1960-იანი წლების ქართული კინო, თენგიზ აბულაძის, ოთარ იოსელიანის ან ელდარ შენგელაიას ფილმები, სავსე იყო ადამიანურობით, ირონიითა და პოეტურობით. თანამედროვე ქართული კინო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, ხშირად უტრიალებს ერთსა და იმავე თემას, გამუდმებით ბრუნდება სიცარიელესა და უიმედობაში. მაშინდელ ფილმებშიც უშვებდნენ გმირები შეცდომებს, მაგრამ ფილმების ნარატივში ყოველთვის არსებობდა სინათლე და რწმენა, რომ სიკეთე სადღაც მაინც არსებობს. დღეს კი, ახალი რეჟისორთა თაობა ფილმებში სინათლეს აღარ ეძებს. ისინი ცდილობენ, აჩვენონ რეალობა ისეთი, როგორიც არის: უკომპრომისო, ხანდახან უხეში, ხშირად უსამართლო. ქართულმა კინომ თითქოს დაკარგა ფანტაზიის უნარი და აირჩია შიშველი ფაქტების მოყოლა.
სწორედ ასეთი თანამედროვე ნარატივის გამგრძელებელია ლუკა ბერაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ბოდიში დაგვიანებისთვის“ (2021). ის რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, მაგრამ, ამავე დროს, სცილდება კონკრეტული შემთხვევის აღწერას. ეს ფილმი გვიყვება ამბავს, რომელიც 2019 წელს მართლაც მოხდა – სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით მივიდა ბინაში, სადაც მოხუცი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შოკირებული ნათესავები, ბრაზითა და უსამართლობის განცდით შეპყრობილები, თავს დაესხნენ ექიმებს. ამ სცენაში არ არის მხოლოდ ბრაზი კონკრეტული სამსახურის მიმართ, ეს არის იმ მრავალწლიანი სიჩუმის აფეთქება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ხშირად იგრძნობა.
რეჟისორი ამ ამბავს არ ყვება როგორც ჟურნალისტურ ქრონიკას. ის გარდაქმნის მას მეტაფორად, რომელიც ზუსტად გამოხატავს თანამედროვე საქართველოს მორალურ და სოციალურ მდგომარეობას. ჩვეულებრივი ყოველდღიური ეპიზოდით დაწყებული ფილმი მალევე გარდაისახება მძიმე სოციალურ დრამად.
ეს ნამუშევარი საუბრობს პასუხისმგებლობის თემაზე. აქ პასუხისმგებლობა გაცილებით ფართო კონტექსტშია ნაჩვენები – ეს არის ადამიანის ვალდებულება, ადამიანად დარჩეს, მაშინაც კი, როცა სისტემა და გარემო ყველაფერს აკეთებს, რათა ეს შეუძლებელი გახადოს. ექიმების დაგვიანება თითქოს ტექნიკური პრობლემაა, მაგრამ რეჟისორი მას მორალური მნიშვნელობით წარმოგვიდგენს. ეს დაგვიანება მეტაფორად იქცევა – დაგვიანება პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და კაცობრიობის წინაშე.
ბერაძე არ ირჩევს მხარეს. ის არც ექიმებს ამართლებს და არც ნათესავებს ამტყუნებს. უბრალოდ, აჩვენებს იმ სიცარიელეს, რომელიც არსებობს ამ ორ მხარეს შორის. ფილმში არ არის არც ერთი გმირი, რომელიც სრულად მართალია. ექიმები ცდილობენ თავიანთი საქმის კეთებას, მაგრამ სისტემური უძლურება მათ ბიუროკრატიის მსხვერპლად აქცევს, ნათესავები კი, თავიანთი ტკივილის მიუხედავად, აგრესიით რეაგირებენ და ადამიანობის საზღვრებს არღვევენ. ფილმი ამბობს: პრობლემა ცალკე არც ინდივიდშია და არც სისტემაში, პრობლემა მთლიანად საზოგადოებაშია, რომელიც იმდენად დაიშალა, რომ პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა აღარ არსებობს.
კამერა ხშირად სტატიკურია, მოძრაობა ნელა ვითარდება, ხმები მკვეთრადაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით ქალაქის ფონური ხმაური. ფილმის ოპერატორი ქმნის ვიზუალურ ენას, რომელიც აბსოლუტურად ეხმიანება ფილმის ნარატივს. კამერა, უმეტესად, ხელითაა დაჭერილი, ოდნავ მოძრაობს, თითქოს პერსონაჟების გადაადგილებას უწყობდეს ფეხს. კადრების უმეტესი ნაწილი გადაღებულია შიდა სივრცეში, რაც ქმნის უკიდურესი ჩაკეტილობის განცდას. მაყურებელი ვერ შორდება ამ ოთახს, ვერ გადის ქუჩაში, ვერ სუნთქავს ზუსტად ისე, როგორც პერსონაჟები ვერ პოულობენ გამოსავალს. ოპერატორი არ ცდილობს ლამაზი კადრების გადაღებას და სწორედ ამით აღწევს რეალობას. კადრები თითქოს შემთხვევითაა გადაღებული, მაგრამ სინამდვილეში ძალზე გააზრებულია. კამერა ხშირად ჩერდება სახეებზე, ოთახის სიჩუმეზე, გაურკვეველ ჟესტებზე. ამგვარი ფორმა ფილმს რეალისტურ სიმძაფრეს ანიჭებს, თუმცა ოპერატორული სიზუსტე ვერ ცვლის საერთო დინამიკას. ფილმის რიტმი ერთფეროვანია, ზოგიერთ სცენაში კი ზედმეტად გაწელილი, რაც მაყურებლის ემოციურ ჩართულობას ართულებს. კამერა ზოგჯერ თითქოს იბნევა, არ იცის, სად უნდა გაჩერდეს და რა უნდა დატოვოს კადრს მიღმა.
ფილმის ფერებიც მინიმალისტურია: თეთრი და ნაცრისფერი დომინირებს, რაც ცივ ატმოსფეროს ქმნის. ფერები აქ არა მხოლოდ ატმოსფეროსთვის არის, არამედ მორალური და სოციალური სიცივის მეტაფორადაც გვევლინება.
ფილმის ღირსება თემის აქტუალურობაა, რომელიც ბევრ ქართველ მაყურებელს შეიძლება სტკიოდეს. ბერაძემ აირჩია ისეთი ამბავი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ იშვიათად ხდება კინემატოგრაფიული განხილვის საგანი. ასევე, კარგი გადაწყვეტაა ფილმის მოკლემეტრაჟიანად წარმოდგენა. ერთი შეხედვით, თითქოს მცირე ეპიზოდია, მაგრამ ის გაცილებით მეტს ამბობს თანამედროვე საქართველოს შესახებ, ვიდრე მრავალი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი. დიალოგები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა თითოეულ ეკონომიურად გამოთქმულ ფრაზაში იგრძნობა დაძაბულობა. როდესაც ნათესავი ამბობს: „სად იყავით ამდენი ხანი?“ – ეს არ არის მხოლოდ კითხვა ექიმებისადმი, ეს არის მთელი სისტემისადმი მიმართული პროტესტი.
ლუკა ბერაძის „ბოდიში დაგვიანებისთვის“ ეხმიანება კრისტი პუიუს „ბატონი ლაზარესკუს სიკვდილს“ (2005) – ფილმს, რომელმაც დრამატული რეალიზმითა და პაციენტის აბსურდულად ხანგრძლივი სიკვდილის ქრონიკით მთლიანად განსაზღვრა „რუმინული ახალი ტალღის“ ტონი. ლაზარესკუსა და ბერაძის მოხუცების ბედი ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. სახელმწიფო სისტემა, რომელიც უნდა იყოს ადამიანის გადარჩენის ინსტრუმენტი, თავად ხდება სიკვდილის მიზეზი.
„ბატონი ლაზარესკუს სიკვდილში“ ერთი მოხუცი კაცი ცუდად ხდება და სასწრაფო დახმარება მას მთელი ღამე დაატარებს ბუქარესტის საავადმყოფოებში. ექიმები, როგორც წესი, გულგრილი, უკმაყოფილო და გადაღლილი არიან. საბოლოოდ, პაციენტი კვდება და სიკვდილი იქცევა არა ტრაგედიად, არამედ რუტინად.
ბერაძის ფილმის სცენარი თითქმის სიმბოლურად მოკლებულია მოძრაობას. აქ პაციენტი უკვე მკვდარია. ქართველ რეჟისორს აღარ დასჭირდა გზის გაკვალვა, გზა უკვე გავლილია. პუიუ გვიჩვენებს პროცესს, ბერაძე – შედეგს. ორივე ფილმი ერთი და იმავე კითხვას სვამს: რაშია საქმე, როცა სიკვდილი ხდება ჩვეულებრივი მოვლენა? როცა ადამიანის ტკივილი აღარ იწვევს არც ცრემლს, არც სინანულს, მაშინ მხოლოდ ბოდიში რჩება. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ პუიუს ფილმში მოქმედება უფრო დინამიკურია, რეჟისორი არ უშინდება მკაფიოდ საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ბერაძის ფილმის ფორმა და ვიზუალური ენა კი გაჟღენთილია სხვანაირი ესთეტიკით – სიჩუმე, უძრაობა, ბუნებრივი განათება, ფსიქოლოგიური სიცივე. თავისთავად, ეს შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ როცა ასეთი ტენდენცია მთავარ ენად იქცევა, კინო კარგავს მრავალფეროვნებას. კომპოზიციურად გამართული, მაგრამ სულიერად დაცარიელებული ფორმა ზუსტად ასახავს იმ კრიზისს, რომელშიც თანამედროვე ქართული კინო იმყოფება. ტექნიკურად უნაკლო, მაგრამ ადამიანურად გაუცხოებული.
მსახიობთა თამაში ზოგჯერ ზედმეტად დისტანციურია. ექიმების როლებში მსახიობები კარგად წარმოაჩენენ პროფესიულ სიცივეს – მათ უკვე იმდენჯერ უნახავთ სიკვდილი, რომ ემპათიის უნარი დაკარგეს. ნათესავების რეაქციებში იგრძნობა ნამდვილი, მოუმზადებელი ემოცია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნაწილი მათგანი ნამდვილი ადამიანებია და არა მსახიობები.
ზოგიერთ სცენაში ეს ნატურალიზმი მონოტონურობაში გადადის. დიალოგები ხშირად არაფრის მომცემია, ზოგჯერ ტექსტის ბუნებრიობა იკარგება და ის სცენარს ხელოვნურად აქცევს. აქ იკვეთება ერთ–ერთი სერიოზული პრობლემა – მსახიობების ნაწილი თითქოს თავადაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ ემოციებში. შედეგად, ფილმი კარგავს იმ ენერგიას, რომელიც რეალური ტრაგედიის გადმოსაცემად აუცილებელია.
დიალოგები თითქოს განმეორებადია, ვერ აღწევს ტრაგედიის ფსიქოლოგიურ სიღრმეს. რეჟისორი ცდილობს, მოერიდოს მორალისტურ შეფასებებს, მაგრამ ამით თავადაც კარგავს პოზიციას. ფილმი რჩება ფაქტის აღწერად და არა ამ ფაქტის ინტერპრეტაციად.
ბერაძის ფილმში მუსიკა თითქმის არ გამოიყენება, რაც შეგნებული გადაწყვეტილებაა. რეჟისორს სურს, რომ მაყურებელი უშუალოდ რეალობის ხმაში ჩაეფლოს. ისმის ქაოტური ხმები, ღრიალი, ტირილი, ქალაქის შორი ხმა. ეს ხმოვანი მინიმალიზმი, გარკვეულწილად, მუშაობს, თუმცა ზოგჯერ ფილმი სრულ სიჩუმემდე მიდის და ამით ემოციური ეფექტი სუსტდება.
„ბოდიში დაგვიანებისთვის“ არის მეტაფორა ქართული საზოგადოების მდგომარეობაზე, სადაც ყველა რაღაცას აგვიანებს – რეაგირებას, თანაგრძნობას, სიყვარულს, ადამიანურ სიტყვას. ფილმი არ აიძულებს მაყურებელს, ეძებოს დამნაშავე, არამედ აფიქრებს, რა მოუვიდა მას, როგორც საზოგადოებას, როცა სიკვდილიც კი აღარ აშფოთებს, რადგან უკვე მიეჩვია ამას.
დღევანდელი ფილმები, მათ შორის ბერაძის ნამუშევარიც, ხშირად მხოლოდ სოციალური პრობლემის აღწერით შემოიფარგლება. რეჟისორები თითქოს ცდილობენ ფესტივალებზე გასვლას და არა შინაგანი სათქმელის გადმოცემას, ამიტომ თანამედროვე ქართული კინო გადაიქცა ესთეტიკურად ცივ, ემოციურად დაღლილ და სიუჟეტურად განმეორებად სივრცედ, სადაც რეალობის აღწერა თვითმიზნად იქცა.
„ბოდიში დაგვიანებისთვის“ სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია – ტექნიკურად გამართული, მაგრამ ემოციურად უფერული ფილმი, რომელიც ვერ აღწევს იმ ადამიანურ სიმაღლემდე, სადაც ოდესღაც იდგა ქართული კინო. 1960-იანებში გმირი იყო უბრალო ადამიანი, რომელიც იბრძოდა ღირსებისთვის, ახლა გმირი აღარ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ უძლური, დაბნეული ადამიანები, რომლებიც ვერც ბრაზს და ვერც სიყვარულს ვერ გამოხატავენ.
თეონა ვეკუა






