გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფსიქოლოგიური ფილმი, „ნომერი 26” (2021) მოგვითხრობს ამბავს არა მხოლოდ ფიზიკურ ტრაგედიაზე, არამედ ადამიანურ გაურკვევლობაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩნდება სინდისსა და დუმილში. აქ არ არის გამოხატული ბოროტება ისე, როგორც კლასიკურ ფილმებშია. მთავარი აქ შეკითხვებია – როგორ იქცევა ადამიანი შიშის დროს? როდემდე დაიმალება სიმართლე?
სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედია ახალგაზრდა მწვრთნელის, ნიკას (30 წლის) დაუდევრობით იწყება – ის არღვევს უსაფრთხოების წესებს და ერთ–ერთი მოსწავლე, 15 წლის ანა, ფარულად, ზედა ტრასაზე აჰყავს. დაშვებისას ანა კოორდინაციას კარგავს, მთიდან ვარდება და იღუპება.
სკოლის ადმინისტრაცია მალევე ამჩნევს მოსწავლის გაუჩინარებას და იწყება ძებნა. პასუხისმგებლობა ორ ინსტრუქტორს – ნიკას და იმავე ცვლაში მორიგე ნატას ეკისრება.
ფილმი დასაწყისშივე მაყურებელს აკავშირებს ტრაგედიასთან: პირველივე კადრები ანას ტელეფონით არის გადაღებული იმ მომენტში, როცა ის და ნიკა ერთად არიან. ამ ჩაწერილ კადრში თითქოს იმალება პასუხი კითხვაზე: ვინ არის დამნაშავე? თუმცა მოვლენები სხვაგვარად ვითარდება, როცა საქმეში შემოდის სირცხვილი, შიში და გადარჩენის ინსტინქტი.
გადაღების სტილი ნატურალისტურია: კამერა მიჰყვება გმირებს ისე, თითქოს თვითონაც ერთ–ერთი მოწმეა. დომინირებს ცივი ტონალობა. მზის შუქი იშვიათად აღწევს კადრში და როცა აღწევს, წამიერია.
კამერა მეტწილად ადგილს უთმობს ცარიელ სივრცეებს, გაშეშებულ კადრებს, თოვლში ჩაფლული ტრასებიდან მოღრუბლული ცის ფონამდე. ეს სივრცეები ხშირად „შთანთქავენ“ პერსონაჟებს, რომლებიც პატარა ლაქებად რჩებიან უზარმაზარ თეთრ ფონზე, რაც გამორჩეულად კარგად ასახავს პერსონაჟების შინაგან გაუცხოებას, დანაშაულის სიმძიმეს. კამერა თითქოს არ ცდილობს სიმართლეს მიუახლოვდეს, არამედ პირიქით, აშორებს მაყურებელს დეტალებისაგან.
ხმა ყოველთვის თითქმის მინიმალურია – ბევრ სცენაში მხოლოდ სუნთქვა, თოვლში სრიალის ხმა ან ქარის სტვენა ისმის. როდესაც დიალოგები გაისმის, ხშირად ისინი სუფთად არ ჟღერს, არა მარტო სიუჟეტურად, არამედ ტექნიკურადაც, თითქოს ავტორი შეგნებულად გვაკარგვინებს ცალკეულ სიტყვებს, რათა გაურკვევლობა შექმნას. ზოგიერთმა დიალოგმა, რომელიც ტექნიკურად დაბალ ხმაზეა ჩაწერილი, შეიძლება მაყურებლისათვის გაუგებრად გაიჟღეროს, რაც ფილმს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს.
მუსიკა ძალზე ეკონომიურადაა გამოყენებული ამ ფილმში. ამ მომენტებში მუსიკა არა კათარზისისათვის, არამედ შინაგანი დაძაბულობის გასამძაფრებლადაა, თუმცა ეს მინიმალიზმი სიცარიელის შთაბეჭდილებას ტოვებს. რთულია ემოციური ან შინაარსობრივი ხაზის გაძლიერება მაშინ, როცა აუდიოსივრცე თითქმის სრულიად უხმოა.
ნიკას როლის შემსრულებელი უჩვეულო სიზუსტით გამოხატავს მის შინაგან ორჭოფობას. ის არა ბოროტმოქმედი, არამედ დაბნეული, შეშინებული, შემზარავი ქმედების მონაწილეა, რომელმაც არ იცის, როგორ დაიცვას თავი. მისი დაძაბული მზერა, ნერვიული მოძრაობები მეტყველებენ იმაზე, რომ სინდისი არ აძლევს მას მოსვენებას, მაგრამ, ამავე დროს, მასში წარმოჩნდება რაღაც იდუმალი. მან თითქოს შინაგანად უკვე გადაწყვიტა, რომ გადარჩენა ტყუილზე უნდა ააგოს. მსახიობის თვალებში იგრძნობა შინაგანი კონფლიქტი, სირცხვილი, დაბნეულობა და ეგოისტური შიში, რომელიც თანდათან დომინირებს. მისთვის სიმართლე მეტისმეტად მტკივნეულია, არ შესწევს ძალა გაიაზროს პასუხისმგებლობა ამის ნაცვლად, ამიტომ ის იღებს გადაწყვეტილებას და თოვლში ეძებს იმ კვალს, რაც თვითონვე წაშალა. ნიკას სურს, ბავშვების წარსული კონფლიქტიდან შექმნას სხვა ვერსია. ეს სცენა სიმბოლურად გამოხატავს იმას, თუ როგორ ცდილობს ადამიანი მორალური ტვირთის გადატანას სხვაზე, სხვა პიროვნებების სუსტი წერტილების გამოყენებით. ეს არის მცდელობა იმისა, რომ სიმართლე გადააკეთოს ისე, რათა ნაკლებად შეეხოს მას, თუმცა სიმართლე არ იცვლის ფორმას, ის მხოლოდ დროებით იფარება. ნიკა აჩვენებს ადამიანური მორალის ყველაზე მტკივნეულ მხარეს: სად მთავრდება პასუხისმგებლობა და იწყება გადარჩენის ინსტინქტი? შესაძლებელია თუ არა ცხოვრება სიმართლის გარეშე, თუ სინდისი მაინც მოგვწვდება, თუნდაც ძალიან ღრმად გქონდეს ჩაფლული. მას არ ყოფნის გამბედაობა, თქვას მარტივი სიმართლე.
ნატა, როგორც მისი პარტნიორი და ემოციური მხარდაჭერის წყარო, კონტრტიპაჟად გვევლინება. მსახიობს შესანიშნავად გამოსდის სიცივისა და სიმშვიდის ნიღბის ტარება. ის თითქოს მეტად პრაგმატულია, უფრო ადვილად თანხმდება არასწორ ნაბიჯებზე, მისი თავშეკავებული, გამოთვლილი რეაქციები, სწორედ ისაა, რაც საჭიროა ამ მომენტში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის პატარა როლებიც – მოსწავლეები, რომლებიც გამოკითხვებზე ჩნდებიან. მათი თამაშში იგრძნობა ბავშვური არეულობა, გაურკვევლობა და შიში, რაც კიდევ უფრო რეალისტურად ხატავს სისტემას, სადაც ბავშვებს არავინ უსმენს ისე, როგორც საჭიროა.
პოლიციის გამოჩენას უნდა შემოეტანა დაძაბულობა, რომელიც დარღვევდა დუმილს და გამოააშკარავებდა სიმართლეს, მაგრამ ირკვევა, რომ პოლიცია არა მოქმედი ძალა, არამედ მექანიკური რგოლია, რომელსაც არ აქვს არც ინტერესი, არც უნარი. პოლიციის გამოძიება მიმდინარეობს როგორც ფორმალური, ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც არ ცდილობს ჭეშმარიტებას დადგენას, არამედ მხოლოდ პროცედურულ დასრულებაზეა ორიენტირებული. კითხვები რჩება ზედაპირულ დონეზე. ეს ატმოსფერო განსაკუთრებით მძაფრდება ბავშვების დაკითხვის სცენებში, სადაც პოლიცია თითქოს აკვირდება, მაგრამ რეალურად არ ცდილობს სიმართლის დადგენას. გამოძიება მიმდინარეობს სიმშვიდისათვის და არა სიმართლისათვის, არ ისმება კითხვები: რატომ იყო მოსწავლე ზედა ტრასაზე? რატომ ვერ დაინახა იგი ვერავინ? რატომ უღებდა ის ვიდეოს ნიკას?
რაც შეეხება ანას, იგი აღარ ჩანს კადრში, მაგრამ ყველგან იგრძნობა. მას სურდა მეტი თავისუფლება, ზედმეტიც კი. ის მიდის ზედა, აკრძალულ ტრასაზე, მწვრთნელს უღებს ვიდეოს, სურს მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდა. ამის პარალელურად, ის არის დაუცველი ბავშვი, ვინც თავიდანვე განწირულია მსხვერპლად.
სიუჟეტში არ ჩანან არც მშობლები, არც სკოლა. თითქოს სივრცე მთლიანად ჩაკეტილია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ორ ადამიანზე გადადის, ვისაც მოვლენების დაფარვა და სათავისოდ შემოტრიალება შეუძლია, ამიტომაც “ნომერი 26” არ მხოლოდ ტრაგედია, არამედ მთელი სისტემის კრიტიკაა.
რეჟისორი არ ცდილობს პერსონაჟების გამართლებას, არც მორალს გვასწავლის. ის მათ უყურებს გვერდიდან და ფიქრობს: არსებობს კი რამე მიზეზი დანაშაულის გასამართლებლად? საკმარისია თუ არა შიში პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად? სად გადის ზღვარი ადამიანურ სიბრალულსა და პასუხისმგებლობას შორის? და რამდენად შორს წავა ადამიანი, რათა დაფაროს ის, რასაც თავადაც ბოლომდე ვერ იაზრებს?
ერთ–ერთი კარგი მეტაფორა თოვლია. თოვლი მალავს კვალს. ის ზედაპირულად თეთრი, სუფთა და ლამაზია, შიგნით კი იმალება ძალადობა, უხილავი ზეწოლა, შეშინებული ახალგაზრდების დუმილი.
ფილმი კულმინაციას არ გვთავაზობს კლასიკური გაგებით. ამის გარეშეც თითქოს ყველასთვის გასაგებია, რაც მოხდა, მაგრამ მასზე არავინ ლაპარაკობს. ბოლოსკენ ჩანს ცარიელი სივრცეები, დათოვლილი ბილიკი, რომელსაც აღარავინ ადგას არა იმიტომ, რომ გზა აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ დანაშაულის კვალი შეიძლება დაიფარა, მაგრამ გონებაში წარუშლელია.
მიუხედავად ესთეტიკის სიძლიერისა, გარკვეულ მონაკვეთებში ვიზუალური მინიმალიზმი შეიძლება მეტისმეტად ნელ ფორმად მოგვეჩვენოს. ზოგიერთ სცენაში კადრები ზედმეტად იწელება ისე, რომ არც ემოციურ დატვირთვას მატებს და არც ახალი ინფორმაციის მატარებელია. შედეგად, ფილმის რიტმი ზოგჯერ, ნაწილობრივ კარგავს მუხტს.
იქმნება განცდა, რომ ფილმი ზედმეტად თავს არიდებს კონკრეტულ პოზიციას. რეჟისორი თითქოს განგებ ტოვებს შეფასებას მაყურებლისათვის, რაც ზოგჯერ დასაშვებიც და კარგი გამოწვევაა, ზოგჯერ კი ეს პასუხისმგებლობის გადატანაა ავტორიდან აუდიტორიაზე. ფილმი შეიძლება აღიქვა, როგორც დაუმთავრებელა სიუჟეტი. იგი თითქოს შეგნებულად გაურბის მწვავე დაძაბულობას და ამით შინაარსობრივ ტემპს კარგავს.
ეს კინოსურათი გვახსენებს, რომ არა მხოლოდ ქმედება, არამედ მისი დაფარვაც შეიძლება დანაშაულად იქცეს. უნდა დავფიქრდეთ, რა ფასი აქვს სიმართლეს. იგი არ გვთავაზობს პასუხებს და არც გვაიძულებს არჩევანის გაკეთებას პერსონაჟებს შორის. რეჟისორი არ ცდილობს გვასწავლოს, ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე. ის გვიყვება ამბავს, რომელსაც ყველა თავისებურად გაიგებს, თითოეული მაყურებელი განსხვავებულ დასკვნას გამოიტანს.
თეონა ვეკუა






