სახიფათო და უსაფრთხო პაემნები

პოსტსაბჭოთა პირველ წლებშიც და დღემდეც ქართულ კინოში წარმმართველი გახდა და რჩება ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური და ეკონომიკური რეალობისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებში, უპერსპექტივობის, ურთიერთობების რღვევის ასახვის ტენდენცია, მშობლებსა და შვილებს, სხვადასხვა ფენისა და თაობის, მრწამსის, ორიენტაციის, ინტერესების მქონეთა შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის საკითხები და მათზე სხვადასხვა კუთხითა და შეფასების განსხვავებული საზომებით მსჯელობა.

ბოლო პერიოდში სხვა მიმართულებებიც გამოიკვეთა. მათ რიცხვშია ამბებისა და მოვლენების იგავის თანამედროვე, განახლებულ ფორმებში მოქცევის შემთხვევები. იგავის დიდაქტიკური ჟღერადობის გარეშე, რომლის არსიც თანამედროვე სოციუმის, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ცხოვრების, ცხოვრებისეული ღირებულებების (შენარჩუნებული თუ გაუფასურებული) „ფილოსოფიური“ შეფასებისა და საავტორო განსჯისკენაა მიმართული.

ლევან კოღუაშვილის ფილმი, „შემთხვევითი პაემნები“ (2013) სწორედ ასეთი ტიპის თანამედროვე იგავია.თანამედროვე საზოგადოების მეტაფორული პორტრეტი, რომლის წარმომადგენლებიც უმოქმედობისა და უპერსპექტივობის ჩიხში არიან, ბედს დამორჩილებული და პასიური, მიზნებისა და „ცოცხალი“ ინტერესების გარეშე.

ავტორი აჩვენებს არა იმდენად იმას, რაც საზოგადოების ყოფაში ხდება, ვთქვათ, პრობლემების აქტუალობის მხრივ(რაც თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი მაგისტრალური „ინტერესის ობიექტია“), არამედ ფასადს მიღმა არსებულს, იმ ადამიანის მდგომარეობაში არსებობის კუთხით, რაც ზოგჯერ ჩანს და ზოგჯერ არ ჩანს, რასაც ხანვხედავთ ან ვერ ვხედავთ და რასაც ჩვენს შეხედულებებსაც და საზოგადოების ყოფის ამგვარობას არაერთი მიზეზი, საფუძველი და, შესაბამისად, შედეგი აქვს.

ამბავი 40 წლის სანდროსა (ანდრო საყვარელიძე) და მისი მეგობრის, ივას (არჩილ ქიქოძე) გარშემო ვითარდება და მასში სხვადასხვა დოზითა და ძალით ჩართულები არიან მისი მშობლები (მარინე ქარცივაძე და კახი კავსაძე), „საცოლე“ და მისივე ახლობლები, „ქრაში“, მისი ქმარი და სხვა შემთხვევით შემხვედრები (ია სუხიტაშვილი, მარლენეგუტია, ლევან ღლონტი, ვახო ჩაჩანიძე, სოფო გვრიტიშვილი, ჯანო იზორია). პერსონაჟების ტიპაჟები და მათზე ზუსტად მორგებული მსახიობების ფაქტურა და კოსტუმები (როგორც დროისა და ჩაცმულობის ტიპაჟურობის თვისებების გამომსახველი, მხატვარ თინათინ კვინიკაძის შერჩევით) და მათი ჩართულობით ასახული მოვლენები, კონკრეტულსა და ნაცნობთან ერთად, ტიპური და განზოგადებულია. ატმოსფერო პირობითი და ქვეტექსტურია და შეიცავს გზავნილთა სისტემას მაყურებლისკენ, მისთვის აღქმის სრული თავისუფლების მინიჭებითა და განსაკუთრებული ავტორისეული პოზიციით.

ეს არის არც პირქუში და არც ტრაგიკული, არც „მძაფრსიუჟეტიანი“ და არც თავგადასავლებით აღსავსე, თუმცამოწყენილი და მოსაწყენი, ერთფეროვანი და განსაკუთრებულ საზრისს მოკლებული, ნიადაგგამოცლილიადამიანების ცხოვრება.

სანდრო მოექცა თუ მოაქციეს ჩაკეტილ წრეში, რომლის გარღვევასაც ან საერთოდ არა, ან უსუსურად, პასიურად ცდილობს. მის სახეზე ემოცია არასდროს ჩანს, არასდროს ეცვლება გამომეტყველება. იგი თითქოს მშვიდია, აუღელვებელი. აკვირდება, ფიქრობს, მექანიკურად მოქმედებს, სხვის თხოვნებს, გადაწყვეტილებებს, სურვილებს უსიტყვოდ და წინაღმდეგობის გარეშე ასრულებს. თითქოს დამკვირვებელია, უტყვი. ფაქტობრივად, არ ლაპარაკობს (ისევე, როგორც სხვები, რომლებიც მხოლოდ მარტივი და მოკლეფრაზიანი დიალოგებით ურთიერთობენ და ერთმანეთს განსაკუთრებულს არაფერს ეუბნებიან) და მორჩილად ხვდება ყველა შემთხვევასა და წინააღმდეგობას.ჩაკეტილობას, დროსა და სივრცეში მოქცევის სისტემას, ფილმის სტრუქტურიდან გამომდინარე, მაყურებელი ფიზიკურადაც კი შეიგრძნობს.

სანდროსა და ივასათვის გარშემო ბევრი რამ ხდება. მოვლენებისა და შეხვედრების „სისტემაში“ ჩართულიააფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებისა და საცხოვრებლების სახასიათო ნიშნებიანი ფრაგმენტები, პატიმრების, თაღლითური სისტემების ქსელების, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ძალაუფლებისა და „საზოგადოებრივ წესრიგზე“ მათი გავლენის, მყარი ოჯახური წესრიგისა და დარღვეული ოჯახური ურთიერთობების, ოჯახური (და არა მხოლოდ) ძალადობის ამსახველი ეპიზოდები.

თვით მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი სპირალისებურად იწყებს მსვლელობას, ვითარება შედარებით მწვავდება, ურთიერთგადაბმული და ურთიერთგამომდინარე ურთიერთობები (მანანასთან შეხვედრა და შეხვედრები, მისი ქმრის ციხიდან გამოსვლა და თაღლითობის მცდელობა, ანგარიშსწორება, ჩხუბი, ისევ დაპატიმრება, სასიყვარულო „სამკუთხედ(ებ)ი“, „კონფლიქტი“ მანანას მეუღლისგან ფეხმძიმე გოგონას ოჯახში და მისთვისა და სანდროსთვის „გზის დალოცვა“ და ა.შ.), სანდრო მშვიდად, აუღელვებლად, შესატყვისი ემოციისა და რეაგირების გარეშე ტოვებს ყველაფერს, რაც უკვე არა მის გარშემო, არამედ უშუალოდ მის თავს ხდება, რაც პირადად ეხება.

შეიძლება უფრო ამიტომ მეტად დრამატული და შემაწუხებელია ეს ამბავი, როგორც წვიმა ან გაფითრებული დღე მის შემდეგ, როდესაც ღრუბლიანი ცა ამძაფრებს სევდას. აქ სულ მოღუშული ამინდია. სანდროს შეფარული წუხილები, სევდა, რაღაცნაირი განტევება გარემოსგან რეალურ ელფერს იძენს და იმ ატმოსფეროში აღიბეჭდება, რომელსაც გამომსახველად ქმნის მხატვარი კოტე ჯაფარიძე და ზუსტად და ცხადად აფიქსირებს ტატო კოტეტიშვილის კამერა. რაც ერთ მთლიანობად იქცევა, როგორც სარკეში ვინმეს ან რაიმეს ნამდვილი ანარეკლი. ქარი და წვიმა ერთმანეთს ცვლის. ცრის და წყლის ეს სუსტი ფარდა გარემოს ფუთავს, როგორც სამყაროს ხედვის ბუნდოვანება.

ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ასეთ ერთგვარობაში გადიან წლები, დრო მდორედ და „მშვიდად“ მიედინება.სიმარტოვის, იზოლირებულობისა და დროში გაწელილი პაუზის განცდა მთელ ამბავს გასდევს, სადაც უნდა ვითარდებოდეს მოქმედება – თბილისის ქუჩებსა თუ სტადიონებზე, „შემთხვევითი“ თუ „ხანმოკლე“ შეხვედრებისთვის განკუთვნილი მეორეხარისხოვანი სასტუმროების ნომრებსა თუ საცხოვრებელ ბინებში, სადგურის შენობებსა თუ ზღვისპირა კაფეებში, ზღვის სანაპიროსა თუ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებში, კედელზე დახატული ზღვის პეიზაჟის ფონზე, ციხის ჭიშკართან თუ უსახური კორპუსების გარემოცვაში მოქცეულ ნანგრევებთან.

„შემთხვევითი პაემნები“ არაერთი ნაცნობი „ეპიზოდისგან“ შედგება, რომლებშიც სპეციფიკური და მახასიათებელი დეტალი და ნიშანი მარტივად შეიძლება აღმოვაჩინოთ. ერთმანეთს მიჰყვება გრძელი კადრები, ნაკლებად გაჭრილი მონტაჟურად. კამერა მდორედ მოძრაობს. „მზერა“თითქოს რაღაც მეორეხარისხოვანზეც ფიქსირდება თუ ყოვნდება. ასეთი ტემპო-რიტმი შინაგანი „განვითარების“, ემოციების, შეგრძნებების გამომხატველია და, ზოგადად, ცხოვრების, „გამქრალი“ დროის უღიმღამო მსვლელობისა. ლევან კოღუაშვილი ამ თემებსა და განშტოებებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

სიუჟეტი, მოვლენათა მიმდევრობა და გარემო, რეალობის სახეს ამგვარი გამოსახულებით აღბეჭდავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომელიც ისევე, როგორც ყველა დროში, წინააღმდეგობებისგან შედგება და ბევრ „სტერეოტიპსაც“ შეიცავს.

სიუჟეტურ და ვიზუალურ ფასადს მიღმა კი, არსებობს ფარული აზრი, რომელიც სიმბოლოთა სისტემით გადმოიცემა. შექმნილია სიმბოლური ატმოსფერო, თან ასახული ცხოვრების რეალურ საზღვრებში და ამ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა და მეტაფორების საშუალებით გადმოიცემა. და მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან, გარდამტეხ ეტაპამდე ყველაფერი მშვიდად, განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის.

ირგვლივ სრული სიჩუმეა, რაღაცნაირი გარინდებაა, რომელსაც მხოლოდ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ხმაურებიავსებს და ერთადერთი მუსიკალური „ჩანართი“, სიმღერა (კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის „ვერხვები“, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე), რომელიც სანდროს, მამასთან ტელეფონზე საუბრისას, სადღაც „შორეულ“ სუფრაზე ნამღერიესმის, როგორც შორეული ძახილი, ზღვისა და წვიმის შრიალში ჩაკარგული, რომელიც შემდეგ რამდენჯერმეგაიჟღერს, მოკლე-მოკლე ფრაგმენტებად, როგორც შინაგანი განწყობის ექო და კვლავ „სამარისებური“ მდუმარებაისადგურებს.

ლევან კოღუაშვილის ფილმი იგავია თანამედროვე საზოგადოების შესახებ, რომელსაც უკვე აღარ სურს, თუ აღარშეუძლია (XX საუკუნის 60-80-იანი წლების თაობის რეჟისორების ფილმების გმირებისგან განსხვავებით) წინ წასვლაან ქმედებით რაღაცის მიღწევა, რომლისთვისაც ყოველდღიურობა და ცხოვრება შემთხვევითობების ჯაჭვზე აგებულიპაემანია, სხვისი მითითებების, კონტროლისა თუ დინებას გაყოლებით, მორჩილად და, შეიძლება, არა სადმე (როგორც ხშირად ხდებოდა და ხდება ქართულ ფილმებში), არამედ „საკუთარ თავში“ კვლავ დაბრუნებითა და იქ საიმედოდ ჩაკეტვით.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *