ქალაქი ხშირად ინახავს იმ ამბებს, რომლებიც მის კედლებში იბადება. ნახევრად აშენებული კორპუსები, დაკიდებული ამწეები, დაუმთავრებელი ბინები – ეს ყველაფერი მხოლოდ ურბანული პეიზაჟის ნაწილი არ არის. ისინი ადამიანების ცხოვრებასაც ასახავენ: მოლოდინს, იმედს, იმედგაცრუებას. სწორედ ამ რეალობას ეხება რუსუდან ჭყონიას ტრაგიკომედია, „ვენეცია“ (2024), რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზეა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ბუნების, სოციალური ურთიერთობებისა და მორალური არჩევანის შესახებ გვიყვება.
ფილმის სიუჟეტი რეალისტური და, ერთდროულად, სიმბოლურია. სამშენებლო კომპანია უკვე შვიდი წელია ვერ ასრულებს საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც ირონიულად „ვენეცია“ ჰქვია. სახელი თითქოს აბსურდულ კონტრასტს ქმნის: ნამდვილი ვენეცია ასოცირდება არქიტექტურულ სილამაზესთან, წყლისა და სინათლის ქალაქთან, ხოლო ფილმის „ვენეცია“ არის ნახევრად აშენებული ბეტონის სივრცე.
ბინის მესაკუთრეები ცდილობენ გამოსავლის პოვნას. ისინი გეგმავენ, თავად დაასრულონ მშენებლობა, თუმცა ყველა მცდელობა მარცხით მთავრდება. საბოლოოდ, მათ წინაშე ჩნდება ერთადერთი რეალური გამოსავალი: მშენებლობის დასრულებისთვის აუცილებელია ერთ–ერთმა მესაკუთრემ ბინა დათმოს.
სწორედ აქ იწყება მთავარი დრამატული და მორალური კონფლიქტი, სადაც მნიშვნელოვანი ელემენტი სწორედ მეზობლობის თემაა. პერსონაჟები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არ არიან. ისინი მანამდეც ცხოვრობდნენ ერთად ერთ კორპუსში და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჰქონდათ გარკვეული მეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამ წარსულმა გამოცდილებამ უნდა შექმნას მათ შორის ნდობისა და ურთიერთგაგების საფუძველი. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მათთვის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ ნიშნავდს. ეს უნდა ყოფილიყო იმავე მეზობლობის გაგრძელება ახალ, უფრო კომფორტულ სივრცეში.
თუმცა ფილმი გვიჩვენებს, რომ საერთო წარსულიც კი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სოლიდარობას. როდესაც საქმე პირად ინტერესებსა და საკუთრებას ეხება, ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობები შეიძლება სწრაფად დაიძაბოს. პერსონაჟები, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდებიან რთული არჩევანის წინაშე – უნდა გადაწყვიტონ, როგორ გადაარჩინონ საერთო პროექტი და, ამავე დროს, არ დაკარგონ საკუთარი ინტერესები.
ამ კონფლიქტის სიმძიმე სწორედ იმაშია, რომ ისინი მომავალშიც ერთმანეთის მეზობლები უნდა იყვნენ. თუ კორპუსი დასრულდება, ისინი კვლავ ერთ სივრცეში იცხოვრებენ – ერთ სადარბაზოში, ერთ ეზოში, ყოველდღიური შეხვედრებითა და ურთიერთობებით, ამიტომ მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ კონკრეტულ პრობლემას არ ეხება. ისინი განსაზღვრავენ იმ მომავალსაც, რომელშიც ამ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით ცხოვრება მოუწევთ.
ამგვარად, ფილმი მეზობლობას აჩვენებს, როგორც რთულ სოციალურ ურთიერთობას, სადაც მეგობრობა, ნდობა და პირადი ინტერესები მუდმივად ერთმანეთს ეჯახება. სწორედ ამ დაძაბულობაში იკვეთება ადამიანის ბუნების ის მხარე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ჩანს მაშინ, როდესაც ადამიანები იძულებული არიან საერთო სივრცე და საერთო მომავალი გაიზიარონ.
ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენაა, როდესაც მესაკუთრეები პირველად განიხილავენ იდეას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა ბინა უნდა დათმოს. ეს სცენა თითქოს უბრალო დისკუსიაა, მაგრამ თანდათან ემოციური დაძაბულობა იზრდება. თავდაპირველად, პერსონაჟები ცდილობენ საკითხს რაციონალურად მიუდგნენ. ისინი საუბრობენ ფინანსებზე, ტექნიკურ პრობლემებზე, სამართლებრივ დეტალებზე.
მაგრამ ძალიან მალე საუბარი პერსონალურ დონეზე გადადის. ვინ უნდა დათმოს ბინა? რატომ სწორედ მან? რატომ არა სხვამ? ამ კითხვებმა სწრაფად გამოავლინა ის დაძაბულობა, რომელიც მანამდე ფარულად არსებობდა. მთელი ფილმის განმავლობაში პერსონაჟები კორპუსის ცარიელ სივრცეში დადიან. ეს მოძრაობა თითქმის სიმბოლურ ხასიათს იღებს ისინი თითქოს საკუთარ მომავალში დადიან, რომელიც ჯერ არ არსებობს.
ფილმის მთავარი კონფლიქტი გვახსენებს ინდივიდისა და კოლექტივის დაპირისპირებას. ფრანგი ფილოსოფოსი ჟან–ჟაკ რუსო წერდა, რომ საზოგადოებრივი კონტრაქტი ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც ინდივიდები საკუთარი ინტერესის ნაწილს თმობენ საერთო კეთილდღეობისათვის. „ვენეციაში“ ეს იდეა პრაქტიკულ და მტკივნეულ ფორმას იღებს. არის თუ არა ეს სამართლიანი, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი ბინა დათმოს, რათა სხვებმა ცხოვრება დაიწყონ? ამ საკითხს შეიძლება შევხედოთ სოციალური ტრავმის პერსპექტივიდანაც. როდესაც საზოგადოება მუდმივად ცხოვრობს გაურკვევლობაში, ეკონომიკურ და სოციალურ გაჭირვებაში, ეს მდგომარეობა ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს.
ფილმის ინსპირაცია თავად რეჟისორის პირადი გამოცდილება გახდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფილმის ავთენტურობაში. ამ კონტექსტში „ვენეცია“ მხოლოდ ერთი კორპუსის თავგადასავალი აღარ არის. ეს არის საზოგადოებრივი პორტრეტი. როდესაც ავტორი საკუთარ ამბავს ეხება, ნარატივში ჩნდება ემოციური სიზუსტე, რომელიც ხშირად აკლია გამოგონილ ამბებს, ამიტომ „ვენეცია“ არ ჰგავს მხოლოდ სოციალურ სატირას, მასში იგრძნობა პირადი ტკივილი და იმედგაცრუება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებობს.
ფილმის მნიშვნელოვანი ძალა მსახიობთა შემადგენლობაა. ისინი ქმნიან პერსონაჟებს, რომლებსაც განსხვავებული ხასიათი, სოციალური სტატუსი და ცხოვრების გამოცდილება აქვთ. ისინი ერთ სივრცეში არიან შეკრებილი – კორპუსში, რომლის მშენებლობა უკვე შვიდი წელია ვერ დასრულდა. ამგვარად, ეს კორპუსი თავად იქცევა მიკროსაზოგადოებად. ეს სივრცე თითქოს პატარა მოდელია იმ სოციალური რეალობისა, სადაც ადამიანები ერთმანეთთანაც თანამშრომლობენ და ერთმანეთსაც ებრძვიან.
ფილმის ვიზუალური სტილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – დაუსრულებელი კედლები, შიშველი ბეტონი, დაუმთავრებელი კიბეები და ღია ფანჯრები ქმნის სივრცეს, რომელიც მუდმივად ნახევრად დასრულებულ მდგომარეობაშია; სივრცეს, სადაც პერსონაჟები თითქოს მუდმივად ეძებენ გზას, მაგრამ ვერ პოულობენ.
რეჟისორი ხშირად იყენებს ფართო ხედებს, სადაც პერსონაჟები პატარა ფიგურებად ჩანან უზარმაზარ, ცარიელ არქიტექტურაში. ეს ვიზუალური გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ადამიანების უმწეობას სისტემის წინაშე. კორპუსი აქ მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ არის, ის ძალაუფლების სიმბოლოდაც იქცევა. ფერთა პალიტრა, ძირითადად, ცივ ტონებზეა აგებული. ცივი განათება ქმნის ატმოსფეროს, რომელიც მუდმივი უკუსვლის განცდას იწვევს. ამ გარემოში პერსონაჟები თითქოს საკუთარი ცხოვრებისგან მოწყვეტილი ჩანან.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მძიმე სოციალურ თემას ეხება, მასში იუმორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ტრაგიკომიკული ტონი განსაკუთრებით კარგად გამოხატავს იმ პარადოქსს, რომელიც ქართულ რეალობას ხშირად ახასიათებს. ადამიანებს შეუძლიათ იცინონ ყველაზე აბსურდულ სიტუაციებშიც კი. ეს სიცილი ხშირად მწარეა, მაგრამ სწორედ ამ მწარე იუმორში იმალება გადარჩენის ძალა.
ნებისმიერი საინტერესო და ფორმალურად გამბედავი ფილმი, როგორც წესი, არ არის სრულყოფილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეჟისორი რთულ თემას და რთულ ფორმას ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან ჭყონია ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ ტრაგიკომედიას და ცდილობს ფორმისა და შინაარსის გაერთიანებას, „ვენეციას“ გარკვეული სისუსტეებიც აქვს, რაც მაყურებლზე გავლენას ახდენს. ერთ–ერთი მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ძირითადი კონფლიქტი, ერთ–ერთი მესაკუთრის მიერ ბინის დათმობის საკითხი, ზოგ მომენტში უფრო იდეის დონეზე რჩება, ვიდრე სრულად განვითარებულ დრამატულ პროცესად იქცევა.
მაყურებელი ხედავს, რომ პერსონაჟები კამათობენ, მსჯელობენ და ცდილობენ გამოსავლის პოვნას, მაგრამ მათი პირადი ამბები ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება. ამან შეიძლება შექმნას განცდა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი მხოლოდ სოციალურ სიმბოლოდ რჩება და არა სრულად ჩამოყალიბებულ ინდივიდად. ფილმს მეტი დრო და სივრცე სჭირდებოდა პერსონაჟების პირადი მოტივაციების გამოსავლენად იმისთვის, რომ მაყურებელს უკეთ გაეგო, რატომ მოქმედებენ ისინი ასე და არა სხვაგვარად.
ტრაგიკომედიის ჟანრი ხშირად რთულია, რადგან საჭიროა ბალანსი კომედიურ და დრამატულ ელემენტებს შორის. „ვენეციაში“ ეს ბალანსი ზოგჯერ ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საინტერესო სოციალური სიტუაციის ირგვლივ ვითარდება, მისი ემოციური კულმინაცია შეიძლება შედარებით მშვიდი და ნაკლებად შოკისმომგვრელი აღმოჩნდეს. მაყურებელი ელოდება უფრო ძლიერ დრამატულ აფეთქებას, მომენტს, როდესაც კონფლიქტი მაქსიმალურ დაძაბულობას მიაღწევს.
ამ კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ვენეცია“ მაინც რჩება საინტერესო ექსპერიმენტად თანამედროვე ქართულ კინოში. რეჟისორი ცდილობს ფორმისა და შინაარსის გაერთიანებას და ქმნის ფილმს, რომელიც სოციალურ რეალობას ტრაგიკომიკული ხედვით გვიჩვენებს. შესაძლოა, სწორედ ეს დაუმუშავებელი დეტალები ამ ფილმს, გარკვეულწილად, ადამიანურ და ცოცხალ ხასიათსაც კი ანიჭებს.
ფილმის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმალური გადაწყვეტა არის ის, რომ იგი უწყვეტი კადრის პრინციპით არის გადაღებული. ეს ტექნიკური არჩევანი მხოლოდ ვიზუალური ეფექტის შექმნას არ ემსახურება. ის პირდაპირ უკავშირდება ფილმის თემატიკას, პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და დროის განცდას. ასეთი გადაწყვეტა კინოში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან მისი განხორციელება რთული და რისკიანი პროცესია.
უწყვეტი კადრით გადაღება ნიშნავს, რომ კამერა თითქოს არასოდეს ჩერდება. მოქმედება ვითარდება ერთ უწყვეტ მოძრაობაში, მონტაჟური ჭრილების გარეშე, რაც რეჟისორისგან და მთელ შემოქმედებით ჯგუფისგან განსაკუთრებულ სიზუსტესა და სინქრონულობას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში შეცდომის ადგილი თითქმის არ არსებობს: მსახიობების მოძრაობა, დიალოგები, კამერის გადაადგილება, განათება და სივრცის გამოყენება ერთ მთლიან ქორეოგრაფიულ პროცესად უნდა იქცეს. ერთი პატარა ტექნიკური ან მსახიობური შეცდომაც კი შეიძლება მთელი სცენის თავიდან გადაღებას ნიშნავდეს. ამ მხრივ უწყვეტი კადრი კინოს ერთგვარ „ცოცხალ ორგანიზმად“ აქცევს.
ფილმში რუსუდან ჭყონია სწორედ ამ რთულ ფორმას იყენებს, რაც ამძაფრებს რეალისტურ ეფექტს. კამერის უწყვეტი მოძრაობა ქმნის განცდას, რომ მაყურებელი თავად იმ სივრცეში იმყოფება, იმ დაუსრულებელ კორპუსში, სადაც პერსონაჟები ცხოვრობენ თავიანთი პრობლემებითა და კონფლიქტებით. მაყურებელი თითქოს მათთან ერთად გადაადგილდება დერეფნებში, კიბეებზე, ცარიელ ბინებში.
ამგვარი ვიზუალური ხერხი განსაკუთრებით კარგად მუშაობს იმ ფილმებში, სადაც სივრცე თავად ხდება სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. „ვენეციაში“ დაუსრულებელი შენობა არა მხოლოდ მოქმედების ადგილი, არამედ სიმბოლური გარემოა, რომელიც პერსონაჟების ჩაკეტილ მდგომარეობას გამოხატავს. კამერის უწყვეტი მოძრაობა ამ სივრცეს ცოცხალ და დინამიკურ ხასიათს ანიჭებს.
„ვენეცია“ მხოლოდ დაუსრულებელი კორპუსის ამბავი არ არის. ეს არის ფილმი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ხშირად აღმოჩნდება საზოგადოება – მუდმივ მოლოდინში, მუდმივ გაურკვევლობაში. პერსონაჟები ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი, დაასრულონ შენობა და დაიწყონ ახალი ცხოვრება, მაგრამ სწორედ ამ პროცესში იკვეთება ადამიანური ბუნების ყველაზე რთული მხარეები: ეგოიზმი, შიში, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა.
დაუსრულებელი შენობა აქ იქცევა მეტაფორად იმ დაპირებებისა და იმედებისა, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება, მაგრამ ხშირად არ სრულდება. სწორედ ამიტომ „ვენეცია“ გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ როგორ ვცხოვრობთ საერთო სივრცეში და რამდენად მზად ვართ საერთო პრობლემის გადასაჭრელად პირადი ინტერესების ნაწილიც კი დავთმოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ფილმი სვამს, არის: როდესაც საერთო მომავალი საფრთხეშია, რამდენად მზად ვართ ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ ბინაზე, არამედ იმ სახლზე, რომელშიც ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ.
თეონა ვეკუა






