ზამთარი ჩვენი მარტოობისა

სამხრეთის ქვეყნებისთვის თოვლი იშვიათი და ცოტა მისტიკური მოვლენაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. ის თითქოს დროს აჩერებს და ამ გაჩერებულ დროში ადამიანებს სამყაროსგან განცალკავებისა და მარტოობის განცდა ეუფლება. 

ბაკურ ბაკურაძის ფილმში, „თოვლი ჩემს ეზოში“ (2024) მძიმე და სველი ფიფქებით თოვს. თოვლი მოდის და დროსთან ერთად გმირებისგაჩერებულიცხოვრების მოწმეებად აქცევს მაყურებელს.

მთავარი გმირი ლევანია (ლევან გოგოლაძე), ოდესღაც რაგბის მოთამაშე და საქართველოს ნაკრების წევრი, მაგრამ ტრავმის შემდეგ არათუ სპორტს, არამედ მთლიანად ცხოვრებას ჩამოშორებული. ის მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში ბინადრობს, ძველი, დამტვრეული ნივთებით სავსე ბუნაგივით პატარა ოთახში, რომელიც ნორმალურად არც კი თბება. ლევანს დიაბეტი აქვს და ცოტა ხნის წინ ინსულტიც გადაიტანა. მისი ყოფილი ცოლი და სამი შვილი კი, ქალაქგარეთ, სავსებით კარგ პირობებში ცხოვრობს. ლევანიც სტუმრობს მათ პერიოდულად, საჩუქრები მიაქვს და ფეხბურთსაც ეთამაშება ბავშვებს, მაგრამ როგორც ყოფილი ცოლი ეუბნება, სულ რამდენიმე წელიწადში ისინი შეამჩნევენ მის გაცვეთილ, ალაგალაგ გახეულ და ჭუჭყიან ტანსაცმელს და შერცხვებათ ასეთი მამისა. ლევანს მხოლოდ ორი მშობლიური არსება ჰყავს, რომელთა სითბოშიც ეძებს მარტოობისაგან თავშესაფარსორი ძაღლი ერთნაირი სახელებით: დიდი ჯესი და პატარა ჯესი. ეს არის და ეს. პერიოდულად, მასთან მეზობელი ბიჭი შემოდის და წვრილმანი ქურდობით მოპოვებულ საჭმელს უყოფს. ამ უსახური და უსიხარულო ყოფის ასატანად კი, ლევანი დიაზეპამით იბრუებს თავს.

მეორე პერსონაჟი, ლევანის სკოლელი გივია, რომლის როლსაც თავად რეჟისორი ასრულებს. გივი მოსკოვში ცხოვრობს და საავტორო კინოს იღებს. გივისაც გარკვეული ეგზისტენციალური კრიზისი აქვსამ სამყაროში სულ უფრო ნაკლებად რჩება ადგილი საავტორო კინოსთვის. მისი ცხოვრებაც უსიხარულო და ცარიელია. როგორც პროდიუსერი ურჩევს, რომელთანაც ახალი ფილმის იდეით მიდის, 50 წლის ასაკში აღარ იღებენ საავტორო კინოს და ჯობია ბლოკბასტერზე იფიქროს. გივის იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ლევანმა წერილობით აღწეროს თავისი ყოველდღიურობა, რაშიც თითო გვერდში 5 ლარს გადაუხდის. შიმშილის ზღვარზე მყოფი ლევანისთვის ეს დიდი ფულია. სწორედ ლევანის ჩანაწერები უნდა იქცეს გივის მომავალი ფილმის სიუჟეტად და იქცევა კიდეც, ოღონდ უკვე თავად ბაკურაძის ფილმისთვის.

თოვლი ჩემს ეზოშიბაკურ ბაკურაძის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მისი წინა ორი ფილმიშულტესი“ (2008) დამონადირე“ (2010) კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი და სხვადასხვა ფესტივალის ჯილდოებიც აქვთ მოპოვებული. „თოვლი ჩემს ეზოშირეჟისორმა თითქმის ათწლიანი დუმილის შემდეგ გადაიღო.

ფილმის განმავლობაში არ გტოვებს განცდა, რომ დოკუმენტურ კინოს უყურებ, იმდენად დამაჯერებელია თითოეული კადრი და გულწრფელები არიან თავად გმირები. ეჭვიც არ გეპარება, რომ რეალურ ცხოვრებას ადევნებ თვალს და არა დადგმულ ეპიზოდებს. თითქოს მორიგი, ცხოვრებას დაკარგული ტიპების ამბავია, მაგრამ ფილმი ისეა გადაღებული, რომ თითქმის ორი საათის განმავლობაში თვალს ვერ წყვეტ გმირების ყოველდღიურობის ამსახველ მარტივ ამბებსლევანი იცვამს მრავალტანჯულ შარვალს და პლედგადაფარებული ჯდება კომპიუტერთან გივისთვის დღიურის დასაწერად, იკეთებს ინსულინის ინექციას და, მეზობელ ბიჭთან ერთად, აივანზე სადილობს წიწიბურითა და მოპარული კვერცხებით, ეზოში კი უზარმაზარი ფიფქებით თოვს. მოსკოვში გივი იმზადებს სადილს და ჭამს სრულ მარტოობაში, სახეზე რაიმე გამომეტყველების გარეშე, იჭრის თმას შემთხვევით საყვარელთან და ყოველგვარი ვნების გარეშე ელოდება ქალს ლოგინში. ყოველდღიურობის ამ პატარა დეტალების ჩვენებით რეჟისორი გვაცნობს გმირებს და გვიყვება მათი მარტოობის ამბავს. 

ბაკურ ბაკურაძის ფილმი დამაჯერებელი იმიტომაც არის, რომ ასეთი ლევანი და გივი ძალიან ბევრია მათ თაობაში. ორივე მათგანი ქვეყნისთვის მძიმე და ბოლომდე გადაუხარშავი 1990-იანი წლების შვილები არიან. დასაწყისში, ერთერთ დიალოგში იხსენებენ კიდევაც იმ დროს და შავ მაკარონებს, რომლებიც ერთადერთ და თან სანუკვარ საკვებს წარმოადგენდა იმ პერიოდისთვის. ერთი მათგანი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ვეღარ დაეწია ცხოვრებას და ხელმოცარულ მარგინალად იქცა. ბედს შეგუებული, ყოველგვარი წინააღმდგეობის გარეშე მიყვება წუთისოფელს და შეიძლება მხოლოდ იმას ნანობდეს, რომ მეორე სართულზე ცხოვრობს და გადმოხტომისას მხოლოდ დაიმტვრეს. „მინდა გითხრა, ჩემო გივი, რომ ქალაქი ძალიან შეიცვალა. ქალაქი ქალაქს აღარ ჰგავს, უბანი უბანს, ბირჟაზე არავინ დგან. კარგი ბიჭები აღარ არიან. ალბათ, ჩემსავით ისინიც სადღაც კუთხეში იმალებიან…“ – წერს ლევანი. გივი კი, ისევე, როგორც მისი თაობის ბევრი ახალგაზრდა, უცხოეთში წავიდა პროფესიული რეალიზაციისთვის და, გარკვეულწილად, დაკარგა კავშირი საკუთარ ფესვებთან. ასეთივე არიან ლევანისა და გივის საერთო მეგობრები, შუა ხნის ასაკს გადაცდენილი მამაკაცები, თავისი მარტოობით, შეუმდგარობითა და ტრავმებით. ერთერთი მათგანი კაგებეს ყოფილი ჩინოსანია, იარაღის მუქარით რომ ცდილობს აიძულოს ლევანი, ბლოკი მოხსნას სოციალურ ქსელში, რადგან ჭირდება ვინმე, ვინც მის დაუსრულებელ მონოლოგებს მოუსმენს.

ბაკურ ბაკურაძე იღებს ფილმს თემაზე, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს და ასეთი შემთხვევა შეუძლებელია პირადი დამოკიდებულების გარეშე. ეს ძალიან თბილისური კინოა, სადაც თუნდაც ათასჯერ უვარგისი იყო, ძმაკაცები მაინც მოგიკითხავენ, დაგეხმარებიან, თუთუნს და წამლის ფულს გამოგიგზავნიან, უბნის მაღაზიაში კი, მიუხედავად მრავალრიცხოვანი ვალებისა, მაინც მოგცემენ პურს და ღვინოსნისიადდა მოპარულ სიგარეტსაც არ შეიმჩნევენ. გივის შეთავაზებაც, გვერდში 5 ლარის გადახდის თაობაზე, შენიღბულ, თავმოყვარეობის შეუმლახავი დახმარების სურვილადაც აღიქმება. ან იქნებ ეს ის ძველი თბილისია, რომელიც სამშობლოდან შორს წასულთა მოგონებებში აგრძელებს არსებობას. 

ალბათ სწორედ ეს მომენტები ანიჭებენ ფილმს გარკვეულ სიმსუბუქეს, მიუხედავად თემის სიმძიმისა. თავად ლევანიც ერთგვარი თვითირონიით უყურებს საკუთარ ყოფას და ერთერთ წერილში წერს, თუ როგორ უნდა, რომ პასუხად შეკითხვაზეროგორ ხარ ლევან? როგორ ხარ ლევან?“, გულზე დაიკიდოს პლაკატი უწმაწური წარწერით. შემთხვევით დამგზავრებულ მძღოლს საკუთარი ცხოვრების აღსაწერად ეუბნება, რომ დილით იღვიძებს, ღამე იძინებს და სულ ეგაა რა, თუმცა უბნის მაღაზიის გამყიდველთან ამბობს, რომ დილით მზის ამოსვლა უხარია და მერე ნელნელა მძიმდება. 

როგორც მიხეილ კობახიძე აცხადებდა, რეჟისორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პაუზის გრძნობა. ასეთი აუცილებელი, ერთგვარი ამოსასუნთქი პაუზები კი ბაკურ ბაკურაძის ფილმში მრავლად არის. პერიოდულად გმირების დიალოგები კადრსმიღმა ხმად იქცევა და კამერა თავისუფალ მოძრაობას იწყებს, „ათვალიერებსტიპური იტალიური ეზოს გარემოს, გაცვეთილ აივანსა და კიბეებს, ნაყოფშემორჩენილ ხეებს, მიყვება მოძრავი მანქანიდან თბილისის ქუჩებს ან, უბრალოდ, „უყურებს“, როგორ თოვს ლევანის სახლის დაბურულ ფანჯრებში. 

ფილმის ბოლოს, გივი თბილისში ბრუნდება მამაპაპისეული სახლის გასაყიდად. მისი მზერა დიდხანს ყოვნდება ფანჯრებჩაბნელებულ და ადამიანების გარეშე დარჩენილ სახლზე. შემდეგ იგი ასევე დიდხანს ზის შუქჩამქრალ, დაცარიელებულ და კედლებდაბზარულ ოთახში, გადის აივანზე და მისთვის გაუცხოებულ ქალაქს უყურებს, ვიდრე პატარა უსუსური კნუტის კნავილს არ გაიგონებს, რომელსაც შველა და სითბო ჭირდება, ისევე, როგორც თავად გივის. 

თბილისში ყველაზე ხშირად მძიმე და სველი ფიფქებით თოვს, რომელთა ყურება მხოლოდ კარგად გამთბარი სახლის ფანჯრიდან არის ლამაზი, მაგრამ თუ ასეთი სახლი არ გაქვს, ეს სილამაზე მხოლოდ მარტოობასა და ტკივილს გაგრძნობინებს.

თამთა თურმანიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *