ქართული კლასიკა, ეროვნული ლიტერატურა გადატანილი სცენასა და, გამორჩეულად, ეკრანზე – ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას იზიდავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა, როდესაც დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გადაიღო 2009 წელს. ფილმი – რომანის მოტივებზე, თავისი და ვაჟა გიგაშვილის სცენარით. პირველად ქართულ კინოში.
დათო ჯანელიძემ ჯაყოს ხიზნების „ხიზნობის“ იდეა, ალეგორიული ფორმით, ადრეც გამოიყენა, „ჯაყოს ხიზნების“ გადაღებამდე, ათი წლით ადრე, ფილმში „მდგმურები“ (მამუკა დოლიძის პიესის მიხედვით), სიუჟეტის, ფაბულის, პერსონაჟების სხვაგვარ ფორმაში აკინძვით, თუმცა, იგივე პრობლემის მეტაფორული გამოხატვით.
მიხეილ ჯავახიშვილი უბის წიგნაკიდან: „ჯაყოს ხიზნებს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“.
„ჯაყოს ხიზნებში“ დათო ჯანელიძე ერთ-ერთ თემას – „გამჭოლ მოქმედებას“ მიჰყვება და მის გარშემო აგებს თხრობას, ქმნის ამბის ახალ ეკრანულ სტრუქტურას. მიხეილ ჯავახიშვილის რომანის სიუჟეტი, ფაბულა და მთავარი პერსონაჟები შენარჩუნებულია. გამოყენებული და გამოკვეთილია ნაწარმოების იდეაც. ტექსტის „პოლიტიკური“ სიმწვავე კი ყოფისა და პერსონაჟების ურთიერთობების ხაზითაა გადაფარული. ფილმს დროის, ისტორიზმის, პოლიტიკური რეალიების „სურნელი“, მართალია, დაჰკრავს, ოღონდ მინიშნებებითა და ჩამქრალი „ფერებით“. ნაჩვენებია საზოგადოების ამბავი, რომელმაც დაუშვა მოვლენების ამგვარი განვითარება, რისი განმეორების საფრთხე, ნებისმიერ ქვეყანასა და ეპოქაში, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილების, მძაფრი კატაკლიზმების ჟამს, მუდამ არსებობს.
ფილმში „დაკარგულია“, უფრო ზუსტად, გაფანტულია დრო. ათვლის წერტილი (როგორც რომანში), შეიძლება, XX საუკუნის 20-იანი წლებია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, საქართველოს გასაბჭოება და ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული ეპოქის დასაწყისი.
ფილმის საექსპოზიციო ნაწილში, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის ქრონიკის კადრებია გამოყენებული. რაც და როგორი მოვლენებიც ქვეყანაში წითელი ტერორის დამყარებასა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მოჰყვა, ყველამ კარგად იცის. და ისიც, თუ რა შეიცვალა ზოგადად ქართველი ერის, ყველას ცხოვრებაში, თეიმურაზ ხევისთავის, მარგოსა და ჯაყოს ცხოვრების მსგავსად.
შემდეგ დროის საზღვრები იშლება და მოქმედება სხვადასხვა განზოგადებულ დროში, თუნდაც, დღევანდელობაში გადმოდის. ნაჩვენებია, თუ როგორ გაგრძელდა საქართველოს ისტორია გასაბჭოების შემდგომ პერიოდში, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანები კარგავენ მთავარს – თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სულიერებას.
ისევე, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ არაა პირდაპირი მნიშვნელობით, დოკუმენტურ პროზის ნიმუში, ისტორიული ნაწარმოები, არც დათო ჯანელიძის ფილმია დროისა და ეპოქის დოკუმენტი, თუმცა ისტორიზმსაც მოიცავს, ქვეყნის, ერის, რეალობის გამომსახველი მეტაფორაცაა და იმ ერის „გმინვის გამოძახილიც“, რომელსაც „ჯაყოები“ – მოძალადეები დაეპატრონენ.
„ჯაყოს ხიზნებში“ მენტალურ და ვიზუალურ კონტრასტს ქმნიან: ერთ მხარეს – მოხდენილი გარეგნობისა და მანერების, დახვეწილად მოსაუბრე, თანამედროვე, განათლებული, მაგრამ შინაგანად ცარიელი, უემოციო, ჩამქრალი თვალებითა და გულგრილი – მარგო (ნატო მურვანიძე) და თეიმურაზი (ზაზა ბურჭულაძე) და მეორე ნაპირზე – სიცოცხლით სავსე, ფიზიკურად და სულიერად ძლიერი, ჯანმრთელი, ეშმაკურ და ცოცხალთვალებიანი – ჯაყო (გიორგი ნაკაშიძე) – ერთმანეთზე გადაჯაჭვული (რადგან ბედმა ოდესღაც შეახვედრა და დააკავშირა) სამი პოლუსი. ცხადია, ეს კავშირი ფორმალურია და არა შინაგანი. არაა ნამდვილი. იძულებითია. არც სასიყვარულო სამკუთხედია. არამედ, ხაფანგში მომწყვდეული ადამიანების საბედისწერო ერთობა.
უცნაურად ჩანს, მაგრამ, ერთადერთი, ვისაც ამ სამეულში ადამიანური გრძნობები (მართალია, უარყოფითი) ამოძრავებს, ვინც ადამიანს „ჰგავს“, ჯაყოა. მას უყვარს სიცოცხლე და ტკბება ცხოვრებით. ახარებს – შრომაც, ქეიფიც, ჭამაც. ცოლიც ჰყავს, შვილებიც, მრავლდება. უყვარს ადამიანების მართვა. მათზე გავლენა. ჟინი აქვს, თავისად აქციოს, რაც ადრე არ ეკუთვნოდა, მიუწვდომელი იყო – მარგო, ქონება, სახლ-კარი, ხევისთავებისა და ყაფლანიშვილების გვარი, ძალითა და თაღლითობით მიღებული მემკვიდრეობა და ძალაუფლება. ყველაფერს ახალი დროება – ბედისწერა ანიჭებს. ახალი დრო ჯაყოს დროა, იარაღი, რომელსაც მარჯვედ იყენებს.
თეიმურაზი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ თავიდანვე მიხვდეს, რა ხდება მარგოსა და ჯაყოს შორის, იცის, ვინ წაიღო ხევისთავების საგვარეულო ძვირფასეულობა და რატომ, როგორ აღმოჩნდა სახლიდან დაკარგული ნივთები მარგოს ხელში. მაგრამ არაფერს იმჩნევს და არაფერზე რეაგირებს, რადგან ძალა აღარ აქვს (ალბათ, არც ჰქონია). რადგან ასე ურჩევნია. ასე უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომ ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. იცის, რომ, რაც ეკუთვნოდა და რაც ნებადართული არ იყო, ჯაყომ მიისაკუთრა და ხელიდან აღარ გაუშვა. და თვითონაც აძლევს მას სარგებლობის უფლებას.
დათო ჯანელიძის მარგო და თეიმურაზი აჩრდილებად არიან ქცეული. უხორცო არსებებად. და უსულოდ. დაცარიელებულ სამყაროში გზააბნეულები. სივრცესა და დროში დაკარგულები. ერთმანეთისაც აღარ ესმით. ალბათ, ყოველთვის ასე არ იყო. ოდესღაც, შინაგანი სიცივისა და ინერტულობის მიუხედავად, მარგოს აინტერესებდა თეიმურაზთან ურთიერთობა, მოსწონდა, ალბათ, უყვარდა კიდეც, მაგრამ სიყვარულიც გაქრა, ვნებაც და ის საყრდენიც დაკარგა, რომელიც ეიმედებოდა, ამიტომ ეძებს თავშესაფარს ჯაყოსთან, რომ მისგან მაინც მიიღოს, რაც ქმარში ვეღარ აღმოაჩინა და მომავალზე და ფიზიკურ გადარჩენაზე პრაგმატულად მაინც იფიქროს.
სიცოცხლის ის ენერგეტიკა, რომელიც მარგოსა და თეიმურაზს აკლიათ და ჭარბად აქვს ჯაყოს, მათი გულცივობა და განყენებულობა, მზით გაჩახჩახებულ კადრებთან კონსტრასტს ქმნის, როგორც საგნები, ადამიანები, ადგილები შუქსა და ჩრდილში.
გარემო, ხან სიმწვანეში ჩაფლული და ხან ოქროსფრად აელვარებული, შემოდგომისა და ახალაყვავებული ბუნების პეიზაჟები გარეგნულ სიმშვიდეს, მყუდროებასა და სტაბილურობის განწყობას ქმნიან. ყველგან იგრძნობა იმ მზის სიმხურვალე და ნათების ძალა, ხევისთავების საგვარეულო მამულს რომ დანათის და ამ ფონზე უფრო მძიმე და დამთრგუნველი ხდება ცხოვრების მდორე დინებაც (რაც ფილმის მოვლენების მსვლელობის ტემპო-რიტმშია გამოხატული) და ის, რაც ფილმის გმირებს (საზოგადოებას) თავს გარდახდა.
ყველაფერი გია გერსამიას (დიდი ოსტატის) ხელის კამერითაა გადაღებული და ცხოვრების ცოცხალ, დინამიკურ სურათს ქმნის. სრულიად ანკარა და გამჭვირვალე გამოსახულებას, არა ძალად ესთეტიზებულს, არამედ თავისთავადი დახვეწილობით გამორჩეულს. კონტრაჟურებითა და გადანათებული კადრების მონაცვლეობით.
გადაღების ამგვარი ხერხი და მონტაჟური წყობა; გარემო, პერსონაჟების ტიპაჟები (ფილმის ბევრი მონაწილე, არაპროფესიონალი მსახიობი, ადგილობრივი მოსახლეა), სტილიზებული კოსტუმები, დროის კონკრეტული მახასიათებლების გარეშე (მხატვარი ეკა მაღალაშვილი); დავით ევგენიძის ორიგინალური და სხვაგვარად აჟღერებული და გარდაქმნილი ხალხური მუსიკა, რომელიც დრამატიზმთან ერთად, იდუმალებისა და დაძაბული, ხიფათიანი ატმოსფეროს ფერებს ამძაფრებს – ფილმს რეალობისა და ირეალობის, კონკრეტულისა და განყენებულის სახეს ანიჭებს.
დათო ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“ ჯაყოსა და მარგოს ჯვრისწერით მთავრდება. და არა ისე, როგორც ჯავახიშვილთან. მარგო კვლავ მშვენიერი პატარძალია, შეიძლება, ოდნავ სევდიანი იმასთან შედარებით, როგორიც, წლების წინათ, ამავე ეკლესიაში, თეიმურაზის გვერდით რომ იდგა (და რომლის კადრებიც ფილმის დასაწყისში, მარგოს მოგონებებშია გაცოცხლებული). ახალჯვარდაწერილები ახალ ცხოვრებას დაიწყებენ, თეიმურაზი კი, საკუთარ „დასაფლავებას ესწრება“.
ეს თეიმურაზის არჩევანია. „არც მეგობრებსა და არც მტრებს უნდა ვუფრთხოდეთ, გულგრილების უნდა გვეშინოდეს, რადგან სწორედ მათი მდუმარე თანხმობით ხდება ამქვენად ყველა უბედურება“ (ბრუნო იასენსკი. „მდუმარეთა შეთქმულება“).
ფაქტია ისიც, რომ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მნიშვნელობა და სათქმელი არც დროითი და არც გეოგრაფიული განზომილებებით არ იზღუდება. მასში, ნებისმიერ ეპოქაში თუ სახელმწიფოებრივი ფორმაციის პირობებში, შეიძლება ახალ-ახალი წახნაგებისა და ახალი პრობლემატიკის, წარსულსა და თანამედროვეობაში მიმდინარე პროცესების იდენტური საკითხების აღმოჩენა და წამოჭრა. ეს, რომანის ხელახალი გადაკითხვის, სპექტაკლის ახალ-ახალი ვერსიით დადგმის (მის გარეშე, ქართულ თეატრში სეზონს, პრაქტიკულად, არ ჩაუვლია) ყოველ ახალ შემთხვევაში დასტურდება. და დათო ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნებითაც“ კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
ლელა ოჩიაური






