მისტიკური კინო მსოფლიო კონოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ჟანრია. მისი წარმოება დიდი ხანია დაიწყო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად მსოფლიოში ასობით ასეთი ფილმი იქმნება. მისტიკა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა შეიცავდეს გამოგონილ ამბებს პარანორმალური მოვლენებით, მანიაკებისა და მკვლელების თავგადასავლებით და ა. შ., თუმცა, შესაძლებელია, მისტიკაში არსებობდეს შემზარავი სცენების მინიმალური რაოდენობა. ამ შემთხვევაში, მაყურებელი შიშს განიცდის დაძაბულობისა და მისტიკური ცვლილებების ფონზე. ქართული კინოში მუდმივად იყო მცდელობები ამ ჟანრში მოესინჯათ ძალა რეჟისორებს, თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით. განსაკუთრებული ინტერესი ბოლო წლებში გაჩნდა, როდესაც შეიქმნა ნამუშევრები, რომლებმაც თავიანთი სათქმელი გამომსახველობითი ხერხებითა თუ მთავარი თემის სიმძაფრით თქვეს. მათ შორის არის ლაშა მეუნარგიას სადებიუტო ფილმი, „სხვა გზა”(2020), რომელიც ცდილობს, მისტიკის კანონების გათვალისწინებით, აჩვენოს ქართული კინოსთვის არც ისე კარგად ნაცნობი ჟანრი.
ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს. ალექსი და ნატა, მცირეწლოვან შვილთან, ბაბისთან ერთად ქალაქგარეთ მიდიან. ალექსი გადაწყვეტს გზის შეცვლას. სხვა გზა მათთვის საბედისწერო გამოდგება და პარალელურ სამყაროსთან გადაკვეთილებს მოუწევთ გარკვევა იმისა, რამდენად შესწევთ ძალა ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად, თუ შეძლებენ იპოვონ გაუჩინარებული შვილი და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები, რომელიც დიდი ხანია აწუხებთ.
პროდიუსერი ქეთევან ხატიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: ყველაფერს ჩვენ სამნი ვითავსებდით (იგულისხმება: რეჟისორი, რეჟისორის მეუღლე და თვითონ): განათება, გრიმი, მძღოლი, ოპერატორობაც ლაშამ შეითავსა, არავის ანდო კამერა. გადაღება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაფინანსების გარეშე, განვადებით გამოტანილი კინოკამერით. ყველაფერი ეს კი უარყოფით კონტექსტში ძალიან ეტყობა კინოსურათს. ამას ემატება ისიც, რომ ფილმის გადახმოვანება მოუწიათ, რამაც ნამუშევარს ბუნებრიობა დააკარგვინა, ლაპარაკი თეატრალიზებული გახდა, ყვირილი, სიცილი, ემოციებიც კი ყველაფერი ხელოვნური ჩანს.
ფილმის შემქმნელების მთავარი ამოცანა ამბის ლოგიკური სიუჟეტის წვრილმანამდე მოფიქრებაა. როცა ფინალში მაყურებელი სიმართლეს გაიგებს, ის უნდა გამოიყურებოდეს რეალისტურად და დამაჯერებლად ნაჩვენები მოვლენების კონტექსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიუჟეტი იწვევს იმედგაცრუებას, რაც მოხდა კიდეც “სხვა გზის” მაგალითზე. ამისათვის ჰიპნოზის სცენის მოყვანა საკმარისია. ადვილი მისახვედრია, რატომ გადაწყვიტეს ავტორებმა ამ ეპიზოდის გადაღება? იმიტომ, რომ მაყურებლისათვის გასაგები ყოფილიყო კინოსურათის მთავარი აზრი, თუმცა ეპიზოდს სულ სხვა მიმართულებით მიჰყავს ნამუშევარი და თავდაყირა აყენებს თავდაპირველ იდეას.
გარკვეულ ეპიზოდებზე გინდება თვალის დახუჭვა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ ფილმია, მაგრამ, ამავდროულად, მსახიობების მოქმედებების ალოგიკურობა იმდენად აშკარაა, რომ მისი თავისთავად მიღება თითქმის შეუძლებელია. ემოციები ნატას მეგობრისა, რომელიც ბავშვის დაკარგვის შემდეგ მიდის მათთან დასამშვიდებლად, სუსტია. მისი დიალოგების მოსმენის შემდეგ გიჩნდება შეკითხვა, რამდენად ადეკვატურია იგი, მსგავს სიტუაციაში რეალურად მასე იქცევა ადამიანი?
მთავარი გმირის საყვარლის ამბავი არის სრულიად გვერდითი და მეასეხარისხოვანი. არანაირად არ მოქმედებს სიუჟეტზე, არ ავითარებს პერსონაჟებს, ეს მხოლოდ მოვლენაა და, უბრალოდ, მოხდა. თოფი კი კიდია კედელზე, მაგრამ არც ერთ მოქმედებაში არ ისვრის. თუ ეს ხაზი ოჯახური კონფლიქტის საჩვენებელია, მაშინ მან მიზანს ვერ მიაღწია. საყვარლის არსებობა თავიდანვე გავიწყდება და რთულია მისი გაიგივება კონფლიქტთან.
იმისდა მიუხედავად, რომ “სხვა გზა” არის მისტიკა, მისი სრული გაგებით, ის ასევე ავლენს დრამის და დეტექტივის ელემენტებს, თუმცა ბოლომდე ვერ უმკლავდება ვერცერთ შემოთავაზებულ ჟანრს. დრამა მშობლების შინაგანი ემოციების გამომჟღავნების ხარჯზე უნდა გამოვლენილიყო. მიუხედავად მცდელობისა, მსახიობებმა ვერ შეძლეს მაყურებლამდე მიეტანათ ის ბუნებრივი ემოციები, რაც შვილის გაუჩინარებას თან ახლავს. დეტექტივს ვერ გაამართლებს ფილმში არსებობა პოლიციელებისა, რომლებიც არანაირ მნიშვნელოვან ნაბიჯს არ დგამენ მთავარი სიუჟეტის განვითარებაში.
კინოსურათი არ შეიცავს განსაკუთრებით შემზარავ სცენებს. ატმოსფერო, რომელიც ზეწოლას ახდენს მაყურებელზე, მიიღწევა ემოციებითა და გრძნობებით. რადგან რეჟისორი თავს იკავებს ზედმეტი მოძრაობებისგან და ყველაფერს ზედაპირულად, სიღრმის გარეშე წარმოადგენს, მისტიკის ჟანრის ასი პროცენტით გამოვლენა ვერ ხერხდება. საჭირო იყო მეტი მისტიკურობის ჩვენება. მართალია, დასაწყისიდანვე ჩნდება უცნაური მოვლენები, მაგრამ ისინი ცოტაა და დაუსაბუთებელი. ყველაფერი მიმოფანტულადაა ნაჩვენები, მაგრამ ბოლოს კონკრეტულად არაფერზეა ყურადღება გამახვილებული. ფილმში რამდენიმე ჟანრის თამაში მიმდინარეობს არა იმიტომ, რომ თავიდანვე ასე იყო განზრახული, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟისორმა ამბის დასაწყისშივე დაკარგა თხრობის ხაზი.
ფილმის შემქმნელებმა ბოლომდე ვერ გაამხილეს ფილმის არსი და ზოგიერთი მომენტი დაუმთავრებელი ჩანს. მაყურებელი პირველივე წუთიდან ეფლობა მოსაწყენ მძიმე ატმოსფეროში. ხდება ნახტომები დროში, წარსული მომავალთან არის გადაჯაჭვული და, პირიქით, თავიდან ეს დამაბნეველია, მაგრამ ნელ-ნელა გასაგები ხდება.
ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ არ არის საინტერესო მოქმედება ფილმში? ფაქტობრივად, არ არის ძიება, მაგრამ არის ბევრი უსარგებლო ინფორმაციაც. მთავარი ხაზის გარდა, აქ შემოყვანილია ასევე რამდენიმე მეორეხარისხოვანი ამბავი, რაც სრულიად გამოუმჟღავნებელია და არავითარი კავშირი არ აქვს მთავარ სიუჟეტთან. მართალია, ისინი დაიწერა მთავარი ხაზის გასამყარებლად, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. გაურკვეველია პოლიციელის მკვლელობა, რომელიც არ უკავშირდება გოგონას გაუჩინარებას. რა საჭირო იყო ყოფილი გამომძიებლის (დუტა სხირტლაძის) შემოყვანა თუ მას საერთო არაფერი ექნებოდა გამოძიებასთან. აქვე აღსანიშნავია დუტა სხირტლაძის სამსახიობო დონე, რადგან მიუხედავად მისი ეპიზოდური როლისა, ის დასამახსოვრებელი და საინტერესოა. ასევე მაღალ პროფესიონალურ დონეზეა წარმოდგენილი გია გაბრიჭიძის გმირი.
ფილმს დიდი პოტენციალი გააჩნდა სცენარი უკეთესად რომ განვითარებულიყო და მაყურებელს შეძლებოდა კითხვებზე პასუხის მიღება. მრავალრიცხოვანი პერსონაჟებიდან არც ერთი არ არის ღრმად წარმოჩენილი, ყველა გმირი ზედაპირულია.
ფილმი საკმაოდ სწრაფია. მკვეთრად ხდება ერთი სცენიდან მეორეზე გადართვა, ამიტომ ძნელია რამე კონკრეტულზე კონცენტრირება. ზოგიერთი ეპიზოდი, შეიძლება, მოსაწყენიც ჩანდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერც კი ამჩნევ, რამდენად სწრაფად გადის დრო.
ფილმი ნაცრისფერ ტონებშია გადაღებული, რაც უდაოდ ყოველთვის პლიუსია ამ ჟანრისთვის. მუქი ფერის პალიტრა კარგად გამოიყურება – ნისლში გახვეული ტყე და უცნაური გოგონა თოჯინით ხელში დაძაბულობის ატმოსფეროს ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი შეიქმნა სრულიად საკუთარი ხარჯებითა და მსახიობების უანგარო გვერდში დგომით, მისი ვიზუალით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება აუდიტორია.
საინტერესოა მუსიკისა და ვიზუალის შერწყმა. ის განსხვავებულია და ხშირად იცვლება. ზოგჯერ ძალიან მკვეთრადაც კი, თუმცა ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენებიც ხშირად იცვლება, ყოვლად გამართლებულია და კარგად გადმოსცემს გარდაუვალობის ემოციასა და მღელვარების ატმოსფეროს.
სიუჟეტს მკვეთრად აკლია თანმიმდევრული ინტრიგა, ხოლო მნიშვნელოვან ეპიზოდებს – დაძაბულობა. მიუხედავად ამისა, დროდადრო იგი მაინც იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ყურების დაწყებისთანავე უკვე შესაძლებელია წარმოიდგინოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ფილმის საერთო შთაბეჭდილება ასევე გააფუჭა ირმა ჯიქურთან შეხვედრის სცენამ, სადაც ავტორი ძალიან შორს წავიდა არარეალობისაგან.
ნამუშევარს ვერ უწოდებ ცუდს, მაგრამ არც არაფერია მასში აღმაფრთოვანებელი. იგი არ სვამს განსაკუთრებულ კითხვებს, არ იწვევს აზრს, არ ასახავს აქტუალურ პრობლემებს და, რაც მთავარია, არ აჩვენებს რეალურ გამოწვევებს.
ფილმისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, გჯერა თუ არა მისი. სამწუხაროდ, „სხვა გზა“ თმობს თავის პოზიციებს, სიუჟეტი ვერ ხდება დამაჯერებელი. ალბათ, საბოლოო აღქმა მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან შეხედავს მას მაყურებელი.
თეონა ვეკუა