ვინც არ დაიჩოქა

ომი ადამიანებმა შურისძიებისთვის გამოიგონეს. როცა ის იწყება, გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებს. სულერთი ხდება, რომელი მხარეა მართალი. მას მხოლოდ ცხედრები, დანგრეული ქალაქები და ტკივილი მოაქვს. ომში გამარჯვებული არ არსებობსიქ მხოლოდ დანაკარგებსა და დაჭრილებს ითვლიან. ტყვიების ზუზუნი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ყველაზე მწარე ძმათა ომია: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენი სხეულის ნაწილს იჭრი და სისხლისგან იცლები.

გიორგი ბარაბაძის ფილმი, „სოხუმი“ (2025) სწორედ ამ დაუნდობელი და დამანგრეველი ეროვნული ტრაგედიის ეკრანზე გადმოტანას ცდილობს. აფხაზეთის ომზე ბევრი ფილმი გადაღებულა და რეჟისორები ყოველთვის ერიდებოდნენ პოზიციის დაფიქსირებას. ამ კინოსურათში კი ცალსახად აფხაზები არიან ბოროტმოქმედები და ძმათა სისხლიც მათ კისერზეა.

თუ სოხუმი დაეცა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს ასეც მოხდა: ქალაქი დაეცა და საქართველო გაუგებრობის ქაოსში ჩაიძირა. ფილმში მკაფიოდ ჩანს არა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზი, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ორომტრიალი. გაურკვევლობა და ბრალდებები ერთმანეთში ირევა. ისე გამოდის, რომ თითქოს ქვეყანა ერთდროულად ომობს გარეთრეალურ მტერთან, და შიგნითსაკუთარ ლიდერებთან.

ზვიად გამსახურდიასათვის ედუარდ შევარდნაძე იყო რუსეთის აგენტი, ხოლო შევარდნაძის თვალშიზვიადი. ფაქტი მხოლოდ ის იყო, რომ ამ გაურკვევლობაში ადამიანები იხოცებოდნენ, ოჯახის წევრებიც კი გადაეკიდნენ ერთმანეთს და არავის ჰქონდა გამართლება. ვინ იყვნენ ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე? დიდი რუსეთის იმპერიის პაიკები მთავარ საჭადრაკო დაფაზე. 

კინოსურათს ერთი მთავარი მოქმედი პირი არ ჰყავს. ეს ის გამონაკლისია, როცა მთავარი არა ერთი ან ორი პერსონაჟი, არამედ მოვლენაა. ომი აქ არის მთავარი გმირი: ის დაუნდობელია, არც ასაკი იცის, არც სქესი და არც ეროვნება. როცა სოხუმი დაეცა, საქართველოს ისტორიის ფურცლები შეზანზარდა. ის მოკვდა, ვინც არ დაიჩოქა, ვისაც გასროლის არ შეეშინდა. უსამართლობა იყო თითოეული ქმედება და სამუდამო დანაშაულიც. ზოგი ფიზიკურად მოკვდა, უმეტესობა კი სულიერად. ვინც სამშვიდობოს გამოვიდა, საზოგადოებაში ადაპტირება გაუჭირდა და საბოლოოდ მაინც განადგურდა.

ზვიად გამსახურდიამ იცოდა, რომ მოკლავდნენ. შეუთვალეს კიდეც – „სადაც დაგიჭერთ, იქ ჩამოგახრჩობითო“, თუმცა არ შეშინებია. ჰქონდა იმედი, რომ ჯარით დაეხმარებოდნენ. ეს იმედი ცარიელი სიტყვების გარდა არაფერი აღმოჩნდაარავინ მისულა საშველად და სოხუმი ფაქტობრივად შეატოვეს სეპარატისტებს. შევარდნაძე სოხუმიდან გაიქცა. იდეაში, გასაგები გახდა, ვინ იყო მოღალატე, მაგრამ ფილმი საბოლოო განაჩენს მაინც მაყურებელს უტოვებს.

რეჟისორი თავიდანვე ირჩევს მკაფიო, სუბიექტურ პოზიციას: ის არ იკვლევს ომის დაწყების პოლიტიკურ თუ ეთნიკურ მიზეზებს, არ შედის ისტორიულ დეტალებში. აფხაზები აგრესორებად და მტრულ ძალად არიან წარმოდგენილი. ეს ნარატიული არჩევანი, მისი მიკერძოებულობის მიუხედავად, ზუსტად ასახავს იმ კოლექტიურ მეხსიერებას და ღია ეროვნულ ჭრილობას, რომლითაც ომის მონაწილეები და მათი ოჯახები დღესაც ცხოვრობენ. თემა მგრძნობიარეა და ჩახლართული (ისტორიის ფურცლებზე პირველ მსხვერპლად ქართველი პოლიციელები მოიხსენიებიან), კედლებზე მიწერილიაფხაზეთი საქართველოა“, ხშირად, მხოლოდ წარწერად რჩება. ეს მძიმე კითხვას აჩენს: თუ ოდესმე დავბრუნდებით აფხაზეთში, უნდათ კი მათ ჩვენი დაბრუნება? ამაზე პასუხი დღემდე ბუნდოვანია.

სოხუმის დაცემა მხოლოდ სამხედრო კატასტროფა არ არისის ფსიქოლოგიური და ემოციური ნგრევაა, რომლის ტალღამ მთელ ქვეყანას გადაუარა. ჟიული შარტავასა და ახალგაზრდა ჯარისკაცების სიკვდილი ერთ დიდ სიმბოლურ თხრობას ქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეები პრაქტიკულად დაუცველად დატოვოს. ფილმს უყურებ და ტირი. არა სიუჟეტის გამო, არამედ, ამბის გამო. აფხაზეთი ყველასათვის ჯერ კიდევ ღია ჭრილობაა, რომელიც, ალბათ, არასოდეს დაიხურება.

მტკივნეულია ისიც, რომ ომში არ არსებობს ერთიანიბოროტი მხარე“ – აფხაზეთის ტრაგედიის შიგნითაც ადამიანები ერთმანეთს არ ინდობდნენ. ფილმი ირიბად გვახსენებს, რომ ქაოსში ფულით იყიდება ყველაფერი: ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული, ნათესაობა და ბოლოსსაკუთარი თავიც. ომი ყოველთვის ანგრევს არა მხოლოდ ქვეყნების საზღვრებს, არამედ შინაგან ზნეობრივ ჩარჩოებსაც და ამას არც ერთი ეთნოსი არ უფრთხილდება. 

ყველაზე მძიმე ის ეპიზოდია, სადაც ქართველები ცალსახა მოღალატეებად არიან წარმოდგენილი. მაშინ, როცა ნიკიტა მიჰყავთ ბოგდანის მამასთან, მამა ამბობს, რომ ნიკიტას დედა ქართველია და ქართულმა სისხლმა თავისი ქნა. სწორედ ამიტომ არის მოღალატე და სხვა ვარიანტს არც განიხილავს. მისთვის მოღალატეობა არ არის არჩევანიეს თითქოს გენეტიკური განაჩენია. ეს სცენა განსაკუთრებით მტკივნეულად აჩვენებს, როგორ იშლება ადამიანობა და როგორ იქცევა ეთნიკური იდენტობა ბრალის მთავარ საფუძველად.

სენტიმენტალურია ისიც, რომ ნიკოს როლს ანდრო ჭიჭინაძე ასრულებს. როცა ანდროს უყურებ, ხვდები, რომ არ არის აუცილებელი ტყვიებს გესროდნენ, მაინც ომში ხარ. უბრალოდ, ეს ომი ნელა და დიდხანს განადგურებს. შინაარსობრივად კისოხუმიმსგავსია ზაზა ურუშაძის ფილმისა, „მანდარინები“, თუმცა, „მანდარინებისაგანგანსხვავებით, სადაც ომის სცენები არ არის, „სოხუმიუფრო პირდაპირ აჩვენებს ნგრევას. „მანდარინებშიმოთხრობილია იქ მცხოვრები ესტონელის, ივოს შესახებ, რომლის შვილიც ომის დაწყებისას ქართველის ხელით დაიღუპა. მიუხედავად ამისა, ივო უკან სწევს საკუთარ ემოციებს, წინ აყენებს ადამიანობას და ცდილობს დაჭრილი ჩეჩენი და ქართველი ერთ ჭერქვეშ შეარიგოს. ეს კინოსურათი სინათლესა და იმედს ჰგავს, იმედს იმისა, რომ სიტუაცია ოდესმე დალაგდება. ესტონელის სახლი ნულოვან ადგილს ემსგავსებატერიტორიას, სადაც ზავი უნდა დაიდოს.

სოხუმიფორმალურადაც მინიმალისტურია. როცა საქმე ასეთ თემას ეხება, ტექნიკური ანალიზიკადრის კომპოზიცია, მონტაჟის სირთულე, ფერებიმეორეხარისხოვანი ხდება. ფილმში კამერა, პირველ რიგში, ემოციას აკვირდება და არა გმირობის ილუზიას. ფერების პალიტრა ჩახშობილიანაცრისფერი და ჩამქრალი ტონები ქალაქის ფიზიკურ და ემოციურ დაზიანებას ასახავს. კომპოზიციები და მონტაჟი ნეიტრალურ, ბუნებრივ რიტმს მიჰყვება. რეჟისორმა კარგად გათვალა თემის სიმძიმე, რაზეც გადაიღო ფილმი. მთავარი აქ თავად ტრაგედიის მასშტაბია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბარაბაძეს ამ კინოსურათით არსებითად ახალი არაფერი უთქვამს, რაც სხვებს აქამდე არ გაუჟღერებიათ.

ყველასთვის ცხადია, რომ დიდი რუსეთის ჩრდილი მხოლოდ წარსულის ამბავი არ არის. რუსეთი დღემდე არ გვანებებს თავს. იგივე იმპერიული ლოგიკა, იგივე გავლენების ბრძოლა, იგივესაჭადრაკო დაფააგრძელებს ფუნქციონირებას. ამ რეალობაში კიდევ უფრო სიმბოლურად და მტკივნეულად ჟღერს ის ფაქტი, რომ ანდრო ჭიჭინაძე, დღეს თავადაც ციხეშია. ეს თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთ ქვეყანაში ხშირად არ იცი, ვის რა ბედი ელის, ვინ აღმოჩნდება შემდეგიფიგურა“, რომელიც სისტემის წნეხის ქვეშ მოექცევა.

კინოსურათი გვაჩვენებს, როგორია ცხოვრება დანაწევრებულ, დაკარგულ ქვეყანაში, იმ ადგილას, სადაც ვერასდროს გაიგებ, რა გელის. ფილმის ფინალი ისეთივე გაურკვეველია, როგორც დღევანდელი რეალობა: არ იცი, როგორი დღე გათენდება ხვალ ან როგორ უნდა ისუნთქო იმ ქვეყანაში, სადაც სიმშვიდე მხოლოდ სურვილია და არა მდგომარეობა.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *