დიდი ხანია, რაც საქართველოს სახელით ქართული წარმოების ფილმი არ გასულა „ოსკარის“ ნომინაციაში. უახლესი წარსულის წარმატება კი მხოლოდ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულის“ მოხვედრა არის მოკლე სიაში, რითაც მთავრდება თანამედროვე ქართული კინოს „წარმატება“ ჰოლივუდში. 2025 წელს საქართველოს სახელით გიორგი სიხარულიძის ფილმი, „პანოპტიკონი“ გაუშვეს, იმის იმედით, რომ ეს პროექტი მონუსხავდა ამერიკელებს.
კინოსურათში მოქმედება აბიტურიენტ სანდროს ირგვლივ მიმდინარეობს, რომლის დედა ემიგრაციაშია, მამა კი მონასტერში. თვითონ სანდრო მარტო ცხოვრობს ბებიასთან. ის ფეხბურთელია და თან, მამის გავლენით, მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც ფანატიზმისკენ არის მიდრეკილი. მას შეყვარებულიც ჰყავს თინა, მისი თანაკლასელი.
ამბავი იწყება ნაპოვნი მეხსიერების ბარათით, რომელიც მის თანაგუნდელ ლაშას გასახდელში დარჩა. სახლში მისული სანდრო ხსნის ბარათს და ნახულობს, რომ შიგნით პორნოგრაფიული და ნეონაცისტური იდოლოგიის მქონე ვიდეოების გვერდით, მისი დაბადების დღის ვიდეოც არის, სადაც ლაშას დედა, ნატალიაც ჩანს. სანდრო ამით ინუსხება, იმდენად, რომ ამ ვიდეოზე ონანიზმით კავდება. ცხოვრების ირონიით ის ლაშასთან იწყებს მეგობრობას, რითაც ნატალიას უახლოვდება.
„პანოპტიკონში“ მთელი სიუჟეტი აგებულია მთავარი გმირის მორალურ ბრძოლაზე სულიერ და ხორციელ ვნებებს შორის. მაგალითად, მისი ასაკი და ორგანიზმი ყველანაირად ანიშნებს, რომ მას სჭირდება სექსუალური ცხოვრება, თუმცა მისი მორალური მხარე, რომელიც რელიგიით არის მოცული ყველანაირად აბრკოლებს მას და ხდის აბსოლუტურად დაბნეულ არსებად. მან არ იცის კარგისა და ცუდის გარჩევა იმ დონეზეც, რომ ვერ ხვდება, რა საქციელია სწორი. მისთვის მისაღებია არაბულ კლუბში შევარდნა ეროვნულობის დაცვის სახელით, თუმცა თავის შეყვარებულთან კოცნის დროს, ხელით შეხება ამორალურად მიაჩნია. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სანდროს სერიოზული გრძნობები უჩნდება ნატალიას მიმართ, რის გამოც ეს დაბნეულობა მით უფრო იზრდება და მწვავდება ცხოვრების მიმართ. ფილმში ხშირად ჩანს მისი დილემა რელიგიურ ცხოვრებასა და რეალურ სამყაროს შორის, რა დროსაც მისი არჩევანი ყოველ ნაბიჯზე უარესობისკენ მიაქანებს.
ეს ფილმი, შეიძლება ჩათვალოს ერთგვარ კვლევად 18-19 წლის ბიჭისა, რომელსაც ცხოვრება ყველა მხრიდან უტევს და არ აძლევს საშუალებას, მიჰყვეს იმ გზას, რაც მას სურს, ბოლომდე მართალი იყოს თავის ემოციებსა და სურვილებში, თუმცა ეს ასე არ ხდება.
კვლევით დაწყებული კინოსურათი ძალიან მალე გარდაიქმნება წმინდა მორალისტურ ფილმად, სადაც განზოგადების ეფექტით იწყება სოციუმის განსჯა. ამას ემატება ამ ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი „ნეგატიური ფოკუსი“, რაც გულისხმობს იმას, რომ ფილმში ყველა პერსონაჟი ცუდია. მათ არათუ ნაკლოვანებები აქვთ, არამედ ისინი მორალურად არიან დაბალ დონეზე. არ არსებობენ კარგი ადამიანები. სანდრო გაცხოველებულია საკუთარი სურვილების დამალვით, მისი მეგობარი ლაშა ძალადობისკენ მიდრეკილი კრიმინალია, ხოლო სანდროს მამა – რელიგიური ფანატიკოსი და ფსიქოლოგიური მანიპულატორი…
ეს ყოველივე კი ხდება დემაგოგიის გზით, თითქოს რეჟისორი თავისივე შექმნილ პერსონაჟებს ზემოდან უყურებდეს, რადგანაც ყველა ეპიზოდში კონტექსტი არის ასეთი – „შეხედეთ, რა ცუდად მოიქცნენ“, რაც ფილმს საოცრად დისკომფორტულს ხდის მაყურებლისთვის, რადგანაც თითქოს ჩანს „მშობელი“, რომელიც „თავის შვილს“ სახალხოდ ტუქსავს.
ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ფილმი საერთოდ არ არის შეკრული. რამდენიმე თემა იმდენად არის ერთმანეთში გადახლართული, რომ მაყურებელი ფილმის კვანძის გახსნას კი არა, სად შეიკრა თითოეული თემის კვანძი, იმასაც ვერ ხვდება. ფილმის მთლიანი სათქმელი არ ჩანს. საბოლოოდ უნდა გვქონდეს მომავლის იმედი? როგორი ქცევა არის კარგი ან ცუდი? რელიგია გვეხმარება ცხოვრებაში? საბოლოოდ, რეჟისორი სოციალური ქმედების ყველა ასპექტს აკრიტიკებს, თუმცა გამოსავალს არ გვთავაზობს. ის გვევლინება მასწავლებლად რომელიც გვაძლევს ამოცანას, თუმცა როგორ უნდა ამოვხსნათ იგი, არ გვეუბნება.
უნდა ითქვას, რომ ფილმს ყველა ნაწილში გარღვევა არის, ეს კი, დიდი ალბათობით, ისევ რეჟისორის ჩამოუყალიბებელი პოზიციის ბრალია. არადა, მას გვერდში ისეთი მაღალი კლასის კინოოპერატორი იდგა, როგორიც ოლეგ მუტუა (ადამიანი, რომელსაც სერგეი ლოზნიცასთან და კრისტიან მუნჯიუსთან აქვს ნამუშევარი), რომლის კინოსაოპერატორო ხედვა ევროპულ კინოში საოცრად განსხვავებული და მეტყველია. თუმცაღა ასეც ხდება. როცა დირიჟორი გამოუცდელია, მაღალი კლასის მუსიკოსსაც გაუჭირდება სწორად დაკვრა. მისთვის მთავარ თემად იქცა ის სარეჟისორო ხერხები, როგორებიცაა: სიშიშვლე, კოცნა, მასტურბაცია და რელიგიური ფანატიზმი. ეს ყოველივე მას ისე უნდა გამოეყენებინა, როგორც დურგალი იყენებს ხელსაწყოებს ლამაზი ნამუშევრის შესაქმნელად. აქ კი პირიქით ვხედავთ. ის მოთხრობილი სოციალური გზააბნეულობა და დისორიენტაცია გახდა საბაბი, რათა რეჟისორს ამ თემებზე თამამად ელაპარაკა. ამით სურათი ცუდი ინტერპრეტაცია გამოვიდა ყველა იმ ფილმისა, ამ თემაზე რომაა გადაღებული.
აქვე არ შეიძლება არ აღნიშნოს დათა ჩაჩუას თამაში. იგი მთავარ გმირს, სანდროს ასახიერებს. მისთვის ეს „დიდ კინოში“ პირველი ნაბიჯებია. მას აქამდე ქართველი მაყურებელი ტელესერიალებიდან – „ჩემი ცოლის დაქალები“ და „ცვალებადი ნიშნები“ იცნობს. მისი ეს როლი ბევრმა კარგ საწყისად აღიარა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ „დათვური“ სამსახურია მისთვის.
სერიალის ფორმატი მსახიობს აძლევს საშუალებას პერსონაჟის ხასიათი, თავისი ნიუანსებით, გრძელ ვადაში ჩამოაყალიბოს, ხოლო კინო ამის ფუფუნებას არ იძლევა. მსახიობმა ყველაფერი საშუალოდ 2 საათში უნდა მოასწროს, ამ დავალებას კი მთავარი როლის შემსრულებელმა თავი ვერ გაართვა. პირველ რიგში, მისი პერსონაჟი უმეტყველო იყო. ნებისმიერი ემოციაში ჩანდა, რომ ყოველივე დიდი ძალისხმევითა და ბაზისური სწავლებით შესრულდა. ამის გარდა, მას, როგორც მსახიობს, ბევრი არაფერი შეუტანია პერსონაჟის არსში, რადგანაც ისეთი შეგრძნება რჩება, რომ ის მხოლოდ ტექსტს ამბობს, კონკრეტული კონტექსტისა და ემოციის მიხედვით. მისი სხეულის ენაც არანაირად არ არის ბუნებრივი. იგი მეტად რობოტული და უხეშია. ეპიზოდი, სადაც სანდრო მამის ბერად აღკვეცას ესწრება, მისი პერსონაჟის ემოციური პიკი უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელოვნურია ის სირბილიც, ცრემლებიცა და მიმიკაც როგორადაც ის ასრულებს ამ როლს. მასში ბევრად მეტი ემოცია უნდა ყოფილიყო, რადგანაც მისი პერსონაჟი კარგავს მშობელს, რომელიც ერთადერთი ემოციური საყრდენი იყო, ვისთანაც შეეძლო თავისუფლად ლაპარაკი. ის რჩება მარტო იმ დიდ სამყაროში, სადაც მის მხარეს არავინაა. ასეთ დროს ვხედავთ სანდროს, რომლის ცრემლები არაფრად არ უღირს მაყურებელს, რადგანაც ის ვერ აღძრავს მათში საკმარის ემოციას.
„პანოპტიკონი“ გახდა ის რჩეული, რომელსაც „ოსკარზე“ საქართველო უნდა ესახელებინა. ყოველ შემთხვევაში, ქართულმა წარმომადგენლობამ ასე ჩათვალა საჭიროდ. ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებელს გაუჩნდა კითხვა, თუ რა წარმოდგენა შეექმნებოდათ ქართველებზე სხვებს ამ კინოსურათის ნახვის შემდეგ, რომელშიც რეჟისორი ყვება სოციუმის ამბავს, რომელსაც თავად მაღალი მორალური კვარცხლბეკიდან უყურებს. ეს რომ ასე არ ეფიქრათ, ყოველივეს გამოსწორებას ავტორი ფინალით შეეცადა, სადაც სანდროს კათარზისი უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც მთლიან ნაწარმოებში, აქაც სიშიშვლე უბრალოდ სიშიშვლისთვის იყო და მეტი არაფერი. ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის წინასიტყვაობამაც ვერ შეძლო ამის გამოსწორება.
ეს ფილმი ქართველი მაყურებლის შეურაცხყოფაა, რადგანაც რეჟისორი მათ იმ პატარა ბავშვად აღიქვამს, რომელსაც ბევრი რამ აქვს სასწავლი, ამის საფუძველს კი ფილმის დიდაქტიკური ტონი იძლევა. სადაც მუდამ ჩანს, რას თვლის ავტორი სწორად და რას არა. გიორგი სიხარულიძეს კვლევა მორალურ დემაგოგიაში გადაეზარდა, რამაც კინოსურათი საინტერესოდან საშინელებამდე აქცია.
საბა მახარაშვილი






