დროში მოგზაური „სიკვდილის მანქანა“

თანამედროვე ქართული კინო, მიუხედავად იმისა, რომ თემატური მრავალფეროვნებითა და თანადროულ სოციალურ პროცესებზე რეაგირებით გამოირჩევა, კვლავაც აქტიურად განაგრძობს გასული საუკუნის მნიშვნელოვანი ტკივილიანი ამბების რეპრეზენტირებას. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ თემები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა წარსულს ჩაბარდა, გარკვეულწილად, დღევანდელობასთან მაინც ასოცირდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ბედი ისე წარიმართებოდა, რომ სიტყვებირეპრესია“, „ტერორი,“ „დიქტატურათანამედროვე ადამიანის სასაუბრო ლექსიკონში კვლავაც გაჩნდებოდა, ხოლო ფრაზა – „ტრიფონს დაიჭერენ, მეც დამიჭერენ, შენც დაგიჭერენ, ყველას დაიჭერენდღევანდელობასაც მოერგებოდა.

ხელოვან ადამიანს ზოგჯერ იმდენად აქვს განვითარებული ინტუიციის გრძნობა, რომ წინასწარაც ჭვრეტს საკუთარი ქვეყნის ბედიღბალს. ლევან თუთბერიძემ იმ დროს, როცა ბუბა ხოტივარის მოთხრობის მიხედვით გადაიღო ფილმი, „ამბავი დუმბაძეებისა“ (2023), ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ მასში აღწერილი დაპატიმრების სცენა ისე მიესადაგებოდა თანამედროვე დაპატიმრებების ფაბულას, როგორც ფილმში ოფიცრის ცხვირზე წამოკოსებული მრგვალჩარჩოიანი სათვალე ბერიას სათვალის მოხაზულობას. ფილმის პრემიერა კი, სწორედ მაშინ შედგა, როცა ფილმის პერსონაჟების მსგავსნი თანამედროვე ეპოქაში მრავლად გამოჩნდნენ.

2012 წელს ბუბა ხოტივარი თავის მოგონებებში იხსენებდა ბავშვობისდროინდელ ამბავს, მისი მეზობლების დუმბაძეების შესახებ, რომლებსაც შვილი ომში დაკარგული ეგონათ და მათ დასაპატიმრებლად მოსული ოფიცრებისგან შეიტყვეს, რომ მათი შვილი ქვეყნის მოღალატე იყო, ცოცხალი იყო, ამერიკაში ცხოვრობდა და ბიზნესს ეწეოდა, რის გამოც მოხუც ცოლქმარს აპატიმრებენ მოღალატის ოჯახის ბრალდებით და ციმბირში გზავნიან. სწორედ ამ ამბავზე უნდოდა მას ფილმის გადაღება სახელწოდებით, „დაპატიმრება ქართულად“. ფილმიც სწორედ ამ რეალური ამბის მიხედვით არის გადაღებული, რომლის მთავარი პერსონაჟიც არის პატარა ბიჭი, რომელიც არის მათი ტრაგედიის მთავარი გამზიარებელი, მოდარაჯე, ვის თვალწინაც ვითარდება მისი მეზობლების, დუმბაძეების ოჯახის მთელი ისტორია. ესაა ბიჭი, რომელიც მოხუც ცოლქმარს დაკარგული შვილის სიცარიელეს უვსებს. დალი (ქეთი ჩხეიძე) მას ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის, ხოლო მედოლე მამია ბიძია (გია აბესალაშვილი) – ცეკვას.

ძველი თბილისის უბანი, ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩები, იტალიურ ეზოში მოთამაშე პიონერები, მზესუმზირის გამყიდველისა და ხურჯინგადაკიდებული მემაწვნის შეძახილები, ფიროსმანისეული მეეზოვეეს ის კადრებია, რომლითაც რეჟისორი ცდილობს 1952 წლის ძველი თბილისის იერსახე პირველივე კადრებიდანვე სრულყოფილად გადმოსცეს, რომელსაც ფონად გასდევს გუსტავ მალერის მე-5 სიმფონია. მიუხედავად იმისა, რომ მალერის მუსიკითა და აივანზე მდგარი მამაკაცის მიერ წაკითხული ლადო ასათიანის ლექსით, რეჟისორი ცდილობს ფილმს დრამატული, სენტიმენატალური ელფერი შესძინოს და მაყურებელში მძაფრი შეგრძნებები წარმოშვას, პლაკატური კადრები და ხელოვნური, სიღრმეს მოკლებული მიზანსცენები, გაჭიანურებული მუსიკის თანხლებით უფრო ყალბად აღიქმება.

ფილმში ზოგიერთი კადრი საკმაოდ გაწელილი და ხელოვნურია, რიტმი კი მონოტონური. ამის ფონზე მაინც იგრძნობა იმ რეჟიმის სასტიკი ტერორი და რეპრესიებისგან გამოწვეული შფოთვა თითქმის ყოველ ეპიზოდში: ღამის წყვდიადში, მეზობელი დედაშვილის შიშნარევი თვალთვალი, თუ როგორ შემოიჭრება ჩაბნელებულ ეზოშისიკვდილის მანქანა“, ოფიცრების მკაცრი ნაბიჯების ხმა, რომლებიც მტკიცედ აუყვებიან კიბეებს. მწუხარე დედაშვილისთვის გაურკვეველია რომელ მეზობელს მიაკითხეს, რადგან ეჭვის შეტანა იმ დროს უსაფუძვლო იყო. როგორ შეიძლებოდა, მაშინ მიმხვდარიყავი, თუ ვის ემუქრებოდა დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება, როცა ამ განაჩენის ღირსი თითქმის არცერთიდამნაშავეარ იყო.

რუსული ჩექმის“ (როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მნიშვნელობით) რიტმული ნაბიჯების ხმა აყრუებს ბნელი ღამის სიჩუმეს, რომელიც მესამე სართულზე დუმბაძეების კარებს მკაცრი ნაბიჯებით უახლოვდება. შიშის ზარს სცემს მშვიდად მთვლემარე ჩაბნელებულ აივნებს და უხეშად იჭრება მოხუცი ცოლქმრის მყუდრო ბინაში. დაპატიმრების ამგვარი სცენარი იმ დროისთვის უცხო არ იყო. ღამე ხომ, წესით, ყველასათვის ის დროა, როცა ისვენებ, გძინავს და სწორედ ამ დროს თავს გესხმიან ღამის აჩრდილები. იღვიძებ და გგონია, რომ ისევ კოშმარულ სიზმარში ხარ. ნამდვილი კოშმარი კი მათთვის ახლა იწყება, რომელსაც ციმბირი ჰქვია, სადაც მაღაროში მუშაობა მოხუც დუმბაძეებს მტანჯველ განსაცდელად წინ ელოდებათ.

წყლის წვეთების მუდმივი რიტმული ხმა, რომელიც პერიოდულად აივნიდან მოისმის, თითქოს მეტრონომის ფუნქციას ასრულებს და სიზუსტეში მოჰყავს ჩეკისტების სპეცოპერაცია, მკაცრია მათთვის დამახასიათებელი დისციპლინის მსგავსად. ეს არ არის რომანტიკული წვიმის წვეთების ხმა, ფანჯრის რაფაზე მსუბუქად რომ ეცემა, არამედ წააგავს სიძველისგან მოფამფალებული სახურავის ღრიჭოდან ჩამოსული წვიმის წვეთების ჟღერადობას, რომლებიც გულისგამაწვრილებლად, მონოტონურად ეცემიან ვარცლში, რომელიც ეტაპობრივად, ნელნელა ივსება, როგორც ხალხის მოთმინების ფიალა, რომელიც ერთ დღესაც ისე ამოხეთქავს, რომ ღვარცოფივით წალეკავს უსამართლობისა და ბოროტების სავანეს. 

ფილმი კულმინაციას სწორედ მაშინ აღწევს, როდესაც დედა იგებს, რომ მისი შვილი ცოცხალია. ჩეკისტების თქმით, ის გახდა კაპიტალისტი, მშრომელი ხალხის სისხლისმსმელი. კაპიტალიზმისა და სოციალისტურ პრინციპებზე დამყარებული საბჭოთა კავშირის წყობილების დაპირისპირება ფილმში ისე ხაზგასმით და ხმამაღლა იკვეთება, რომ ოფიცრის სიტყვებით გახარებული ცოლქმარი ცდილობს ოფიცერს ირონიულად აუბან მხარი ამერიკის აუგად მოხსენიებაში და შვილის ამგვარიღალატიმიიღონ არა ისე, როგორც ჩეკისტებს ესმით, არამედ მისი ქმედება მარწუხებისგან, საბჭოთა ტერორისგან თავის დაღწევის ყველაზე საუკეთესო გზად ჩათვალონ. 

ცოლქმარი, მზად რომ იყვნენ თუნდაც სიკვდილის ფასად დასჯდომოდათ დაუმორჩილებლობა, ფეხი არ მოეცვალათ თავიანთი საბუდარიდან, თუნდაც შუბლი ტყვიით გაეხვრიტათ ოფიცრებს და ცივ ციმბირში არ გადასახლებულიყვნენ, ახლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად მზად არიან ნებაყოფლობით გაჰყვნენ მათ. იმის გაფიქრებაც კი, რომ თუნდაც ათი წლის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებულები თავიანთ შვილს ნახავენ, მათ ისეთ სიხარულს ჰგვრით, რომ უკანმოუხედავად ტოვებენ სევდისგან და ლოდინისგან ჩაჟამებულ ოთახს.

ოფიცრებისა და ცოლქმრის დიალოგი ფილმში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელი ეპიზოდია, მიუხედავად იმის, რომ კადრის კომპოზიცია იმდენად მშრალი და არასიღრმისეულია, რომ სატელევიზო სპექტაკლის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე კინოესთეტიკისათვის დამახასიათებელ სტრუქტურას. მოქმედება საგრძნობლად გაჭიანურებულია. ამბავი, რომელიც მაყურებელში გარკვეულ განცდებს უნდა იწვევდეს, დროში იწელება და ემოციური მუხტი სადღაც იკარგება. ამ კინემატოგრაფიულ ლაფსუსს სამსახიობო ოსტატობა შეძლებისდაგვარად ფარავს. მსახიობების ბუნებრივი ხმის ტემბრი, მიმიკები, ჟესტიკულაცია და განცდების ადეკვატური ლავირება კადრს მეტ ავთენტურობას სძენს. მკაცრი, შეუდრეკელი განწყობის უცებ მორჩილი, ლმობიერი და ირონიული ემოციით ჩანაცვლება იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ კავშირი მსახიობსა და მუყურებელს შორის არც ერთი წამით არ წყდება.

ეპოქა, რომელიც ფილმში არის ასახული, მართალია, მასობრივი რეპრესიების წლებს არ უკავშირდება, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში კვლავაც განაგრძობდა მიზანმიმართულად უდანაშაულო ადამიანების შევიწროვებას, დასჯას, დაპატიმრებას, გადასახლებას, დახვრეტას. მაშინდელ ავისმომასწავებელ განწყობას ყველაზე მეტად ფილმის ბნელი, ჩაჟამული, მოშავომოყავისფრო ფერები ქმნის. შუქჩრდილების კონტრასტული თამაში კადრში, ზოგჯერ მხატვრული ხერხისქიაროსკუროს ეფექტს ახდენს, რითაც სიღრმის, დრამატიზმისა და ემოციური ინტენსივობის ზრდას იწვევს. ფილმში მუქი ფერების ინტენსივობა მეტაფორულად პირდაპირ უკავშირდება იმ შავბნელ დიქტატორულ რეჟიმს, რამაც ქალაქი, ქუჩები, ეზოები, ოთახები შიშის მომასწავებელ ატმოსფეროდ აქცია.

ამ ამბიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. თითქოსდა, ერთი შეხედვით, შეიცვალა ყოფა, ცხოვრების სტილი, შეხედულებები, სოციუმის მენტალიტეტი, პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები, მაგრამ ფილმში აღწერილი ამბავი რაღაცით მაინც წააგავს აწმყოს. სახლში დადგომები, კომფორტულად და მშვიდი ტონით გამოტანილი ბრალდებები. თითქოს დროის წინსვლამ კურსი იცვალა და კვლავ უკან დაგვაბრუნა. წარსული და აწმყო ერთმანეთს ისე გადაეჯაჭვა, რომსიკვდილის მანქანაარა, მაგრამჩაყუდების მანქანაკი თავისუფლად დათარეშობს ეზოებსა და ბინებში. 

მოლურჯომონაცრისფრო მთებში ჩაფლულ სამანქანო გზაზე, რომელიც მოყინულის ასოციაციას იწვევს, „მოსრიალემანქანა ძალიან შორს მკაცრი ბუნებისკენ მიაქანებს მოხუც ცოლქმარს, საიდანაც დაბრუნება, ალბათ, არც არასდროს უწერიათ და ვერც ვერასდროს ნახავენ შვილს, რომელიც წლების წინ დაჭრას გადაურჩა, გერმანელების ტყვეობიდან თავი დააღწია და კაპიტალისტური ქვეყნის მშრომელი ხალხის სისხლით საზრდოობს, იმ სისხლით, რომელსაც ასე ვერ იტანდნენ სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრების სისხლით გაბრუებული ჩეკისტები.

ქეთევან ღონღაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *