ქართული თანამედროვე კინო ბოლო წლებია განსაკუთრებულად პოლიტიკურია. ყოველივე ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო–რუსეთის ურთიერთობების გადააზრებისა და მისი ახალი კუთხით დანახვის მიზნით ხდება. რუსუდან გლურჯიძემ მისი პირველივე ფილმით, „სხვისი სახლი“ (2016) დაიწყო აფხაზეთის ომზე საუბარი, ხოლო ბოლო ფილმით „ანტიკვარიატი“ (2024) შეეხო რუსეთ–საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ურთიერთობებს.
რეჟისორმა ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი დაუდო – 2006 წლის ქართველების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან, რომლის ბრძანებაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. ფილმს სამი ნარატიული ხაზი აქვს: ქართველი ბიჭი ლადო, რომელიც ქართველების ანტიკვარიატის მაღაზიის მძღოლია; მედეა, რომელიც იმავე მაღაზიის მენეჯერი და ლადოს შეყვარებულია და ვადიმ ვადიმივიჩი, რუსი მოხუცი, რომელმაც მედეას სახლი მიჰყიდა იმ პირობით, რომ თავადაც იქ დარჩებოდა საცხოვრებლად.
სამივე ხაზის განვითარება აგებულია „არგონავტების“ მითზე და მისი ალუზიები მრავლად არის ფილმში. სცენარისტის, ოლეგ ნეგინისათვის, როგორც ჩანს, კოლხური მითოსი აღმოჩნდა ქართულ–რუსული ურთიერთობების შთაგონების წყარო. ამის სამაგალითოდ უნდა აღინიშნოს პერსონაჟი მედეა, რომელიც, სახელიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძველი მითის მთავარ ალუზიას. იგი ცხოვრობს რუსი მოხუცის სახლში, რომელიც ერთგვარ „ოქროს საწმისად“ არის აღქმული ფილმში. ანტიკვარიატის დირექტორი, რომლის ხმაც ისმის მხოლოდ, ერთგვარ მითოლოგიურ არსებას, სირენას წარმოადგენს, რომელიც მედეას ესაუბრება და რჩევებს აძლევს.
„ანტიკვარიატის“ თხრობით ხაზში, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობების გარდა, მედეასა და ვადიმის ურთიერთობაა. ისინი ფილმში, ფაქტობრივად, წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას, ამიტომაც მათი პირით შეიძლება ვიგებდეთ უამრავ სურვილს, თხოვნას თუ ოცნებას რეჟისორისა, რომლებიც, ერთი მხრივ, გაუგებარი, მეორე მხრივ კი – ურთიერთსაწინააღმდეგოა. ეს ყველაფერი შეიძლება არაფორმალური „კაპიტულაციის“ სურვილადაც ჩაითვალოს, რადგანაც ჩანს მეტაფორები, რომლებიც ამის ფიქრის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, კინოსურათში მედეასა და ვადიმს უჩვეულო კავშირი აქვთ: მოხუცმა ახალგაზრდა გოგონას მიჰყიდა სახლი ცხოვრების უფლებით, რაზეც ქართველი დათანხმდა. ისინი მხოლოდ სახლის საქმეებზე თუ დაილაპარაკებენ და იშვიათად პირადზეც თუ ისაუბრებენ, თუმცა მაინც ყალიბდება მათ შორის რაღაც სასიამოვნო, მამა–შვილური კავშირი, რომელიც მშვენიერი პაემნით მთავრდება, სადაც ისინი ერთმანეთს გულს უშლიან. ეს ყველაფერი მაყურებლისთვის ძალიან რთულად აღსაქმელი რამ არის: როდესაც ქართველი ქალი ეგუება და ემეგობრება „ოკუპანტ“ რუს მოხუცს, რომელმაც მას სახლი მიჰყიდა, თუმცა მაინც შიგნით ცხოვრობს, ეს ერთგვარ მესიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით „შემგუებლური“ და „მეგობრული“ უნდა იყოს. ყოველივე მაინც აღქმადია, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტს ლაიტმოტივად გასდევს ქართველების დევნა, პუტინის რადიოჩანაწერი (რის დროსაც მედეას პერსონაჟი მას მწარედ აგინებს) და თავად ვადიმის ხელისუფლების მიმართ კრიტიკა. ამის მიუხედავად, კინოსურათს მაინც თან სდევს ის ელფერი, თითქოს რუსეთი, უბრალოდ, შეცდა ჩვენს მიმართ და მას სხვა არანაირი განზრახვა არ ჰქონია.
„ანტიკვარიატის“ ამ დივერსიული სიუჟეტის გარდა, აღსანიშნავია, სალომე დემურიას სამსახიობო „კლასი“ – თუ რაოდენ ჩვეულებრივი და არაფრისმომცემი პერსონაჟი შეიძლება შექმნას მსახიობმა, იმის გათვალისწინებით, რაც მედეას ემართება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი გმირს, ქართველ მარტოხელა ქალს, რომელიც უცხო მიწაზე შრომობს უკეთესი ცხოვრებისთვის, უნდა თანავუგრძნოთ, თუმცა წამითაც არ ჩნდება განცდა, რომ მასთან რაიმე ემოციური კავშირი შეიძლება დაამყაროს მაყურებელმა, რადგან მსახიობის შექმნილი პერსონაჟი იმდენად არაქარიზმატულია, რომ მის მიმართ საეჭვოა საზოგადოებას რაიმე ემპათია გაუჩნდეს.
ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ფილმში ნამდვილად არის დამდგმელი ოპერატორი, გორკა გომეს ანდეუ. მისი ხედვა მოსკოვისა და, ზოგადად, რუსეთის მიმართ, ალბათ, ყველაზე ადეკვატური რამაა. სწორედ მან შესძინა ნამუშევარს ყველაზე მნიშვნელოვანი ტონი, რადგან იმ უარყოფით განწყობას რუსული რეჟიმის მიმართ, სწორედ იგი ქმნის.
რუსუდან გლურჯიძის ფილმში ნათლად ჩანს, რომ სათქმელი ბოლომდე ვერ ითქვა. ეტყობა, რეჟისორმა საშინელ „ბეწვის ხიდზე“ გაიარა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაუწყდა და ამიტომ შექმნა „იუდას კოცნის“ ტიპის ნამუშევარი, რომელიც პირფერული პატრიოტიზმით არის დახუნძლული. ეს ყველაზე კარგად ფილმის ფინალში იჩენს თავს, სადაც ვადიმს დემენცია ეწყება. იგი პოლიციის განყოფილებაში მოხვდება, სადაც ჩანს, როგორ ექცევიან ქართველებს, რომლებიც დაადეპორტეს. მისი უკმაყოფილება და გაბრაზება იმდენად უსუსური და არაფრის მთქმელია, რომ ეს მის სიტყვებშიც აისახება – მას ავიწყდება წარსული და ყველაფრის მიმართ მყიფე ადამიანური ემპათიით არის განმსჭვალული. ამის შემდეგ ფილმში ჩანს მზიან ქალაქში მყოფი მედეა, რომელიც სიმშვიდეს იმკვიდრებს მოსკოვის ქუჩებსა და იმ სახლში, სადაც მისი „ოკუპანტი“ ცხოვრობდა.
რთულია ბოლომდე გაგება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა რეჟისორს აბსოლუტურად „გამზადებული“ კინემატოგრაფიული ამბის – ფიქციური თანამედროვე დროის მოსკოვში მცხოვრები ქართველების შესახებ ფილმის გადაღების სურვილი. თანაც ისეთი სტილით, თითქოს ეს ყოველივე სიზმარი ყოფილიყოს. არადა, ყველამ იცის, ყველას ყველაფერი ახსოვს. ზოგი შეიძლება ამ საშინელი დევნისა და დეპორტაციის მსხვერპლიც კი არის. ეს ამბავი არ ყოფილა რაიმე ზმანება ან გამოგონილი ზღაპარი, არამედ სასტიკი რეალობა იმ პერიოდის ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც თავიანთი ოჯახებისთვის შრომობდნენ რუსეთში.
ფილმი მართლა ტოვებს შეგრძნებას, რომ მთლიანობაში ერთი დიდი ზღაპარია, სადაც ბოროტს კეთილმა კი არ სძლია, არამედ მასთან თანაცხოვრება ისწავლა. შეიძლება ფილმის მთავარ სათქმელადაც ეს ჩაითვალოს. მედეას პერსონაჟი მზიან მოსკოვში რჩება და სწავლობს, როგორ იცხოვროს მშვიდად იქ, სადაც მას მტრობენ. ასეთი მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს იმ კონფორმისტული იდეების მატარებლად, რაც დღეს ჩვენს რეალობაში ხდება.
თავად რეჟისორს ნამდვილად სჯერა, რომ შექმნა ფილმი, რომელიც წარმოაჩენს რუსეთის ტირანიასა და ბოროტებას. ამას ხსნის კიდეც დასასრულს, ტიტრების მსვლელობისას, ფონად დასმული, ჰააგის სასამართლოს დადგენილება, სადაც საუბარია რუსეთის დანაშაულობებზე. თითქოს ამან ფილმს შეუცვალა აზრი, თუმცა რეჟისორმა მთავარი სათქმელი უნდა აღნიშნოს არა ტიტრებში, არამედ სიუჟეტის მსვლელობისას და ერთი წამითაც არ უნდა მოადუნოს ყურადღება.
რთულია იმის გაგება, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ „ანტიკვარიატის“ შექმნის პროცესში, რისი თქმა ან რა ემოციის გამოწვევა სურდათ მაყურებელში ფილმის შემქმნელებს, თუმცა საბოლოო შედეგად ვიხილეთ კონფორმისტული იდეების მატარებელი კინოსურათი, სადაც მტერი მოყვარეა, მოყვარე კი მტერი.
საბა მახარაშვილი






