საზოგადოებრივი აზრი და ოჯახური მენტალიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება, მეტნაკლებად, პიროვნების ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორი, განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია კონსერვატორული ღირებულებებისადმი მიჯაჭვულობა, როგორიც არის ტრადიციული ოჯახური, კულტურული და რელიგიური წესების დაცვა. ასეთ საზოგადოებაში, გარდა იმისა, რომ სკრუპულოზური მიდგომით იცავს ამ წესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის, თუ რას იტყვიან მასზე, როგორ შეაფასებენ და განსჯიან მის ქმედებებს. მსგავსი ტიპის ადამიანები მუდმივად განიცდიან „უჩინარი“ თვალის დაკვირვების ზეწოლას, რადგან იციან, რომ ზოგიერთნი, რომლებიც მათი „ჭვრეტით“ არიან გართული, ცდილობენ მათ სტანდარტებს მოერგონ და არ გასცდნენ დაწესებულ ნორმებს, რომლებიც ადამიანებმა ერთმანეთს თავად დაუწესეს. მსგავსი სოციალური წნეხის შედეგად ადამიანს გამოუმუშავდა თვითდისციპლინის უნარი, რასაც ფრანგი ფილოსოფოსი, მიშელ ფუკო „ხილვადობის მახედ“ მოიხსენიებს და ჯერემი ბენტამის ციხის მოდელის, „პანოპტიკონის“ მაგალითზე განიხილავს.
ბენტამის ციხის, „პანოპტიკონის“ კონსტრუქცია ისეა აგებული, რომ მის ეზოში განთავსებული სათვალთვალო კოშკიდან ზედამხედველი მუდმივად აკვირდება რკალის ფორმის შენობაში განთავსებულ პატიმრებს. ამგვარად ისინი ვერსადროს ვერ ხვდებიან, როდის უყურებენ მათ და ამიტომ არასდროს არ აქვთ მოდუნების საშუალება. გიორგი სიხარულიძის ფილმიც, „პანოპტიკონი“ (2024) არის ამ ციხის მოდელის ერთგვარი მეტაფორული სახე, რომელშიც მთავარი გმირი სანდრო (დათა ჩაჩუა) მუდმივი დაკვირვების ობიექტი – „ტუსაღია“, რომელსაც პერიოდულად უთვალთვალებს რელიგიური დოგმატიზმით შეპყრობილი „ზედამხედველი“ მამის (მალხაზ აბულაძე) თვალები. ციხის პატიმრის მსგავსად, სანდროსაც უზღუდავენ თავისუფლებას და ავტორიტარული აღზრდის მეთოდი მის თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას დაღს ასვამს. იგი მეგობრის – ლაშას მსგავსად იჭრის თმას და მისნაირად იწყებს მოქმედებას, რადგან მისი პიროვნული იდენტობა სადღაც ქრება და მას სხვა აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ სხვად იქცეს.
ფილმში აღწერილია 2018 წლის საქართველო. მთავარი გმირი, 17 წლის სანდრო ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთ არის წასული მოხუცის მოსავლელად და შვილთან საკომუნიკაციოდ ვირტუალური კონტაქტისთვისაც კი ცოტა დრო რჩება. ამასობაში, სანდრო, რომლისთვისაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მშობლების თანადგომა, მათთან მეგობრული ურთიერთობა და ჯანსაღი კომუნიკაცია, მუდმივად განიცდის მათ დეფიციტს და ორი სხვადასხვა შეხედულებისა და იდეოლოგიის გარემოში იჭყლიტება. ერთია მისი თაობა – კლასელები და ფეხბურთის თანაგუნდელები, რომლებთანაც მას უწევს ყოფნა, უფრო თავისუფლები და ლაღები არიან თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაში. მეორე გარემო, სადაც სანდროს მუდმივად უწევს დისციპლინის მარწუხებში ყოფნა, არის მამის მხრიდან თავს მოხვეული რელიგიური კანონები. ის მას მუდმივად ახსენებს და ეუბნება, რომ იაროს ეკლესიაში და არ გამორჩეს ლოცვები. კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის დაპირისპირება ფილმის ნარატივს მთავარ ზოლად გასდევს.
დასაწყისში, როდესაც ერთ–ერთი „მავნებელი“ თანაგუნდელი აბაზანის საერთო ოთახში სანდროს ჯვარს საკიდიდან ხსნის და მის მაგივრად ერთ–ერთი გუნდელის „ფლეშკას“ კიდებს, სანდროს უკვე ინტერესი უჩნდება, მალულად შეიჭრას სხვის პირად სივრცეში და სახლში მის დათვალიერებას იწყებს. პორნოგრაფიული ვიდეოების გვერდით ლაშას დაბადების დღის ამსახველ ვიდეოებსაც გადააწყდება, სადაც კადრში მისი დედა – ნატალია (ია სუხიტაშვილი) ჩნდება და სწორედ აქედან იწყება სანდროს ფარული ინტიმური ლტოლვა მის მიმართ, მამამისისაგან თავსმოხვეული რელიგიური „რიტუალებისადმი“ ინდიფერენტული დამოკიდებულება და, ასაკის შესაბამისად, გზა ეხსნება მის ფარულ სექსუალურ ფანტაზიებს.
ფილმში მუდმივად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ მოზარდის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გარდაუვალია და აქედან გამომდინარე, სანდროს გმირიც, გარდატეხის პერიოდში, მოჭარბებული ლიბიდოს დათრგუნვას ვერანაირი რელიგიური შეგონებებით ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, მსგავსმა შებოჭილმა და შეზღუდულმა აღზრდის მეთოდებმა, შესაძლოა, უფრო აგრესიული ფორმებიც კი მიიღოს, რაც სანდროს შემთხვევაშიც ვლინდება. გმირის ქმედებები, მოძრაობა, ჟესტი, მიმიკა, ხმის ტემბრი იმდენად დამთრგუნველია, რომ ის მუდმივად განიცდის „არასწორი“ ქმედებებისგან გამოწვეულ სინდისის ქენჯნას. მეგობრის დედა, რომლის მიმართაც მას ინტიმური კავშირის სურვილი უჩნდება, მისი ქვეცნობიერის ზედაპირზე ამოტივტივებაა. სანდრო მუდმივად განიცდის შორს მყოფი დედის დანაკლისს. მასაც უნდა, ლაშას მსგავსად, გვერდით ჰყავდეს დედა, რომელსაც დაელაპარაკება, ჩაეხუტება.
რატომ ხდება მისი სექსუალური ფანტაზიების ობიექტი არა მისი შეყვარებული, არამედ მეგობრის დედა? სანდროს მიაჩნია, რომ შეყვარებულთან სექსი არ შეიძლება და ის მხოლოდ დაქორწინების შემდეგ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაშიც რეჟისორი აქცენტს აკეთებს მის ფსიქიკაში უხეშად შეჭრისა და მისი არასწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბების შედეგებზე.
ეს გმირი მუდმივად განიცდის თვალთვალს ვიღაცის ან რაღაცის მიერ. მას უმზერენ კედელზე დაკიდებული ხატები, მამა, რომელიც პერიოდულად უცებ ჩნდება კადრში, როდესაც ის არ ელის და სისტემატურად ახსენებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ყველაზე მთავარი უხილავი ზედამხედველი საკუთარი მეორე დაკომპლექსებული „მეა“, რომლის ტყვეც თავად ხდება. ის მაშინაც კი არ არის მარტო საკუთარ თავთან, როდესაც კედელზე დაკიდებული ხატები „უმზერენ“ მის „ურცხვ“ ქმედებებს. ამავდროულად, ის ცდილობს, თავი დააღწიოს მამის ზეწოლას, თვითდისციპლინას და მალულად, შებოჭილად, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილმა ჯიუტად აკეთოს ის, რაც კონსერვატიულ ნორმებში არ ჯდება.
სანდრო მუდმივ ჭიდილშია როგორც საკუთარ თავთან, ასევე მეგობრებთან და ოჯახში. მცდელობა იმისა, რომ გადალახოს თავსმოხვეული სტერეოტიპები, მაინც რაღაც ან ვიღაც (მამა ან საკუთარი უკვე ჩამოყალიბებული კომპლექსები) არ აძლევს საშუალებას, რომ გათავისუფლდეს დოგმებისგან. ერთი შეხედვით, შეიძლება დღევანდელობასთან მიმართებაში ცოტა გვეუცხოვოს მსგავსი აღზრდის მეთოდი, როდესაც თანამედროვე თაობა სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე განთავისუფლდა დრომოჭმული აღზრდის მეთოდებისგან, რელიგიური ფანატიზმისგან, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ აწმყოს მეტნაკლებად „შენიღბული“ სახეა, რომლის მიღმაც ისევ იმალება მიჩქმალული კომპლექსები, ისევ არსებობენ ოჯახები, სადაც შვილებს ზედმეტად თავსმოხვეული რელიგიური ფანატიზმით ზრდიან, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ჰუმანიზმთან და იმ სიკეთესთან, რასაც ჭეშმარიტი რელიგია ემსახურება.
მამის ხაზი ფილმში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბიჭისთვის მამა, რომელიც ავტორიტეტი უნდა იყოს და, ხშირ შემთხვევაში, მაგალითის მიმცემი (როგორც მამრობითი სქესის პირველადი მისაბაძი ობიექტი), იკარგება და წარმოჩენილია შვილისთვის ყოვლად უსარგებო არსებად, რომელსაც სხვა აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ეკლესიას შეაფაროს თავი და პერიოდულად აზრს მოკლებული დირექტივები გასცეს იქიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პერსონაჟი თავისებურად საინტერესოა და ყოველ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთა, მთავარ ფიგურად მაინც სანდრო და მამამისი რჩებიან.
ყველას აქვს არჩევანის უფლება. სანდროს მამამ რომ სასულიერო ცხოვრება აირჩია, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შვილს უკარნახოს, რომ მოექცეს რელიგიურ ჩარჩოებში, ეს დანაშაულია. მამის ფანატიკური შეხედულებები უკვე პიკს აღწევს, როდესაც სანდროს ეშმაკებით შეპყრობილად მოიხსენიებს. რეჟისორი ხაზს უსვამს მამის უგუნურებას და ისმევა კითხვა, თუ რა სჯობს, სანდრო კვლავ მამის ზედამხედველობის ქვეშ გაიზარდოს თუ მისგან დისტანცირდეს, რათა თავადაც მისი დოგმების ტყვე არ გახდეს. მამა რომელიც ასაკის მიუხედავად, ჩამოუყალიბებელია გადაწყვეტილებებში და არ იცის ზუსტად, რა ქნას – ბერად აღიკვეცოს თუ საერო ცხოვრება განაგრძოს ისევ, იმ მამაკაცების სისუსტეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ოჯახს ქმნიან, ჰყავთ ცოლი, შვილები, მაგრამ ისევ ინფანტილურებად რჩებიან. მსგავსი მამაკაცები ყოველთვის მოძღვრავენ შვილებს, მაგრამ თავად კი აზრის სიმტკიცე აკლიათ. შვილები, სანდროს ნაირად, სოციუმში იკარგებიან და მერე მამის კვალს ადგებიან. სანდროს მამის შემთხვევაში, მისი ყოყმანი საერო და სასულიერო ცხოვრების არჩევანში განპირობებულია არა შვილის მარტო დარჩენის შიშით, არამედ თავად არ იცის სინამდვილეში რა უნდა, ეშინია, ვაითუ ბერობა, ეს მძიმე ტვირთი ისევე ვერ ზიდოს, როგორც მამობა.
ეს პერსონაჟები ერთ მთლიან ნარატივს ქმნიან, რომლებიც ერთმანეთან მუდმივ უწყვეტ კავშირში არიან, ისე როგორც ბენტამის ციხის არქიტექტურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი შენობა – პატიმრების საკნები და ზედამხედველის კოშკი განცალკევებულად დგას, ისინი მაინც ერთ არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენენ. სანდროს მამა პანოპტიკონის ზედამხედველის მეტაფორაა, რომელიც პერიოდულად აკონტროლებს შვილის ქცევებს და მისი თვალთვალის ტყვეობაში მყოფ სანდროს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მამა ვერ აანალიზებს იმას, რომ რაც უფრო მეტად შეზღუდავს მას და გასაქანს არ მისცემს მის სურვილებს, მით უფრო მეტად ჩამოუყალიბდება მას კლაუსტროფობიური სიმპტომები და ეცდება მონახოს თავის დაღწევის გზა, ისე რომ ზღვარსაც კი გასცდეს. მისი ქსენოფობიური დამოკიდებულება სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც ორ სამყაროს შორის იხლიჩება: იცხოვროს რელიგიური ფანატიზმით, სისტემატურად იკითხოს ლოცვები, აკეთოს მეტანიები, არც ერთი წამით არ დარჩეს მარტო საკუთარ სხეულთან მაშინაც კი, როცა არავინ უყურებს, თუ მეორე უკიდურესობა აირჩიოს, გახდეს მეამბოხე ქსენოფობი აქტივისტი, რომელიც აგრესიით ცდილობს გამოხატოს პროტესტი ტრადიციული სტერეოტიპების მიმართ.
რეჟისორი პარალელს ავლებს ფრანსუა ტრუფოს ფილმის, „400 დარტყმა“ გმირს, ანტუანსა და სანდროს შორის. როდესაც სანდროს თმის შეჭრის პარალელურად, ტელევიზორის ეკრანზე ჩნდება ტრიფოს ფილმის საწყისი ტიტრები, ხვდები, რომ ორივე გმირი კონფლიქტშია გარემოსთან, სკოლასთან, ოჯახთან. ორივე პერსონაჟი იწვევს თანაგრძნობას იმ წნეხისგან გამომდინარე, რაც მათზე ხორციელდება და ისინი ცდილობენ, როგორმე თავის დააღწიონ სულისშემხუთავ გარემოს.
ფილმის ოპერატორი (ოლეგ მუტუ) სტატიკური კადრებით ქმნის „პანოპტიკონის“ ეფექტს. თითქოს კამერის ობიექტივი არის მაყურებლის თვალი, რომელიც აღმართული კოშკის სადარაჯოზეა და დაჟინებით აკვირდება ფილმის ყველა პერსონაჟს, განსაკუთრებით კი, სანდროს. ხოლო კამერის ნელი მოძრაობა, რომელიც პერსონაჟებს მალულად მიჰყვება, თითქოს მათი შინაგანი სამყაროს ნაწილი ხდება და ცდილობს, შეაღწიოს ტუსაღებივით გამომწყვდეულ მათ შინაგან სამყაროში, სააშკარაოზე გამოიტანოს მათი ფიქრები, განცდები, ემოციები და ქვეცნობიერი სამყარო ცნობიერი გახადოს. ახლო ხედი, რომელიც სანდროს სახეზე რამდენიმე წამით ყოვნდება, მაყურებლის მასთან სიახლოვის ილუზიას ქმნის. თითქოს მას შორიდან კი არ აკვირდები, არამედ ყური გაქვს მიდებული მის სახეზე და ყოველ ექსპრესიულ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვას იგებ (რომელიც ზოგიერთ კადრშიც მართლაც ისმის), რაც გმირის მიმართ ემპათიის განცდას ამძაფრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსახიობი არაბუნებრივი და ყალბია თამაშისას და ფილმშიც ზოგიერთი კადრი სრულიად არაფრისმთქმელია, დათა ჩაჩუას თამაში იმდენად ემოციურია, სულ რომ არაფერი თქვას, არ მოიმოქმედოს, მისი თითოეული სახის ნაკვთი იმდენად მეტყველია, რომ შეუძლებელია გულგრილად უყურო მას, არ მიიღო მისი განცდები და არ მოვიდეს ის სათქმელი შენამდე, რაც რეჟისორს სურდა, რომ მისით ეთქვა.
ფინალურ ეპიზოდში, როდესაც სანდრო დედიშობილა წარსდგება თავისი შეყვარებულის და სხვა მოსწავლეების წინაშე, როგორც დასახატი მოდელი, მასწავლებელი აძლევს მათ დავალებას, რომ დახატონ შიშველი სხეული, რომელიც გამოხატავს სირცხვილს. სანდროს, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში გამოხატავდა სირცხვილს, მისი სიშიშვლე აუდიტორიის წინაშე ათავისუფლებს იმ თვითდისციპლინისგან, რომელიც მუდმივად ამყოფებდა „ხილვადობის მახეში.“
ქეთევან ღონღაძე






