სახლიდან წასულების, წამსვლელებისა და თავისუფლების მაძიებლების შესახებ

ბოლო, რამდენიმე წელია, საქართველოს კინოცხოვრების ჩვეული წესი შეიცვალა. შემოქმედებით პროცესებს სხვა – პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამოქალაქო, საპროტესტო ნაკადები შეერია. უფრო ზუსტად, გადაიფარა, უკანა ხედზე გადაიწია და შედარებით, გაპასიურდა.

თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, ფილმებსაც მეტ-ნაკლებად, იღებენ. ისინი საერთაშორისო ფესტივალებზეც ხვდებიან და კიდეც იმარჯვებენ. ფესტივალები საქართველოშიც ტარდება და კონკურსებიც იმართება. ასეთ ვითარებაში ისიც გამოჩნდა, რომ ბევრი რამ გასაახლებელი, თავიდან აღმოსაჩენი და გასარკვევია.

ზუსტად ისე, როგორც ნუცა ალექსი-მესხიშვილის (იგივე, სალომე ალექსი) ფილმში ხდება, სახელწოდებით, „სად ხარ?“ (2023, საკუთარი სცენარით), რომელიც საზოგადოების, ქვეყნის, ინდივიდების ცხოვრებაში ცვლილებების საჭიროებას, ყოველდღიურობასა და თანამედროვე სოციუმის ზოგად პრობლემებს ეხება.

„სად ხარ?“ – რეჟისორ, მხატვარ, სამოქალაქო აქტივისტ, საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტ ნუცა ალექსი-მესხიშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია, შუახანს მიღწეული ქალის – ეკას (რომელიც იძულებულია, მაკლერად იმუშავოს) შესახებ, მთავარ როლში ნინო კასრაძით, მასთან მესამედ, „ფელიჩიტასა“ და „კრედიტის ლიმიტის“ შემდეგ.

რეჟისორი, ახალი ვარიაციებით, აგრძელებს საკუთარი კინოსურათების მთავარ თემას და „აგრძელებს“, დედის, ლანა ღოღობერიძის შემოქმედების მთავარს ხაზსაც – განზოგადებულ ამბებს ქალებისა და მათი ხვედრის შესახებ, გულცივ და არაკეთგანწყობილ საზოგადოებაში, სხვადასხვა ტიპის გარდაქმნების, ახალი გარემოებების, გარდატეხების, ახალი აღმოჩენებისა თუ არჩევანის გაკეთების ჟამს. რამდენიმე ეპიზოდით, მოკლე ფრაგმენტითა თუ პასაჟით, პირადი ცხოვრებიდანაც.

ფილმი აერთიანებს – კონკრეტული ადამიანების, პერსონაჟების, საზოგადოების, ქვეყნის, ქალაქის პორტრეტებს (სადღაც მყარგანზომილებიანი და სადღაც უკონტურო, ეფემერული, არამატერიალური), რომლების ამგვარობა, საავტორო ხედვაა, მხატვრულ ფორმებსა თუ ხერხებში, სტილისტიკაში გამოხატული.

„სად ხარ?“ – ნუცა ალექსი-მესხიშვილის წინამორბედი ფილმების მსგავსად, მრავალშრიანი და მრავალპერსონაჟიანია, იმ ადამიანების ამბების შესახებაა, რომლებიც ერთად თუ დამოუკიდებლად არსებობენ და სხვადასხვა გარემოებაში, ვითარებაში, მიზეზითა და ადგილზე ხვდებიან ეკასა და ერთმანეთს.

ეკას (და სხვა პერსონაჟებისაც) პრობლემები თანამედროვე ქალების (და არა მხოლოდ ქალების) არა ერთ რეალურ თუ „ხელოვნურ“ (თვითშექმნილ) პრობლემას აერთიანებს. ისინი, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური წინაღობები, თავისუფლად „სუნთქვის“ გზებს უზღუდავენ და ქმნიან დიდ სამყაროში ჩაკარგული, გზააბნეული, ბედთან შეგუებული და შეუგუებელი ადამიანების ცხოვრების კოლაჟურ სურათს.

მოვლენებიც ეკასა და მისი ოჯახის წევრების გარშემო და ჩართულობით ვითარდება, რომლებიც ცხოვრების წესით, ბუნებით, ინტერესებით მკვეთრად განსხვავდებიან. ძირითადი ხაზი ეკასა და მისი ზრდასრული შვილის (სანდრო სამხარაძე) ურთიერთობაზეა აგებული. ისინი ვეღარ უგებენ ერთმანეთს. აღარაფერი აქვთ საერთო. შეიძლება არც ჰქონიათ. გარკვეულ დრომდე, ასაკამდე, ყველაფერს „ბუნების კანონები“ მართავდნენ. მაგრამ დრო შეიცვალა და რაღაც უნდა შეიცვალოს. და სანდრო, ბუნების „ახალი კანონების“ ძალით, დედის „ძალადობისა“ და მუდმივი კონტროლიდან თავის დასაღწევად და თავისუფლების მოსაპოვებლად – წასვლას გადაწყვეტს, მამასთან, რომელმაც წლების წინათ მიატოვა.

ნინო კასრაძე ქმნის რთულ, პრობლემების ლაბირინთში გახვეული ქალის სახეს. მის გარშემო, ერთი მხრივ, თითქოს, თავისუფალი და ინდივიდუალური სივრცეა, რეალურად კი, რომელსაც შეზღუდულობა, ჩაკეტილობა ახლავს, რასაც გაცნობიერება და შეფასება, პირველ რიგში, მთავარი გმირისგან სჭირდება.

სანდრო სამხარაძის გმირი – ახალგაზრდა კაცია, რომელიც აქტიურად და მტკიცედ ცდილობს, საკუთარი ადგილის, საკუთარი თავისა და მყარი ნიადაგის პოვნას.. თუნდაც, დედასთან შინაგანი, შეფარული და გამოვლენილი დაპირისპირებისა და მისი არსებობისგან თავის დაღწევის ფასად.

ეკას დამ (ბაია დვალიშვილი), მკაფიოდ და ზუსტად „იცის“, როგორ უნდა ცხოვრობდეს ეკა და სხვა ადამიანები და საკუთარი სიმართლის სჯერა. მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია. თითქოს ხიდია, მეკავშირე რგოლია, წარსულსა და აწმყოს შორის, ამგვარი კატეგორიის საზოგადოების მეტაფორა, ოღონდ, ძალიან ცოცხალი და ცხოვრებისეული მკვეთრი ნიშნებით აღჭურვილი.

ცხოვრების უკვე ჩვეულ მსვლელობას მრავალი წლის წინათ სადღაც წასული და დაკარგული ეკას ქმრის – ლევანის (ოტო სოლომონ გორთამაშვილი), თავისი ახალი, ინდოელი ცოლითა და ინდოეთის ტრადიციული ცხოვრების მიმდევრობით, მოულოდნელად დაბრუნება არღვევს. მყარ და კონსერვატორულ სამყაროში შეჭრილი, ერთი შეხედვით, უდარდელობითა და უპასუხისმგებლობით, რომელიც არც ეკას, არც შვილისა და არც საკუთარ არსებულ/არარსებულ პრობლემებზე ფიქრით თავს არ იწუხებს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც სწორედ ის იღებს შვილის თან წაყვანის რადიკალურ გადაწყვეტილებას.

ასეთი, „ოჯახური“ შეხვედრა ბევრია. არის შეხვედრები და შემთხვევითი გადაკვეთები კლიენტებთან, მყიდველებთან, თუ გასაყიდი ბინების მეპატრონეებთან. მათ შორის არიან – აგრესიული, გაუწონასწორებელი და გარესამყაროსგან მაქსიმალურად გამიჯნული, თამარ მამულაშვილის გმირი. ქალი, რომელიც ილუზიებისა და წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. ჩაკეტილი და ეჭვებითა და უნდობლობით აღსავსე, გარშემომყოფთა მიმართ.

მისი სრული ანტიპოდია ასევე თავისსავე შექმნილ სამყაროში მცხოვრები, ქედმაღალი და ფარისეველი „ახალი ბურჟუაზიის“ წარმომადგენელი – ქალი ძაღლით, რომელსაც ნინო არსენიშვილი ასახიერებს.

მის გვერდით, თუ პარალელურად, არიან ადამიანები, საზოგადოების სხვადასხვა კლასისა და თვისებების, სხვადასხვა სოციალური ფენისა და მენტალობის მოქალაქეების ტიპური წარმომადგენლები, რომლებიც სხვებთან ერთად სახლობენ ამ ქალაქში და მის ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავენ და ეკას სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან.

თითოეული ასეთი შეხვედრა სხვადასხვა ტერიტორიაზე ხდება. თითოეული ასეთი ბინა, ორგანიზაცია, დაწესებულება – ძველ თუ ახალ უბნებში, ძველ თუ ახალ შენობებში, მშენებარე თუ დასანგრევად განწირული ნაგებობების რადიუსში, ქალაქსა თუ სოფელში – სპეციფიკური ნიშნებითა და ელემენტებითაა წარმოდგენილი, ან სრულიად უსახური და უფერულია (ასევე სახასიათო და მეტყველი). ყველაფერი ერთად კი, მობინადრეების სოციალური, მენტალური მდგომარეობის გამომხატველია, წარსულის, აწმყოსა და უკვე მომავლის (მაგალითად, ეპიზოდი მელიქ-აზარიანცის ცნობილ სახლში და მიმდებარედ) სახასიათო ნიშნების შემცველი.

ზოგჯერ ეს სახლები, ქუჩები, ეზოები, ინტერიერები ცარიელი ან ნახევრადცარიელია. სახლები, ბინები, ეზოები – ცარიელდება ან ახალ მეპატრონეს „ელიან“. მანძილი ადამიანებს, ქვეყნებს, ქალაქებსა თუ სოფლებს შორის მხოლოდ ფიზიკური, კილომეტრები არაა – შინაგანია, ხილული და უხილავი კედლებით ჩაკეტილი და „მიკეტილი“ კარებით გამიჯნული, დაშორებული. ოპერატორი და მხატვარი ქმნიან ამ გარემოს მეტყველ „პორტრეტს“, დეტალებიდან ფართო პანორამებამდე, თითქოს კონკრეტულს, ნაცნობს და, ამავე დროს, პირობითსა და განზოგადებულს.

მართალია, ქვეყნის, ქალაქური ყოფის წარსულს და წარსულში სახელოვან პიროვნებებს პატივს კიდევ მიაგებენ (ეკას მამის სახელობის ქუჩასაც ხსნიან), მაგრამ ამ ყველაფერს ნამდვილი ღირებულება დაკარგული აქვს. მითუფრო, იმ პრობლემებისა და გარემოებების ფონსა თუ გარემოცვაში, რომლებიც პირადად ეკას თავს ატყდება თუ საზოგადოებაში, ქვეყანაში ხდება. და რა შეიძლება რომ მოხდეს, იმის გათვალისწინებითაც.

ოდესღაც ცნობილი და პრივილეგირებული ოჯახის სოციალური მდგომარება და იმიჯი ძველებურად აღარ „ჭრის“, ოდესღაც მჭახე ფერების სიმკვეთრეს კარგავს, აღარ „მუშაობს“. ძველი და „ტრადიციული“, თითქოს მყარად დამკვიდრებული ჩვეულებები და ცხოვრების წესი დაკარგულია. წარმოდგენები და საყრდენები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, საიმედოდ და უდარდელი არსებობის პირობად ითვლებოდნენ, უშედეგოა, შერყეულია ან/და გამქრალი.

განზოგადებულობისა და დროსა თუ სივრცეში საერთო განფენილობის ატმოსფეროს, ჟანრის კანონების „ფეხდაფეხ“, აძლიერებს ალექსანდრე კორძაიას – „კორძის“ – მუსიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მელოდიური და დინამიკურია, შემდეგ ხმებისა და ხმაურების ასინქრონში გადადის და ნაცნობი თემების აკორდების არანჟირებითა და ორიგინალური „ფრაზების“ ორგანული გადასვლებით გრძელდება. ავსებს და მუხტავს ატმოსფეროს და არსებითზე მიანიშნებს.

ქუჩებში, სახლიდან სახლში, სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით, „მოგზაურობისას“, ეკა ნაცნობ რეჟისორთან (მალხაზ ქვრივიშვილი) მიდის თეატრში, სადაც ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლის“ რეპეტიციას ესწრება და ნორას მონოლოგს ისმენს, მსახიობ ანანო მახარაძის შესრულებით. თითქოს ჩვეულებრივი შეხვედრაა, მაგრამ ნორას – ქალის, რომლის მთავარი მიზანი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ოჯახის, სახლის, ფსევდოვალდებულებებისგან გათავისუფლებაა – არსებობა ფილმში სიმბოლურ და არაერთგვაროვან მნიშვნელობას იძენს. „თოჯინების სახლი“ და ნორა ეკასთვის თუ გზამკვლევი არა, მთავარი მინიშნებაა, იმაზე, რა უნდა მოიმოქმედოს, საკუთარ თავსაც და სხვასაც თავისუფლება რომ მიანიჭოს.

„სად ხარ?“ – მთავარი კითხვაა, რომელიც ფილმში ხშირად მეორდება, რომელსაც დაჟინებით იმეორებს ეკა, შვილთან მიმართებაში და მის ძიებაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ინტენსიურად და ყოველმიზეზგარეშე. რომელიც, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის არგაცემის სურვილის გამო, სახლიდან მიდის და დამოუკიდებელ ცხოვრებას ამჯობინებს.

ვის ეძებს ეკა? – შვილს, წასულ და უკვალოდ გამქრალ და მოულოდნელად კვლავმოვლენილ, თუმცა, უკვე ყოფილ ქმარს, გარდასულ დროს, ადგილს „მზისქვეშ“ თუ საკუთარ თავს?

ნუცა ალექსი-მესხიშვილი თითქოს კი არ მართავს, არამედ „მორჩილად“ მიჰყვება ეკას ცხოვრებას, ფეხდაფეხ მისდევს, სადაც ის სამსახურებრივი ვიზიტებიდან (მაკლერის საქმიანობიდან), საოჯახო ვალდებულებებიდან (დასთან ერთად მამის მემკვიდრეობის საკითხების მოგვარება), შვილზე ზრუნვიდან (მისი, პირდაპირი მნიშვნელობით, დევნა-თვალთვალის პროცესიდან), პირადი ინტერესებიდან (თეატრში რეპეტიციაზე დასწრება) და ასე შემდეგ, გამომდინარე, მიეშურება და აღმოჩნდება, რომ მიჯაჭვულობა – ადამიანებზე, ადგილებზე უკვე მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს და სინამდვილიდან გამქრალია.

ეკა საკმაოდ დიდია საკუთარი თავის შეცნობა რომ დაიწყოს. ესეც მისი პრობლემაა, რადგან საამისო დრო ხელიდან გაუშვა, რადგან (სავარაუდოდ) ყველაფერი „სხვისთვის“ (რომელსაც /რომლებსაც ეს არაფერში სჭირდებოდათ) გაიღო და საკუთარი თავისთვის არაფერი გაიმეტა. უფრო კონკრეტულად კი, ერთ დღესაც, თუ ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპზე (როდესაც აწმყო დაცარიელდა და მომავლის გზა აღარსად ჩანს), აღმოაჩინა, რომ სიცარიელეში და „ტყუილად“ უცხოვრია.

სიცარიელისა და უწონადობის ატმოსფეროს რეჟისორი ზუსტი ნიუანსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამა თუ იმ ეპიზოდის ხასიათითა და საერთო გადაწყვეტით ქმნის.

„სად ხარ?“ – ფილმია საზოგადოების, ადამიანების შესახებ, რომლებისთვისაც ბევრი რამ უკვე ჩავლილია და არსებული რეალობა მთელი სიცხადითა და მკაცრად, ხისტად არყევს სიმშვიდესა და ყოფის მდორე რიტმს. ფილმი მათ შესახებ, რომელთა ცხოვრების (ყველაზე ახლობლებისაც კი) ერთიანი მსვლელობა იყოფა (ბინების გაყიდვის რუტინაც ამ ვითარების გამომხატველი მეტაფორაა) და ყველა თავისას ირჩევს – თავისებურად და პირადი წესით, წარმოდგენებითა და მიზნებით, არსებობის პირად სივრცეებში გასაგრძელებლად და იქ ადგილის დასამკვიდრებლად.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *