარ, გულშემატკივრობ მათ და არ გინდა ფინალში დათამ სიმართლე აღიაროს და დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულის გამო. სადღაც გაქვს იმედი, რომ დანაშაული არ მომხდარა და ეს მხოლოდ მათი ფანტაზია იყო, ბოლომდე ვერ იმეტებ გმირებს სასჯელისათვის და სასწაულის მოლოდინით უცქერ დასასრულს. სწორედ ამიტომაცაა რეჟისორი მაყურებლის იმედად ტოვებს ღია ფინალს. ყველა თავის გონებაში წარმოიდგენს პერსონაჟების ბედს.
კინოსურათი საფიქრალს აღძრავს. შეუძლებელია მაყურებელმა საკუთარი თავი დათას ან თენგოს ადგილას არ წარმოიდგინოს. რთულია ცალსახა პასუხის გაცემა კითხვაზე, რას გააკეთებდი მათ ადგილას. აქ საქმე მხოლოდ ძმურ სიყვარულს არ ეხება, არამედ მორალსა და სიმტკიცეს. გექნებოდა თუ არა საკმარისი ძალა დანაშაულის შემდეგ კვალის დაფარვაზეც გეფიქრა. როგორ შეიძლება გააგრძელო ცხოვრება მოკლული ადამიანების ოჯახის წევრების გვერდით. ფილმი გაიძულებს იფიქრო, რომ კეთილდღეობა არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება წუთში შეიცვალოს. ის არ ასწავლის ცხოვრებას, მხოლოდ გვიჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში.
ცივი, მდუმარე, ზოგჯერ პირქუში გარემო, ნაცრისფერ ფერებში დახატული უიმედობა, სირთულეები და ჩიხი, რაშიც ძმები აღმოჩნდებიან, ადვილად აღსაქმელია მაყურებლისთვის. პეიზაჟი, პერსონაჟების საუბრის მანერა, სახლები, ოთახები და მეზობლური ურთიერთობები ძალიან კარგად ასახავს მეგრელების მენტალიტეტს. ვისაც კი ოდესმე სამეგრელოში უცხოვრია, ამ ფილმში იპოვის მისთვის ძალიან ახლობელსა და ნაცნობს.
რა შეიძლებოდა გაკეთებული იყო იმისათვის, რომ ეს ფილმი უფრო შეკრული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო? პირველ რიგში, ალბათ, ეს არის მუსიკა. მასში არაა გამოყენებული თუნდაც რამდენიმეწამიანი მეგრული მელოდიაც კი, რაც კინოსურათს უფრო მიმზიდველს გახდიდა. არადა, მეგრულ ფოლკლორში მრავლად მოიპოვება არაერთი შესაბამისი მელოდია. ასევე დიდი პრობლემაა ხმა, რამეთუ დიალოგები იმდენად ხმადაბლაა გახმოვანებული, რომ ჭირს საუბრის გარჩევა. სიუჟეტში ნაჩვენები პროვინციული დასახლება, ოჯახური და მეზობლური ურთიერთობები, გამოძიება – ყველა ეს წვრილმანი ბოლომდე არ არის გახსნილი, ამიტომაც მხოლოდ ნაწილობრივ ავსებს ამბავს. ასევე არ არის პერსონაჟების სიღრმისეული სურათი მოცემული. ზოგიერთი სცენა ნაჩქარევადაა გადაღებული და ბოლომდე არაა განვითარებული, რაც ფილმის ცქერისას იწვევს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას.
სიუჟეტს თან ახლავს დაძაბული მელოდია, რომელიც საერთოდ არ უხდება მის შინარსს, ამიტომაც კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება და ვერ ქმნის განწყობას საყურებლად. ფილმის დასაწყისი ტოვებს შთაბეჭდილებას რეპორტაჟისა, გადაღებულს „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისათვის“ და არა მხატვრული ფილმისათვის. ამას უფრო ამყარებს სცენა, რომელშიც ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლის პირას წვავს საკუთარ ტანსაცმელს. რეჟისორი თავისი გმირების წარმოჩენას ძალიან ჩქარობს, მათი დადებითი მხარეების ჩვენებისას და შინაგანი ბრძოლების გამოვლენისას გამოტოვებულია საკვანძო ფაქტორები, ამიტომაც დასასრული სრულიად მოკლებულია სიმკვეთრეს, ფინალურ სცენაში კი ის კარგავს დრამატულ სიმძაფრეს.
ჯანო იზორიას გარდა, დანარჩენ მსახიობებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული ეპიზოდები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მათი პროფესიული ოსტატობის შეფასება. ლუკა კანკიამ, როგორც ერთადერთმა არაპროფესიონალმა მსახიობმა, კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მან შეძლო იმ შინაგანი ფორიაქის მიტანა მაყურებლამდე, რასაც განიცდის მისი პერსონაჟი. ჯანო იზორიას პერსონაჟის, თენგოს ყველა ემოცია რეალისტურადაა ასახული, მაყურებელი გრძნობს მისი ხასიათის უმცირეს ცვლილებასაც კი, რაც ვლინდება არამხოლოდ მის ქმედებაში, არამედ მისი სახის გამომეტყველებაში, გარეგნობაში, ჟესტებსა და მოძრაობაში.
ორი ძმა, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მხარე, შესაძლებელია შევადაროთ ცოდვასა და მონანიებას. პირველი გაიძულებს ჩაიდინო ისეთი საქციელი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის შენს ცხოვრებასა და გონებას, მეორე კი გეხმარება, მოიშორო სინდისის ქენჯნა იმის გამო, რაც გააკეთე. თენგოს მსგავსად, ყველას არ შეუძლია მიიღოს თავისი ცოდვა. ბევრს მონანიების ეშინია, მაგრამ ის აუცილებელია, რათა, გულწრფელი აღიარების შემდეგ, ადამიანმა მოიპოვოს სულიერი სიმშვიდე და ცხოვრების გასაგრძელებლად იპოვოს ძალა, რის მაგალითად დათა გვევლინება. საბოლოო ჯამში, ორივე ძმა შინაგანად ძლიერია – დათამ შეძლო მონანიება, თენგო კი საკუთარი პიროვნების იგნორირების ხარჯზე ცდილობს ოჯახის გადარჩენას.
„იხვებზე ნადირობა”, რომელიც მხოლოდ ოცი წუთი გრძელდება, საინტერესო ფილმია. მართალია, ის არ არის შედევრი, მაგრამ ამ ქრონომეტრაჟით რეჟისორი ახერხებს წამოსწიოს სამსჯელო თემა და მაყურებელი დააფიქროს.
თეონა ვეკუა