ცივი აპრილი

კინოს ყველაზე დიდი ხიბლი მისი ფორმების მრავალფეროვნებაშია. სწორედ ეს ხდის მას ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ. როცა ფილმს ვუყურებთ, მხოლოდ ისტორიას კი არ ვეცნობით, არამედ ვხედავთ, როგორ შეიძლება რეჟისორმა ერთი იდეის გადმოსაცემად სრულიად განსხვავებული გზა აირჩიოს, ამიტომაც კინოს განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი გზების ძიება. თუ რეჟისორები მუდმივად ერთსა და იმავე თემებს, ერთსა და იმავე ფორმას და ერთსა და იმავე თხრობის სტილს გაიმეორებენ, კინო დაკარგავს იმ თავისუფლებას, რომელიც მას ყველაზე მეტად ამშვენებს. რა თქმა უნდა, არსებობს თემები, რომლებზეც კიდევ ბევრი ფილმი შეიძლება გადაიღონ, რადგან ადამიანის პრობლემები არასდროს მთავრდება და მუდმივად მეორდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათი მოყოლის ფორმაც იცვლებოდეს. ერთი და იგივე ამბის სხვადასხვა თვალით დანახვა ზოგჯერ თავად თემას სრულიად ახალ მნიშვნელობას აძლევს.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერიმენტი. რა თქმა უნდა ყველა ექსპერიმენტი წარმატებული ვერ იქნება და ყველა ახალი მცდელობა მაყურებლისთვის მოსაწონი. ზოგჯერ რეჟისორის გადაწყვეტილება შეიძლება საერთოდ ვერ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან კონკრეტული ფორმა, მაგრამ ესეც კინოს განვითარების ნაწილია. თუ კინოში მხოლოდ იმ გზებს გამოვიყენებთ, რომლებიც უკვე ბევრჯერ ნაცადია, ახლის შექმნა ძალიან რთული გახდება.

ქართული კინოსთვის მნიშვნელოვანია ძიება ახალი ფორმების, თხრობის ახალი გზების, განსხვავებული პერსონაჟებისა და თემების აღმოჩენა. რაც უფრო მეტი ექსპერიმენტი იქნება, განვითარების მით მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. კინოს ისტორია სწორედ ასეთი დეტალებისგან შედგება. ვიღაცამ რაღაც ახალი სცადა, ვიღაცამ კი ნაცადი გზა გააგრძელა.
სწორედ განსხვავებულის ცდაა დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „აპრილი“ (2024). ავტორი ცდილობს აჩვენოს ქართველი მაყურებლისათვის ჯერაც შეუჩვეველი, განსხვავებული კინო. იგი არ ჰყვება ნაცნობი და მარტივად მისაღები ფორმით, პირიქით, შეგნებულად ირჩევს ნელ ტემპს, გრძელ კადრებს, დუმილს, ცივ ფერებსა და დიდ სივრცეებს. შეიძლება ამ ყველაფერმა თავიდან მაყურებლი, რომელიც შეჩვეულია ერთგვაროვან ფილმებს, დააბნიოს ან დაღალოს, მაგრამ სწორედ ასეთ ფილმებში რეჟისორი გვერდს უვლის დამკვიდრებულ წესებს და ცდილობს საკუთარი გზის პოვნას.

ფილმის მთავარი გმირი ნინაა, რომელსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს. ის მეან-გინეკოლოგია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ და თითქოს დროში გაყინულ რეგიონში მუშაობს. მისი ყოველდღიურობა ძალიან შორს არის დიდ და განვითარებულ ქალაქში მცხოვრები ექიმისგან. აქ ყველაფერი ჩუმია, მძიმე და ჩაკეტილი. საავადმყოფო თითქოს მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის. ის იმ სამყაროს პატარა მოდელია, რომელშიც ნინა ცხოვრობს და სადაც ადამიანების პირადი გადაწყვეტილებები ხშირად საზოგადოების, ტრადიციების, შიშისა და სხვისი აზრის გავლენის ქვეშ ექცევა.
ნინა ფარულად და უკანონოდ ეხმარება ადგილობრივ ქალებს არასასურველი ორსულობის შეწყვეტაში. ამით ფილმი თავიდანვე გვაყენებს რთული საკითხის წინაშე: სად მთავრდება ექიმის პროფესიული მოვალეობა და სად იწყება პირადი პასუხისმგებლობა? რამდენად შეუძლია ადამიანს, დაეხმაროს სხვას მაშინ, როდესაც თავადაც შეიძლება ამის გამო დაისაჯოს? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა, ვის ეკუთვნის საბოლოოდ ქალის სხეულზე გადაწყვეტილების მიღების უფლება? კულუმბეგაშვილი ამ კითხვებზე მარტივ პასუხებს არ გვთავაზობს. ის მაყურებელს არც ლექციას უკითხავს და არც პირდაპირ ეუბნება, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. უბრალოდ გვაჩვენებს იმ სამყაროს, სადაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ქალებისთვის ხშირად ძალიან რთული და საშიში ხდება.

სიუჟეტური კვანძი თავშივე იკვრება, როცა ნინას მორიგეობისას ახალშობილი კვდება. ამის შემდეგ იწყება გამოძიება, მაგრამ ფილმში არ ვხვდებით კლასიკურ დეტექტივს ან თრილერს. აქ მთავარი არ არის, რა მოხდა ან ვინ არის დამნაშავე. მნიშვნელოვანი ხდება ის გარემო, რომელშიც ეს ტრაგედია მოხდა. მაყურებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ბავშვის სიკვდილი მხოლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის. ის უფრო დიდი პრობლემების ნაწილია, იმ სოციალური და მორალური წნეხისა, რომელშიც ქალები, ექიმები და მთლიანად ეს პატარა საზოგადოება ცხოვრობს.

სცენარის ღირსება მისი შეულამაზებელი რეალიზმია. რეჟისორი არ ერიდება თემებს, რომლებზეც ქართულ საზოგადოებაში ხშირად თვალს ხუჭავენ ან ჩუმად საუბრობენ. ორსულობა, აბორტი, ქალის სხეული, სოფელში გავრცელებული ჭორები, ოჯახური და საზოგადოებრივი ზეწოლა, ექიმის პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი ფილმში ისეა წარმოდგენილი, რომ ყურებისას ქაოსს იწვევს, მაგრამ სწორედ ეს ქაოსია მნიშვნელოვანი, რადგან ფილმი ცდილობს, შეეხოს ყველას გულს და ტაბუდადებულ თემებზე უშიშრად ილაპარაკოს.

საავადმყოფოს გარემო, ოთახები, დერეფნები, გზები, სახლები და ქალების უსიტყვო ტკივილი რაც მთელ ფილმს გასდევს, ძალიან დამაჯერებელია. ისე გამოიყურება, თითქოს სპეციალურად ფილმისთვის შერჩეულა დეკორაციაც კი არაბუნებრივი გარემოა. ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს კამერა შემთხვევით აღმოჩნდა აქ და აკვირდება იმას, რაც აქ ყოველდღე ხდება.

ამ რეალიზმს განსაკუთრებით აძლიერებს დიალოგების სიმცირე. პერსონაჟები ბევრს არ ლაპარაკობენ. ზოგჯერ კი საერთოდ არ ლაპარაკობენ მაშინ, როცა სხვა, ჩვეულებრივ ფილმში აუცილებლად უნდა ველოდოთ რაიმე ახსნა-განმარტებას. „აპრილი“ იმ იშვიათაგანია, სადაც დუმილი ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ხანგრძლივი მონოლოგი. ნინას სახეზე, მის მზერაში და სხეულის მოძრაობაში ხშირად უფრო მეტი ინფორმაციაა, ვიდრე მის სიტყვებში. მაყურებელმა თვითონ უნდა შეავსოს ის ადგილები, რომლებსაც რეჟისორი ცარიელს ტოვებს.

თუმცა სწორედ აქ ჩნდება ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. სცენარი ზოგჯერ ზედმეტად იწელება. სიუჟეტს აშკარად აკლია შინაგანი დინამიკა. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის, რისი თქმაც თხუთმეტ წუთში შეიძლებოდა, ორმოცდახუთ წუთზეა გაგრძელებული. ფილმი თითქოს შეგნებულად უარს ამბობს სწრაფ განვითარებაზე და შეიძლება ეს ზოგიერთ ეპიზოდში საინტერესო გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ყოველთვის არ მუშაობს.

არის მომენტები, როდესაც ნელი ტემპი დაძაბულობას ქმნის და მაყურებელს აიძულებს, პატარა დეტალებს დააკვირდეს. მაგრამ არის სხვა მომენტებიც, როდესაც გგონია, რომ არაფერი ხდება. მაგალითად, ნინას მანქანით გადადგილება ქუჩაში, სამუშაო კაბინეტში ერთ ადგილას თვალის გაშტერება. დიდხანს სიუჟეტი თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის და რთულია ემოციური კავშირის შენარჩუნება.

„აპრილის“ ყურებისას განსაკუთრებით იგრძნობა, რომ დეა კულუმბეგაშვილი მაყურებელს არ აძლევს საშუალებას, ფილმთან კომფორტულად მოკლათდეს. თანამედროვე კინოს დიდი ნაწილი ცდილობს, მაყურებლის ყურადღება სწრაფი მონტაჟით, ბევრი მოვლენითა და მუდმივი ცვლილებით შეინარჩუნოს. „აპრილი“ საპირისპირო გზას ირჩევს. აქ ზოგჯერ რამდენიმე წამზე მეტხანს უნდა უყურო ერთსა და იმავე სივრცეს, ერთსა და იმავე ადამიანს, ერთსა და იმავე მოქმედებას. რეჟისორი გაიძულებს, დარჩე ამ სივრცეში. სწორედ ამიტომაც შეიძლება ფილმის ტემპი დამღლელი იყოს, მაგრამ, ამავე დროს, მისი სტილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ ეს არის.

ფილმის ოპერატორის ნამუშევარი ცალკე განხილვის თემაა, რადგან სწორედ კამერის მოძრაობა განსაზღვრავს მთელ კინოსურათს. გრძელი, უწყვეტი კადრები მაყურებელს აიძულებს, გახდეს სივრცის ნაწილი და იგრძნოს პერსონაჟების შფოთვა. კამერა არ გეხმარება გაჩვენოს, სად უნდა გაიხედო. ხშირად ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, რომელ დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ნინა ხშირად პატარა ფიგურად ჩანს დიდ სივრცეში. ეს შემთხვევითი არ არის. ადამიანი თითქოს გარემოს მიერ არის ჩაყლაპული. განსაკუთრებით მაშინ, როცა კამერა შორიდან აკვირდება პერსონაჟს და არ მიდის მის სახესთან ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი პრობლემა ქალის სხეული და მისი გადაწყვეტილებებია, მისი შიში და პასუხისმგებლობაა, კამერა მაინც ხშირად დისტანციას ინარჩუნებს. რეჟისორს არ სურს მაყურებლისთვის საკუთარი ემოციის თავს მოხვევა. მაყურებელი თვითონ უნდა მივიდეს იმ განცდამდე, რასაც ნინა განიცდის.
მეორე მხრივ, ეს სტატიკურობა ხშირად პრობლემად იქცევა. კამერა ზოგჯერ უბრალოდ უყურებს ცარიელ ოთახს ან გზას რამდენიმე წუთის განმავლობაში, სადაც თითქოს არაფერი ხდება. თუ კინომანებისთვის ეს მედიტაციური და ესთეტიკურია, ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ეს შეიძლება უბრალოდ მოსაწყენი და დამღლელი იყოს. ზოგიერთ ეპიზოდში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპერატორული სტილი დომინანტად იქცა და არა სიუჟეტის დამხმარედ. სწორედ აქ შეიძლებოდა ფილმს ცოტა მეტი ზომიერება ჰქონოდა.
მასში თითქმის ვერ ნახავ კაშკაშა, თბილ ტონებს. ყველაფერი ნაჩვენებია ნაცრისფერი, ცივი, ყავისფერი და დაბურული ფერებით. ეს პალიტრა კარგად ასახავს მთავარი გმირის შინაგან მდგომარეობას და იმ ჩაკეტილ გარემოს, სადაც ის ცხოვრობს.

განსაკუთრებით საინტერესოა ბუნების გამოყენება. ნისლი, წვიმა, ცივი ამინდი ეს პეიზაჟები ლამაზი კადრების შესაქმნელად არ არის გამოყენებული. ბუნებაც იმავე განწყობას ატარებს, რასაც ადამიანები. ბუნებრივი განათების გამოყენება, განსაკუთრებით ნისლიან ან წვიმიან ამინდში, ფილმს ძალიან ორგანულს და თითქმის დოკუმენტურს ხდის. ოთახების შიდა განათებაც მინიმალურია. ის ზუსტად ქმნის საჭირო განწყობას.

„აპრილის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ქალის სხეულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა. ფილმი პირდაპირ გვაჩვენებს, რომ ქალის გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან დაკავშირებით ხშირად მხოლოდ მისი პირადი საქმე აღარ არის. მასში ერევა ოჯახი, საზოგადოება, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები, კანონი და, ზოგადად, ის გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

ნინა არ არის იდეალური. არც გმირი ექიმია, რის ნახვასაც ვართ შეჩვეული ეკრანებიდან, რომელიც ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. მასაც აქვს შეცდომები, შიში და სისუსტე. ეს გარემოება პერსონაჟს უფრო ადამიანურს ხდის. ის ცოცხალი ადამიანია, რომელიც რთულ სიტუაციებში რთულ გადაწყვეტილებებს იღებს.

საინტერესოა ფილმის სათაური „აპრილი“. აპრილი ჩვეულებრივ გაზაფხულთან, განახლებასთან და ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება, თუმცა ფილმში ამის ნიშანწყალი არ ჩანს. ბუნება კი იღვიძებს, მაგრამ ადამიანების ცხოვრება ისევ ერთსა და იმავე წრეზე მოძრაობს. გარეთ სეზონი იცვლება, მაგრამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ისევ ისეთი ცივი და მუქი რჩება.

ფილმის კიდევ ერთი საინტერესო მხარეა ხმის გამოყენება. მუსიკა მინიმუმამდეა დაყვანილი. უფრო ხშირად გვესმის გარემოს ხმები. სიჩუმის სწორად გადმოცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ უნდა ტოვებდეს სიცარიელეს შეგრძნებას. და მართლაც, „აპრილის“ შემთხვევაში,  დაძაბულობა და რაღაცის მოლოდინი იქმნება. ყოველი სიჩუმის მერე ახალი ემოციის გაცნობა გიწევს, რაც კულუმბეგაშვილის ფილმის შემთხვევაში ამართლებს.

„აპრილის“ ყურებისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს რუმინული „ახალი ტალღის“ ცნობილი ფილმი, კრისტიან მუნჯიუს „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“. ორივე ფილმი ეხება ქალის სხეულის კონტროლსა და აბორტის თემას, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორების მიდგომა სრულიად განსხვავებულია. ამ ორი ფილმის შედარება განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ ორივეში ძალიან რთული და მძიმე საკითხია წამოწეული.

მუნჯიუს ფილმი უფრო რეალური, დაძაბული და უშუალოა. იქ დაძაბულობა ნელ-ნელა იზრდება და ბოლოს ძალიან მძაფრ განცდამდე მიდის. „აპრილში“ დეა კულუმბეგაშვილი სხვა გზას ირჩევს. შედარებით ზედაპირულად აშუქებს თემას. აქ უფრო მეტი დისტანციაა და სიჩუმე. თუ „4 თვე, 3 კვირა და 2 დღის“ მოვლენების შუაგულში აღმოჩნდები, საფრთხე უფრო პირდაპირ იგრძნობა. „აპრილი“ ცოტა თავშეკავებულად, გვერდიდან აკვირდება მოვლენებს. ერთი ფილმი უფრო სოციალურ დრამაა, მეორე კი უფრო ვიზუალური და პოეტურ ნაწარმოები. ორივე პრობლემის სრულიად განსხვავებულ მხარეებს გვაჩვენებენ.

საინტერესო იყო ისიც, რომ „აპრილში“ აბორტის თემა მხოლოდ სამედიცინო ან სამართლებრივ პრობლემად არ რჩება. ის ხდება უფრო ფართო საუბარი ქალის არჩევანზე. რამდენად შეუძლია ქალს საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც მის გარშემო ყველა ფიქრობს, რომ უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს? და რამდენად თავისუფალია ადამიანი მაშინ, როდესაც მისი არჩევანის შედეგები შეიძლება სხვების ცხოვრებასაც შეეხოს?

ფილმი ამ კითხვებზე პასუხს არ გვაძლევს და ალბათ არც უნდა მოგვცეს. კინოს ერთ-ერთი ძალა სწორედ ის არის, რომ ზოგჯერ კითხვას გიტოვებს და პასუხის პოვნასაც გთხოვს. „აპრილის“ შემთხვევაშიც საბოლოო პასუხი მაყურებელმა უნდა იპოვოს.

„აპრილს“ ვერ ვუწოდებთ ფილმს, რომელიც მხოლოდ სტილით გამოირჩევა. მის უკან ნამდვილად დგას მნიშვნელოვანი სათქმელი. რეჟისორს აინტერესებს ქალის თავისუფლება, პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი წნეხი და ის გარემო, რომელშიც ადამიანის პირადი გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიქცეს საზოგადოებრივ პრობლემად.

ფილმის მნიშვნელობა სწორედ იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ქართულ რეალობას ეხება. შეიძლება მისი ამბავი კონკრეტულ პატარა რეგიონში ვითარდება, მაგრამ ის პრობლემები, რომლებზეც ფილმი საუბრობს, მხოლოდ ერთი ადგილისთვის არ არის დამახასიათებელი. ქალის სხეულის შესახებ გადაწყვეტილებები, საზოგადოების ჩარევა, ტრადიციებთან დაპირისპირება და ადამიანის სურვილსა და საზოგადოებრივ წესებს შორის კონფლიქტი ბევრად უფრო ფართო საკითხებია.

„აპრილი“ ასევე საინტერესოა იმ მხრივ, რომ არ ცდილობს ქართული სოფლის ან პროვინციის რომანტიზებას. აქ არ არის სოფელი მხოლოდ ლამაზი ბუნების, უბრალო ადამიანებისა და ტრადიციების ადგილია. კულუმბეგაშვილი გვაჩვენებს სხვა მხარესაც —   ჩაკეტილობას, ჭორებს, კონტროლს, უძლურებას და იმ სოციალურ წნეხს, რომელიც პატარა საზოგადოებაში შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს.

ასეთი ფილმების ქართულ კინოში არსებობა მნიშვნელოვანია. შეიძლება „აპრილი“ ყველასთვის საყვარელი ფილმი არ იყოს და შეიძლება მისმა ფორმამ ბევრი მაყურებელი დააბნიოს, მაგრამ ქართული კინოს განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი რეჟისორების არსებობა, რომლებიც განსხვავებულ გზებს ეძებენ და უკვე ნაცნობი კინემატოგრაფიული წესების გამეორებას არ ჯერდებიან.

ასეთი ფილმების მნიშვნელობა მხოლოდ კინოკრიტიკით ან ფესტივალებზე მათი წარმატებით არ შემოიფარგლება. ისინი მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია. კინო მხოლოდ გასართობი არ უნდა იყოს. კარგი კინემატოგრაფიული გამოცდილება ზოგჯერ სწორედ ის არის, როცა ფილმი აუდიტორიაში ისეთ ემოციას იწვევს, რომელსაც აქამდე სხვა ფილმის ყურებისას არ განიცდიდი. შეიძლება „აპრილის“ შემდეგ მაყურებელს არ ჰქონდეს მხოლოდ დადებითი განცდა, მაგრამ მას შეიძლება დარჩეს ფიქრი, კითხვა ან სურვილი, ამ თემაზე მეტი გაიგოს. ესეც კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *