არსებობენ გენიალური რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაში ძნელია გამოარჩიო ერთმანეთზე უკეთესი ფილმი და მას „Magnum opus“ უწოდო. რაც არ უნდა ხშირად ნახო საუკეთესო რეჟისორების კარგი ფილმები, შეიძლება რომელიმე გამორჩეულად შეიყვარო, მაგრამ „აღიარო“, რომ ყველა თავისებურად შედევრია. არ არსებობენ დიდი რეჟისორები რომელთა შემოქმედებაში არ ყოფილა თუნდაც ისეთი ფილმი, რომელზეც ფიქრობ, რომ მის ნიჭსა და შესაძლებლობას ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ ამით მის დიდებას არაფერი დაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ კინოკრიტიკოსების ქარ–ცეცხლშიც გვარიანად გახვეულან და მაყურებლის ქილიკიც არ ასცდენიათ. ამ რეჟისორთა რიცხვს მიაკუთვნებენ ფრენსის კოპოლას, სტივენ სპილბერგს, ვერნერ ჰერცოგს და კიდევ მრავალს. ფედერიკო ფელინიმ მოგვიანებით, როცა გადაიღო ფილმი, „ქალთა ქალაქი“, იგი დრამატურგიულად გაუგებარი და თემატურად ქაოტური გამოვიდა. ფილმი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი სტილის კარიკატურადაც კი აღიქვეს. მსგავსი გავლენიანი და ნიჭიერი რეჟისორები ქართველებს ბევრი გვყავს და ერთ–ერთი მათგანი მერაბ კოკოჩაშვილია.
„ტერცო მონდო“ (2024) ასე ჰქვია მერაბ კოკოჩაშვილის ახალ ფილმს, რომელიც მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გადაიღო, იმ ასაკში, როცა ადამიანები ბავშვივით გულწრფელნი, ფაქიზნი და გულახდილები არიან. სწორედ ასეთ ბავშვურ გულწრფელობას და გულახდილობას ავლენს რეჟისორი თავის ფილმში იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ადარდებს, სტკივა და აფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აკლია მკაფიო დრამატურგიული განვითარება, სრულყოფილი საშემსრულებლო ტექნიკა, სიღრმისეული მიზანსცენები, მისი ყურებისას მაინც იგრძნობა ის ემოცია და განცდა იმისა, რომ დიდი ხელოვანი თითოეულ ეპიზოდზე მუშაობისას განსაკუთრებულად ფიქრობდა და სიფრთხილით ეკიდებოდა ისეთ მტკივნეულ თემას, რაც ქართველებისათვის მოუშუშებელ ტკივილად იქცა.
ფილმი მოგვითხრობს ორ ძმაკაცზე, რომელთა ურთიერთობაც სკოლის მერხიდან (საბჭოთა პერიოდის წლებში) იწყება და უფროს ასაკამდე გრძელდება. მათ ურთიერთობაში კონფლიქტი ჯერ კიდევ ბავშვობაში ღვივდება თანაკლასელი ნათიას სიყვარულის გამო, ხოლო 1990-იან წლებში, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, უფრო მწვავდება და ერთმანეთის მოქიშპეებიც კი ხდებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ზრდასრულ ასაკში, მრავალი წლის შემდეგ, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, ამჟამად უკვე უცხო ქვეყანაში, სადაც ბავშვობის ტკბილ–მწარე მოგონებები მათ ხელახლა აახლოებს. კონფლიქტი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, მათ მოსვენებას არ აძლევთ, ამას ახალი გაუგებრობებიც ემატება და მათ შორის ურთიერთობა კვლავ იძაბება.
ეს ეპოქები, თაობები და ამბები: სამოქალაქო ომი, ბავშვობა სოფელში, ორი ძმაკაცის აკასა (ლევან წულაძე) და მოხიტოს (დუტა სხირტლაძე) სიყვარული ერთი გოგოს მიმართ, შეთანხმება პრეზიდენტის ბუნკერში, პერსონაჟი, რომლის ხელშიც აღმოჩნდება მთავარი გმირის მიერ დაწერილი მთელი ეს ამბავი, დრამატურგიულად ერთმანეთში ისე იხლართება და ირევა, რომ ნარატიულ და სტილისტურ ქაოსს იწვევს. აკასა და მოხიტოს შორის წამოჭრილი დიალოგები იმდენად ყალბი, ხელოვნური და თეატრალიზებულია, რომ კინემატოგრაფიული ენა სადღაც იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორების (დავით გუჯაბიძე, გიორგი ხარებავა) ნამუშევარი საკმაოდ აზრიანი და სიღრმისეულია, მაინც ვერ ხერხდება ფილმის ქაოტური დრამატურგიის, მსახიობთა არაბუნებრივი ხმის ტემბრის, ჟესტებისა და მიმიკების „გადაფარვა“. კამერა დეტალებზე აქცენტირებით, საინტერესოდ ცდილობს ამბავი მაყურებლისთვის უფრო ახლობელი გახადოს და გამოიწვიოს ის განცდები და ტკივილი, რამაც გასული საუკუნის სამოქალაქო ომმა ქართველების ფსიქიკაზე მწვავედ იმოქმედა, ორად გახლიჩა და მათ შორის უზარმაზარი უფსკრული წარმოშვა. ოპერატორის თვალი არა მხოლოდ აფიქსირებს ფაქტებს, მოვლენებს, არამედ ისე გვიყვება ამბავს, რომ რეჟისორის ჩანაფიქრს უფრო მეტად ამდიდრებს სიღრმისეული რაკურსებით. კადრის კომპოზიცია ზოგჯერ პოეტურობით და დეტალებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა, რაც ემოციურ ატმოსფეროს ქმნის. სტატიკური კადრები კი ხაზს უსვამენ გმირების წარსულში გაყინულ განცდებს, რომლებიც აწმყოში ინაცვლებენ.
ფილმის დასაწყისში, ტიტრების ფონზე, ოპერატორი ნელი პანორამული მოძრაობით იღებს ღამის ქუჩას, სადაც ცეცხლისმფრქვეველი ტყვიები ელვის სისწრაფით მოძრაობენ დასახლებულ ადგილას. კამერა ოთახში ინაცვლებს და ინტერიერის დეტალურ აღწერას იწყებს უწყვეტი მოძრაობით, რითაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ფიზიკურად შეიგრძნოს სივრცე, არამედ დაძაბულობისა და მოლოდინის ეფექტი შექმნას. კამერის ნელი მოძრაობა ქმნის დროისა და სივრცის შეგრძნებას, რომელიც ჰიპნოზურად მოქმედებს აღმქმელზე, დაძაბულ, ღრმა და ემოციურად დამთრგუნველ კულმინაციას კი მაშინ აღწევს, როცა ქუჩიდან ნასროლი ტყვია ფანჯარასთან მიყრდნობილ ნათიას გულში შეაღწევს. ეს შოკისმომგვრელი სცენა, რომელიც პირველივე კადრებიდანვე ეფექტს ახდენს მაყურებელზე, მომდევნო სცენებით მალევე ბათილდება.
მრავალი წლის უნახავი მეგობრების შეხვედრა შორეულ ქვეყანაში ზედმეტად თეატრალიზებულ შეგრძნებას ტოვებს, რაც კინოსაგან იმდენად შორს არის, რომ მათი თამაში უფრო ლაზღანდარობას ჰგავს, ვიდრე გმირების ხასიათის გახსნას. ფილმში ზედმეტი დიალოგი და რეპლიკები კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილად ჟღერს. აკა მორჩილაძის მოთხრობა, „ტერცო მონდო“, რომლის მიხედვითაც ეს ფილმია გადაღებული, მართალია, თითქმის სულ დიალოგებზეა აგებული, მაგრამ ეს ექსპრომტად წამოსროლილი ფრაზები და სიტყვები ისე თავისუფლად და თანმიმდევრულად მიყვება ერთმანეთს, როგორც ძაფზე ასხმული მარგალიტები.
ქეთი შათირიშვილი, დანარჩენი მსახიობებისგან განსხვავებით, ავთენტურობით გადმოსცემს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას. მისი ცეკვა ფილმის ერთ–ერთ ეპიზოდში არ არის უბრალოდ საკუთარი სხეულის გრაციოზური მოძრაობა, არამედ ეს მისი შინაგანი თავისუფალი, უფრო კონკრეტულად კი, მისი „ბასკური ფესვების“ როკვაა, რომელიც გამოხატავს თავისუფლებისადმი ლტოლვას, იმ თავისუფლებისადმი, რომელიც ქართველებს ასე ძალიან გვაკლია. და თუკი გავითვალისწინებთ ზოგიერთი მეცნიერის აზრს იმის შესახებ, რომ ბასკები ქართველების მონათესავე ერია, შეიძლება მისი ცეკვაც სიმბოლურად ქართველების თავისუფლებისაკენ სწრაფვის მეტაფორადაც კი აღვიქვათ.
ტერმინი „ტერცო მონდო“, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს სუსტად განვითარებულ ქვეყნებს და აქ სწორედ, სავარაუდოდ, ქართველები (და არამარტო ქართველები) მოვიაზრებით. ის ასევე, სიმბოლურად, გმირების კონფლიქტთანაც ასოცირდება, რომლებმაც ბოლომდე მაინც ვერ აპატიეს ერთმანეთს ბავშვობისდროინდელი შეცდომები. „ტერცო მონდო“ ასევე აღიქმება როგორც ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება და ურთიერთობათა კონფლიქტი, რომელიც წინა საუკუნეში გადავიტანეთ. ახლა 21-ე საუკუნეა და კვლავაც წრეზე ვტრიალებთ, ისევ ერთმანეთის შუღლსა და თავ–პირის მტვრევაში.
საერთოდ რაზეა ეს ფილმი – სამოქალაქო ომზე? ქართველების მტრობაზე ერთმანეთის მიმართ? „სასიყვარულო სამკუთხედზე“? ქართველების დამოკიდებულებაზე ევროპელი ტრანსების მიმართ? თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებზე? სომხებისა და თურქების მეგობრულ დამოკიდებულებაზე ევროპაში? რა კარგია ევროპა, სადაც თანასწორობა და სილაღეა, თუ რა ცუდია ევროპა, სადაც გარყვნილება და სიყვარული ერთმანეთში ერევათ? და თუ ყველაფერზე ამაზე? ალბათ, ფილმი მეტწილად ყველაფერზეა, უფრო მეტად კი ქართველებზე, რომლებმაც ის ფეკალიები, რომელიც ფილმში არაერთხელ ჩნდება კადრში, ბოლომდე ვერ ჩამოირეცხეს. რეჟისორს ბევრის თქმა სურდა იმაზე, რაც სტკიოდა, რასაც განიცდიდა, რაზეც ფიქრობდა და დარდობდა, საბოლოოდ კი მან ეს ყველაფერი კოხტად და ლამაზად ერთი ჩვეულებრივი ფილმის ქრონომეტრაჟში ვერ ჩაატია. ამას ისიც დაემატა, რომ ფილმის გადაღება დაემთხვა კორონას პერიოდს, რამაც მისი გადაღების პროცესი გააჯანჯლა და წლები დასჭირდა, რომ დასრულებულიყო. სწორედ ეს დროში წყვეტა დაეტყო ფილმის მონტაჟს, დრამატურგიას, რა დროსაც აზრობრივი კავშირი კადრებს შორის ხშირად ირღვევა და თემა მოულოდნელად იცვლება ისე, რომ ემოციური კავშირი ფილმსა და მაყურებელს შორის უხეშად წყდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მაინც ის არის, რომ „ბორკილდადებულ“ საქართველოზე ისევე სწუხან აკა და მოხიტო, როგორც თავად რეჟისორი, რომელიც ყველანაირად ეცადა, ეს გულისტკივი გადმოეცა. ის არა მხოლოდ საქართველოს ბედზე, არამედ სხვადასხვა ერების ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულ, ლოიალურ და მეგობრულ ურთიერთკავშირებზეც კი ფიქრობს. აუზის ეპიზოდში, სადაც თურქები, სომხები და ქართველები ერთმანეთს ხვდებიან, აკა აღტაცებაში მოჰყავს სომხებისა და თურქების ურთიერთთანამშრომლობას. მათი ერთად ნამღერი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ზედმიწევნით გამოხატავს ფრიდრიხ შილერის ლექსის „სიხარულის ოდის“ მთელ არსს, ხოლო ბეთჰოვენის პათეტიკური ჰანგები კი სრულყოფილად ერწყმის მოქმედი გმირების მგზნებარე განწყობას, რომელიც პირდაპირი გზავნილია ადამიანობის, ერთობისა და თავისუფლების შესახებ.
ფილმი სულ ფლეშბექით ვითარდება, რაც თავად აკას შინაგან შფოთვას, განცდებს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა იმ მძიმე, სისხლიანი სამოქალაქო ომიდან, ასევე იმ მტკივნეული შემთხვევიდან, როცა ბინაში მყოფი მისი შეყვარებული ქუჩიდან ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, ვერც დრომ, ვერც ევროპის ლაღმა ცხოვრებამ არამცთუ დააცხრო ეს ტკივილი, არამედ პირიქით, მეგობართან შეხვედრამ ძველი იარები ხელახლა განუახლა და მოსვენება დაუკარგა. ბავშვობაში განცდილი მეგობრების სიყვარულის ამბავი ზრდასრულ ასაკში ახალ ფორმას იძენს და რეჟისორი მათ კვლავ ერთი ქალის ირგვლივ აერთიანებს. რეჟისორი თითქოს ცდილობს ამ „სამკუთხედით“ ისინი ბავშვობაში დააბრუნოს ახლებური ფორმით, განსხვავებული გრძნობებით, უფრო ევროპული თავისუფლებით, რომელიც საბოლოოდ მათ ურთიერთობასა და მეგობრობას უხამს ელფერს სძენს და უთანხმოებას წარმოშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ბევრი რამ ხელოვნური და არაბუნებრივია, მასში იგრძნობა ის დიდი ჰუმანურობა, რასაც სხვადასხვა ეროვნებებს შორის მეგობრობის სურვილი წარმოშობს. ყველას თავის ტრადიცია, კულტურა და შეხედულებები აქვს. ქართველი, სომეხი, თურქი, ხორვატი, აფხაზი, ბერძენი – ყველა ისინი, რომლებიც ფილმში ჩნდებიან, ქმნიან ერთ დიდ სითბოსა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ალბათ, ეს იყო რეჟისორის მთავარი მიზანი, რომ ყველა ერთ მუშტად შეეკრა, დაემეგობრებინა და მაყურებლისთვის ეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კულტურა, ტრადიცია, ტემპერამენტი გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მემარჯვენე და ზოგიც მემარცხენეა, ადრე თუ გვიან ყველა ერთად მაინც ვიმღერებთ „სიხარულის ოდას“.
ქეთევან ღონღაძე






