ამაღლებული ოცნების „შერეკილები“

არაერთ გამოჩენილ მწერალს შეუნიშნავს, რომ პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია თავისი კუთვნილი ადგილი მხატვრულ ლიტერატურაში, თუ რამდენად მოიცავს იგი პოეზიას. იგივე ითქმის ფილმის შესახებაც, რომელიც თავისი „ჩვეულებრივი“ სპეციფიკით პროზაულია, ხოლო მისი კუთვნილი ადგილი კინოხელოვნებაში იმის მიხედვით განიზომება, თუ რამდენად „არაჩვეულებრივია“ იგი თავისი პოეტური ფორმით. ფილმი, რომელ ჟანრსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ვერ იქცევა ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებად, თუ მასში „ჩვეულებრივად“ სპეციფიკური დოკუმენტალურ-პროზაული წყობა ზომიერად არ ესატყვისება „არაჩვეულებრივი“ მხატვრული ფორმით გამოვლენილ პოეტურობას. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ნაწარმოები „შერეკილები“ სწორედ ამ ბედნიერი თანაფარდობით იპყრობს ყურადღებას და უკვე ეს ფაქტი ლაპარაკობს მისი, როგორც ჭეშმარიტი კინემატოგრაფიული ნაწარმოების შესახებ.

არ დავმალავთ და აქვე გულისტკივილით ავღნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად საერთო აღიარებისა, ჩვენი მაყურებლების თვალსაჩინო ნაწილმა არცთუ მოსალოდნელი აღფრთოვანებით მიიღო, ჯერ კიდევ საკავშირო ეკრანზე გამოსვლამდე, მრავალგზის მოწონებული ეს ფილმი.

როგორც ჩანს, ესოდენ უხვად მოზღვავებულმა წინასწარმა რეკლამამ და ცნობილ ხელოვანთა მიერ გამოთქმულმა ქება-დიდებამ, ერთგვარი „დათვური სამსახური“ გაუწია ფილმს. ზოგიერთი მაყურებელი რაღაც სასწაულებრივად არაჩვეულებრივი შედევრის შესახვედრად განეწყო, მაშინ, როდესაც „შერეკილების“ მთელი ღირსება, მისივე პოეტური სიდიადის მანიშნებელ უბრალოებასა და არაჩვეულებრივის ჩვეულებრივობაში გამოიხატება. ან იქნებ სხვა მხრივ საკმაოდ განვითარებულ მაყურებელს ჯერ კიდევ ფართო შესაძლებლობები არ გააჩნია უფრო ახლოს გაეცნოს თანამედროვე კინემატოგრაფიული მეტყველების სპეციფიკას. სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ, რადგან იმდენად კარგი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს მაყურებელზე, რომ მას პრაქტიციზმში მეტისმეტ გადაჭრას და მაღალი იდეალების წვდომის უნარის დაკარგვას ვერ დავაბრალებთ. 

– მაინც რისი თქმა სურდათ ფილმის ავტორებს? – კითხულობს ზოგიერთი უკმაყოფილო მაყურებელი.

– განა მართლა ასეთი ულმობელი და გაუტანელნი ვართ ქართველები? – ნიშნის მოგებით ამბობენ ერთნი და ფილმის იმ ეპიზოდს გულისხმობენ, როცა მამის ვალების სანაზღაუროდ ობლად დარჩენილ ყმაწვილს – ერთაოზს მევალე მეზობლები საცხოვრებელი ქოხის უკანასკნელ ფიცარსაც კი ართმევენ.

– აქედან მხოლოდ ამორალურ ჩვევებს თუ ეზიარება ჩვენი ახალგაზრდობაო – საყვედურობენ მეორენი და ამის სამაგალითოდ ორთქმავლის მემანქანის ახალგაზრდა მეუღლის ეროტიკულ გატაცებებზე მიუთითებენ. ასე რომ, ზოგს ამ ფილმის შინაარსი არ მოსწონს, ზოგს კი საერთოდ ვერ გაუგია, ვისთვისაა ეს ფილმი შექმნილი – პატარებისთვის თუ დიდებისთვის. 

შეიძლება არც ღირდა თავიდანვე მაყურებლის ამ საყვედურებზე გველაპარაკა, მაგრამ დღეს ისე მწვავედ დგას, საერთოდ, ხელოვნებისა და, კერძოდ კი, კინოსა და მაყურებლის პრობლემა, რომ შეუძლებელია მას გვერდი აუარო.

მოსაყვედურე მაყურებელი კამათს იწყებს უკვე ფილმის სახელწოდებიდანვე. „შერეკილები“ („Чокнутые“ და არა „Чудаки“) წინასწარ განაწყობს გონებაშეზღუდულ, სულიერად დაავადებულ თუ არანორმალურ ადამიანებთან შესახვედრად. მას, ვიდრე ფილმს ნახავდეს, ამისათვის მართლაც აქვს საფუძველი, მაგრამ ადამიანმა ვერაფერი ვერ უნდა გაიგოს ამ ფილმიდან, რომ მისი ნახვის შემდეგაც იგივე შთაბეჭდილება დარჩეს. ჩვენ კი ვიტყოდით, რომ, არც რუსულად უნდა დაერქმიათ ფილმის ავტორებს „Чудаки“, რადგან „უცნაური ადამიანები“ ვერ გამოხატავს არსს ისე სრულად, როგორც „Чокнутые“ ანუ „შერეკილები“. „უცნაური ადამიანების“ სახელით კი არა, სწორედ „შერეკილებად“ ინათლებოდნენ ყოველთვის საკაცობრიო იდეალების მქონე „დონ-კიხოტები“. თავის დროზე ხომ „შერეკილებს“ უწოდებდნენ არქიმედესა თუ ნიუტონს, ბრუნოსა თუ გალილეის, კოპერნიკს თუ… ვინ მოსთვლის რამდენს. „შერეკილებად“ იწოდებოდნენ გენიალური ადამიანები, რომლებიც ვერ ეტეოდნენ დროისა და სივრცის „ნორმალურ“ არტახებში და რომელთა ნათელ აზროვნებას ყოველთვის შეეძლო მაღლა მდგარიყო ბნელსა და ჩამორჩენილ სინამდვილეზე. ამ თვალსაზრისით „შერეკილები“ არიან ფილმის მთავარი გმირებიც ქროსტეფორე და ერთაოზი, რომელთაც უნარი აქვთ არა მარტო იოცნებონ, არამედ ამაღლდნენ კიდეც თავიანთ ბნელსა და ჩამორჩენილ სინამდვილეზე.

ფილმი „შერეკილები“ შექმნილია იმისათვის, ვისაც მშვენიერების შეგრძნების, სულიერი სიწმინდის, უსაზღვრო ფანტაზიის, მაღალი რწმენისა და გაუკვალავი გზით დიადისაკენ მისწრაფების გამო არ შეუძლია შემოიზღუდოს დოგმატურობით. ასეთები ზოგჯერ მართლაც „შერეკილებად“ ინათლებიან, მაგრამ იგულისხმებიან, როგორც დიადი ადამიანები.

ამიტომ, ვერც ეს კომედიური ჟანრის ფილმი ეტევა მთლიანად წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში. იმდენად ფართო მნიშვნელობისაა მისი თემატურ-იდეური ჩანაფიქრი, მისი სახვითი შესაძლებლობები მთელი თავისი აზრობრივი სიღრმით, მახვილი იუმორით, მეტაფორებითა და ალეგორიებით, რომ მნიშვნელობა აღარა აქვს, რა სახისაა ეკრანის ჩარჩო – ჩვეულებრივი, ფართოეკრანიანი თუ პანორამული… კონკრეტულში მოცემული პოეტური განზოგადებულობა, წარმოსახული მოქმედების უსაზღვრო ენერგია ერთიანად შლის ყოველგვარი ჩარჩოს შეზღუდულობას. სცენარის ავტორის რევაზ გაბრიაძის და დამდგმელი რეჟისორის ელდარ შენგელაიას შემოქმედებითმა მეგობრობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. ისინი კვლავ ჩვეული აღფრთოვანებული სიყვარულით ასახავენ შინაარსიან ცხოვრებას, უწმინდეს იდეალებს. ამიტომაც მკაცრი სარკაზმით კიცხავენ ყოველივე იმას, რაც გამაჭუჭყიანებლად ეწინააღმდეგება სულიერ სისპეტაკეს. ადამიანური სიკეთისა და გონების ძალის მაღალი რწმენა წითელ ზოლად გასდევს ფილმს.

„შერეკილების“ ერთ-ერთ განხილვაზე რევაზ გაბრიაძემ განაცხადა, რომ თავის სცენარს საფუძვლად დაედო ქართული ფოლკლორი და ამ ბევრის მთქმელი ერთი წინადადებით ამოწურა მთელი თავისი გამოსვლა. მაგრამ არც სცენარი და არც ფილმი მიზნად არ ისახავს ჩვენი მდიდარი ეროვნული ფოლკლორული სამყაროს რომელიმე ერთი კონკრეტული მოვლენის ილუსტრაციულ-ეკრანულ გამომზეურებას. ფილმი განსაკუთრებით სამაგალითოა იმითაც, თუ ნიჭიერი შემოქმედისათვის ღრმა, რეალისტური ნაწარმოების შესაქმნელად რამდენად სასარგებლო დახმარების გაწევა შეუძლია ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, კერძოდ, მისი პოეტური ნაწილის წარმომსახველ გენიას. ყოველი ქართული ზღაპრის დასაწყისიც („იყო და არა იყო რა…“) ხომ რეალისტური ასახვის ჭეშმარიტი საფუძველია საუკეთესო გაგებით. მასში სინამდვილის ნატურალისტური ასლგადაღების საპირისპიროდ ნაგულისხმევია, რომ მხატვრულ ფორმაში გადატანითი-განზოგადებული მნიშვნელობითაა ნაჩვენები ის, რაც შესაძლებელია ყოფილიყო ან უნდა იყოს. ასე გაუსწრო წინ ხალხური სიტყვიერების ღვთაებრივმა ამირანმა სამშობლოსათვის თავდადებულ მიწიერ ქართველ დევ-გმირებს, ყოვლისშემძლე „ჯადოსნურმა ლამპარმა“ – თანამედროვე კიბერნეტიკულ მანქანებს, „მფრინავმა ხალიჩამ“ – რეაქტიულ თვითმფრინავებს… ასე რომ, სცენარსა და ფილმს საფუძვლად დაედო ფოლკლორი, როგორც ხალხური სიბრძნის შეუცვლელი ისტორიული წყარო, როგორც მოგონილისა და სინამდვილეს შორის დამყარებული თავისებური ურთიერთობა. გაბრიაძის ერთი საგულისხმო თვისება ისიცაა, რომ იგი არა მარტო ქმნის სპეციფიკურად კინემატოგრაფიულ სცენარს, რომელშიც სიუჟეტი და მოქმედება, მდგომარეობა და ხასიათები აგებულია ხოლმე კადრის შესაძლებლობის გათვალისწინებით, არამედ თვით ფილმის გადაღების პროცესშიც რეჟისორთან ერთად ეძიებს თავისი ღრმა ჩანაფიქრის შესატყვის ეკრანულ-სანახაობით ფორმას. შედეგად პირველი ქართველი მფრინავების შესახებ არსებული ფაქტობრივი სიმართლე წარმოგვიდგა, როგორც დიდი ფილოსოფიური და პოლიტიკური მნიშვნელობის განზოგადებული მხატვრული ფაქტი. ფილმში პოეტური აზრის სიცხოვლეს დინამიკურად უთანაბრდება გარეგანი და შინაგანი მოქმედების რიტმი, ხასიათების ფსიქოლოგიური სიზუსტე.  

რაც შეეხება მევალეების „ულმობელობას“, ან მარგალიტას „სატრფიალო თავგადასავლებს“, უნდა ითქვას, რომ შესაძლოა ყოველივე ეს მართლაც არ შეეფერებოდეს ქართულ ბუნებას, მაგრამ არ უნდა უგულვებელვყოთ ის გარემოებაც, რომ ფილმში აქცენტი კი არ უკეთდება ამ „არაქართულ“ თვისებებს, არამედ ისინი გამოყენებული არის როგორც კონტრასტული, საპირისპირო ხერხი, ანუ როგორც ფერწერის კანონზომიერება, რომლის თანახმადაც სინათლის უკეთ წარმოსაჩენად აუცილებელია ბნელი ტონების გამოყენება. სწორედ ამგვარი კონტრასტული ხერხების გამოყენებით ფილმში უკეთ იქნა წარმოჩენილი ქართული სიკეთისა და წმინდა სიყვარულის დიადი ძალა. მრავალი „ულმობელი“ მევალის შემდეგ არაჩვეულებრივ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს ერთი „მევალე“ კეთილი მოხუცის მიერ შემოთავაზებული ქილა თაფლი; მარგალიტას „ეროტიკული გატაცებების“ ფონზე კიდევ უფრო შთამაგონებლად გამოიყურება ქრისტეფორესა და ერთაოზის დიდი ოცნების განხორციელების წყარო-წმინდა, ადამიანური სიყვარული.

რეჟისორი ოპერატორებთან (მ. სიგუა, ო. ბრეგვაძე) და მხატვრებთან (რევაზ და თენგიზ მირზაშვილები) ერთად ტაქტიკურად იცავს ზომიერებას და თავზე არ გვახვევს „მყვირალა მიგნებებს“, ეკრანიდან ბუნებრივი ძალდაუტანლობით გვიჩვენებენ ჩვენს ძვირფას ახდენილ თუ აუხდენელ ოცნების სიმშვენიერეს, ვისმენთ ხალხური სიმღერების საფუძველზე დამუშავებულ მუსიკას (გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე) და ფილმის ავტორების მეშვეობით გვიხარია, რომ ასეთი კარგი ხედვისა და მოსმენის უნარი გვქონია.

მსახიობები შესანიშნავად გრძნობენ სიტყვიერი მასალის ქვეტექსტების ძალას, სხვადასხვა სახის ფრაზეოლოგიურ შერწყმას და შემობრუნებებს. კინოს უსიტყვოდაც შესწევს უნარი ბევრი რამ თქვას, მაგრამ სიტყვას ისეთი დრამატურგისას, როგორიც რ. გაბრიაძეა, ყოველთვის ღრმა მნიშვნელობა ენიჭება ფილმში. ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებით მეტი მოთხოვნილება უჩნდება მაყურებელს ქრისტეფორესა და ერთაოზის დიალოგების მიმართ და, ზოგ შემთხვევაში (სცენა ორმოში), რაკი, საკმაოდ ღარიბული და შეუფერებლად გაზვიადებულია მათი სიტყვიერი ტექსტი, – უკმარისობის გრძნობით იმსჭვალება მაყურებელიც.

ელდარ შენგელაიას მიერ კარგი აღმოჩენაა ქართულ კინოში მსახიობი ვასილ ჩხაიძე. ამ ფილმში იგი კიდევ უფრო მომხიბვლელად წარმოუდგა მაყურებელს. ქრისტეფორეს როლში მსახიობმა შექმნა საკმაოდ რთული, ისტორიულად მართალი კაცის სახე ქართველი მეოცნებე-გამომგონებლისა. ფიგურა, მეტყველი სახე, მოძრაობის დამახასიათებელი მანერა, მოულოდნელად მკვეთრი და სახოვანი ინტონაციები (აქაც შესანიშნავად მიესადაგა მას ეროსი მანჯგალაძის ხმა) „გვაიძულებს“ გატაცებითა და ნდობით ვადევნოთ თვალი მის ეკრანულ ცხოვრებას. ვ. ჩხაიძე ქრისტეფორეს როლში მთელი სრულყოფით იყენებს თავის შინაგან ტემპერამენტს, ფანტაზიას, საკუთრივ თავის ფსიქო-ფიზიკურ მონაცემებს, პირად დაკვირვებებს. თითოეულ სიტყვას და აზრს, როგორი უფერულიც არ უნდა იყოს იგი, აძლევს თავის ემოციონალურ გამოხატულებას.  

საკმაოდ კინემატოგრაფიულია დებიუტანტ დათო ჟღენტის ერთაოზი, მაგრამ დამწყებ მსახიობს ვურჩევდით ეკრანისათვის ძვირფას უშუალობას ნუ წარმართავს სწორხაზობრივად (თუმცა ამ ფილმში დრამატურგიულადაც გააჩნია მას ამის საფუძველი) და მეტი ყურადღება მიაპყროს როლის სახოვანი დამუშავების ოსტატობას. ამ მხრივ მას უთუოდ დიდ სამსახურს გაუწევდა უკვე ამავე ფილმში ისეთ შესანიშნავ მსახიობებთან მუშაობა, როგორებიც არიან: ვასილ ჩხაიძე, არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი) და სხვ.

კინოს ამ ხსენებული ოსტატებისაგან ჩვენმა ნიჭიერმა მწერალმა და ამჯერად მსახიობმა, მერაბ ელიოზიშვილმა, ბევრი რამ ისწავლა და შეითვისა, ეს იქნება მხატვრული ხერხების სწორი გამოყენება, მახვილი იუმორი, თუ სულიერი სამყაროს ჭეშმარიტი გამოვლინება.

ქართველი ხალხისათვის ურემი ყოველთვის იყო წინსვლისა და დიადი მისწრაფების პოეტური სიმბოლო. ფრთაშესხმული ურემი კი განხორციელებული ოცნების ალეგორიული გამოხატულებაა. შეუძლებელია სიამოვნების გრძნობით არ აღიქვას მაყურებელმა ფილმის ფინალური კადრები. მიფრინავს ფრთაშესხმული ქართული ურემი. „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტის“ გადავლით მიემართება მსოფლიო ჰორიზონტებისაკენ, რათა კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მოწინავე კაცობრიობის მეცნიერული აზროვნების საგანძურში. მიფრინავს ურემი და ოცნებასავით ზეაღმართულ თავის ეროვნულ დროშასთან ერთად თან მიაქვს დიდი ინტერნაციონალური სიყვარული.

გივი ბარამიძე,

კრებულიდან „სცენისა და ეკრანის პოეზია“.  
თბილისი, „ხელოვნება“, 1976, გვ. 53-61.

 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *