გულგრილობა დანაშაულია, ყველაფერი კი რაც მის შემდეგ მოდის, სასჯელი. ადამიანები იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ და როცა რამდენჯერმე მაინც მარცხდებიან, დანებებას იწყებენ. ისინი ეგუებიან იმ ყოფას, რომელშიც ცხოვრობენ, მოჩვენებითი ბედნიერებით აგრძელებენ არსებობას. ყველაფრის მიზეზი და მთავარი პრობლემა ადამიანის შემგუებლობითი მდგომარეობაა. მას შეუძლია ყველაფერთან ადაპტირდეს, მცირედითაც კი დაკმაყოფილდეს, ოღონდ აღარ დამარცხდეს.
სამყარო საშიში ადგილია საცხოვრებლად არა ბოროტი ადამიანების გამო, არამედ იმათ გამო, რომლებიც ამის წინააღმდეგ არაფერს აკეთებენო, წერდა ალბერტ აინშტაინი. დავით ბორჩხაძის ფილმი, „მეზობელი“ (2021) მსგავს სიუჟეტურ ხაზს მიყვება. ამბავი ოჯახზეა, რომელშიც მამა და სამი შვილი ცხოვრობენ. მათგან ერთ–ერთი პატარა იკაა. ეს ბიჭი ერთ დღეს უჩინარდება. თავიდან მისი და თითქოს ყველაფერს აკეთებს, რომ იპოვოს. ფიქრობს, რომ ძმა მეზობლის მუშებმა გაიტაცეს და პოლიციის გამოძახებასაც აპირებს, თუმცა ეს პირველადი პანიკა მალე ნელდება და ოჯახის არცერთი წევრი არაფერს აკეთებს იკას მოსაძებნად. მამას არც შვილი აინტერესებს და არც ის, თუ როგორ შეუვიწროვეს მუშებმა ისედაც პატარა სახლი. არც ზუკას ანაღვლებს ცხოვრება. თავისი ოთახიდანაც იშვიათად გამოდის. ყველა ყველაფერს ეგუება. მუშები ამ სახლში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარში. მთავარი სიტყვა, რაც ფილმს თან დაყვება არის – „არა უშავს“. არა უშავს, თუ ბიჭი დაიკარგა, არც ის არა უშავს, მუშას თუ შეუძლია სხვისი სახლის მაცივრიდან საჭმელი გამოიღოს ჭუჭყიანი ხელებით და ტელევიზორს არხეინად უყუროს. არც ის არის პრობლემა, თუ ოთხიდან სამი ოჯახის წევრი დარჩა სახლში. ყველა ყველაფერს ეგუება.
სიტყვა „არა უშავს“ თითქოს მთელი ამბის სიმბოლოდ იქცევა. ის გამოხატავს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი პრობლემას ხედავს, მაგრამ მოქმედებას აღარ ცდილობს. თითქოს ყველაფერი ცუდად მიდის, მაგრამ მაინც ამბობს – არა უშავს. სწორედ ეს დამოკიდებულება ქმნის გარემოს, სადაც უსამართლობა მარტივად ხდება. როდესაც ადამიანი ხმას არ იღებს, სხვას კიდევ უფრო მეტი უფლება ეძლევა, რომ მის სივრცეში შეიჭრას და მისი უფლებები დაარღვიოს.
„არა უშავს“ თითქოს უბრალო დამშვიდებაა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ყველაზე დიდი დანაშაულიც კი აღმოჩნდეს. ის თითქოს ამართლებს იმას, რაც აშკარად პრობლემაა. ეს არის სიტყვა, რომელიც ადამიანებს აჩვევს დუმილსა და შეგუებას. შეიძლება ითქვას, რომ – არა უშავს – იმ სიტყვების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საერთოდ არ უნდა არსებობდნენ, რადგან ხშირად სწორედ ამით იწყება უსამართლობის მიღება. კიდევ უფრო ცუდია ეს სიტყვა თქვა მაშინ, როცა რასაც ხედავ, აშკარა პრობლემაა. პირველივე წინააღმდეგობის დროს ადამიანებმა თავი არ უნდა დახარონ და გზა გააგრძელონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აძლევს პრობლემას იმ საშუალებას, რომ გაიზარდოს და საბოლოოდ ბევრად უფრო მძიმე შედეგამდე მივიდეს.
კინოსურათი არ არის იმის შესახებ, თუ ვინ როგორ სახლში ცხოვრობს ან რას ჭამს. მთავარი მაინც ისაა, რომ ვისაც რამდენის უფლებას მისცემ, იმას გაგიკეთებს. თუ ადამიანს ყვირილზე არ უპასუხე, უფრო გიყვირებს და მერე კეფაზეც წამოგარტყამს თუ მოუნდა, ან სახლს გაგიყიდის დაუკითხავად და ქუჩაში გაცხოვრებს; ან იმდენ საჭმელს შეგიჭამს, რომ მშიერი დარჩები. ცხოვრება მეორე ლოყის მიშვერას არ ჰგავს. აუცილებელი არ არის ერთში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირო. გამოსავალი ხმის ამოღება და საკუთარი თავის დაცვაა. არც მარცხი არ არის საშიში. ყოველივე ამით რეჟისორს უნდოდა ეჩვენებინა, სადამდე მიჰყავს პიროვნება გულგრილობას.
ფილმის ატმოსფერო მშვიდი და თითქოს ჩვეულებრივია, თუმცა სწორედ ამ სიმშვიდეში ჩანს პერსონაჟების პასიურობა და შეგუება. კადრების სიმშვიდე, ყოველდღიური გარემო და მოქმედებების სიმწირე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ განცდას, რომ პერსონაჟები საკუთარ ცხოვრებას გვერდიდან უყურებენ და არაფრის შეცვლას ცდილობენ. რეჟისორი მაყურებელს თითქოს მიზანმიმართულად აჩვენებს ჩვეულებრივსა და არაფრით გამორჩეულ სცენებს, მაგრამ სწორედ ამ ჩვეულებრივობაში იკვეთება პრობლემა – ადამიანები ყველაფერს ეგუებიან და საბოლოოდ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლსაც კი კარგავენ.
კინოსურათი მაყურებელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც აფიქრებს – რამდენად ხშირად ვეგუებით იმას, რაც რეალურად არ უნდა მივიღოთ. ზოგჯერ ადამიანი იმდენად ეჩვევა რთულ ან უსამართლო გარემოს, რომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია. სწორედ ეს შეგუება იქცევა ყველაზე დიდ პრობლემად. ადამიანი ნელ–ნელა კარგავს ბრძოლის სურვილს და ბოლოს ისეთ მდგომარეობაშიც კი რჩება, სადაც საკუთარი ცხოვრების შეცვლას აღარ ცდილობს.
ამ ამბავში პერსონაჟები თითქოს ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ საბოლოოდ ყველას ერთი რამ აერთიანებს – გულგრილობა. არც მამა, არც შვილები და არც სხვა ადამიანები არ ცდილობენ რეალურად შეცვალონ ის, რაც მათ გარშემო ხდება. ისინი უბრალოდ ეგუებიან სიტუაციას და ამით საშუალებას აძლევენ პრობლემას კიდევ უფრო გაიზარდოს.
„მეზობელი“ მხოლოდ ერთი ოჯახის ამბავი არ არის. ეს არის ფილმი ადამიანურ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება გულგრილობამ და დუმილმა ნელ–ნელა გაანადგუროს როგორც ადამიანი, ისე გარემო, სადაც ის ცხოვრობს. რეჟისორი მაყურებელს აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ხშირად არა მხოლოდ ბოროტებაში, არამედ იმ დუმილშია, რომელიც ბოროტებას არსებობის საშუალებას აძლევს.
თუმცა სწორედ ეს გაუთავებელი დუმილი და უმოქმედობა, რაც რეჟისორის მთავარი სათქმელია, ზოგჯერ ფილმის წინააღმდეგ მუშაობს. კადრები ისეთი გაწელილი და ერთფეროვანია, რომ მაყურებელს ემოცია ნელ–ნელა ეცლება. როცა ეკრანზე დიდხანს არაფერი იცვლება, ამ ერთფეროვნებაში ის მთავარი სათქმელიც იკარგება, რაც ასე მტკივნეულია. ხანდახან გიჩნდება განცდა, რომ ამბავი ზედმეტად გაიწელა და ის პირველადი სიმძაფრე, რაც თავიდან გქონდა, ამ გაუთავებელ ლოდინში სადღაც გაქრა.
პერსონაჟებიც ხანდახან იმდენად გულგრილი არიან, რომ ძნელია დაიჯერო მათი არსებობა. რთულია წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია საკუთარი თავის დაცვის სურვილი, როცა მის სახლში ასე უხეშად იჭრებიან. ეს გადამეტებული „გაშეშება“ გმირებს ცოცხალ ადამიანებად აღარ აჩენს – ისინი უფრო რაღაც იდეებს ჰგვანან, ვიდრე ნამდვილ ადამიანებს, რომლებსაც უნდა თანაუგრძნო. საბოლოოდ, ფილმი უფრო სოციალურ ექსპერიმენტს ემსგავსება, ვიდრე ნამდვილ ცხოვრებისეულ ამბავს.
ზოგ მომენტში ფილმის მთავარი სათქმელი ზედმეტად პირდაპირიც ჩანს. სიუჟეტი და პერსონაჟების ქცევა ისეა აგებული, რომ მაყურებელი თითქმის მაშინვე ხვდება, რა უნდა თქვას რეჟისორმა. ამის გამო ფილმი ნაკლებ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის. როცა იდეა ძალიან აშკარად არის გადმოცემული, ამბავი თითქოს ნაკლებად ბუნებრივი ხდება და უფრო შეგნებულად შექმნილ მაგალითს ჰგავს, ამიტომ ხანდახან გიჩნდება განცდა, რომ ფილმი უფრო სათქმელის ხაზგასმას ცდილობს, ვიდრე რეალური ცხოვრების ჩვენებას.
საზოგადოების ყველაზე დიდი პრობლემა ხშირად ის არ არის, რომ უსამართლობას ვერ ამჩნევს. პირიქით, ბევრჯერ ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება მის გარშემო, მაგრამ მოქმედებას მაინც არ იწყებს. თითქოს ელოდება, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება ან ვიღაც სხვა გადაწყვეტს პრობლემას. სწორედ ამ მოლოდინში გადის დრო და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ბოლოს კი ადამიანი ისეთ რეალობას ეგუება, რომელიც თავიდან სრულიად მიუღებელი იყო.
სწორედ ამ პროცესს აჩვენებს ფილმიც – როგორ შეიძლება ადამიანმა ნელ–ნელა დაკარგოს წინააღმდეგობის უნარი. როდესაც ადამიანი ერთხელ დათმობს, შემდეგ უფრო ადვილი ხდება მეორედ დათმობა, მერე მესამედ. ბოლოს კი ეს უკვე ჩვევად იქცევა. ასეთ გარემოში პრობლემა აღარ ჩერდება, პირიქით, იზრდება და ვრცელდება, ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის პირველი ნაბიჯია, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ უსამართლობას უბრალოდ არ შეეგუება.
„მეზობელი“ გვახსენებს, რომ როდესაც პიროვნება უსამართლობას ხედავს და არაფერს აკეთებს, ის ამ პრობლემის ნაწილიც ხდება. ამდენად, მთავარი გამოსავალი არის ხმის ამოღება, საკუთარი თავის დაცვა და იმის გაცნობიერება, რომ დუმილი ხშირად ყველაზე საშიში არჩევანია.
ბარბარე კალაიჯიშვილი






