მშობელი ის ადამიანია, რომელიც ბავშვს მუდამ გვერდით უნდა ჰყავდეს. სამყარო ძალიან მკაცრია იმ პიროვნებების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ დედა ან მამა ზრდის. მათ ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, აქვთ შეგრძნება, თითქოს საკმარისი არ არიან სხვებისთვის. ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მწვავდება და აჩენს სიცარიელეს. ამ სიცარიელის შევსებას ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ.
რეჟისორ დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიან ფილმს, „მამა“ (2015) ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს: ლადო და ნიკა. ისინი დიდხანს იზრდებოდნენ უმამოდ. ხუთი წლის შემდეგ მამა მათ კარზე აკაკუნებს, არ ფიქრობს, როგორ იგრძნობენ თავს მისი შვილები, როცა დაინახავენ, რას იტყვის ყოფილი ცოლი მის შესახებ, ვის როგორი რეაქცია ექნება. არავინ იცის, რა ხდება მამის გულში, როცა იგი ჯდება შვილების წინ და მათ თვალებში ვერ უყურებს, უმისამართოდ აქეთ-იქით იხედება და სიგარეტს ეწევა. მან საჩუქარიც კი აჩუქა „ბავშვებს“. ყუთში ლამაზად ჩაწყობილი კედელზე გასაკრავი მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ღამით ანათებენ. ალბათ, იმიტომ, რომ როცა ამას შეხედავდნენ, მამა გახსენებოდათ.
ლადო თავიდან ირონიულად, შემდეგ იმედგაცრუებული თვალებით უყურებს მის წინ მდგარ კაცს და ეხვეწება, რამე თქვას, აუხსნას, სად იყო ამდენს ხანს, რატომ დატოვა. კაცი არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ მათ დედას არაფერი უთხრან და სახლიდან გადის. ისევ რჩება ცარიელი ადგილი ბიჭების გულებში, მაგრამ ახლა ის სავსეა უამრავი კითხვის ნიშნითა და ქაოსით. ლადოს უთქმელი სიტყვები და ამდენი ხნის ნაგროვები ემოცია ერთიანად ახრჩობს. ის სიტყვები, რომლებიც მამამისს ვერ უთხრა, ყელში ბურთივით ეჩხირება. არ იცის, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. იმასაც ვერ ხვდება, უნდა ბრაზდებოდეს თუ ეცოდებოდეს მამამისი.
სამწუხაროა, რომ ფილმში მხოლოდ ბიჭების ცხოვრება ჩანს და ისიც მოკლედ. არავინ უწყის, მამა რატომ წავიდა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. იქნებ რამე დაავადება ჰქონდა და ახლა ჯოხით იმიტომ დადის ან სულაც ციხეში იყო. რა არის ამ ყველაფრის წინარე ამბავი. კაცი მხოლოდ დამნაშავის როლში ჩნდება. პირდაპირი აგრესია მასზე მიდის. ამბავი მის შესახებ ზედმეტად მოკლეა და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება – ის არის კაცი, რომელმაც ორი შვილი და ცოლი ხუთი წლით დატოვა და დაბრუნებისას მხოლოდ სიგარეტი და რაღაც სათამაშო მოუტანა „ბავშვებს“. ახლა, როცა შვილი ეკითხება, რა მოხდაო, აღარ პასუხობს. არ იცის, საიდან დაიწყოს. ვინ იცის, რამდენი აქვს მოსაყოლი ან როგორ რცხვენია თავისი საქციელისა, როგორი მძიმე იყო მისთვის ჯერ კიდევ ნაცნობ კარზე დაკაკუნება. საინტერესოა, რას ელოდა, რა დახვდებოდა კარს მიღმა.
ლადო 19 წლისაა. მაშინ, როცა მამისაგან რჩევები სჭირდებოდა, აღმოჩნდა მარტო და კაცის როლის თამაში მოუწია. იგი უნდა ყოფილიყო უმცროსი ძმისთვის მაგალითი, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, სწორად როგორ მოქცეულიყო. დედა კვირაში ექვსი დღე მუშაობდა და ბიჭმაც იფიქრა დახმარებოდა მას. აიღო თავისი იარაღი და ძმასთან ერთად ავტომობილების გასაძარცვად წავიდა. ერთ-ერთი ავტომანქანის რადიოს მოპარვის დროს გამოიჭირეს. შეეშინდა, მაგრამ შიშს ძმას ვერ დაანახებდა და გაიქცა. როცა მოტრიალდა, დაინახა კაცი, რომელიც ვიღაცის მამა და ქმარი იყო. ის მამა, მას რომ არასდროს ჰყოლია და ესროლა. ამ უკანასკნელს, მახოს შეეშინდა, ეგონა ტყვია მოხვდა და მისი შვილი დაობლდებოდა. ვინ იცის, რა გაიფიქრა წამის მეასედში, რამდენმა მოგონებამ ჩაუარა თვალწინ. როცა მიხვდა, რომ არაფერი დაშავებია, ადგა, ტანსაცმელი დაიფერთხა და გაშეშდა. შვილი ეძახდა. მისთვის მამა ის სუპერგმირი იყო, ლადოს და ნიკას რომ არასდროს ჰყოლიათ. ვერ ხვდებოდა, სახლში შერცხვენილი როგორ დაბრუნებულიყო. ტანი აითრია და სახლისკენ წავიდა.
ლადოს ორი არჩევანი ჰქონდა. წაეღო მანქანის რადიო და მახო შერცხვენილი გაეშვა თუ დაებრუნებინა, რაც მოიპარა და მაგალითი ყოფილიყო ძმისთვის. მან მეორე აარჩია. კაცი ისევ სუპერგმირად დაუბრუნა პატარა დათუნას, ბავშვს, რომელსაც მამა ეიმედებოდა. იცოდა, სანამ ის ცოცხალი ჰყავდა, ვერავინ ვერაფერს დაუშავებდა. ბიჭებსაც მამამისით დაემუქრა.
მამა, რომელიც შენს გვერდით არ არის, გინდ მკვდარი ყოფილა, გინდ ცოცხალი, აზრი აღარ აქვს. ლადოს შეეძლო დათუნასთვის იგივე გაეკეთებინა, რაც მას დაემართა. იმასაც ეგრძნო უმამობის ტკივილი და ის სირთულეები, რაც გამოიარა, მაგრამ ვერ გაიმეტა. ჰქონდა შანსი გამწარებულზე ვინმესთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ ვერ გაწირა ბიჭი. იცოდა, როგორი მტკივნეული იყო უმამოდ გაზრდა.
„მამაჩემს ვეტყვი, მოვა, დაგარტყამს და ამერიკაში გაგაფრენს“ – ასეთი სიტყვებით ჩვენც კი ვაშინებდით ხოლმე უფროს ბიჭებს მამით. ყველა ჩვენგანს, ვისაც ორივე მშობელი გვყავდა, მამა გვეიმედებოდა. ლადოს არ ჰყოლია მისაბაძი მაგალითი. მოუწია თვითონ გადაერჩინა საკუთარი თავი და ყველა სირთულე გადაელახა.
ფილმი ტკვილით და მელანქოლიითაა სავსე. თავისი ქრონომეტრაჟის მიუხედავად, იგი უმამოდ გაზრდილი ყველა ბავშვის უთქმელ სიტყვებს იტევს.
კინოსურათის ერთ-ერთი თემა გაუცხოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები დედასთან ერთად ცხოვრობენ, ქალმა მაინც არ იცის არაფერი მათი ღამის ცხოვრების შესახებ. ალბათ, არც იარაღი უპოვია არასდროს, თორემ გააპროტესტებდა. ისინი ერთმანეთს რაღაცებს მაინც უმალავენ. დედას ყველაფერს ვერ მოუყვებიან. საინტერესოა, სად არიან სხვა ნათესავები? ჰყავთ თუ არა მათ ბიძა, რომელსაც რჩევას ჰკითხავენ? მხოლოდ დედის ამარა არიან ისინი დარჩენილი? ნიკასთვის უფრო მარტივია მამის დაბრუნება თუ ლადოსთვის? სავარაუდოდ, ნიკასთვის. ლადოს მოუწია მამობა გაეწია ბიჭისთვის და ისედაც პატარას მხრებზე ორმაგი ტვირთი დააწვა. ოთახში სამი ადამიანი ზის, მაგრამ მათ ერთმანეთთან ბიოლოგიური კავშირის გარდა სხვა საერთო არაფერი აქვთ. ბიჭებისთვის მამა უკვე უცხოა. არაფერი იციან მასზე და, შესაბამისად, არც კაცს არ აქვს არანაირი ინფორმაცია შვილების შესახებ.
ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს ორი სხვადასხვა მხარე გააჩნია. ერთ მხარეს უმამოდ გაზრდილი ლადო და ნიკაა, მეორე მხარეს კი დათუნა და მამამისი. დათუნას მამა სუპერგმირია. კაცი, რომელიც ყველას ეჩხუბება და მოერევა, თუ დათუნას დასჭირდა. მახო მისთვის ის პერსონაჟია, რომლის შესახებ ზღაპრებს ძილის წინ უყვებიან ხოლმე.
მამის ნაჩუქარი ვარსკვლავები ნიკამ ოთახში ჭერზე გააკრა. მოულოდნელად ერთი ჩამოვარდა და ნეტავ რა არის ის სურვილი, რომელსაც ამ დროს ნიკა ჩაიფიქრებდა. მამის დაბრუნება და მისი უკეთ გაცნობა თუ ახალი საქმის, ავტომანქანების სარკეების ქურდობის წამოწყება?
ყველას თავისი ადგილი აქვს გულში. ადამიანები მოდიან, მიდიან და მოგონებები რჩება. მათი წასვლისას დარჩენილ ცარიელ ადგილს ხანდახან სხვები ავსებენ. ეს ყოველივე მშობლებს არ ეხება. მათი წასვლის შემდეგ დარჩენილ ცარიელ ადგილს ვერაფერი ვერ ამოავსებს. კითხვა, თუ როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება მამამისი ხუთი წლით რომ არ გამქრალიყო, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ყველას დაახრჩობს.
ბარბარე კალაიჯიშვილი