პირველი შეხვედრა ზრდასრულობასთან

როგორი განცდა ჩნდება მაშინ, როდესაც პირველი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ? ერთდროულად, სასიამოვნო, შიშისმომგვრელი, ცხოველი ინტერესის გამომწვევი და სიამაყის შეგრძნება, რომ უკვე დიდი ხარ, იმდენად დიდი, რომ სახლში მარტო დარჩენასაც გაუმკლავდები. უკვე შეგიძლია ან უნდა შეძლო, უპატრონო შენს გვერდით მყოფ ადამიანებს. ამ დროს თითქოს წელში კარგად იმართები, სიმაღლეც გემატება, თავდაჯერებულობაც და ხვდები, რომ უკვე დიდი ადამიანი ხარ.

ორი მცირეწლოვანი ძმის უშრეტ ფანტაზიაზე, აზვირთებულ წარმოსახვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე და კაცობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ეხება სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „გუშაგები“ (2021).

კინოსურათი ყველანაირი პრეისტორიის გარეშე იწყება, ავტორი წარსულის არანაირი ამბავს არ ყვება, მოქმედ პერსონაჟებზე ინფორმაციას არ გვაწვდის: საიდან მოვიდნენ? რა სურთ? რატომ ცხოვრობენ ცივილიზაციისაგან მოშორებით? სად არის მათი დედა? არ ვიცით. შესაძლოა, რეჟისორმა ეს ინფორმაცია განზრახ არ მოგვაწოდა, რათა აქცენტი მხოლოდ ბავშვების პირველ თავგადასავალზე გაგვეკეთებინა და შემავალი ფაქტებითა და თემებით მთავარი ამბავი მეტად მნიშვნელოვნად ექცია.

ლაშას და გიოს პირველი „დიდი“ თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც გამვლელი კაცი ამბავს მოიტანს – მეზობელ სოფელში უცხო არსება პირუტყვს კლავს, ბიჭების მამას კი საშველად იხმობს. მამა მიდის, ბიჭები სოფლიდან მოშორებულ პატარა სახლში მარტო რჩებიან. ბავშვების გონებაში ღრმად აღწევს „ავი სულების“ თეორია და მისი დეფინიციაც ისევე იზრდება, რამხელაც მათი წარმოსახვაა. ალქაჯების აღმოჩენასთან ერთად, მათი ვალია ერთმანეთზე იზრუნონ, მიხედონ სახლ-კარს და უპატრონონ თხას – როზის.

ამ მოვლენიდან ბიჭების ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება. სამყარო უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო, დაძაბული და ჯადოსნურია. რაიმე საინტერესოს ხილვის იმედად, ბავშვები სახლის სახურავზე საგუშაგოს აწყობენ და შეუპოვრად ზვერავენ შემოგარენს. რომ იქნებ რაიმე გამოჩნდეს, რომ იქნებ ამ დილით მაინც დაინახონ „მტერი“, რომ მათ გუშაგობას აზრი ჰქონდეს, რომ დაიჯერონ სამყაროს მრავალფეროვნებისა. რეალობა ზედმეტად ბანალურია, ავი სული კი მიწიერი, რომლისგან თავის დასაცავად ქვის თილისმა, ზედ დაკაწრული ფიგურებით, საჭირო არ არის. სინამდვილესა და წარმოსახვას შორის დაკარგული ზღვარი უზარმაზარ იმედგაცრუებას და მიწაზე მწარედ დახეთქებას გამოიწვევს. ეს არის მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ყველასათვის ისეთი ნაცნობია, როგორც ფანტაზიების რეალობაში გადმოტანის სურვილი.

რეჟისორი გვახსენებს, როგორია პირველი შეხვედრა შიშთან, მასთან შებრძოლება, გაბედული ნაბიჯების გადადგმა, დიდი იმედგაცრუება და ამ ყველაფერს ცოტაოდენ ფანტაზიას უმატებს. როგორ ივსება ბიჭის თვალები გაუგებარი სიკაშკაშით და ერთ წამში იგებს, იაზრებს და იჯერებს „ავი სულების“ თეორიას. მამისგან მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგ კი, თითქოს უფრო დინჯი, გაწონასწორებული და უშიშარი ხდება. ოჯახი მას ავალია, სადაც „ალქაჯი ვერ გაბედავს“ გამოჩენას.

მათი ასკეტური ცხოვრების წესიდან გამომდინარეა, ბავშვურ გონებას სჭირდებოდა ასეთი ზღაპრის გამოგონება. ისინი ხომ მარტო, სოფლისგან მოშორებით მხოლოდ მამასთან ერთად ცხოვრობენ, იარაღის სროლას სწავლობენ და ისეთი „ბავშვური“ ბავშვობა არ აქვთ, როგორიც მათ თანატოლებს. დანაკლისის ანაზღაურება ამ პატარა ფაქტით სცადეს, ირწმუნეს და იმდენად ღრმად დაიჯერეს საკუთარი მოგონილი ამბავი, რომ არასწორად აღიქვეს რეალური მოცემულობა – „ავი სულები არა ის კიდე, მხეცი იქნება რამე“.

თუ თანამედროვე კინოს ტენდენციებს მივყვებით, სადაც სოციალური პრობლემები, გამოხატვის თავისუფლება, კლასობრივი სეგრეგაცია და უფლებების დარღვევა არის მთავარი ინტერესის ობიექტი და რეჟისორებიც ამ ტენდენციას მიჰყვებიან, სანდრო სულაძის ეს მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი, ამ თვალსაზრისით, სრულიად სხვა მიმართულებას ავითარებს. იდეაში მითოსური, სიზმრისეული, ფანტაზიური ლაიტმოტივის ფილმები ნელ-ნელა უფრო მცირდება და კინო ხდება პლატფორმა სოციალური მესიჯების გასავრცელებლად რეჟისორებისა თუ არარეჟისორებისთვის. ეს დღეს უკვე ნორმაა, რადგან კინოს მედიუმის გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. ამის ფონზე კი, ისეთი ფილმების არსებობა, როგორიც არის თუნდაც „გუშაგები“, აუცილებელია.

რეჟისორი ამ თითქოსდა მსუბუქი, სასიამოვნო ნამუშევრით კომპლექსურ თემას ეხება, რაც თანამედროვეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა – თანამედროვე და ძველი სამყაროს დაჯახება. კაპიტალიზმმა და სამყაროს განვითარების სიჩქარემ წაშალა წარსული და ყველაფერი ერთ დიდი აწმყოდ აქცია, გააცამტვერა ყველა ფასეულობა, ხელშესახები მატერიები. ეს გიჟური ახლის შექმნისა და ძველის ნგრევის პროცესი, აცამტვერებს ყველანაირ კულტურულ ღირებულებას, წარსულის სენტიმენტებს, ემოციურ აზროვნებას, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანს უზღუდავს წარმოსახვას, როგორც არსებულს, ისე დაუჯერებელ ოცნებებს.

ფილმის რეჟისორი ასევე ერთ-ერთი სცენარისტია. მის მხატვრულ გადაწყვეტილებებსა და არასტანდარტულ სიუჟეტს თან ერთვის აქცენტი ვიზუალზე. აქ სიტყვები უფრო ფონურია და ინფორმაციის წყაროს ფუნქცია არ აქვს. ბავშვების ენთუზიაზმით ამოძრავებული სხეული და ანთებული თვალები თითქოს არც ითხოვს ლაპარაკს, ისინი მობილიზებული არიან ალქაჯების გამოსაჭერად და კონცენტრაცია ლაპარაკის უნარს ასუსტებს. ეს მოცემულობა, რომ ფილმში ცოტას ლაპარაკობენ, ზრდის ყველა იმ შეგრძნებას, რაც ბავშვებმა, ბუნებამ, ამბავმა უნდა გამოიწვიოს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო სცენა – იმედგაცრუებული ბიჭები როგორ ხვდებიან შინ დაბრუნებულ მამას. ამ დროს დიალოგი არ დგება და არც არის საჭირო, ყველაფერი ყველასთვის ისედაც ცხადია. სიჩუმე, მცირეოდენი მუსიკა და ბუნების ხმები განვითარებულ მოვლენებს მეტ მისტიკასა და ინტერესს სძენს.

ფილმის ქრონომეტრაჟი ქმნის მოცემულობას, სადაც მოვლენები სწრაფად და გასაგებად უნდა განვითარდეს. რეჟისორის გადაწყვეტილება, რომ დიალოგები მინიმუმამდე დაეყვანა, ამ ამოცანას ართულებს. ამას თან ახლავს უხეში მონტაჟური ჭრები. კადრიდან კადრზე სწრაფი გადასვლა, თვალშისაცემი და შემაწუხებელია. მონტაჟის ძირითადი ფუნქციაა სივრცისა და დროის მართვა, სწორი მონტაჟი ქმნის ფილმის აზრობრივ სისტემას, რაც „გუშაგებში“ ოდნავ დარღვეულია და მაყურებელს თვალს ჭრის გადაბმის ადგილები.

მიუხედავად ტექნიკური ხარვეზისა, ეს ფილმი შინაარსის სენტიმენტალურობთა და ბავშვის თვალით დანახული მშვენიერი სამყარო არის ის, რაც გიპყრობს, გაფიქრებს, გახსენებს და გაღიმებს. აი ასე, კინო შეიძლება იყოს არა მარტო პათეტიკური შეგონებების, ჭკუის დარიგებისა და სოციალური მესიჯების მატარებელი, არამედ უბრალოდ კეთილი ამბავი სიკეთესა და ბედნიერებაზე.

ევა გვრიტიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *