ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს.
იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის, რათა სრულყოფილ, დამუშავებულ, შემდგარ ნამუშევარს დაემსგავსოს.
პირველი ნაწილის მთავარი სიუჟეტური ხაზი ბექასა და თინას სიყვარულის ამბავს ასახავს. „სიყვარული“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მათი კავშირი შორსაა იმ ემოციებისგან, რომელსაც ქართველი პოეტები და მწერლები თავის ნამუშევრებში აღწერენ ხოლმე. ის არც პლატონურია, არც თავგანწირვით მოპოვებული, უბრალოდ, ლტოლვაა და დაუფიქრებელი ქმედებებია, რომლებსაც გარკვეული შედეგი მოჰყვა. ბექა მშიშარა, ხალხის აზრზე დამოკიდებული ადამიანია და თინა იმადაც არ უღირს, რომ სხვას შეეკამათოს. ისინი ერთად არ გადადიან საცხოვრებლად. ქალს ოცნების კოშკები ჩამოეშალა. თინას ბექა უყვარს და როცა კაცი მასთან ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავი დაჩაგრული ადამიანი ჰგონია. ვერცერთი მათგანი ვერ ხვდება იმას, რომ რეალური მსხვერპლი დათუნაა – თინას ყოფილი ქმარი და ბექას ყოფილი ძმაკაცი. აფექტურ მდგომარეობაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ ის პატიმრად აქცია. არც იმას იაზრებენ, რომ ერთხელ თუ უღალატეს ვინმეს, სხვასაც იგივეს გაუკეთებენ. წარსულში დაშვებული შეცდომები შავი ლაქასავით აქვთ ორივეს. დათუნა, მართალია, მსხვერპლად ვლინდება, მაგრამ არც მისი საქციელია გამართლებული. იმის მაგივრად, რომ ქალი გაეშვა, დანა ჩაარტყა. ან მისი უნდა ყოფილიყო ის, ან არავისი. ეს ჩვეულებრივი მოძალადის ქცევაა, რომელიც არ შეიძლება რომანტიზებული იყოს და არც შებრალებას საჭიროებს.
თინას არ აქვს არსად წასასვლელი, არც ბექა ჰყავს, არც დედასთან აქვს კარგი ურთიერთობა, ამ ნაწილში არც მეგობრები ჰყავს. მარტოა, თანაც იმდენად, რომ ერთადერთ გამოსავალს უკან, ნაქირავებ სახლში, დაბრუნებაში ხედავს.
ფილმის არშემდგარი სიყვარულის ამბავზე დასრულება და მისი მოკლემეტრაჟიანად ქცევა რეჟისორის, ალბათ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მან სიუჟეტი სახეშეცვლილად გააგრძელა. მეორე ნაწილი დაუმუშავებლის შთაბეჭდილებას ტოვებს და არსებული რიტმიდან ვარდება. ისეა, თითქოს არ ჰქონდათ სცენარზე წინასწარ ნაფიქრი და იგი გადაღების პროცესში შეიქმნა. არ ჩანს ფილმის მთავარი აზრი, მიზეზი, თუ რატომ გადაიღეს ის. რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში დასმულ კითხვაზე, თუ რამ შთააგონა შეექმნა კინოსურათი, უპასუხა, რომ ლამაზი სახლი იყოო. მთლიანი ნამუშევარი სწრაფად მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებას ჰგავს. თითქოს მათ თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, ამიტომ კინოსურათი გადაიღეს. იმდენად ვიწრო წრეში მოხდა ყველაფერი, რომ ჩნდება შეგრძნება, თითქოს რეჟისორი ოპერატორის, მსახიობისა და სცენარის ავტორის როლს ერთიანად ითავსებს. არც შორ და ახლო ხედებზეა ბევრი ნაფიქრი და არც სცენარზე, არც განათებაა გამორჩეული, რიგითი საშუალო კლასის ფილმია მცირე ბიუჯეტით. გადაღებებში დახარჯული თანხა სიუჟეტური ქარგის პირდაპირპროპორციულია.
მეორე ნაწილში თინა სულ სხვანაირი უბრუნდება ეკრანს. ის თითქოს ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. ბექა არსად აღარ ჩანს და მას თავისი ოთახის მეზობლის მიმართ უჩნდება გრძნობები, საკუთარ თავს ებრძვის და მისი მეორე მე აშკარავდება. მას დედაც გარდაეცვალა და მართლა აღარავინ დარჩა. აქ ახალი თემა შემოდის – პანდემია. თინას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. გარეთ კომენდანტის საათია, ყველაფერი ჩაკეტილია ზუსტად ისე, თითქოს ყველა ერთ ოთახში ცხოვრობდეს და არაფერი ხდებოდეს ამ ოთახის გარეთ.
დანაწევრებული სიუჟეტის გამო თანაგანცდის, კათარზისის შეგრძნება იკარგება. მაყურებელი აღარც მსახიობების ტკივილს იზიარებს და აღარც სიხარულს. ფილმს ჟანრი თითქმის არც აქვს. ის არც დრამაა, არც მელოდრამა და, მითუმეტეს, არც კომედია.
მაინც როგორი იქნებოდა ამ ფილმის კარგი ვარიანტი? ალბათ, რეჟისორს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომ გადაეღო და ორი განსხვავებული ნაწილის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ძაფების ძებნა არ დაეწყო. პირველი ფილმი თინასა და ბექას შეუმდგარი სიყვარულის, ვნებისა და უდიდესი ლტოლვის ამბავზე იქნებოდა, უფრო გაშლილი და განვითარებული სიუჟეტით, ხოლო მეორე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაუჩნდეთ.
რამდენი ნაწილიც არ უნდა ჰქონდეს ფილმს, მას ერთი მთავარი გმირი ჰყავს, თინა. ადამიანი, რომელსაც სითბო აკლია. ის ვერ პოულობს საკუთარ ადგილს. ჯერ ბექასთან ცდილობს კომფორტისა და სიმშვიდის მოძებნას და შემდეგ – მეგისთან. ბოლოს მაინც მარტო რჩება, საკუთარი ბედის ამარა.
მას, მართალია, ახალი ცხოვრება აქვს, მაგრამ არც აქ არის ბედნიერი. მუდმივი უკმარისობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდა დაყვება თან. პირდაპირ თუ ირიბად, ყველაფერში მაინც საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ მაინც არ ტოვებს მიზეზს, ვინმეს ეცოდებოდეს. მას არავინ ჰყავს, არაფერი აქვს, გარდა სახლისა, რომელიც მეგისაგან დარჩა. გოგონა წავიდა ამერიკაში და საქართველოში მხოლოდ გრძნობების ნაწილი დატოვა. საზღვრებს გარეთ ალბათ ახალ ცხოვრებას დაიწყებს. თინა კი ტიპური მოღალატეა – ღალატობს ქმარს, ბექას, მეგის და ბოლოს, ალბათ, საკუთარ თავსაც დააღალატებს.
და რის შესახებ არის საბოლოოდ ფილმი? შეუმდგარ სიყვარულზე? მარტოობაზე? დაუოკებელ ვნებებზე? ემიგრაციაზე? პანდემიაზე? ჰომოსექსუალიზმზე? არაფერზე თუ ყველაფერზე ერთად? – ალბათ, უფრო არაფერზე.
სათაური „ჩემი ოთახი“ არ ნიშნავს არაფერს. მითუმეტეს მაშინ, როცა ამბავი ოთახის ფარგლებს აშკარაც სცდება. თითქოს ის მოკლემეტრაჟიანი უნდა ყოფილიყო. სიუჟეტური ხაზი დანაწევრებულია, წყდება, ერთმანეთში ირევა და განსხვავებული სახით ვითარდება მოვლენები. თითქოს ნაწილები სხვადასხვა პერიოდში გადაიღეს და შემდეგ ერთმანეთთან მათი დაკავშირება სცადეს. მაგალითად, განვითარებული მოვლენების პერიოდში წვეულებაზე წასვლის კადრები არაფერ შუაში არ არის, ამოვარდნილია.
კარი იღება და თავიდან იწყება ყველაფერი. ოღონდ ახლა ამბის მთავარი გმირები ქეთევანი და თინა იქნებიან. თითქოს ან არაფერი შეცვლილა, ან არაფერი ყოფილა, სიუჟეტი კი მხოლოდ მაყურებლის ილუზია იყო.
„ჩემი ოთახი“ იწყება კარის გაღებით და სრულდება კარის გაღებით. ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამით ის ფიზიკის ერთ-ერთ კანონთან ასოცირდება. მაშინ როცა საწყისი და საბოლოო წერტილი ერთი და იგივეა, გადაადგილება ნულის ტოლია. აქაც არაფერი მომხდარა თითქოს, არცერთი კადრი არ ყოფილა და სცენარის მაგივრად რეჟისორის მაგიდაზე ცარიელი ფურცელი დევს. ფილმიც ზუსტად ასე შეიძლება აღიწეროს, ერთი სიტყვით – არაფერი.
ბარბარე კალაიჯიშვილი